მე და მამა ვმუშაობთ
ოფლითა თვისითა
თუმცა ამ ჩვენს ქვეყანაში ჭორები ნამდვილ ამბებზე სწრაფად ვრცელდება, საიდუმლო ინფო კი – უფრო სწრაფადაც, მაინც ისე მოხდა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ ლამის სწორედ გადადგომისას შევიტყვეთ (ეს არაა ურიგო, იმიტომ რომ, სხვა თუ არაფერი, სიახლეა).
მოკლედ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაგვემშვიდობა, ხოლო, რადგან მიზეზები არ განუმარტავს, ჩვენ საქმე მოგვეცა იმის საჩხერკად, მაინც რა იყო მიზეზი.
ვერსიებიც, ჩვეულებისამებრ, შეკვრა-შეკვრა დაცვივდა, არც ოპოზიციამ დაახანა და გადადგომის ამ აქტში პოლიტიკურმა ალღომ საშიშროებაც კი დაანახვა (თითქოს ეშინოდეთ).
ასე, მაგალითად, ლიდერმა ოდესღაც პარტიისა „ჩვენ თვითონ“, აწ კი – „ევროპელი დემოკრატები“, განგაშის ზარები დაარისხა: თუ პრემიერ-მინისტრს აიძულებენ წასვლას, ჩვენ, ოპოზიციას, რა ბედი გვეწევაო და, დაასკვნა, რომ ყველას დაგვიჭერენ.
ბუნებრივია, მიჭირს ბ-ნი დავითაიას აზრთა მდინარებისა და ლოგიკის მიყოლა, განსაკუთრებით – მისი პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით; შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ერთიანმა ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანადატებზე პროტესტის ნიშნად, ბ-ნმა დავითაიამ რამდენიმესთან ერთად, თანამოაზრეებს უგანა (რადგან პარლამენტარის მანდატი ქუჩაში არ გდია და ასეთ წყალობას უნდა დაეწაფო) და მოგვიანებით პარლამენტის ვიცე-სპიკერის სავარძელსაც კი გამოჰკრა ხელი. თუმცა, რაკი პოლიტიკოსის ენას ძვალი, როგორც წესი, არ აქვს, სავსებით ცხადია, რომ ყველა თავისას ცდილობს.
როგორც უნდა იყოს, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მოვლენები ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და იმთავითვე შევიტყვეთ, რომ ქვეყნის პირველი პირის სავარძელში გიორგი კვირიკაშვილი დაივანებდა, თუმცა საბოლოო სიტყვა პარლამენტმა, უფრო ზუსტად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა თქვას. უნდა თქვას და თქვა კიდეც – არც კი გააცივა პრემიერის სავარძელი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტის სასესიო დარბაზი მაინცდამაინც გადაჭედილი არ არის ხოლმე ამა თუ იმ საკითხის განხილვისას, რაკი ლამის ახალი წლის ღამეს მოუწევთ მუშაობა (რომ უმთავრობოდ არ დავრჩეთ), თავი იმით მაინც ვინუგეშოთ, რომ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ სადღესასწაულო დღეებში ოფლითა თვისითა მოუწევთ გასამრჯელოს გამომუშავება. –