როგორ მოახერხა მარიკა ვერულაშვილმა, დაეხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა
საქართველოს უკვე სამი მოწვევის პარლამენტის წევრი (2004 წლიდან დღემდე) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარიკა ვერულაშვილი (თუმცა უკვე უგანა მშობელ პარტიას) 1971 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. ქ-ნი ვერულაშვილის შრომითი ბიოგრაფია 1994 წელს დაიწყო „მაცნეში“, სადაც მან კორესპონდენტად 1997 წლამდე იმუშავა. 1997 წელს ის სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში გადავიდა, სადაც მოგვიანებით, განყოფილების პროკურორად დაინიშნა. 2000-დან 2001 წლამდე იუსტიციის სამინისტროში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და 2000 წელსვე ჩაუბარებია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. 2001-ში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი იყო, 2002-2003 წლებში – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბ-ნი სააკაშვილის, პრესმდივანი; 2003-2004 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. ხოლო 2004 წლიდან დღემდე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხალხის რჩეულია.
შესაბამისად, თავისი პირველი დეკლარაცია 2001 წელს შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა და ოჯახის წევრად მიუთითა შვილი, 1993 წელს დაბადებული სალომე ცნობილაძე, ერთადერთ საკუთრებად კი – ბინა თბილისში, 50 000 ლარად ღირებული, შემოსავლად – 2000 წლის განმავლობაში 2 800 ლარი, რომელიც მან მიიღო, როგორც იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა. 2004 წელს კი მას შემდეგი ოდენობის ქონება ჰქონდა: სახლი თბილისში, 95 000 ლარად ღირებული; სახლი ახალსოფელში (50 000 ლარად ღირებული, რომლის თანამესაკუთრეც მისი ძმისშვილია), ვენახი ყვარელში (17 000 ლარად ღირებული), ავტოფარეხი თბილისში (7 000 ლარად ღირებული) და 14 000-ლარიანი ავტომანქანა.
ნაღდი ფულის სახით კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 9 300 ფუნტ სტერლინგსაც ფლობდა.
ქ-ნმა ვერულაშვილმა თავისი ბოლო დეკლარაცია 2015-ში შეავსო, ისევ, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა, ქალიშვილი და 2010 წელს დაბადებული ვაჟი გიორგი ჩხაიძე.
პარლამენტარის ქონებრივ ანგარიშზე ირიცხება: საცხოვრებელი სახლი თბილისში (180 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი ყვარელში (320 კვ.მ.), ვენახი ახალსოფელში (3 000 კვ.მ.), სალომე ცნობილაძეს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი დიდი დიღმის მეურნეობაში (1 000 კვ.მ).
დეკლარაციის შევსების მომენტში ქ-ნ ვერულაშვილს ნაღდ ფულად ჰქონდა 9 300 აშშ დოლარი და 3 700 ევრო.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში, მან, როგორც პარლამენტის წევრმა, 54 724 ლარი აიღო.
რაც შეეხება დანარჩენ წლებს: 2004 წლის განმავლობაში ქ-ნი ვერულაშვილის წლიურმა საპარლამენტო ხელფასმა 12 500 ლარი შეადგინა; 2005 წელს – 20 580 ლარი; 2006 წელს – 24 240 ლარი (საინტერესოა, რომ იმ წელს ქ-ნმა ვერულაშვილმა 20 000 აშშ დოლარი სამშენებლო სამუშაოებში გადაიხადა); 2007 წელს – 44 300 ლარი; 2008 წელს – 44 300 ლარი; 2009 წელს – 47 676 ლარი; 2010 წელს – 50 717 ლარი; 2011 წელს – 49 842 ლარი; 2012 წელს – 53 011 ლარი, 2013 წელს – ასევე, 53 011 ლარი, 2014-ში კი, როგორც მოგახსენეთ, 54 724 ლარი.