კერპთაყვანისმცემელი ქრისტეს რჯულზე მოექცა
ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში, რომში ცხოვრობდა ევსტაფი პლაკიდა, ცნობილი და მდიდარი ადამიანი. ის რომის ჯარების ერთ-ერთი მხედართმთავარი იყო და საომარ მოქმედებებში დიდი გულადობითა და სიმამაცით გამოირჩეოდა. მშვიდობიან დღეებში ევსტაფი მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა, ღარიბ-ღატაკებს ეხმარებოდა, უსამართლოდ დაპატიმრებულებს შველოდა. იმავდროულად ეს მას ბევრად უფრო მეტ სიხარულს მატებდა, ვიდრე ბრძოლაში გამარჯვება. მაგრამ მიუხედავად ქრისტიანული ქმედებებისა, ევსტაფი კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.
ერთხელ პლაკიდა თავის მსახურებთან ერთად, სანადიროდ წავიდა, ირემს გადაეყარა და დაიწყო მისი დევნა. მან თავის სწრაფ ცხენზე ამხედრებულმა უკან ჩამოიტოვა სხვა მონადირეები. და აი, როდესაც ჩიხში მომწყვდეული ირემი უნდა მოეკლა, ცხოველი დიდ ქვაზე შედგა და გაირინდა. შედგა მონადირეც და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ დაეჭირა ცოცხლად ირემი. გულდასმით აკვირდებოდა რა მსხვერპლს, ევსტაფიმ უცბად ირმის რქებს შუა მბრწყინავ ჯვარს მოჰკრა თვალი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გაკრული. პლაკიდას სმენას მისწვდა სიტყვები: „რატომ მდევნი მე?“ ამ სიტყვებზე ევსტაფის ცხენი ყალყზე დადგა და მხედარი მიწაზე დასცა.
„ვინ ხარ შენ“? – გაუბედავად შეეკითხა მონადირე. „მე ვარ იესო ქრისტე, ღმერთი, რომელმაც შევისხი ხორცი და ნებაყოფლობით დავიტანჯე კაცობრიობის გადასარჩენად,” – გაისმა პასუხი. და აქ ევსტაფის გაეხსნა გონების თვალი, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, გადაერჩინა მისი სული, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ მის მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები ქრისტიანს შეეფერებოდა. „მე გამოგეცხადე შენ ამ ცხოველზე, – ისმოდა უფლის სიტყვები, – რათა შენ შემოგიერთო და ჩაგრთო ჩემს ერთგულ მონებში, რადგან არ მინდა, ადამიანი, რომელიც მართალ საქმეს ემსახურება, მტრის ბადეში გაებას და დაიღუპოს“.
ხმა შეწყდა. პლაკიდა წამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ მბრწყინავი ჯვარი ირმის რქებს შორის უკვე გამქრალიყო, მგრძნობიარედ წარმოთქვა: „ამიერიდან მწამს, ღმერთო, რომ შენ ხარ ღმერთი დედამიწისა და ცისა. მხოლოდ შენ ერთს გეთაყვანები და არ ვცნობ შენ გარდა სხვას“.
წმიდა ქალწული აპოლინარია ბერის კაბაში
ღირსი აპოლინარია იყო ასული ანთემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვნების დროს, ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და მშობლებისგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა. შემდეგ ქალწული, უფლის მინიშნებით, მაკარი მეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრებით.
აპოლინარიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ ის ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა სნეული ბერ დოროთეს (წმიდა აპოლინარიას) მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა ის. სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ბოროტი. ეშმაკმა თავის ჭურჭელს ორსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნეს სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს. წმიდა აპოლინარია მეომრებს მშობლიურ სახლში გაჰყვა, საკუთარ დაში დაბუდებული ბოროტი სული განდევნა, გამოეცნაურა დედ-მამას, სთხოვა მათ არავისთვის ეთქვათ ამ საიდუმლოს შესახებ და ისევ სავანეს დაუბრუნდა.
აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე, ქალი იყო. წმიდანის ცხედარი წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში დაკრძალეს.