დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50(480)
ვარლამ კაკუბავა სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და ერთხანს ექსპერტ-კრიმინალისტს უყურა, რომელიც მოკლულ მამაკაცს დასტრიალებდა თავს, ათვალიერებდა და თან სურათებს უღებდა. ექსპერტმა რომ მანიპულაციები დაასრულა, კაკუბავამ ჰკითხა:
– რას იტყვი, რა სურათს დაგვიხატავ?
– ექვსი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აქვს, სავარაუდოდ, ბასრი, ფოლადის ხანჯლით. მკვლელი, როგორც ჩანს, ფიზიკურად ძლიერი, მაღალი ადამიანია. ას ოთხმოცდაექვსი – ას ოთხმოცდარვა სანტიმეტრი. ჩემი ვარაუდით, ის ცაციაა. გამორიცხული არ არის, რომ მკვლელობის დროს ამ ბინაში მესამე პირიც იმყოფებოდა.
– სულ ესაა? – ჰკითხა ექსპერტ-კრიმინალისტს კაკუბავამ.
– უფრო დაწვრილებით, გაკვეთის შედეგები რომ მექნება და დამატებით მოკვლევას ჩავატარებ, მაშინ გეტყვი, – მიუგო ექსპერტმა. შემდეგ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ოთახის ცალკეული ადგილების გადაღებას შეუდგა.
კაკუბავა პოლიციის უფროსისკენ შემობრუნდა და უთხრა:
– სულ მალე რატი პეტრიაშვილი მოვა. არ მოგენატრა?
– რა ხარ შენ, რა ხარ... – თავი გადააქნია პოლკოვნიკმა და დაამატა: – როგორ წამართვი ეგ ბიჭი?! არადა, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კადრი იყო და მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი.
– წაგართვი კი არა, შესაფერის სამსახურში წავიყვანე. რატის ოპერმუშაკად აცდენდი, ის კი ნამდვილი გამომძიებელია. ჭკვიანია, ფენომენალური მეხსიერება აქვს, ეშმაკიცაა. ერთი სიტყვით...
პოლკოვნიკმა სიტყვა აღარ დაასრულებინა კაკუბავას და თქვა:
– ერთი სიტვით, ამ ბავშვს უზომო ექსპლუატაციას უწევ, ყველაფერს მას ავალებ და გასაქანს არ აძლევ.
– სწორედ რომ გასაქანს ვაძლევ, – გაეცინა კაკუბავას და დაამატა: – გასაქანს შენ არ აძლევდი, დღედაღამ ძაღლივით რომ დაარბენინებდი აქეთ-იქით და საბურთალოელ ლაწირაკებზე ადევნინებდი. სხვათა შორის, რეზო ჩიტაძეც კარგი ბიჭი ჩანს.
– აბა, აბა, რეზოზე კრინტიც არ დაძრა, ცოცხალი თავით არ გაგატან ჩიტოს, რატიც გეყოფა! – კატეგორიულად უთხრა კაკუბავას პოლკოვნიკმა და თვალები დაუბრიალა, შემდეგ გააბოლა და ჰკითხა:
– რაო, რა გითხრა ბინის პატრონმა?
– რაო და, მოკლულს პირველად ვხედავ, ბინა კი ვიღაც თურქ გოგოს მივაქირავეო.
– თურქ გოგოსო?
– ჰო, ვიღაც ზუხრას. მაგრამ, მითხრა მობილური არ აქვს, რადგან რადიაციის ეშინია და არ ატარებსო. არც მისი სამუშაო ადგილი იცის. საერთოდ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენება.
– ჰო, ცოტა არ იყოს, უცნაურია, – დაეთანხმა კაკუბავას პოლკოვნიკი. ამ დროს ოთახში საშუალო სიმაღლის, გამხდარი ბიჭი შემოვიდა და პოლკოვნიკს გამოეჯგიმა:
– გამარჯობა, ბატონო პოლკოვნიკო!
პოლკოვნიკი ახალმოსულს გადაეხვია, მოიკითხა და ხუთიოდე წუთი ესაუბრა მას, ბოლოს კი თქვა:
– სამმართველოში ვბრუნდები. თუ რამე იქნება, დამირეკეთ.
პოლკოვნიკი რომ წავიდა, კაკუბავამ რატი პეტრიაშვილი სამზარეულოში გაიხმო და უთხრა:
– ძალიან ჩახლართული და საინტერესო საქმე ჩანს. შენებურად უნდა დატრიალდე და ყველაფერი ძალიან მალე გამირკვიო.
– რა უნდა გავაკეთო, ბატონო ვარლამ?
კაკუბავამ რატის ლიდა გავაშელის მობილურის ნომერი მისცა და უთხრა:
– ამ ნომერზე ამა წლის 13 იანვარსა და 14 მაისს შემოსული ყველა ზარის ადრესატი უნდა დამიდგინო. ყველაზე მეტი ყურადღება მიაქციე თურქ გოგონას, სახელად ზუხრას. სავარაუდოდ, მან რომელიღაც თურქული ოფისიდან დაურეკა ლიდა გავაშელს. გარდა ამისა, ყურადღებით შეისწავლე ამ საცხოვრებელი კორპუსის ვიდეოთვალის ჩანაწერები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. აგრეთვე, დაადგინე ამ კორპუსის ყველა ბინის მფლობელისა და მდგმურის ვინაობა. სამი დღე გეყოფა?
– დიახ, მეყოფა.
– მიდი, ახლავე შეუდექი საქმეს, – კაკუბავამ საათს დახედა და თქვა: – ოცდაოთხში შუადღისთვის ყველა მონაცემი უნდა გქონდეს ხელთ.
– მექნება, – მიუგო რატიმ კაკუბავას, შემდეგ საკაცეზე დასვენებულ მოკლულს მიაჩერდა, რომელიც პროზექტურის სანიტრებს გასაკვეთად მიჰქონდათ. შემდეგ უფრო ახლოს მივიდა, სანიტრები გააჩერა და დააკვირდა.
კაკუბავა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს რატის და, სანიტრები რომ წავიდნენ და მოკლულიც წაიღეს, ხელქვეითს მიუახლოვდა და ჰკითხა:
– რა იყო, ასე რატომ აკვირდებოდი მოკლულს?
– ბატონო ვარლამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეგ მოკლული მამაკაცი „ეფბეერის“ მიერ ძებნილი ტერორისტი აბდულ-აზიზ ქემალია.
– რაო?! – კაკუბავამ პირი დააღო, თვალები გაუფართოვდა და რატის მიაჩერდა.
***
რატი პეტრიაშვილმა „აიფონი“ მოიმარჯვა, ინტერნეტში შევიდა და მანიპულაციები ჩაატარა შემდეგ ეკრანზე გამოსახული წვერიანი მამაკაცი კაკუბავას დაანახვა და უთხრა:
– აი, ბატონო ვარლამ, შეხედეთ! თუ არ ვცდები, ეს წვერიანი და ის მოკლული უწვერო მამაკაცი ერთი და იგივე პიროვნებებაა. აბა, კარგად დააკვირდით!
კაკუბავა ყურადღებით დააკვირდა ეკრანზე გამოსახულ სახეს და თანაშემწეს მიუგო:
– მგონი, მართალი ხარ, ხომ იცი... ნამდვილად ჰგვანან.
რატიმ ეკრანი ასწია და სურათის ქვეშ ინგლისურად დაწერილი ტესტი წაიკითხა: „აბდულ-აზიზ ქემალი. 34 წლის. წარმოშობით სირიელი. იძებნება ტერორიზმისთვის“.
– კი, კი, ნამდვილად ეგაა! მოდი, იდენტიფიკაცია მოვახდინოთ, – თქვა კაკუბავამ, შემდეგ მობილურით პათანატომს დაურეკა და უთხრა:
– ვარლამ კაკუბავა ვარ. გვამი უკვე წაიღეთ მორგში? კარგი. ჯერ არ დაიძრათ, დაგველოდეთ. რამდენიმე წუთში ჩამოვალთ!
კაკუბავამ ტელეფონი გათიშა და რატის უთხრა:
– ჩქარა წავიდეთ, ჯერ არ წაუღიათ გვამი. მოდი, კიდევ ერთხელ შევადაროთ ის ამ ძებნილის სურათს.
ხუთიოდე წუთის შემდეგ კაკუბავა და მისი თანაშემწე უკვე პროზექტურის მანქანასთან იდგნენ და ძებნილის სურათსა და მიცვალებულს ერთმანეთს ადარებდნენ. ბოლოს ვარლამმა რატის თვალი ჩაუკრა, პათანატომს კი უთხრა:
– წადით და დაგველოდეთ. ჩვენც მალე მოვალთ.
– რა ხდება, ბატონო ვარლამ, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა კაკუბავას ახალგაზრდა პათანატომმა.
– კი, მშვიდობაა. წადით და ჩვენც მალე მოვალთ, – გაუმეორა ვარლამმა.
პროზექტურის ფურგონიანი მანქანა ადგილიდან რომ დაიძრა, კაკუბავამ რატის უთხრა:
– ხომ ვამბობდი, ძალიან უცნაური საქმეა-მეთქი? ინტუიციამ არც ამჯერად მიმტყუნა, მაგრამ, ასე სერიოზულად თუ იქნებოდა ყველაფერი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. აზრზე ხარ? „ეფბეერის” ორი წლის ძებნილ ტერორისტს თბილისში კლავენ... ეს კარგი საქმე არ უნდა იყოს.
– დიახ, – დაეთანხმა კაკუბავას რატი.
– მოკლედ, ასე უნდა ვქნათ: ახლა ანტიტერორისტულს უნდა შევატყობინოთ ყველაფერი და იმათმა იციან, შემდგომში როგორ უნდა იმოქმედონ. ეს უკვე მათი საქმეა.
– ჩვენ? – იკითხა რატიმ.
– რა ჩვენ? – კითხვითვე მიუგო კაკუბავამ.
– ჩვენ აღარ გამოვიძიებთ ამ საინტერესო და ჩახლართულ საქმეს?
– თუ საჭიროდ ჩათვლიან ჩვენს დახმარებას და ჩაგვრევენ... ისე, შეიძლება, ჩაგვრთონ კიდეც. თუმცა, არა მგონია. ანტიტერორისტული სამსახური ამერიკელების პატრონაჟით მუშაობს და ამერიკელები თავიანთ საქმეში არავის რევენ.
– მკვლელობა რომ ჩვენთან მოხდა?
– კარგი, რა რატი, არ იცოდე მაინც, რა ხდება. შენ რა, ციდან ჩამოვარდი? იქ ყველაფერს ამერიკელები განაგებენ, მით უმეტეს, ასეთ საქმეებს. ჩვენ კი სხვა ჩვენი საქმეებიც ყელამდე გვაქვს.
– სამწუხაროა, – თქვა რატიმ.
კაკუბავამ მობილურზე დარეკა.
– გისმენ, ვარლამ, – მოესმა კაკუბავას.
– სოსო, როგორ ხარ?
– რა მიჭირს. შენ?
– მეც მასე. თბილისში ხარ?
– კი. რა მოხდა?
– შენთან სასწრაფო საქმე მაქვს.
– მოდულის შენობაში მოდი ჩემთან. შენს სახელზე საშვს დავუშვებ.
– ორნი მოვალთ – მე და ჩემი თანაშემწე, რატი პეტრიაშვილი.
– კარგი, გელოდებით.
***
პოლკოვნიკი სოსო ჯაფარიძე ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. ვარლამი და სოსო ჯგუფელები იყვნენ, იურიდიული ფაკულტეტი ერთად დაამთავრეს და პროკურატურაში დაიწყეს მუშაობა. შემდეგ ჯაფარიძე უშიშროებაში გადავიდა. ერთხანს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო მივლინებული სასწავლებლად. საქართველოში რომ დაბრუნდა, ანტიტერორისტულ სამსახურში გააგრძელა მუშაობა და ამ საქმის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა.
ძველი მეგობრები გულთბილად შეხვდნენ ერთმანეთს. ვარლამმა პოლკოვნიკს რატი გააცნო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. სიგარეტი გააბოლა და პოლკოვნიკს ჯერ დაწვრილებით მოუყვა საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, ბოლოს კი უთხრა:
– თუ იცი, ვინაა ის მოკლული უცნობი?
– მოკლული უცნობი... – გაეღიმა ჯაფარიძეს, – ჟურნალისტები რომ იტყვიან: აღმოჩენილია უცნობი მამაკაცის გვამი...
– ეგ უცნობი მამაკაცის გვამი აბდულ-აზიზ ქემალია, – ღიმილითვე მიუგო კაკუბავამ ძველ მეგობარს. გაჩუმდა და პოლკოვნიკს მიაჩერდა.
ჯაფარიძეს სახიდან ღიმილი გაუქრა. ვარლამს გამომცდელად შეხედა და უთხრა:
– ამ პიროვნებას უკვე ორი წელია, „ეფბეერი” ეძებს და ხომ არაფერი გეშლება?
ვარლამმა რატიზე მიუთითა სოსოს და უთხრა:
– რატიმ ამოიცნო.
პოლკოვნიკი რატის მიუბრუნდა:
– ხომ არ შეგეშალათ, რატი?
– არა, ბატონო სოსო. ქვევით ტელეფონები დაგვატოვებინა დაცვამ, თორემ ჩემს „აიფონში” გიჩვენებდით მის სურათს. ეს საქმე მაინტერესებს. ხშირად ვნახულობ ძებნილებზე არსებულ ინფორმაციებს და თითქმის უშეცდომოდ შემიძლია თითოეულის ამოცნობა.
პოლკოვნიკმა მაგიდის უჯრიდან ათიოდე ფერადი პორტრეტი ამოიღო. რატის წინ დაულაგა და უთხრა:
– აბა, რომელია ამათში აბდულ-აზიზ ქემალი?
რატიმ ჯაფარიძეს თითოეულ სურათზე აღბეჭდილი ტერორისტის ვინაობა და ინტერნეტში განთავსებული დოსიე დაუსახელა და გაჩუმდა.
– ყოჩაღ, ყოჩაღ, რატი! – გაოცება ვერ დამალა ჯაფარიძემ და კაკუბავას მიუბრუნდა:
– ეს რა მაგარი თანაშემწე გყოლია, ვარლამ. გული მიგრძნობს, სულ მალე ახალი თანაშემწის პოვნა მოგიწევს.
– ეგ ვითომ რატომ? – შეცბა ვარლამი.
– იმიტომ, რომ კარგა ხანია, ვეძებ ასეთ თანაშემწეს და ღმერთმა გამომიგზავნა. შესაბამისი რეკომენდაცია კი შენზეა, ჩემო კარგო.
– რას ამბობ, სოსო! რატის გამო ბუხუტი ბაქრაძემ კინაღამ ჯვარს მაცვა. შენ ვერ წარმოიდგენ, რა ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ბიჭი ჩემთან გადმომეყვანა და მიგყავს?
– ბუხუტი ბაქრაძე ვინაა?
– საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი. უბნის ინსპექტორად ამუშავებდა და ესეც ლაწირაკებს დასდევდა.
– ბატონო ვარლამ, თქვენ ხომ ჩიტოს გადმოყვანა გინდათ... ჩემს ადგილზე რომ დანიშნოთ? – მოკრძალებით შეაპარა რატიმ კაკუბავას.
– გამყიდე, ხომ, შე იუდა?! – ნახევრად ხუმრობით უთხრა კაკუბავამ თავის თანაშემწეს და თავი გააქნია.
რატი წამოწითლდა და თავი ჩაღუნა. ჯაფარიძემ კი ვარლამს ჰკითხა:
– ჩიტო ვინღაა?
– რატის ძველი მეწყვილე. ახლაც ბუხუტისთან მუშაობს. საბურთალოელ ლაწირაკებს დასდევს და სწორედ მან აღმოაჩინა გვამი ბინაში, – თქვა კაკუბავამ.
– ჰოდა, სწორედ ჩიტო შეცვლის რატის.
– რას ამბობ? ამ დილით გაკვრით ვუხსენე ბუხუტას ჩიტო და კინაღამ მომკლა. ისე შემომხედა, რომ სიტყვა გამიწყდა.
– ბუხუტი ბაქრაძესთან მე მოვაგვარებ საქმეს.
– ჰოდა, მერე, ალბათ, მასაც შენ წაიყვან, ხომ?
– ჩიტოზე ჯერ ვერაფერს გეტყვი, რადგან არ ვიცნობ, – ეშმაკურად ჩაეცინა ჯაფარიძეს, – აი, რატი კი, ვატყობ, გამოგვადგება. რას იზამ, ჩემო ვარლამ, ასე სჭირდება ქვეყნის უშიშროებას.
– აი, ასეთები ხართ ჩეკისტები. საუკეთესო კადრები მიგყავთ და მერე ჩვენთან გაქვთ პრეტენზიები – მძიმე დანაშაულს ვერ ხსნითო. რით გავხსნა – „პროპოშნიკით“?
– კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. საქმეს დავუბრუნდეთ. სადაა ახლა აბდულ-აზიზ ქემალის გვამი?
– პროზექტურაში. პათანატომს ვუთხარი, მალე მოვალთ-მეთქი.
– ერთად წავიდეთ. მანამდე კი მორგში დავრეკავ და გავაფრთხილებ, რომ იმ ტერორისტის გვამს არავინ გააკარონ ჩვენ მისვლამდე, – უთხრა ჯაფარიძემ კაკუბავას და პროზექტურაში დარეკა. ლაპარაკი რომ დაასრულა, ისევ კაკუბავას მიუბრუნდა:
– თქვენ ახლა ეზოში ჩადით და ჩემს მანქანასთან, შავი ფერის „ლენდ კრუიზერთან“ დამელოდეთ. ჩვენც მალე მოვალთ.
***
ვარლამი და რატი მოდულის შენობის ეზოში ჩავიდნენ და ჯაფარიძის „ჯიპთან” შეჩერდნენ. კაკუბავას თანაშემწე უხერხულად გრძნობდა თავს და ვარლამისთვის თვალებში შეხედვის რცხვენოდა. გამოცდილ გამომძიებელს არ გასჭირვებია რატის მდგომარეობის გამოცნობა და უთხრა:
– რა ჩუმად ხარ, ბიჭო?
– რა ვიცი, ბატონო ვარლამ, – შეიშმუშნა რატი.
– რა რა იცი, ბიჭო?! გილოცავ, სოსო ჯაფარიძის კეთილგანწყობის მოპოვება შენ მჭადის ჭამა ხომ არ გგონია?
– თქვენ რომ გეწყინათ?
– კი არ მეწყინა, გამიხარდა.
– მართლა? – თვალები გაუბრწყინდა რატის.
– მართლა, რატი, მართლა. ყოჩაღ! შენს ადგილზე ჩიტოს გადმოვიყვან. მართალია, იმასაც სოსო წაიყვანს, მაგრამ, რას იზამ. ასეა საჭირო და მოხარული ვარ. გულწრფელად გილოცავ და ვიცი, რომ თავს არ შეირცხვენ. აბა, შენ იცი!
– გმადლობთ, ბატონო ვარლამ. გადამეხადოს.
სოსო ჯაფარიძე ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდა. მასთან ერთად კიდევ ორი კაცი იყო. ერთ-ერთს აშკარად ეტყობოდა, რომ უცხოელი უნდა ყოფილიყო. პოლკოვნიკმა თანმხლები პირები წარუდგინა ვარლამს და რატის.
– გაიცანით – მისტერ დონალდ ონილი. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში და გამომძიებელი, მაიორი ზურაბ გეგეშიძე, – თქვა სოსომ და „ჯიპის“ კარი გააღო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში