კლინიკა, რომელსაც შეგიძლიათ, ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა!
მაღალკვალიფიციური კადრები, ულტრათანამედროვე აღჭურვილობა, პაციენტისადმი გულისხმიერება და საქმისადმი პასუხისმგებლობა, კომფორტული შენობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, განაპირობებს „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას” მაღალ რეიტინგს არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
ჩვენ ვესაუბრეთ „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მედიცინის დოქტორს, ცნობილ ექიმ-ოფთალმოლოგს, ალექსანდრე ჩიჩუას.
– ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი კლინიკის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ.
– საუკუნის მეოთხედზე მეტია ვხელმძღვანელობდი თვალის სნეულებათა კლინიკა „მზერას,” რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა პაციენტებს შორის. ჩემმა არცთუ ისე ხანმოკლე სამედიცინო გამოცდილებამ, დამანახვა, რომ განყენებულად, თვალის დაავადებების მკურნალობა არაა ისეთი ეფექტური, როგორიც ეს სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმების ერთობლივი, ურთიერთკოორდინირებული თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ, ყოველთვის მინდოდა, შემექმნა მრავალპროფილური ცენტრი, სადაც პაციენტს ჩაუტარდებოდა სრულყოფილი და მრავალმხრივი კვლევა და მისი შესაბამისი მკურნალობა. საკონსულტაციოდ არ იქნებოდა საჭირო პაციენტის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გაგზავნა. მინდოდა, ერთ ჭერქვეშ ემოღვაწა ყველა იმ სპეციალისტს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით, ეფექტურად და დროულად შევძლებდით დაავადებების სწორ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
მრავალწლიანი შრომისა და მატერიალური სახსრების მოზიდვის შედეგად ამ ჩანაფიქრის განხორციელება შევძელი 2014 წლის ოქტომბერში. ამჟამად ჩვენი კლინიკა თანამედროვე მედიცინის თითქმის ყველა დარგს მოიცავს. მათ შორისაა: ონკოგინეკოლოგია, მამოლოგია, ონკოოტორინოლარინგოლოგია, პროქტოლოგია ლაზერული ოპერაციებით, ქირურგია და გინეკოლოგია, მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდებით, ანგიოლოგია, ესთეტიკური მედიცინა, კარდიოლოგია, თერაპია, ენდოკრინოლოგია, პედიატრია, ულტრასონოგრაფია, რენტგენოლოგია, ნევროლოგია, ლაბორატორია.
კლინიკის წამყვანი ქირურგი ოფთალმოლოგია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა. მან 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი; 1994-1997 წლებში გაიარა ასპირანტურა მოსკოვის ჰელმჰოდიცის სახელობის თვალის სნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1997-1999 წლებში გაიარა სტაჟირება გერმანიაში, ქალაქ ტიუბინგენის თვალის სნეულებათა საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო 2000-2003 წლებში იყო ქმიუნსტერის თვალის სნეულებათა საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორანტი. 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამას მოჰყვა მრავალწლიანი კლინიცისტური გამოცდილება, დაუღალავი შრომა ოფთალმოქირურგიაში და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ქირურგია კატარაქტისა და ვიტრეორეტინული მიმართულებით.
კლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის, ამერიკისა და რუსეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ჩვენთან მოღვაწეობენ საქვეყნოდ ცნობილი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები: რადიოლოგი ლადო კახაძე, რენტგენოლოგიის მეტრი – ემირ ფხაკაძე, პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი, ონკოგინეკოლოგი მარიკა გაბლიშვილი, ქირურგი-ონკოლოგი ზურაბ დაბრუნდაშვილი, ბავშვთა ქირურგ-ოფთალმოლოგი მაია საგინაშვილი, ქირურგი-ოფთალმოლოგი ნინო კობახიძე, გამოცდილი ოფთალმოლოგები: მაია ნოზაძე, ირაკლი ძებისაშვილი, მარინა ტოლმაჩევა და სხვები. ჩვენი კლინიკის საქმიანობაში ჩართულია მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე – მანანა ლეჟავა, წამყვანი კარდიოლოგია, ქალიშვილი – ეკა ჩიჩუა, კლინიკის მენეჯერია.
– „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა” ჩვენმა მკითხველმა წლის ოფთალმოლოგიურ კლინიკად დაასახელა. როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ პაციენტების ასეთი ნდობა?
– ჩემი აზრით, ამ წარმატების მიზეზი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა და მაღალკვალიფიციური მედპერსონალია, რაც სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესის უმაღლეს დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა. კლინიკაში შექმნილია საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობები, მედპერსონალი პაციენტისადმი ჰუმანური დამოკიდებულებებით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს შთაბეჭდილებათა წიგნში არსებული უამრავი სამადლობელი ჩანაწერი.
– ნებისმიერი ოფთალმოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტს აქვს თქვენთან შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა?
– რა თქმა უნდა, ოფთალმოლოგია ტრადიციულად ჩვენი ცენტრის წამყვან მიმართულებად რჩება. კლინიკაში დანერგილია ოფთალმოლოგიურ პაციენტთა კვლევის ოპტიკურ-კოჰერენტული, ფლუორესცენტული-ანგიოგრაფიული და სხვა თანამედროვე მეთოდები. უმაღლეს დონეზე ტარდება მიკროქირურგიული ოპერაციები: წარმოებს კატარაქტის უნაკერო ქირურგია, გლაუკომის ოპერაციები ლაზერისა და შუნტის გამოყენებით. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი კლინიკის წარმატებებს მინისებური სხეულისა და ბადურის ქირურგიის მიმართულებით, რაც ოფთალმოქირურგიის მწვერვალია. ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა, შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება, ხშირად აზიანებს მხედველობის ორგანოს. ასეთი პაციენტები საჭიროებენ ბადურის როგორც ლაზერულ, ასევე ქირურგიულ მკურნალობას და ამ მხრივ ჩვენ მართლაც შეგვიძლია, მოსახლეობას უმაღლესი დონის სერვისი მივაწოდოთ.
– ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეუძლია, რომ მოგმართოთ სამკურნალოდ?
– დიახ. საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული ბავშვთა ოფთალმოლოგიური დაავადებების მკურნალობა. ვმკურნალობთ სიელმეს, როგორც ქირურგიულად, ასევე ჩვენების მიხედვით, მხედველობის სწორი კორექციითა და ვარჯიშებით. აქვე მინდა, გამოვყო ისეთი მძიმე პათოლოგია, როგორიცაა დღენაკლულ ახალშობილთა რეტინოპათია. ეს პედიატრიული ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი სერიოზული განხრაა. წარმოიდგინეთ, 600-700 გრამი წონის მქონე დღენაკლული ბავშვები, რომელთაც ძალიან ხშირად უვითარდებათ მხედველობის პრობლემები. თუ არ მოხდა ამ დაავადებების დროული დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა, შესაძლებელია, განვითარდეს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა, რასაც ბავშვობიდან ინვალიდობა მოჰყვება. საქართველოში სულ რამდენიმე ექიმია, რომელიც ამ დარგში მოღვაწეობს. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი აბულაძე, ჩვენი თანამშრომელია. ეს დარგი მოითხოვს, როგორც ექიმის დიდ ძალისხმევასა და გამოცდილებას, ასევე ძვირად ღირებულ აპარატურას. დღესდღეობით 100 ასეთი ბავშვიდან მხოლოდ 25-30-ს უნარჩუნდება მხედველობა. ჩვენ გავედით კავშირზე ამერიკელ კოლეგებთან. ვცდილობთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავაფუძნებ ცენტრს, სადაც ასეთი ახალშობილების მკურნალობას შევძლებთ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვობიდან დაინვალიდებულთა რიცხვს.
– როგორც ვიცი, ხშირად მართავთ სხვადასხვა ჰუმანიტარულ აქციას.
– ჩემი აზრით, სამედიცინო ბიზნესი არ შეიძლება, ორიენტირებული იყოს მხოლოდ მოგებაზე. უპირველესად, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობის ფართო მასებისთვის. ამიტომ, ჩვენს კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ღირებულება საკმაოდ დემოკრატიულია.
ჩემი და ჩემი თანამშრომლების კეთილი ნებით, პერიოდულად ეწყობა ღია კარის დღე: უფასოდ ვემსახურებით მოსახლეობას. სისტემატურად ვატარებთ ჰუმანიტარულ რენტგენოლოგიურ, გინეკოლოგიურ კონსულტაციებს. გადავწყვიტეთ, კვირაში ორი დღე გამოვყოთ გლაუკომით დაავადებულ პაციენტთა სკრინინგისთვის. როგორც იცით, გლაუკომა მეტად ვერაგი დაავადებაა. ის ხშირად უსიმპტომოდ იწყება და არასათანადო მკურნალობა, მხედველობის სრულ და შეუქცევად დაკარგვას იწვევს. სკრინინგ-პროგრამაში ვიკვლევთ 40 წლის ზემოთ, ნებისმიერ პირს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სკრინინგ-პროგრამას დიაბეტური რეტინოპათიის გამოსავლენად. ვურჩევთ ყველა პაციენტს, რომელსაც აღმოაჩნდება შაქრიანი დიაბეტი, დაავადების გამოვლენის პირველივე დღიდან, მიმართოს ოფთალმოლოგს, რადგან დიაბეტური რეტინოპათიაც, გლაუკომის მსგავსად, იწვევს შეუქცევად სიბრმავესა და ინვალიდობას. ექიმთან დროული მომართვის შემთხვევაში კი, ჩვენს კლინიკაში შექმნილია ყველა პირობა ამ მძიმე სენთან საბრძოლველად.
დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, წინანდლის ქ. ¹9
ტელ: 2 77 55 88, 555 56 55 88, 599 56 55 88.
ფაქსი: 2 77 55 88.
ელ.ფოსტა: info@mzeraclinic.ge
ვებ-გვერდი: www.mzeraclinic.ge