კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: როგორი აბაზანა უნდა მივიღო, რომ სხეულის კანი მკვრივი და ხავერდოვანი გამიხდეს?
პასუხი: აავსეთ აბაზანა ოდნავ ცხელი წყლით. ჩაასხით ქაფი ან ჩააყარეთ ზღვის მარილი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ არომატიზებული ეთერზეთები: ლავანდის – მოსადუნებლად ან ციტრუსის – სიმხნევისთვის). წყალში კიდევ ჩაუმატეთ 2 ლიტრი რძე და 3 სადილის კოვზი თაფლი. წყალი დაემსგავსება რძის კოქტეილს, რომელიც გაანაზებს და გაამკვირვებს კანს და თან ექნება მკვებავი კრემის ეფექტი. აბაზანის მიღების ხანგრძლივობაა მაქსიმუმ 20-25 წუთი.
კითხვა: საღამოობით ფეხებში მიჩნდება სიმძიმე, რაც, ალბათ, დაღლილობის ბრალია. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ტაშტში ჩაასხით ოდნავ ცხელი წყალი, ჩაუმატეთ ლავანდის ეთერზეთის 3 წვეთი და 15 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ შეიმშრალეთ და დააწყვეთ შემაღლებულზე. დაღლილობა და სიმძიმე მაშინვე გაგივლით.
კითხვა: მე ახლომხედველი ვარ, ჩემი მეგობარი კი – შორსმხედველი. ორივეს სათვალეები გვიკეთია. რომელმა როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთოთ თვალებზე?
პასუხი: ახლომხედველებს სათვალეების მიღმა ზომაზე მეტად პატარა თვალები მოუჩანთ, ამიტომ შეარჩიეთ ღია ფერის „ჩრდილები“ პერლამუტრით და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წამწამებზე შავი ტუშის წასმა. ასე შეღებილ თვალებს მკვეთრი ფერის პომადა მოუხდება.
შორსმხედველებს კი სათვალე უდიდებს თვალებს, ამიტომ, თვალების ვიზუალურად დასაპატარავებლად უნდა გამოიყენოთ მკვეთრი ფერის „ჩრდილები“, რომლებსაც ძალიან მოუხდება „ისრები“ თვალების გარე კუთხეებში.
რაც უფრო მკვეთრი ფერისაა „ჩრდილი“, მით უფრო ნაზი ფერის უნდა იყოს ტუჩის საცხი.