მკვლელობა სიყვარულის სახელით
არტურს მანამდე არასდროს უფიქრია, რომ ადამიანის მოკვლა შეეძლო. ჩარლი პირსის მიმართ არავითარი აგრესია არ ჰქონია, მშვიდად ცხოვრობდნენ ერთ ბინაში და ქირასაც ერთად უხდიდნენ მორის მარშს. ჩარლი ახალგაზრდა კაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც კარგ ცხოვრებას ბავშვობიდან შეაჩვიეს. მას თითიც არ გაუნძრევია საკუთარი კომფორტისთვის, ამაზე მშობლებმა იზრუნეს და ამას რაღაცნაირი პეწით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით იფერებდა. ერთმანეთი ბარში გაიცნეს. არტურს დიდად არ უყვარდა დალევა, მაგრამ იმ საღამოს დარდი შემოაწვა. საქმე ის იყო, რომ თავისი შეფის ქალიშვილი, ნაზი და სიფრიფანა ენ ჰორტონი მოსწონდა. როგორი სიხარულით იქორწინებდა მასზე! „ჰორტონი და კომპანია“ წარმატებული კომპანია იყო და ენის მეუღლეს შეეძლო, იქ მნიშვნელოვანი პოსტი დაეკავებინა. შესაძლოა, ენმა შეამჩნია კიდეც, მაგრამ, იმ შემოსავლებით, რაც არტურს კონკრეტულ მომენტში ჰქონდა და უახლოეს მომავალში გაუმჯობესებაც არ მოიაზრებოდა, ენ ჰორტონზე ოცნებაც კი არ შეეძლო. ჩარლი მხიარული და კომუნიკაბელური ჩანდა. მესამე ჭიქა ვისკის შემდეგ არტურს გამოუტყდა, რომ ძალიან მდიდარი მამის შვილი იყო. ადრე მამასთან მუშაობდა, მისი ბიზნესმოწილეც იყო, მაგრამ საშინელებები ჩაიდინა და, უკვე ოთხი წელი იყო, ოჯახმა მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. მხოლოდ თვეში ერთხელ უგზავნიდა ოჯახის ადვოკატი ექვსასი დოლარის ჩეკს, რაც საშუალებას არ აძლევდა, ისე ეცხოვრა, როგორც შეჩვეული იყო, მით უმეტეს, რომ ბინის ქირა ძვირდებოდა, ტანსაცმელიც ხშირად უნდა ეყიდა და გარდერობი განეახლებინა... უცებ არტურს გენიალური იდეა დაებადა – შეეთავაზებინა ჩარლისთვის, ჩემს ბინაში იცხოვრეო. სამი ოთახი ნამდვილად არ სჭირდებოდა, ქირას შუაზე გაიყოფდნენ და ორივესთვის შეღავათი იქნებოდა. არტურს სხვა მიზნებიც ჰქონდა – უნდოდა, ჩარლისგან თავის დაჭერის განსაკუთრებული მანერა ესწავლა.
ერთი თვის შემდეგ არტურს აშკარად დაეტყო ჩარლის გავლენა. ჩარლი პირსი საკმაოდ გულკეთილიც იყო და დიდსულოვნად აძლევდა ნებას, მისი გარდერობით ესარგებლა. მერე თავის მაგივრად ხელის მოწერაშიც ავარჯიშა, რომ ბანკში ჩეკის გასანაღდებლად არტური წასულიყო. ჩარლის ძალიან ართობდა მასწავლებლის როლი და ტკბებოდა იმ შედეგით, რომელიც ამ საქმეში ჰქონდა. არტური ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა. მალე თავადვე იგრძნო, როგორ დაემსგავსა ჩარლის, მით უფრო, როცა მის ტანსაცმელს იცვამდა და ტანზე უნაკლოდ მორგებული სამოსით თავდაჯერებულობა ემატებოდა. განსაკუთრებული შეგრძნება კი ბანკში ჩეკის განაღდების დროს ეუფლებოდა, როცა მის საფულეში ტკიცინა ასდოლარიანები სასიამოვნოდ იწყებდნენ შრიალს. მაგრამ სიამოვნება მალევე მთავრდებოდა – სახლში მისული ამ ფულს ქირის საფასურის გამოკლებით, ჩარლის აბარებდა და გულიც მაშინვე ეკუმშებოდა. ჩარლისთვის ეს ფული არაფერს ნიშნავდა, არტურისთვის კი ოქროს გასაღები იყო, ზღაპრული და ბედნიერი ცხოვრების გასაღები და ენზე ქორწინების შანსი.
არტურმა თავადაც ვერ გააცნობიერა, როდის დაებადა ჩარლის მოკვლის იდეა... იქნებ ეს აზრი სპონტანურად გაჩნდა, როცა ენმა გაუღიმა და მამას მისი თანდასწრებით უსაყვედურა:
– როგორი არაჩვეულებრივი თანამშრომელი გყავს, ჯეიმს ჰორტონ, შენ კი არ გინდა, გამაცნო.
– ო, არტური იმედის მომცემი და პერსპექტიული ახალგაზრდაა, მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. საწინააღმდეგო არაფერი მექნება, ერთმანეთს უფრო ახლოს თუ გაიცნობთ...
იმ საღამოს სიხარულისგან გაცისკროვნებულამა არტურმა ენი ჩაიზე დაპატიჟა, მერე სახლში გააცილა და მიხვდა, რომ ამ შანსის გაშვება არ შეიძლებოდა... პრინციპში, რისკიც მინიმალური იყო. ჩარლი პირსი არავისთან კონტაქტობდა – მას მეგობრები არ ჰყავდა. ხელის მოწერაში არტური უკვე დაოსტატდა. დიასახლისისთვის შეიძლებოდა ეთქვა, რომ მისი მობინადრე გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა, ისე, რომ მისამართი არ დაუტოვებია... ამ ყველაფერზე არტურმა მაშინ დაიწყო ფიქრი, როცა დარწმუნდა, რომ ჩარლი აღარ სუნთქავდა და ფართხალიც შეწყვიტა... ახლა საჭირო იყო, გვამი მოეშორებინა თავიდან. ამაშიც გაუმართლა: ოთახში იდო პირსის ძვირფასი, დიდი ჩემოდანი. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ გვამის მასში ჩატენა მაინც მოახერხა. მერე დაღამებას დაელოდა, ჩემოდანი გაჭირვებით ჩაათრია გარაჟში და თავისი ავტომობილის საბარგულში ჩადო. უახლოეს ფოსტას არ ენდო, მეზობელ პატარა ქალაქში გაემგზავრა და იქიდან გაგზავნა ავსტრალიაში მცდარ მისამართზე. ისე, რომ გამგზავნის მისამართი არ მიუთითებია. ახლა შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო... საბოლოოდ მაშინ დაწყნარდა, როცა ფულის პირველი ჩეკი მივიდა ჩარლის ოჯახის ადვოკატისგან და ეს ჩეკი უპრობლემოდ გაანაღდა ბანკში. ერთი კვირის შემდეგ, მისის მარშს გამოემშვიდობა და, მისი უკმაყოფილო ბუზღუნის მიუხედავად, ბინა დაცალა.
– ამიტომ არ მიყვარს ახალგაზრდა მობინადრეები... – წუწუნებდა მისის მარში, – ჯერ ის ქარაფშუტა ჩარლი პირსი გაემგზავრა გაუფრთხილებლად, ახლა თქვენც მიდიხართ... არადა, მომწონდით, ახალგაზრდავ, მეტი პასუხისმგებლობა გეტყობოდათ...
არტურმა უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ცოლს ირთავდა და ბინის შეცვლაც ამით იყო განპირობებული. მისის მარშიც ეგრევე მოლბა...
არტური პატარა, მაგრამ საკმაოდ რესპექტაბელურ სასტუმროში დაბინავდა. მისტერ ჰორტონი ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ არტურს დეიდა გარდაეცვალა და მოკრძალებული „პენსია“ დაუტოვა, ყოველთვიური შემოსავლის სახით. საუბარი უკვე აშკარად დაიწყო ქორწინებაზე. ენს უნდოდა, რომ ის ივნისში გამართულიყო და ძალიან გრანდიოზული სახე არ მისცემოდა. არტურს კი, პირიქით, ხალხმრავალ ზეიმზე ჰქონდა პრეტენზია, პომპეზურზე, როგორც ჰორტონების მდგომარეობის ხალხს ეკადრებოდა... ეს ერთადერთი იყო, რაზეც შეყვარებული წყვილი ვერ თანხმდებოდა...
საღამოს დეპარტამენტის ახლად დანიშნული დირექტორი მისტერ ჰორტონმა კაბინეტში დაიბარა. ენიც იქ იყო და თვალები უელავდა.
– მომისმინე, არტურ... რადგან ჩვენი ოჯახის წევრი ხდები, თავს მოვალედ მივიჩნევ, ერთი საიდუმლო გაგიმხილო: მე ვაჟიც მყავს, ენის ძმა, რომელმაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და, დავიფიცე, რომ აღარასდროს შემოვუშვებდი ოჯახში. ენს ის ძალიან უყვარს, მიუხედავად ყველაფრისა და, რადგან შენ რაღაცით აგონებ ძმას, ვფიქრობ, ამიტომაც შეგიყვარა. ენი ჩემთვის ყველაფერია, ამიტომ მზად ვარ, მისი ბედნიერებისთვის რაღაც დათმობაზე წავიდე – ენს უნდა, ძმა ესწრებოდეს მის ქორწილს. ჩარლის მისამართი ჩვენი ოჯახის ადვოკატმა იცის – მე მას ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ვუგზავნი. იქნებ მიხვიდე ჩარლისთან, დაელაპარაკო და ქორწილშიც დაპატიჟო. მე ამას არ გავაკეთებ, ვერც სხვას ვანდობ – ჩვენი ოჯახის საიდუმლოებებს მე ძალიან ვუფრთხილდები...
არტურმა იგრძნო, როგორ გამოელია მუხლებში ძალა და მთელი სხეული აუკანკალდა. ენის გაფართოებულმა, მუდარით სავსე თვალებმა, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანა. ერთიანად გაფითრებული ადგა, ოთახიდან ბარბაცით გავიდა და დერეფანში ჩაიკეცა...