რატომ არ ეტყობათ თანამედროვე ადამიანებს ეკლესიურობის არანაირი კვალი და რატომ აყენებენ ისინი სხვებს შეურაცხყოფას
„როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები – ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება... მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს...” – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. სიყვარულის საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ადამიანს ჯერ უნდა გააჩნდეს ღვთაებრივი სიყვარული და შემდეგ – ადამიანური სიყვარული. ათი მცნებაც ასეა: პირველი ოთხი მცნება გვავალებს ღმერთთან ურთიერთობას, დანარჩენი ექვსი მცნება კი უკვე მოყვასთან ურთიერთობას. თუ ადამიანს არ უყვარს ღმერთი, არ ცხოვრობს მისი მცნებებით, ბუნებრივია, მას არ ეყვარება მოყვასი. ადამიანი, რომელიც იცავს ღვთის მცნებებს, უფლის ნებით ცხოვრობს, მან შეიძლება თქვას, რომ იცის, რა არის სიყვარული. ვისაც ღმერთი უყვარს, ის ნაკლებად სცოდავს, მორჩილია და მცნებებს აღასრულებს. მთელი ჩვენი ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შევიყვაროთ უფალი მთელი გულით და ყოველივე კეთილი აღვასრულოთ. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: მთავარია, გიყვარდეთ ღმერთი და, რაც გინდათ ის გააკეთეთ. რადგან, თუ უფალი ეყვარება ადამიანს, ის ცუდს არაფერს ჩაიდენს. მთავარი ნიშანი აპოკალიფსის დაწყებისა სწორედ აპოსტასია ანუ უსიყვარულობა. დღეს ადამიანებს თითქმის აღარ უყვართ ერთმანეთი. თუ ვინმეს ვინმე უყვარს, უღიმის, მეგობრული ურთიერთობა აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შორის რაღაც კავშირია – ან ნათესაური, ან სამსახურებრივი, ან ოჯახური, საერთო ინტერესები. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ადამიანებს შორის ნათესაური კავშირი, რაიმე ინტერესი, იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს, მათ შორის მაინც უნდა არსებობდეს სიყვარული. საკუთარი მტერიც უნდა გიყვარდეს.
– ის, ვისაც საკუთარი მოყვასი არ უყვარს, როგორ შეძლებს მტრების შეყვარებას?
– ის შენი მტერიც უფლის შვილია, ახლობელია უფალში. თუ ქრისტიანი, მართლმადიდებელი არ არის, ღმერთის შვილი ხომ მაინც არის, ხომ ღმერთმა შექმნა, რადგან ყველა ადამიანი უფლის ქმნილებაა. თუ შენ აღიარებ უფალს, გაგაჩნია მისადმი რწმენა, გსმენია მისი სიყვარულის შესახებ, უნდა მიხვდე, რომ ის ადამიანიც, რომელიც გძულს, უფლის ქმნილებაა და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ის შემოირიგო. როგორც წმიდა მამები ბრძანებენ, ქრისტიანობა სიყვარულის აღსრულებაა, მიბაძვა საღვთო ბუნებისა. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ ღმერთი სიყვარულია. თუ სიყვარულზე საუბარი განგიზრახავს, ესე იგი, შენ ღმერთზე საუბრობ. როცა ადამიანი გიყვარს, სულ მასზე ფიქრობ, მასზე საუბრობ; გინდა, რომ მასთან მიხვიდე და ურთიერთობა გქონდეს. რამდენად აღმატებულია უფალი მოყვასზე? თუ უფალი გვეყვარება, გვენდომება მასთან საუბარი, ჩურჩული, მასთან დიალოგი. ვამბობთ, რომ ეკლესიურები ვართ, დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ სიყვარული არ გაგვაჩნია. ამიტომ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ მოგვცეს აღმატებული სიყვარული, უფრო მეტი სიყვარული, ვიდრე გაგვაჩნია. ადამიანის გადაგვარება კი იწყება მაშინ, როდესაც მას აღარ უყვარს უფალი. საქართველოში სუფრა იწყება ღვთის დიდებით, ერთმანეთის დღეგრძელობით, სიყვარულის ახსნით, საბოლოოდ კი ყველაფერი ჩხუბით, აყალმაყალითა და გინებით მთავრდება. ღვთის სიყვარულის გარეშე ადამიანობაზეც არ უნდა გვქონდეს პრეტენზია. ეშმაკმა შეიძლება მოგვაჩვენოს სიყვარული, მატერიალური სიყვარული შემოგვაპაროს. მაგალითად, ზოგს ჰგონია, რომ ცოლის გარდა სხვა ქალი უყვარს და ეს ჭეშმარიტი სიყვარულია. რა თქმა უნდა, არ არის მართალი. ადამიანს, რომელსაც ვერცხლის სიყვარული გააჩნია, როგორ შეიძლება, ღმერთი უყვარდეს? ძველად, როცა ადამიანი სამ ძირითად ცოდვას ჩაიდენდა, ის იძულებელი იყო, ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. პირველი – ეს იყო ღვთის უარყოფა; მეორე – მოკლავდა სხვა ადამიანს ან შეურაცხყოფას მიაყენებდა და მესამე – თუ უღალატებდა მეუღლეს. ეს ყველაფერი მას საკრებულოს, საზოგადოების წინაშე უნდა ეღიარებინა ხმამაღლა. ეს სამი ცოდვა უფლის სიყვარულის საწინააღმდეგო იყო. ჩვენი ყველა ცოდვა ყოველთვის უსიყვარულობით არის ჩადენილი.
– როგორ უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სიყვარული?
– ბევრი ამბობს: მე მოწესრიგებული ადამიანი ვარ, ჩემი შვილი არ არის მოწესრიგებული; მე ეკლესიური ვარ, ჩემი შვილი კი არ არის ეკლესიური. შეიძლება, ადამიანი გარეგნულად მოწესრიგებულია, მაგრამ, როცა შვილი ხედავს, რომ მისი მშობელი სახლში, ქუჩაში, საზოგადოებაში მოჩვენებითად კარგად იქცევა, სახლში კი სულ სხვანაირია, რა თქმა უნდა, ის ყველაფერს ხვდება და, აქედან გამომდინარე, ისიც იმავეს აკეთებს. ზოგიერთი ცნობილი რევოლუციონერის მშობლები სასულიერო პირები იყვნენ. ისინი სახლში რომ მიდიოდნენ, სხვაგვარად იქცეოდნენ და მათი შვილები რწმენაში აღარ მოვიდნენ, რადგან ხედავდნენ: მამა ერთია გარეთ, მეორეა – სახლში და, შესაბამისად, მათ რწმენა შეერყათ. სამწუხაროდ, დღესაც ასეთი სიტუაციაა, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს შვილებთან. გარეგნულად დღესაც მოწესრიგებულები არიან ადამიანები: ატარებენ ჯვარს, ფსკვნილს, წვერს; ლოცულობენ, მაგრამ მათი საქმიანობა უნაყოფოა. ნაყოფი არის ის, რომ გვიყვარდეს უფალი. დღეს საზოგადოებას ეკლესიურობის არანაირი კვალი არ ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ დადის ეკლესიაში. ბევრს უნდა, მოაწესრიგოს თავის გარშემო სამყარო, ჰქვია მართლმადიდებელი, მაგრამ, ჩხუბობს, იგინება, არაფერი მოსწონს, ყველას შენიშვნას აძლევს, აკრიტიკებს. საკმარისია, ვინმემ შენიშვნა მოგვცეს, მაშინვე გადავდივართ შეურაცხყოფაზე, ჩხუბზე. დღეს პირველ ადგილზე საკუთარი თავი გვყავს და ბოლოზე – ღმერთი, ისიც მაშინ, თუ რამე განსაცდელი გვაქვს; როცა აღარ შეგვიძლია უფლის გარეშე, მხოლოდ მაშინ გვახსენდება უფალი, ისიც, ბუნდოვანი ქმედებით. ეკლესიაში მიიყვანენ ცხვარს, დაანთებენ უამრავ სანთელს და შემდეგ ისევ განაგრძობენ არასწორ და უაზრო ცხოვრებას. როცა ადამიანი საფრთხეს გადაურჩება, ავადმყოფობიდან გამოდის, უნდა მივიდეს მოძღვართან და ჰკითხოს, რატომ დაემართა ეს და რა უნდა გააკეთოს, რომ იმავე მდგომარეობაში არ ჩავარდეს. მაგრამ, ამის ნაცვლად, კითხულობენ, მარხვა ხომ არ არის, რომ ცხვარი დავკლაო. თუ რამე საფრთხეს გადავურჩებით, საკუთარ, ჩვენი ოჯახის წევრებისა და წინაპრების ცხოვრებას უნდა გადავავლოთ თვალი და დავინახავთ, რომ ჩვენს ოჯახში არ არის სიყვარული, ოჯახის წევრებს არ უყვართ ერთმანეთი, არ უყვართ უფალი ისე, როგორც საჭიროა; რომ ჩვენს წინაპრებსაც არ უყვარდათ ღმერთი ისე, როგორც საჭირო იყო. თუ პაპამ და ბებიამ არ მოინანიეს, შენ უნდა მოინანიო მათი ცოდვები, ილოცო მათთვის. თუ სიყვარული გვექნება, ჩვენს ცოდვებსაც დავინახავთ და წინაპრებისასაც; სხვა შემთხვევაში, გვეგონება, რომ სიყვარული გვაქვს, კარგი ადამიანები ვართ, საზოგადოებას მოვწონვართ, სინამდვილეში კი შორს ვიქნებით ჭეშმარიტებისგან. იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვინც ამ გზაზე არ დადის, ის ეშმაკის გზით დადის. ვისაც არ უყვარს უფალი, მას უყვარს ეშმაკი, რადგან ადამიანი ცარიელი არ რჩება. თუ არ გაგაჩნია სწორი ღვთაებრივი სიყვარული, მაშინ ეშმაკის სიყვარულსა და მსახურებაში ხარ და გგონია, რომ ღმერთის სიყვარულში ხარ. ეშმაკისა და ამსოფლის სიყვარული მათ ღვთის სიყვარული ჰგონიათ. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: ვისაც ეს სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. სოფლის სიყვარულში იგულისხმება ცოდვა. ვისაც არ გვაქვს უფლის სიყვარული, ვთხოვოთ ღმერთს, რომ ჩვენში იყოს პირველი ნაყოფი სულიწმიდისა. თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, ყველა მცნება რომ დაიცვას, ყოველ დღე სიკეთე რომ აკეთოს, ყოველდღე აღსარება თქვას, ზიარება მიიღოს და მთელი მსოფლიო დააპუროს, ყველა ეს ქმედება მხოლოდ ზედაპირული იქნება.