კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუჩოქეს ბიზანტიის იმპერატორებმა ქართველთა სახელგანთქმულ სარდალს

961 წელს სამხრეთ საქართველოში, იმიერტაოს სამეფოს ხელმწიფე, შემდეგ კი მეფეთა მეფის ტიტულის მფლობელი გახდა ადარნასე მესამის ვაჟი – დავით მესამე.  მისი ერთ-ერთი წარჩინებულთაგანი იყო ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი – განთქმული მეომარი, განათლებული, ბრძენი, გულისხმიერი, ღვთისმოშიში, ქველმოქმედი და წარმოსადეგი ადამიანი. მას გულში ქრისტეს დიდი სიყვარული ჰქონდა, ამიტომ, გადაწყვიტა, მიეტოვებინა ამქვეყნიური დიდება და ქრისტესთვის მიეძღვნა თავი. დაუტევა ნათესავები, თანამდებობა, ქონება, მეუღლე, შვილები და ფარულად წავიდა ოთხთა ეკლესიაში. იმ დროს იქ ბრწყინავდნენ დიდებული მოღვაწეები – მამა მოსე და მამა გელასი. ვარაზ-ვაჩემ მიიღო ბერობის კურთხევა და ეწოდა იოანე. მან თავისი მორჩილებით გააკვირვა ოთხთა ეკლესიაში მყოფი მოღვაწეები.
გახმაურდა მისი ამბავი, მას არ უნდოდა, გაეგოთ, სად იყო, გაურბოდა პოპულარობასა და ადამიანთა ყურადღებას. მიიღო კურთხევა მამებისგან, მიაშურა ულუმბოს მთას და ერთ პატარა მონასტერში დაიწყო ჯორების მოვლა და სხვა მსგავსი მსახურება თავმდაბლად.
ბიზანტიის კეისარმა ჯერ მაგისტროსის, მერე კი კურაპალატის ტიტული უბოძა დავით  მეფეს. ეს ტიტულები ენიჭებოდათ ბიზანტიის მოკავშირე მეფე-მთავრებს. ანუ, ბიზანტიის იმპერატორი ამგვარად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას აღნიშნული სუზერენების მიმართ. გარდა ამისა, სამხრეთით, ტაოს სამეფოს მომიჯნავე მიწებზე მისი სუზერენიტეტი გამოცხადდა, გადაეცა ბასიანი და სხვა ტერიტორიები. სანაცვლოდ, იმპერატორმა მძევლები მოსთხოვა ქართველ მეფეს.
იოანეს ცოლის ძმებმა მისი უმცროსი ვაჟი, ექვთიმე (ეფთვიმე) მიჰგვარეს მეფეს და ის გაიგზავნა კონსტანტინოპოლში, სხვა ქართველი დიდებულების შვილებთან ერთად. ექვთიმე ამ დროს პატარა იყო, დაიბადა დაახლოებით 955 წელს.  დავით მეფეს ვაჟი არ ჰყავდა (ალბათ, არც ასული). ამგვარად, დიდებულების შვილების მძევლად აყვანით, ბიზანტია ცდილობდა, შეეკავებინა ამ ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამბიციის გამოვლინება.
მძევალთა ამბავი გახმაურდა და წმიდა იოანეს ყურამდეც მიაღწია. ის იძულებული იყო, თავი გამოეცხადებინა და კონსტანტინოპოლს გაემგზავრა. მამა იოანე პატივით მიიღეს იმპერატორის სასახლეში. კეისარმა უარი ვეღარ უთხრა და მამამ შვილი თან წაიყვანა მონასტერში, ულუმბოს მთაზე.
ულუმბოზე მათი ყოფნა  ცნობილი გახდა. მამა იოანეს კი განმარტოებული ბერული ცხოვრება უნდოდა და ამიტომ, თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად, დაახლოებით 965 წელს, ულუმბოდან ათონს გაემგზავრა. იქ ათანასე დიდთან მზარეულად მსახურობდა ორ წელზე მეტხანს. ათანასე დიდი დედით ქართველი, ლაზი ყოფილა და დედის თანამემამულე ქართველებისადმი დიდი სიყვარული ჰქონდა.
დავით კურაპალატის კარზე მსახურობდა მამა იოანეს ძმაც, სარდალი თორნიკე. მრავალ ბრძოლაგადახდილმა თორნიკემაც გადაწყვიტა, თავი მიეძღვნა ქრისტესთვის და მამა იოანეს საძებნელად ულუმბოს გაემგზავრა, რადგან ძალიან უყვარდა. ულუმბოს მთაზე აღარ აღმოჩნდა მამა იოანე. თორნიკემ ფარულად გამოიკითხა და გაიგო, რომ მისი ძმა ბიზანტიის მეფეთა საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, მთაწმინდას (ათონზე) გადასულიყო. ბიზანტიის იმპერიაში ყველაფერი კონტროლდებოდა და ამიტომ, ასეთი სახელგანთქმული ადამიანების გადაადგილება სახელმწიფოსთვის საინტერესო იყო. გაემგზავრა თორნიკე ათონზე და მამა იოანეს ხელით მონაზვნად ეკურთხა.
მამა იოანე, მისი ვაჟი და სხვა ქართველები მთაწმინდაზე წმიდა ათანასეს ლავრაში მოღვაწეობდნენ. თორნიკეს სარდლობისა და სახელგანთქმულობის შესახებ სმენოდა მამა ათანასეს და ძალიან შეიყვარა იგიც.
976 წელს ბიზანტიის ჭაბუკი კეისრის, ბასილი მეორისა და მისი თანამოსაყდრე ძმის, კონსტანტინეს წინააღმდეგ, რომლებიც სომხური წარმომავლობის დინასტიიდან იყვნენ, მაკედონელთა სახელწოდებით, დაიწყო აჯანყება, ასევე სომხური წარმოშობის სარდლის,  ბარდა სკლიაროსის მეთაურობით. აღმოსავლეთის პროვინციები მთლიანად ბარდას ხელში გადავიდა. იმპერატორადაც აკურთხეს მომხრეებმა.
ჭაბუკი იმპერატორები და მათი დედა-დედოფალი თეოფანა დასავლეთში, კონსტანტინოპოლში იყვნენ გამაგრებულები, უფრო სწორად გამომწყვდეულები. კონსტანტინოპოლის სამეფო კარმა გადაწყვიტა, დახმარებისთვის დავით კურაპალატისთვის მიემართა. აღმოსავლეთით გზები ჩაკეტილი ჰქონდა სკლიაროსს. გარდა ამისა, დავით კურაპალატისთვის წერილის გასაგზავნად და მის დასაყოლიებლად უნდა შერჩეულიყო ძალიან ერთგული და საქმეში ჩახედული ადამიანი. კონსტანტინოპოლში შიშობდნენ, სკლიაროსს არ მიმხრობოდა დავით კურაპალატი. ამ ვითარებაში გამოარკვიეს, რომ ათანასეს ლავრაში იმყოფებოდნენ ქართველთა მეფის ყოფილი სარდლები, იოანე და თორნიკე. დედოფალმა სასწრაფოდ სევასტოფორი (იმპერატორის პირადი გამომცხადებელი, წარმდგენი) გააგზავნა ათონზე და თავისი შვილების სახელით, სათითაოდ, ვრცელი წერილები მისწერა მამა იოანეს, მამა ათანასესა და მამა იოანე-თორნიკეს: „უღმერთო სკლიაროსი განგვიდგა და დაიპყრო მთლიანად აღმოსავლეთი. ვევედრებით სიწმინდესა თქვენსა, ყოველი მიზეზის გარეშე, აუცილებლად მოვიდეს ჩვენთან იოანე-თორნიკე“...
ათანასე და იოანე დიდ უხერხულობაში ჩავარდნენ, ბევრი ეხვეწნენ თორნიკეს. იოანე-თორნიკე ძალიან შეწუხდა და უთხრა: „მე ჩემი ცოდვების გამო მოვედი ამ წმიდა ადგილას და შეუძლებელია, ჩემი წასვლა მეფეებთან, რადგან ვიცი რისთვისაც მიხმობენ. ღვთის მადლით, ბერად აღვიკვეცე და ამიერიდან მეფეებთან არაფერი მესაქმება. გევედრებით, ღვთის სიყვარულისთვის შემინდეთ და ნუ მაიძულებთ წასვლას, ნუ ჩამაგდებთ ამსოფლიურ შფოთში“.
მთელი ერთი კვირა ამ საკითხზე კამათში გავიდა. ბოლოს მამა ათანასემ და მამა იოანემ თავის თავზე აიღეს ყველა ბრალი, რაც თორნიკეს შეიძლება, ჩაედინა და მაინც დაარწმუნეს წასულიყო.
ბასილისა და კონსტანტინეს ჯერ არ ჰქონდათ ძალაუფლება და ქვეყანას დედოფალთან ერთად მართავდა. პარაკიმენონი (მესაწოლეთა უხუცესი) – ბასილი ლაკაპინოსი, საჭურისი, იმპერატორ რომან პირველი ლაკაპინოსის უკანონო შვილი.
მივიდა თუ არა იოანე-თორნიკე კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე, პარაკიმენონმა სასწრაფოდ შეიყვანა სამეფო დარბაზში. კეისრები და დედოფალი ფეხზე წამოუდგნენ, პატივით მოიკითხეს და გვერდით დაისვეს ქართველი ბერი. დედოფალმა უბრძანა და ახალგაზრდა იმპერატორები ფეხებში ჩაუვარდნენ, დაუჩოქეს ქართველთა ყოფილ სარდალს.
მამა იოანე-თორნიკემ ამხილა დედოფალი ზოგიერთ საკითხში, მათ შორის ქართველთა შევიწროების გამო სხვადასხვა ტერიტორიებზე. დედოფალმა ბოდიში მოიხადა და აღუთქვა: „რასაც მიბრძანებ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ წაბრძანდი დავით კურაპალატთან და ჩვენი გაჭირვება ამცნე“.
დაწერეს დახმარების სათხოვნელი წერილი დავით კურაპალატისადმი და გამოატანეს მის ყოფილ სარდალს. დავით მესამემ ძალიან გაიხარა თავისი ყოფილი თანამებრძოლის ხილვით. წაიკითხა იმპერატორების წერილი, გამოჰკითხა თორნიკეს საქმის ვითარება და გადაწყვიტა, დახმარებოდა კონსტანტინოპოლს სკლიაროსის წინააღმდეგ. მისი სამეფო ამით მოგებული გამოვიდოდა. 12 000-კაციანი ქართული შენაერთების სარდლად თორნიკე დაინიშნა, ჯოჯიკთან ერთად. თორნიკემ თავისი და მეფის წერილები გადაუგზავნა კონსტანტინოპოლს და ამცნო კურაპალატის მოთხოვნები.  სამაგიეროდ კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარმა, ქართველ მეფეთა-მეფეს გადასცა: ბასიანს გადაღმა ქვეყნები, ბიზანტიის დაქვემდებარებაში რაც იყო, ან რაზეც პრეტენზია ჰქონდა კონსტანტინოპოლს; ბასიანის სამხრეთით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობების ტერიტორიები; არზრუმის ოლქი მთლიანად ხლათი, ვანის ტბის გარშემო და მის მომიჯნავედ არსებული მიწები, რომელიც სიცოცხლეში მას უნდა ჰქონოდა.
კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარმა ბრძოლაში მიმავალ თორნიკეს შემოუთვალა: „ვიცით, ღმერთი შეგეწევათ, ჩვენი მოწინააღმდეგენი დაატყვევეთ და ყველაფერი, რაც ალაფი იქნება, თქვენი იყოს“.
ქართული ჯარი დაეხმარა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ მებრძოლ ბიზანტიელ სარდალ ბარდა ფოკას და 979 წლის მარტში დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი. დააპატიმრეს ყველა დიდებული, ვინც მიემხრო სკლიაროსს და მათი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. ნაწილი ქართულ-ბერძნულ ლაშქარს გაუყვეს, დიდი ნაწილი თორნიკე ერისთავს გადაეცა შეპირებისამებრ. ალბათ, ნაწილი დავით კურაპალატს არგუნეს, ნაწილი კი ფოკას. იოანე-თორნიკე ეახლა საიმპერატორო კარს, სადაც დიდი სიხარულით მიიღეს გამარჯვებული სარდალი. შემდეგ ათონისკენ გაემგზავრა კვლავ. წმიდა მამები დიდი სიხარულით შეხვდნენ ძმას. იოანე-თორნიკეს მიერ მოპოვებული თანხით დიდი ქართული საქმეები გაკეთდა.

скачать dle 11.3