კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან საქართველოში წარმატებული, მაგრამ საბოლოოდ, დამარცხებული პოლიტიკოსები და რა ათ თვისებას უნდა ფლობდეს ადამიანი, რომ წარმატებას მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში

მართალია, ამ ჩვენს ქვეყანაში არათუ პოლიტიკოსის, ფქვილის სტანდარტიც კი არ არსებობს, მაგრამ, სამაგიეროდ, ადამიანები ახერხებენ გაპოლიტიკოსებასაც და პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე მუდმივ ტივტივსაც. მეორე მხრივ, არც ჩვენი საზოგადოებაა შეთანხმებული, თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს პოლიტიკოსს, რომ ეფექტიანად შეძლოს ქვეყნის მართვა და მათი ცხოვრების გაუმჯობესება, რაც ქვეყნის და არა პოლიტიკოსის წინსვლას შეუწყობს ხელს. ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად, მიმოვიხილავთ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ტიპაჟებსა და, ზოგადად, პოლიტიკაში წარმატების მიღწევის საშუალებებს.

 – რა თვისებებს უნდა ფლობდე, რომ საქართველოში მიაღწიო წარმატებას, როგორც პოლიტიკოსმა, ვისთან უნდა გარიგდე და რა უნდა დათმო, რომ სკამი მიიღო?
– ქართული რეალობა რომ შევაჯამოთ, ამისთვის მივმართოთ საერთაშორისო რეალობას, სადაც პოლიტიკა არის, პოლიტიკოსები ასე თუ ისე ავლენენ პიროვნულ თვისებებს და რაღაცას აღწევენ. წარმატებაც საერთაშორისო ფენომენია და არა მარტო ქართული რეალობისთვის დამახსიათებელი. ჰარვარდის კვლევების ავტორმა მაკკლელანდმა ჩაატარა საერთაშორისო გამოკვლევები. იკვლევდა მიღწევის ფენომენს ბიზნესსა თუ პოლიტიკაში. მან დაადგინა, არსებობს ათი თვისება, რომლებიც აუცილებელია, რომ ადამიანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. თუ ერთი თვისება მაინც აკლია, ჩავარდნა გარანტირებული აქვს.
პირველი თვისებაა საკუთარი ძალების რწმენა; მეორე –  ახალი შესაძლებლობების ძიება; მესამე –  სიტყვისა და საქმის თანხვედრა და კონტრაქტის ერთგულება, ანუ დაპირებებს გასცემ და შეასრულებ; მეოთხე –  მიღებული გადაწყვეტილების მტკიცედ და დაბეჯითებით გატარება; მეხუთე –  რისკის გაწევის უნარი; მეექვსე გახლავთ ის, რომ, რასაც აკეთებ, გააკეთე ხარისხიანად; მეშვიდე –  მიზნის დასახვა, შორეულის თუ ახლომდებარის და ამ მიზნების მკაფიოობა; მერვე –  დაგეგმვის უნარი, მონიტორინგი და სტრატეგიული ხედვა; მეცხრეა  მუდმივი ინფორმაციული განახლება, ნოვატორობა, ახალი აზრების, ახალი პროგრამების მოძიების, მათი გავრცელებისა და განახლების უნარი; მეათე თვისება კი გახლავთ თანამოაზრეთა პოვნის, გუნდური მოქმედებისა და დარწმუნების უნარი.
– და ვითომ ჩვენს პოლიტიკოსებს ეს თვისებები ახასიათებთ? არ მიწყინონ, მაგრამ ვერ ვიხსენებ ამ ათივეს მფლობელს?
– ვიღაცას შეიძლება, ახასიათებს, ვიღაცას –  არა. ამ თვისებების ქონა-არქონით შეგვიძლია, განვსაზღვროთ თითოეული ადამიანის შემთხვევაში, იქნება თუ არა ის დიდხანს პოლიტიკაში, ექნება ზეასვლები თუ ერთ ადგილას იტვიტივებს?! შალვა ნათელაშვილი შესანიშნავი პოლიტიკოსია, გონებამახვილი, საინტერესო, ყველა ჩამოთვლილი თვისებს ახასიათებს მას და, ამდენად, პოლიტიკაში მუდმივად არის. ეტყობა, მისი მიზანი არ არის, ხელისუფლებაში მოვიდეს. უნდა, რომ იყოს მუდმივად რადიკალური ოპოზიციონერის როლში, გაატაროს მემარცხენე, „ლეიბორისტული“ იდეები და, ჩემი აზრით, ამას ახერხებს. ასე რომ, ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსია. დღემდე არის და კარგა ხანს იქნება პოლიტიკაში.
– წარმატების მიღწევის ეს ათი თვისება ვერ უთავსდება ჰარმონიულად მაკიაველის შეგონებებს. მაგალითად, ის ურჩევს პოლიტიკოსს, ისეთი დიდი ტყუილი უთხრას ხალხს, რომ მათ იფიქრონ, ასეთ რამეს როგორ მოიტყუებსო. თქვენ კი ამბობთ, პოლიტიკოსის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, წარმატებას რომ მიაღწიოსო.
 – როგორც წესი, პოლიტიკოსების დაპირებების ყულაბა დიდია, მაგრამ მათი შესრულებით ვერ გამოირჩევიან. მოსახლეობა, სხვათა შორის, მაშინვე გრძნობს, რომ ატყუებენ, თუმცა მაინც წამოეგება ხოლმე. განა დაპირებების მიცემაშია პრობლემა, უბრალოდ, უნდა გასცე ისეთი დაპირება, რომლის 80 პროცენტის შესრულება უკვე დღეს შეგიძლია და დარჩენილ 20 პროცენტს მაშინ შეასრულებ, როცა მოხვალ ხელისუფლებაში. თუ შანსი არ გაქვს, რომ დაპირებულის 30 ან 40 პროცენტი დღესვე განახორციელო, ხმას არ მოგცემენ. შემდეგ, თუ არ შეასრულებ დაპირებებს, შენი რეიტინგი ეცემა, რადგან შეგეძლო და არ გააკეთე. დაპირებების არშესრულება ძალიან მძიმედ უბრუნდება პოლიტიკოსს. ეს იგივეა, შეგეძლოს სიკეთის გაკეთება და არ აკეთებდე, რაც უკვე ბოროტებაა. თუ შეგეძლო შენი დაპირების შესრულება და არ შეასრულე, ეს დაგიბრუნდება კრახით. ამის მაგალითი ბევრია. ამ საფრთხის წინაშე დგას „ქართული ოცნებაც“, იმიტომ რომ შეეძლოთ, შეესრულებინათ თავიანთი დაპირებები, მაგრამ არ გააკეთეს ეს. თავად ფიქრობენ, რომ შეასრულეს დაპირებები, მაგრამ მოსახლეობა ფიქრობს, რომ არ შეუსრულებიათ.
– ჩამოთვალეთ წარმატების მიღწევის ათი თვისება, მაგრამ არსადააა ნათქვამი, თუ რა მიზანზეა ლაპარაკი. ანუ ეს თვისებები წარმატებას მოგიტანს ბოროტ საქმეშიც?
– ცხადია, ხომ არიან ცნობილი და თავის კრიმინალურ სფეროში „წარმატებული“ კრიმინალები?! მაგალითად, ბენ ლადენი აშკარად მიზანდასახული კაცი იყო, კონცეფციაც ჰქონდა, თანამოაზრეების გუნდიც ჰყავდა, რისკის გაწევაც შეეძლო. ანუ ზემოჩამოთვლილი თვისებები ჰქონდა, მაგრამ მისი ქმედების შინაარსი იყო ბოროტი. ამდენად, ამ თვისებების გამოყენება შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მიზნით; მაგრამ მას, ვინც ბოროტი მიზნით იყენებს, უბრუნდება დესტრუქციით; ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სიკვდილით არ კვდება. და რაკი ნგრევაზეა ორიენტირებული, ნგრევით ასრულებს სიცოცხლეს. მაგრამ თუ პოზიტივზე, შენებაზეა ორიენტირებული, როდესაც წავა პოლიტიკიდან, დაფასებული იქნება. მაგალითად, რეიგანი წავიდა პოლიტიკიდან და დაფასებული იყო, თუმცა ასაკის გამო ავად გახდა, მაგრამ დადებითად მოიხსენიებენ. ან ავიღოთ ბიზნესმენები, ნაწილი არ ამთავრებს ცუდად, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფული მიითვისეს და ამიტომ მოხვდნენ ციხეში ან ყველაფერი დაკარგეს. სამყაროსგან აუცილებლად იღებ უკუგებას: პოზიტიურს ან ნეგატიურს წახალისების ან სასჯელის სახით, მაგრამ წარმატებისთვის შენს სფეროში ეს თვისებები აუცილებელია.
– ამ თვისებებს აქვს ეროვნება?
– არა, კვლევამ აჩვენა, რომ ეს არ არის დამოკიდებული ადამიანის ეროვნებაზე. ეს თვისებები უნივერსალურია. თვისებაა იუმორის გრძნობა?! კარგი თვისებაცაა, მაგრამ, თუ ეს ათი თვისება აუცილებელია, იუმორის გრძნობაც თუ ექნება, კარგია, მაგრამ მისი არქონა დიდად ვერ არღვევს ამ ათი თვისების კონფიგურაციას. თუნდაც, ავიღოთ კარგი გარეგნობა. ტალეირანი არ იყო გარეგნობით გამორჩეული, ნაპოლეონიც ტარმორჩილი იყო. ანუ არის აუცილებელი და არც ისე აუცილებელი თვისებები. წარმატებას მხოლოდ ის ათი თვისება განაპირობებს, რაც ჩამოვთვალე.
– მხოლოდ ნათელაშვილი ახსენეთ, სააკაშვილსაც ჰქონდა ეს თვისებები.
– ჰქონდა, რისკისაც, მაგრამ იმ ათ თვისებაში იგულისხმება გონივრული რისკის გაწევის უნარი. საერთოდ, ცხოვრება თავისთავად რისკია. რომ იბადები, ისიც რისკია და ჩასახვაც რისკია, იმიტომ რომ, შეიძლება, შენ არ ჩასახულიყავი. შემდეგ, სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენ ათი ათასჯერ მაინც გადავრჩენილვართ სიკვდილს. ამდენად, თვითონ ცხოვრებაა რისკი და ადამიანები ორად იყოფიან, რომლებიც გონივრულ რისკს გასწევენ, რომ წარმატებას მიაღწიონ და მეორენი, რომლებიც რისკისგან ეზღვევიან, რომ წარუმატებლობა აიცილონ თავიდან. ანუ ერთნი არიან რისკიანები და მიღწევისტები, მეორენი –  დაზღვევისტები. ეს დაზღვევისტები კომფორტის ზონაში ცხოვრობენ. მაგალითად, ჩინოვნიკები მეტწილად დაზღვევისტები არიან, თავს იზღვევენ ყოველგვარი რისკისგან.  მაგრამ პოლიტიკოსი, რომელიც გამოდის სარბიელზე, კონკურენციაშია, მან ვიღაცას უნდა მოუგოს, ამიტომ მას სჭირდება არა რისკისგან გაქცევა, რომ წარუმატებლობა აიცილოს თავიდან, არამედ გონივრული რისკი, რომ წარმატებას მიაღწიოს. ოღონდ, ვიმეორებ, გონივრული და არა გიჟური. სააკაშვილს გადამეტებული რისკიანობა ახასიათებდა და ზოგჯერ –  გიჟურიც.
– ივანიშვილი რისკიანია?
– ალბათ, ბიზნესში რისკის გარეშე შეუძლებელია. ცხადია, მას აქვს ზემოჩამოთვლილი თვისებები, იმიტომ რომ, წარმატებული პიროვნებაა. ბუნებრივია, მას აქვს გადაწყვეტილების დაჟინებით გატარების უნარი.
– ირაკლი ალასანია?
– ისინი ყველანი წარმატებულები არიან, რაკი აქამდე მივიდნენ. რადგან პოლიტიკაში რჩება, ალასანიაც წარმატებულია.
– ეს თვისებები თანდაყოლილია?
– არა, არ არის თანდაყოლილი, ამიტომ საჭიროა მათი კულტივირება საკუთარ თავში. მე რომ ახლა დაპირებებს გავცემ, შემიძლია მათი შესრულება? მაგალითად, გავწევ ამ რისკს? მაქვს ჩემი ძალების რწმენა? ვარ ჩემს შესაძლებლობაში დარწმუნებული თუ ვმერყეობ? თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა გადახედოს ამ თვისებებს და დაუსვას თავის თავს აი, ეს კითხვები. თუ დაინახავს, რომ ეს თვისება აკლია, უნდა შეეცადოს, ამაზე ფოკუსირება გააკეთოს და ხშირად მიაპყროს ყურადღება იმ ცხოვრებისეულ სიტუაციას, როდესაც ეს თვისებები უნდა გამოავლინოს. რადგან, როდესაც რაღაცაზე ხარ ფოკუსირებული, ისეთი ხდები. ამდენად, ხშირი ფოკუსირება ამა თუ იმ თვისებაზე, დაგეხმარება, შეიძინო ეს თვისება. ნაკლოვანების აღმოფხვრის გზით კი არ უნდა მიუდგე, არამედ უნდა შეეცადო, იმოქმედო ამ თვისებების შესაბამისად და შენივე ხელით შეიქმნი ამ თვისებებს.
– თქვით, რომ ერთ-ერთი თვისებაა გადაწყვეტილების დაჟინებით გატარების უნარი, მაგრამ პოლიტიკოსები იმიტომ არ მოდიან პოლიტიკაში, რომ ხალხზე იზრუნონ, ისინი ძირითადად მოდიან იმისთვის, რომ კეთილმოიწყონ საკუთარი ცხოვრება. ესე იგი, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის წარმატებაში, ქვეყნის კეთილდღეობას დავისახავ მიზნად თუ ჩემს პირადს?
– მე ერთ-ერთ თვისებად დავასახელე კონტრაქტისადმი ერთგულება, ანუ სიტყვისა და საქმის თანხვედრა. ეს შესაბამისობა შეიძლება სიტყვასა და საქმეს, ემოციასა და აზრს, დაპირებულსა და ასრულებულს შორის. შეუსაბამობა, როგორც წესი, ჩავარდნის წყაროა. შეიძლება, გახდე პარლამენტარი, მაგრამ აბუჩად აგიგდონ, დაკარგო რეიტინგი. გამარჯვება ის გამარჯვებაა, რომელსაც შეირგებ და გაგყვება. თუ შენი ცხოვრება მთავრდება გამარჯვების შემდეგ დამარცხებით, ეს არ არის გამარჯვება. ავიღოთ დონალდ ტრამპი, მილიარდერი, ბევრჯერ იყო დამარცხების პირზე, მაგრამ დამარცხებაზე გაიმარჯვა.  თუ შენ გამარჯვებული პოლიტიკოსი ხარ და მერე დამარცხდი, აღარ ხარ გამარჯვებული.
– შევარდნაძე, ესე იგი, დამარცხდა?
– ბოლოს გამოვიდა, რომ დამარცხდა. მას რომ ორი კვირით ადრე ეთქვა, მივდივარო, სხვანაირად დაამთავრებდა თავის კარიერას. ის ფაქტი, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა, შევარდნაძეს შეუცვივდნენ და გააჩანჩალეს დარბაზიდან, ნიშნავს, რომ ის დამარცხდა. ის გამარჯვებული დარჩებოდა, ორიოდე კვირით ადრე რომ ეთქვა, მე მოვხუცდი, ახლა თქვენი იყოს სარბიელიო, მაგრამ ვერ შეელია იმ სკამს და დამარცხდა.
– გამსახურდიაც დამარცხებულა.
– ცხადია, დამარცხდა. წარმატებული იყო რაღაც ეტაპზე, მაგრამ ის წარმატება გახდა მისი დამხობის საწინდარი. როდესაც წარმატება ხდება შენი დამარცხების საწინდარი, ის აღარაა წარმატება და გამარჯვება.
– იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო, ანუ წარმატებულია ის, ვინც წარმატებულად ამთავრებს კარიერას?
– ფინანსების მაგალითზე ავხსნათ: ვთქვათ, ვიღაც ერთ დროს იყო მდიდარი, მაგრამ უცბად არაფრისმქონე გახდა. რა წარმატებაზეა ლაპარაკი?! მეორემ კი ცოტა ფული დააგროვა და დღემდე ცხოვრობს ნორმალურად. ესე იგი, ის უფრო წარმატებულია, თუმცა ცოტა ფული ჰქონდა. ანუ, როდესაც შენ იმარჯვებ და მაინც მარცხდები, ფინალურად, დამარცხებული ხარ.
– გამოდის, გამარჯვებული პოლიტიკოსი არც გვყოლია ქართულ პოლიტიკაში?
– ასე გამოდის. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენთან ყოველი შემდგომი პოლიტიკოსი წინას სრესს, ანადგურებს, თითქოს მისი ამოშლა უნდა ისტორიიდან. სააკაშვილი სულ შევარდნაძეს ლანძღავდა; თუმცა შევარდნაძის მიერ იყო ხელდასმული; თავად შევარდნაძე გამსახურდიაზე ამბობდა, პროვინციული ფაშიზმიაო. სააკაშვილზე ხომ ხედავთ, როგორი რეაქცია აქვს ივანიშვილს. ანუ ყოველი შემდგომი წინას პოლიტიკურ ლიკვიდაციას ცდილობს.
– გამსახურდია ფიზიკურადაც იყო ლიკვიდირებული.
– დიახ და, თუ თვითმკვლელობა მოხდა, მაინც ლიკვიდირებულია, იმიტომ რომ, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ანუ ორი პრობლემაა: ერთი მხრივ, პოლიტიკოსები მარცხდებიან და შემდგომ ამ ბრძოლაში დამარცხებულების ჩაწიხვლას იწყებენ.  შევარდნაძე იქნებოდა, სააკაშვილი თუ  ივანიშვილი, ყველა ჩაწიხვლაზე იყო ორიენტირებული. ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ, ამით თავის თავს წიხლავენ. ეს ცუდი ტენდენციაა. ცუდ სულისკვეთებას თესავს საზოგადოებაში. აქედან მოდის სიძულვილის ენაც, სიძულვილით კი კარგი არაფერი გაკეთებულა.

скачать dle 11.3