ცოლები და საყვარლები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-50(780)
ამერიკამ თავიდანვე გააოცა. თითქოს იყო ამ ვეებერთელა ქვეყანასთან შესახვედრად მომზადებული, მაგრამ შოკი მაინც ძალიან დიდი აღმოჩნდა. თუმცა რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ ილუზიები უფრო მეტი ჰქონდა ამერიკასთან დაკავშირებით, ვიდრე რეალურად იყო. ამერიკა აშკარად არავის ხვდებოდა ხელგაშლით, მაგრამ ვერც მტრულად განწყობილს დაარქმევდი. ლევანმა აღმოაჩინა, რომ პირველად მის ცხოვრებაში, ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. ეს განცდა თბილისში ყოფნისას არასოდეს დაუფლებია. შეიძლება, მაშინ ცდებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მომავალზე უნდა ეფიქრა, რომელიც ბევრ სიახლეს ჰპირდებოდა.
... გაბრიელამ ოფიციანტს შეკვეთილი კოქტეილი გამოართვა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. თვალები უჩვეულოდ უელავდა, თან ლევანისკენ აპარებდა მზერას. მოკლე ქვედა ბოლოდან მაცდურად მოუჩანდა მრგვალი, ვნების აღმძვრელი მუხლისთავები. ბარში წყნარი, სევდიანი მელოდია გაისმა.
– ვიცეკვოთ? – მოულოდნელად ჰკითხა გაბრიელამ, როცა კოქტეილი მთლიანად გამოცალა.
ლევანს რაღაც აუხსნელმა ძალამ უბიძგა და ფეხზე წამოაგდო. გოგო მთელი სხეულით აეკრა ტანზე. კაცმა მას თვალებში ჩახედა და შეაჟრჟოლა. გოგო აშკარად ეხუტებოდა. ლევანმა თეძოებზე მოხვია ხელები და გაბრიელაც ჩაეხუტა. უცნაურად კანკალებდა. დაჭიმული და ავაზასავით შემართული იყო. მასში უსაზღვრო ენერგია იგრძნობოდა და ისეთი თბილი მუხტი მოდიოდა, რომ ლევანი მიხვდა – თავს ვეღარ შეიკავებდა, ამას ვეღარ გაუძლებდა. მაგრამ მოულოდნელად გაბიმ ხელი გაუშვა და მოსცილდა, მერე თავი გვერდზე გადახარა და ისე მიაჩერდა.
– რა იყო, ცუდად ვცეკვავ? – უხერხულობის დასაფარავად ჰკითხა ლევანმა.
გოგომ ენა გააწკლაპუნა:
– ეს არ არის მნიშვნელოვანი.
– ჰო? აბა, რა არის მნიშვნელოვანი? – ჩაეკითხა ლევანი და მაშინვე ინანა, რადგან მიხვდა, რომ იმ მორევში შეტოპა, რომელიც სულ უფრო ღრმად შეითრევდა. გაბრიელამ ტუჩები ყურთან მიუტანა. კაცმა მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო და მუხლები აუკანკალდა.
– წამომყევი, – გარკვევით თქვა გაბრიელამ და თავისი სიტყვების დასტურად ხელი ჩასჭიდა. ლევანიც ანგარიშმიუცემლად გაჰყვა...
ქალების ტუალეტში შევიდნენ. გაბრიელამ კარი გადაკეტა და მშვიდად დაიწყო გახდა. ჯერ თხელი, გამჭვირვალე ჟაკეტი გაიხადა. ისეთი მკერდი ჰქონდა, ლევანს შეეძლო, დაეფიცა, რომ არასდროს ენახა ასეთი მკვრივი, ლამაზი მკერდი. ბიუსტჰალტერი საერთოდ ზედმეტი იყო და გაბრიელამ ისიც გაიხადა. კანიც რაღაცნაირი ხავერდოვანი ჰქონდა, – ღია შოკოლადისფერი, უფრო სწორად, რძიანი შოკოლადისფერი... გაბრიელამ მოკლე ქვედა ბოლოს ელვა შეიხსნა და ლევანს ანიშნა, პირსაბანის თაროზე დამჯდარიყო... მერე, რაც მოხდა, კაცი ბუნდოვნად აცნობიერებდა. ქალი მთლიანად გაბატონდა მასზე. კოცნით ლამის სუნთქვაც კი შეუკრა. ვნებისგან ანთებული მთლიანად ეძლეოდა კაცს და სანაცვლოდაც იმავეს ითხოვდა... როცა დაცხრა, ლევანი გააოცა მასში მომხდარმა უეცარმა გარდასახვამ – ტანსაცმელი ჩაიცვა და მის წინ ისევ ნორჩი, ცოტათი მორცხვი და დაბნეული გოგონა იდგა.
– დავბრუნდეთ მაგიდასთან!
– კი მაგრამ, გაბრიელა, სამანტას რას ეტყვი?
– რა უნდა ვუთხრა? ეს მისი საქმე არ არის...
– ანუ, ისედაც მიხვდება, რადგან ასე ხშირად იქცევი? – უთხრა ლევანმა და შეცბუნებულს დამნაშავესავით გაუღიმა, – მაპატიე, უბრალოდ, მართლა ამას ვფიქრობდი.
– არა უშავს, არც მიკვირს და არც მწყინს, – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ, სარკეში ჩაიხედა და თვალზე ჩამოღვენთილი ტუში ქაღალდით მოიწმინდა.
ლევანს უცებ შეეშინდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად კი არ მოხდა, მხოლოდ დაესიზმრა ან მისი დასიცხული გონების ნაყოფი იყო და გაბრიელა აუცილებლად გაქრებოდა. თვალები დახუჭა და გაახილა. არა, მანქანასთან აშკარად არ იდგა. თაკარა მზის ქვეშ... ბარის ტუალეტში საკმაოდ გრილოდა კიდეც და თავადაც ვერ მიხვდა, რატომ გაუხარდა ასე, მისი წარმოსახვა რომ გამტყუნდა.
– თუ გინდა, წამოვალ შენთან, – შესთავაზა გაბრიელამ, ხელები ჩასჭიდა და ტუჩებში მგზნებარედ აკოცა.
– ჰო, მაგრამ, გაბი... – დაიბნა ლევანი.
– ვიცი, რასაც მეტყვი: რომ ცოლი გყავს და, ის, რაც მოხდა, შეცდომა იყო – კაცები ყოველთვის ამას ამბობენ სექსის შემდეგ.
– არა, არა, შენ ვერ გამიგე... ისე მომწონხარ, გონება სულ ამერია. საოცრება ხარ და, არ ვიცი, მე რატომ ამომირჩიე, რა დაინახე ჩემში, რა მოგეწონა... ისიც კი ვიფიქრე, სიზმარი ხომ არ იყო ეს ყველაფერი-მეთქი.
– თუ გინდა, გავიმეოროთ, რომ დარწმუნდე.
ლევანმა გაბის ჟაკეტში გამობურცულ მკერდს, მის ვნებიან ტუჩებს შეხედა და მიხვდა, წინააღმდეგობას ისევ ვერ გაუწევდა...
– გაბრიელა, შენ თითქმის არ მიცნობ...
გოგომ ირონიულად ჩაიცინა:
– მეეჭვება, ბევრი გიცნობდეს ჩემზე ახლოს.
– ჰო, მაგრამ სექსი ხომ ყველაფერი არ არის?
– ჩემთვის ყველაფერია. ვატყობ, შენთვისაც. რატომ ამბობ უარს იმაზე, რაც ყველაზე მეტად გინდა?
– იმიტომ, რომ ცხოვრება მარტო სურვილების ასრულება არ არის.
– ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
– რა არის ჩვენზე დამოკიდებული? – მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაიგო, მაინც ჰკითხა ლევანმა.
გაბი ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
– მეგონა, ერთმანეთის ფიქრებს ჩავწვდით. ვცდებოდი?
– არა, გაბი, საქმე ამაში არ არის.
– აბა, რაშია... არ მოგეწონა? ჩემზე უკეთესი ქალები გყავდა?
– არა, საყვარელო, არა... საოცარი ხარ... არაჩვეულებრივი. პრობლემა ჩემშია... ოჰ, როგორ მინდა, ყველაფერი გითხრა, მაგრამ არ შემიძლია; უფრო სწორად, არ მინდა. ჩემს პრობლემებს შენ ვერ მოგახვევ თავზე.
– მომიყევი, რა გაწუხებს. მე კარგი მოსმენა ვიცი. გინდა, წავიდეთ აქედან?
ლევანმა გოგოს შეხედა და ამოიოხრა:
– გაბი, გაბი... რატომ შემხვდი მაინცდამაინც ახლა...
– იმიტომ, რომ სწორედ ახლა გჭირდები... – გაბიმ მაგრად მოჰკიდა ხელი, მხარზე მიეყრდნო და ასე ჩახუტებულები დაბრუნდნენ დარბაზში...
***
თეონამ ორივე ხელით მოიწმინდა ცრემლით დასველებული ლოყები, მაგრამ სლუკუნი არ შეუწყვეტია. ლევანს ეტყობოდა, რომ აფეთქებას აღარაფერი უკლდა.
– დიდხანს იჯდები ჩუმად? რატომ არაფერს მეუბნები? ლევან, არ გესმის? შენ გელაპარაკები!
– ჰო, ვიცი, რომ მე მელაპარაკები! – მოთმინებადაკარგულმა ლევანმა შეჰყვირა და სიგარეტის კოლოფი გახსნა, – ყრუ არ ვარ, მაგრამ, რა გიპასუხო, რომ არ ვიცი?!
– ვგრძნობ, რომ ჩემთან არ ხარ, – ამოისლუკუნა თეონამ.
– აბა, სად ჯანდაბაში ვარ? – იფეთქა კაცმა, – გამაგებინე, რა გინდა, რომ შემჭამე!..
– ლევან, რას მეუბნები? მე შეგჭამე? – თეონას თვალები გაუფართოვდა, მკერდთან ხელი მიიდო და ხმამაღლა აბღავლდა.
არაფერი ისე არ სძულდა ლევანს, როგორც ატირებული ქალის ყურება. თეონას ხმა მის ნერვულ უჯრედებზე დამთრგუნველად და, ამავდროულად, გამაღიზიანებლად მოქმედებდა; აცოფებდა და, ბრაზის ამონთხევას რომ ვერ ახერხებდა, სიმწრით სიგარეტს ღეჭავდა.
– გაჩუმდი რა, ნუ ტირი, – რამდენადაც შეეძლო, მშვიდი ტონით უთხრა და ნაძალადევად გაუღიმა, – იცი, რა ვქნათ? დამშვიდდი, ყავა დავლიოთ ერთად და მეტყვი, რა გინდა, რა პრეტენზია გაქვს ჩემთან.
– რა მინდა?! – თეონამ ერთბაშად შეწყვიტა ტირილი და ქმარს მიაჩერდა, – შვილი მინდა, ლევან! ბავშვის გაჩენა... შვილი გვჭირდება – მივხვდი, მხოლოდ ეს გადაარჩენს ჩვენს ურთიერთობას.
ლევანს ძალიან უნდოდა, პირდაპირ მიეხალა მისთვის, სულელი ხარო, მაგრამ თავი შეიკავა. მიხვდა, რომ, შეიძლებოდა, სიტუაცია უმართავი გამხდარიყო. თეონას აშკარად ჰქონდა ისტერიკისკენ მიდრეკილება.
– ჩვენ ხომ შევთანხმდით ბავშვთან დაკავშირებით?
– რა? რა შეთანხმებაზე მელაპარაკები, ნორმალური ხარ? ბავშვი ან გინდა, ან არ გინდა. როგორც ვხვდები, შენ არ გინდა, მაგრამ არც ამის პირდაპირი თქმა და აღიარებაც გინდა... ლაჩარი ხარ!
– აჰა, ახლა ლაჩარიც გავხდი... საერთოდ, რატომ ხარ ჩემთან, ასეთ უვარგის, მშიშარა, მოღალატე და უფულო კაცთან?!
– არ იცი? ვერ ხვდები? იმიტომ რომ მიყვარხარ...
– ოჰ, ღმერთო, მეც მიყვარხარ, რა არის ამაში არაბუნებრივი?
– დამცინი? დამცინი, ხომ? – გაცხარდა თეონა, – იცი, როგორ მელაპარაკები და მაგ სიტყვებსაც როგორ ამბობ? თითქოს სულერთი ვიყო შენთვის.
– არ ხარ სულერთი, მაგრამ ბავშვი არ მინდა... ყოველ შემთხვევაში, ჯერ.
– მე მინდა.
ლევანმა მხრები აიჩეჩა. თეონა უკვე ძალიან უშლიდა ნერვებს.
– ეს მხრების აჩეჩვა რას ნიშნავს? „თავში ქვა გიხლიას“ თუ „ვისგანაც გინდა, იმისგან გააჩინე, ჩემთვის სულერთიას“?
– არცერთს. ვგიჟდები შენი აზრების წყობაზე. ბევრს ფიქრობ ხოლმე თუ ბუნებრივად, თავისით მოგდის თავში ასეთი სისულელეები?
თეონა გაშრა. ამას არ ელოდა. ნერვიულობისა და ემოციებისგან ხველა აუტყდა და თვალებიდან ისევ წამოსცვივდა ცრემლები.
ლევანმა ვერ გაუძლო, წამოხტა და გინებით გაიჯახუნა კარი.
***
გაბიმ ცარიელ მაგიდას მოავლო თვალი და ლევანს ღიმილით შეხედა.
– ნახე? სამანტა წავიდა...
– მეც უნდა წავიდე, – ამოიოხრა ლევანმა და გოგოს მზერა მოარიდა.
– რატომ? მოდი, ცოტა ხანს კიდევ დავსხდეთ.. თუ გინდა, კოქტეილი შეუკვეთე ჩემთვის. „მოჰიტო“ მიყვარს, ბევრი ყინულით.
ლევანი გაწითლდა და უხერხულად აწრიალდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა გაბიმ, – თუ შენ ტეკილა გირჩევნია და გინდა, რომ შენთან ერთად დავლიო, პრობლემა არ არის, დავლევ...
– გაბი, ფული არ მაქვს... – როგორც იქნა, ამოიბლუკუნა ლევანმა, – სამი დოლარი მიდევს ჯიბეში.
– ხელზე კი ათასდოლარიანი საათი გიკეთია, – გადაიკისკისა გაბრიელამ და კაცს თითი მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია.
– მართალი ხარ, ათასი დოლარი ღირს. შეიძლება, ცოტა მეტიც.
– ესე იგი, ფული გქონია... – ხელი ხელს შემოჰკრა გაბიმ, – თუ კარგად შეგათვალიერებ, კიდევ ბევრ ძვირფას ნივთს აღმოვაჩენ შენს ტანზე. ქამარიც არ უნდა იყოს ჩინელების სარდაფ-მაღაზიაში ნაყიდი.
– ჰო, ნამდვილია... კარგად ერკვევი ძვირფას ნივთებში.
– მე ადამიანებშიც კარგად ვერკვევი. აი, შენ ზიხარ და მეუბნები, რომ ფული არ გაქვს. წუხხარ ამის გამო და იგრუზები, მაშინ, როცა ერთი საათიც არ დამჭირდება, ეგ საათი ფულად ვაქციო.
– ვერ გავყიდი ამ საათს... ისე ადვილად არ არის საქმე, როგორც გგონია.
– გაყიდვა არ გეხერხება? მე გავაკეთებ ამას, – გაბი საათზე წაეპოტინა.
– არა, არ შეიძლება ამისი გაყიდვა! – ხმა გაიმკაცრა ლევანმა, – ძალიან ძვირფასია!
– ჰო, ვიცი, ძალიან ძვირფასია, უკვე აღვნიშნე...
– ღირებულებას არ ვგულისხმობდი. ისეა ძვირფასი, როგორც სახსოვარი.
– გასაგებია. შევეცდები, გამოვიცნო: ქალის საჩუქარი იქნება, საყვარელი ქალის, – გაბი ჩაფიქრდა, – ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი ვინმეა შენთვის. ასეა?
– ჰო, ასე იყო... თუმცა, ახლა აღარ ვიცი...
– დაშორდი?
ლევანმა არ უპასუხა. საათს დახედა და მოგონებებში ჩაიძირა:
... ნანამ პატარა შეფუთული კოლოფი გაუწოდა. საერთოდ არ ერიდებოდა მისი, დედიშობილა დადიოდა ოთახში და სიგარეტს ეწეოდა.
– ეს რა არის? – ჰკითხა ლევანმა და ინტერესით შეათვალიერა მიწოდებული კოლოფი.
– გახსენი და ნახავ. შენთვის ვიყიდე, განსაკუთრებულია.
ლევანმა მოუთმანლად შემოხსნა ქაღალდი და გაოგნდა:
– გაგიჟდი? ეს, ალბათ, ძალიან ძვირი ღირს.
– ვერ ვიტყოდი. თუმცა, ცოტა ნამდვილად არ გადამიხდია. მოგწონს? ყველაზე თანამედროვე და მოდური მოდელია. გაიკეთე... ნახე, როგორ მოგიხდა! მიყვარს, როცა კაცი ძვირფას აქსესუარებს იხდენს... – ნანამ კმაყოფილმა გაიღიმა და ლევანს მიეხუტა. კაცი მიხვდა, ქალი საჩუქრის სამაგიეროს ითხოვდა მისგან, თვითონაც მოეხვია და შიშველი სხეული დაუკოცნა.
– თავს უხერხულად ვგრძნობ, ასე რომ, დაიხარჯე ჩემთვის... – ეჩურჩულებოდა და ხელებს სულ უფრო თამამად უსვამდა მკერდზე. ქალი მინებდა... სიამოვნებისგან გაიზმორა, თავი მკერდზე მიაყრდნო.
– მაშინ, არ გეტყვი, შენთან შეხვედრა რამდენი დამიჯდა, თორემ, კიდევ უფრო უხერხულად იქნები.
– ჩემ გამო ჩამოხვედი?
– ჰო, რა იყო? მომენატრე და აბა, რა უნდა მექნა?
– ნანა, შენ მე ჭკუიდან შემშლი. შეგიძლია, როცა მოგენატრები, აი, ასე, ადგე და ჩამოხვიდე? მთელი ოკეანე გადმოიფრინო, რომ მნახო?
– ჰო, თუ მომენატრები.
– მერე, შენი ქმარი რას ამბობს ამაზე?
ნანამ თავი ასწია და კაცს თვალებში ჩააშტერდა:
– ლევან, მე ხომ არ გელაპარაკები შენს ცოლზე? შენც ჩემსავით მოიქეცი. ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა საინტერესო არ არის.
– ჩემი ცოლი რაღაცას ხვდება, – ამოიოხრა ლევანმა და მაჯაზე ნანას ნაჩუქარ საათს დახედა, – ახლა ამას რომ ნახავს...
– მერე რა, ნუ ეტყვი, რომ მე გაჩუქე.
– რას ამბობ. რა ვუთხრა, ვიყიდე-მეთქი? ეს ხუთასი დოლარი მაინც ეღირება.
– ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ღირს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– როგორ არა აქვს. თეონა ეგრევე მიხვდება – ხომ იცის, რომ ამისი საყიდელი ფული არასოდეს მექნება.
– საყვარელო, ჯერ ერთი, არავინ იცის, რისი საყიდელი ფული გექნება ხვალ და, მით უმეტეს – თეონამ. მეორე – არ არის აუცილებელი, სიმართლე უთხრა. მოიფიქრე რამე.
– რა მოვიფიქრო? ტყუილები არ მეხერხება.
– გეყოფა, ტყუილი ყველას ეხერხება. რა პრობლემაა! მაგალითად, უთხარი, რომ იპოვე – ვიღაცას დარჩა რესტორანში და გადასაგდებად დაგენანა... ჰო, ისიც უთხარი, რომ მაშინვე დაუბრუნებ პატრონს, როგორც კი გამოჩნდება.
– უცებ რამდენი ვერსია მოიფიქრე, – გაეღიმა ლევანს, – ტყუილების ოსტატი ყოფილხარ...
– მაგით რისი თქმა გინდა? – ნანა ძალიან გაამხიარულა ლევანის შეცბუნებულმა სახემ, – გეყოფა, ასე ნუ მიყურებ. შენ ხომ არ გატყუებ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში