რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს დუშეთში საქართველოს პრეზიდენტს, სად არის დასაქმებული მისი მეუღლე და რამდენ ადგილას მუშაობს გიორგი მარგველაშვილის დედა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1969 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სპეციალობით – ფილოსოფოსი. 1993-1994 წლებში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (პრაღა) სწავლობდა, ხოლო 1993-1996 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1998 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხიც მოუპოვებია. პრეზიდენტის ოფიციალური ბიოგრაფია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ფრიად ხატოვნადაა აღწერილი. მაგალითად: „საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, რომელმაც მანამდე პოლიტიზებული განათლების სისტემის არსებითი გარდაქმნის პროცესი დაიწყო“, თუმცა მაინცაა შესაძლებელი მის მიერ გავლილი შრომითი გზის მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოკვეთა: გასული საუკუნის (ბიოგრაფიაში წერია ადრეულ) 90-იანებში მუშაობდა მთამსვლელ გიდად სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიაში; 1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით, იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) თბილისის ოფისში. 2000 წლიდან 2012-ს ჩათვლით მუშაობდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA); 2000-2006 და 2010-2012 წლებში იყო რექტორი, ხოლო 2006-2010 წლებში – კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობას იღებდა კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მაგრამ პარლამენტარობის ნაცვლად, განათლების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს. შესაბამისად, 2013 წლის ოქტომბრიდან საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტია.
ამდენად, ბ-ნი მარგველაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან განათლების მინისტრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა, 1938 წელს დაბადებული თეიმურაზ მარგველაშვილი და დედა, 1933 წელს დაბადებული მზეანა გომელაური. ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: ბ-ნი თემურაზის საკუთრება იყო ბინა თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე (165 კვ.მ.); გიორგი მარგველაშვილს კი ეკუთვნოდა – ბინა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე (120 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი დუშეთში (200 კვ.მ.) და მიწის სამი ნაკვეთი დუშეთში, 775, 1 200 და 946 კვ.მ. ფართობების.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა და დირექტორმა, 57 347 ლარი აიღო, ბ-ნმა მზეანამ კი, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 1 931 ლარი.
2012 წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა და ლექტორმა (9 თვეში), 51 517 ლარი აიღო; როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, 25 000 ლარი; როგორც „კვირის აზრების“ ავტორმა, 1 400 ლარი; როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, 6 307 ლარი. ხოლო ქ-ნმა მზეანამ, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 1 931 ლარი.
2014 წელს გიორგი მარგველაშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მის უძრავ ქონებას დამატებია კიდევ ორი მიწის ნაკვეთი დუშეთში – 541 და 1 000 კვ. მ. ფართობის. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ქ-ნმა მზეანამ, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 2 588 ლარი აიღო, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორმა, 1 225 ლარი. ხოლო გიორგი მარგველაშვილმა, როგორც განათლების მინისტრმა, 21 937 ლარი მიიღო, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, 5 653 ლარი.
2015 წლის დეკლარაციაში საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები, ასევე, მეუღლე, 1971 წელს დაბადებული მაკა ჩიჩუა და 2015 წელს დაბადებული ვაჟი თეიმურაზი. ოჯახში დასაქმებული კვლავ ქ-ნი მზეანა და მისი პრეზიდენტი შვილი იყვნენ. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში ქ-ნმა მზეანამ, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა, 2 165 ლარი აიღო, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორმა, 3 391, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა კი, 5 268 ლარი; გიორგი მარგველაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, 82 800 ლარი, მისმა მეუღლემ კი, როგორც „ტვ 3-ს“ მხატვარმა, 30 000 ლარი.