მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა ძალები გვეღობება სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?
პასუხი: სასუფევლის მოპოვებისას სამი უმთავრესი მტერი ჰყავს ადამიანს: პირველი – ეს არის ხორციელი ზრახვებით, ცოდვით ვნებული ჩვენი ბუნება; მეორე – სოფელი, ანუ ხალხი, დაცემულნი, ურწმუნონი და ცოდვილნი და, მესამე – ბოროტი ძალა, ეშმაკი. ყველაფერი ეს გვიბიძგებს, რომ, უფლის ნების საპირისპიროდ, მათ ნებას დავექვემდებაროთ, რომ აგვარიდონ ცათა სასუფეველი.
კითხვა: სასუფეველში ყოველი მართალი ადამიანის სული ერთნაირად განიცდის ნეტარებას?
პასუხი: ნეტარების სხვადასხვა ხარისხი ექნებათ ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ როგორ ეკიდებოდა რწმენას, სიყვარულსა და კეთილ საქმეებს მიწიერ ცხოვრებაში – ასე გადმოგვცემენ წმიდა მამები.
კითხვა: მინდა, რომ მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვაში მოიხსენიოს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი: თუ კონკრეტული დღის ლოცვებში გსურთ ახლობლების მოხსენიება, წირვის წინ საკუთრხეველში ცალკე ცოცხლებისა და ცალკე მიცვალებულთათვის სეფისკვერი უნდა შეგზავნოთ. შესაბამისად, მათი სახელებიც ცალ-ცალკე უნდა ჩამოწეროთ ფურცელზე. სასურველია, ამ ადამიანების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.
კითხვა: გავიგე, რომ ჩემს წინაპარს ჩაუდენია მძიმე ცოდვა – ეკლესიიდან ზარები ჩამოუხსნია. როგორ გავთავისუფლდე ამ ცოდვისგან?
პასუხი: თქვენ უნდა იცხოვროთ ეკლესიურად: მოძღვრის წინაშე აღიაროთ პირადი ცოდვები, მიიღოთ შენდობა. ილოცეთ თქვენი წინაპრის სულისთვის და გათავისუფლდებით ამ სიმძიმისგან.