კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდეს ნანუკა ჩხეიძეს „ტყავების მომთვინიერებელი“ და რა ბრძოლების გადატანა უწევს მას საეკლესიო ნივთებზე მუშაობისას

„როდესაც რამეს ვქმნი, კონკრეტულ პიროვნებაზე ვფიქრობ, მის აურას, ენერგეტიკას ვგრძნობ. შემდეგ ნამუშევარში ჩემს სიყვარულს ვდებ და ის აუცილებლად კარგი გამოვა. როცა ადამიანი ჩემს ნივთს ატარებს, ჩემი ენერგეტიკა, სიყვარული უნდა იგრძნოს და ქუჩაში ჩემი სიყვარულის რაღაც ნაწილი ატაროს... დიდი ხანია, ამ საქმეში ვარ და ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი, მონაპოვარი ადამიანების სიყვარულია,“ – ეს სიტყვები ხელოვანს, ნანუკა ჩხეიძეს ეკუთვნის. მისი ბრენდი „ნანუკა არტი“, რომელიც ტყავისგან დამზადებულ ულამაზეს ჩანთებს, სამკაულებს, სხვადასხვა აქსესუარს აერთიანებს, დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ნიჭიერი ხელოვანი საეკლესიო ნივთებზეც მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს გამოიყენება.
ნანუკა ჩხეიძე: ჩემი აზრით, ღმერთი დებს ადამიანში ნიჭიერებას და ეს ნიჭი შეიძლება, მასში ძალიან გვიან გამოვლინდეს ან – ძალიან ადრე. რაც შემეხება მე, პატარაობიდან ვხატავდი, ვძერწავდი, კომპოზიციებს ვაკეთებდი. ეს შეიძლება, გენეტიკურიც იყო, რადგან მამაც და ბიძაც ხატავდნენ, ჩემი და ჩემზე უკეთესად ხატავდა. თუმცა, საბოლოოდ, სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოვჩნდი სტომატოლოგიურზე. იმ დროს ხელოვნებას არ გავყევი, თუმცა, ახლა, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ის გზა აუცილებლად უნდა გამევლო – იმდენი კარგი მეგობარი შევიძინე და იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და ყველაფერს ხაზი გადავუსვი. ჩემთვის ვიკერავდი ჩანთებს ტყავისგან, ჯინსისგან და ტყავისგან, ჯვალოსგან და ტყავისგან. რამდენიმე გამოფენაც მქონდა. სამხატვრო აკადემიაც დავამთავრე და უფრო მასიურად დავიწყე მუშაობა. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა მოდის კვირეულის დამფუძნებლებს დაურეკა, უთხრა ჩემ შესახებ და ფართო საზოგადოებამ სწორედ მოდის კვირეულიდან გამიცნო.
– როგორც ვიცი, მოდის კვირეულზე თქვენმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
– საკმაოდ დიდი მოწონება ჰქონდა. ძირითადად, უცხოელები დაინტერესდნენ. აფრიკელმა ქალბატონმა იყიდა ორი ყელსაბამი, რომელიც ტყავებითა და ფერადი ბურთულებით იყო გაფორმებული. მანამდე მქონდა იტალიელებთან ურთიერთობა, რომელთა დაკვეთით, ჩანთებს ქართული ორნამენტებით ვაკეთებდი. გარდა ამისა, ვამზადებდი სათვალის ჩასადებებს, ასევე ქართული ორნამენტებით. „ზამშე“ იყო საღებავებით მოხატული, რომელსაც ჩემი ტექნოლოგიით ვამზადებდი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი მათთან. ასევე, ფინეთში მიჰქონდათ ჩემი ნამუშევრები, ამერიკაშიც. ფინეთში მუსიკოსის მეუღლეს გავუკეთე ჩანთა ვიოლინოთი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. უცხოელებს განსაკუთრებით აინტერესებთ ისეთი რაღაცეები, რაშიც ქართული სული, ისტორია დევს. ყოველთვის ითხოვენ, რომ ნამუშევარში რაღაც იყოს ქართული. ჩემი ნამუშევრები, ასევე, გაყიდულია ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. გაყიდულია საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა და რამდენჯერმე ვიყავი მიწვეული. სამომავლოდ, ალბათ, წავალ. ახლახან გავუგზავნე ჩანთა საბერძნეთში ცნობილი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლის მეუღლეს. ნათელა პატარკაციშვილმა შეიძინა რამდენიმე ნამუშევარი, ასევე ერთ-ერთ იტალიელ მხატვარ-დიზაინერს აქვს ჩემი ნამუშევარი, ორი წლის წინ კი ამიერკავკასიაში საუკეთესო ხელოვანის წოდება მომანიჭეს. რამდენიმე ხნის წინ, აქსესუარების მსოფლიო კატალოგის „ფეისბუქგვერდზე” დადეს ჩემი სამი ნამუშევარი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ტყავზე მუშაობა საკმაოდ რთულია. თან, თქვენ დღემდე ყველაფერს ხელით აკეთებთ.
– საკმაოდ რთული და შრომატევადია. ყველას უკვირს, ეს პატარა გოგო როგორ ეჯიკავები ამ ყველაფერსო. ფართო ასპარეზზე რომ გამოვედი, მაიკო მიქაშავიძემ „ტყავების მომთვინიერებელი“ მიწოდა. რასაც მე დღეს ვაკეთებ, ეს არის ტყავზე გრავირება. მაგრამ, რადგან საჭირო იარაღები არ მქონდა, სურვილი კი დიდი იყო, ტყავზე მეხატა, საკუთარი ტექნოლოგია შევიმუშავე, რომელსაც მხოლოდ მე ვაკეთებ. ხშირად მთავაზობენ მასტერკლასების ჩატარებას, სწავლებას, მაგრამ ეს იმდენად ჩემია, რომ სხვას ვერ გადავცემ, ყველაფერი მუშაობის პროცესში მოდის. ხელით მივყევი და რასაც მოვხაზავ, მერე იმას ვაკეთებ. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ვერავის ვანდობ, ჩემთვის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩაქუჩს, სახვრეტს, სპეციალურ დანას, მაკრატელს ვიყენებ, ნახატებსაც ხელით ვაკეთებ. ერთი ჩანთის გაკეთებას დაახლოებით ერთი კვირა მაინც უნდა. როდესაც ტყავზე დავიწყე მუშაობა, მაშინ თითქმის არავინ მუშაობდა. ტყავის მასალა მოდიდან არასდროს გადავა და მას ქალის გარდერობაში დიდი ადგილი უკავია. ტყავი სხვანაირადაა ახლოს ადამიანთან – თბილია, ენერგეტიკულადაც დადებითად დამუხტული და რაც მთავარია, ჩემთანაა ახლოს. ძირითადად, ორი ფერის ტყავს ვიყენებ, ფერადი კი ხალასია, მაგრამ მუქი ყავისფერი მაინც კლასიკური ფერია – აქტუალური, მოხმარებადი. რაც მთავარია, მიხარია, რომ ეს ჩანთები წლებს უძლებს, არ იხევა, არ ცვდება. ეს ფერიც არასდროს გადადის მოდიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ნამუშევარი კლასიკაში იჯდეს და ნებისმიერი ასაკის მომხმარებელმა შეძლოს მისი ტარება. ფეხსაცმელზე დიდი ხნის წინ ვმუშაობდი, ჩექმებზე ვხატავდი, ბისერებით ვაწყობდი, ვაფორმებდი, ძალიან ლამაზი იყო. დიდი ხნის წინ ჩანთებსაც ვაფორმებდი ბისერებით. ეს ჩემთვის უკვე მობეზრებული თემაა. ჩანთების შემდეგ ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია ტყავის ქამრები. შემდეგ დავიწყე უკვე ბეჭდების, სამაჯურების კეთება.
–  ტყავის ბეჭდებიც იშვიათობაა...
– ბოლო დროს გამომიჩდნენ მიმდევრები, თუმცა პირველი ვიყავი, რომელმაც საქართველოში დაიწყო ტყავის ბეჭდების კეთება – ტყავის, ლითონისა და ფირუზის მიქსი იყო. არ არის ადვილი. თან შეზღუდული ხარ, თავისი მოხატულობა უნდა ჰქონდეს, ხელზე კარგად უნდა ჯდებოდეს, მყარად უნდა იდგეს. ბევრის საშუალებას არ გაძლევს. შემდეგ დავიწყე ტყავის საყურეების კეთება. მქონდა ტყავის ყელსაბამები, კოლექციას ერქვა „იფრინე ტყავის ფრთებით“ – რაც მას შემდეგ დავარქვი, ამ საქმეში ფრთები რომ გავშალე. ჩემს გაკეთებულ სამაჯურს, ბეჭედსა და ჩანთას ყოველთვის ვატარებ. ჩანთები იმდენად კომპაქტურია – ფულიც ეტევა, მობილურიც, ვიზიტკებიც, ბევრი რამ და ზოგადად, ძალიან მოთხოვნადია. სადღაც წავიკითხე მოყავისფრო, მოყვითალო და მოწითალო საფულეები ფულს იზიდავენო. ჩემი ჩანთების, საფულეების უმეტესობა ყავისფერია და ალბათ, ესეც იზიდავს მომხმარებელს. ახალი მამართულებაც მაქვს – ტყავზე გობელენი, რომელიც ძალიან ლამაზი და კარგი გამოვიდა. კლასიკურიც არის, ავანგარდულიც, თანამედროვეც, ბევრ რამეს შეუხამებ.  ცოტა ხნის წინ ბეწვზეც დავიწყე მუშაობა. ვაკეთებ ბეწვის ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბეჭდებს. ასეთი რამ არ მინახავს არც საქართველოში და არც უცხოეთში. სხვა მიმართულებაა და საკმაოდ საინტერესო, ლამაზი, არისტოკრატიული.
– საეკლესიო ნივთებზე მუშაობთ და მათი დიდი ნაწილი ეკლესიებში ინახება, ღვთისმსახურების დროს იყენებენ. ეს, ალბათ, თქვენი საყვარელი საქმეა.
– ძირითადად, სახარებაზე ვმუშაობ, საეკლესიო ატრიბუტიკას ვაკეთებ: აღსავლის ფარდას, ანუ  კრეტსაბმელს, ტრაპეზის გადასაფარებელს, დაფარნებს. ისინი არაერთ ტაძარშია. ყველაზე მეტად, როცა სულიერად მიჭირს, სწორედ ჩემი საქმე მეხმარება. ყოველთვის ვმუშაობ მუსიკის ან გალობის თანხლებით. ამ დროს დიდი ბრძოლები მოდის. შეიძლება, ავად გახდე, რაღაც დაგემართოს... მაგრამ, უცბად ბოლო ძალებს იკრებ, მოდის მადლი და იწყებ მუშაობას, ბოლომდე მიგყავს... ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვხატავდი ეკლესიებს. 11-12 წლის ვიყავი, როდესაც დავხატე, ბაბუა და შვილიშვილი დანგრეულ ტაძარში. შემდეგ გავიდა დრო და ეკლესიურად ცხოვრებაც დავიწყე. ხატებს ვქარგავდი, ჯვრებსაც ვაკეთებდი, სასანთლეებს, სეფისკვერის ჭურჭელს, თავსაფრებს, რომელზეც ტყავის ჯვარი იყო დამაგრებული. სამების ლავრაში იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები, ასევე, საეკლესიო მაღაზიებში. ასეთი თავსაფრების კეთება პირველად მე დავიწყე, მაგრამ, მერე ვიღაცას მოეწონა და მასობრივად გამოუშვა. კანონიკა აუცილებლად დაცული მაქვს, ფერი, ფორმა. დაფარნების კეთება განსაკუთრებით რთულია, სამი თვე მაინც სჭირდება. წმიდა გიორგის ეკლესიისთვის ბაირაღებიც გავაკეთე. ხატწერასაც ვსწავლობდი, მაგრამ ხელოვნებამ მძლია და ახლა ორივეს ერთად ვაკეთებ. ერთმანეთს ხელს არ უშლის. ბოლო პერიოდში ფოტოების გადაღებაც დავიწყე. ოცნება ავისრულე, რადგან სულ მინდოდა, ლამაზი ფოტოები გადამეღო. ზოგადად, ძალიან მიყვარს სიახლე. ამიტომაცაა, რომ ტყავზეც 5 მიმართულებით ვმუშაობ. ახალი იდეებიც მაქვს, რომელთაც აუცილებლად განვახორციელებ.

скачать dle 11.3