„კერკეტი კაკალი“
ქართული ტრიუმფი VS უკრაინული ტრიუმფი
რაკი აწ უკვე უკრაინა და, განსაკუთრებით, ოდესაა ქართული ექსპერიმენტ-რეფორმების გაგრძელების ადგილი, ბუნებრივია, რომ ჩვენი პრეზიდენტყოფილი აქტიურობს და ხშირად იმაზე მეტადაც კი, ვიდრე აქ, ჩვენთან ირჯებოდა ხოლმე.
ჰოდა, ისე მოხდა, რომ, ჯერ იყო და, უკრაინის პრემიერ-მინისტრს უწოდა ქურდი, შემდეგ კი – თვით შს მინისტრ ავაქოვს დაუპირისპირდა და ეს უკანასკნელი ისე გამოიყვანა წყობილებიდან, რომ თავისი მიმართულებით წყლიანი ჭიქა ასროლინა.
თუმცა მხარეებს ერთმანეთისთვის „ტკბილ-ტკბილი“ სიტყვები არ დაუშურებიათ, ყველაზე საინტერესო ამ შერკინების ის ადგილი იყო, როდესაც საქართველოს ორგზის პრეზიდენტი ამტკიცებდა, უკრაინელი ვარო. მართალია, სავსებით ნათელია მისი პოლიტიკური მოტივები (უკრაინელების გულის მოგება), უხერხული მოსასმენია პრეზიდენტყოფილისგან, მაგრამ, რაც მთავარია, თავად არ გრძნობს უხერხულობას.
როგორც უნდა იყოს, რაკი შს მინისტრი ავაქოვიც კერკეტი კაკალი ჩანს (და არც აპირებს, იყოს ნაკლები უკრაინელი), მან ოდესის გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის სასამართლო საქართველოს სასამართლოსავით ვერ უზის ბ-ნ სააკაშვილს ჯიბეში, აშკარაა, რომ მისი უკრაინული ტრიუმფი ქართულივით გარანტირებული არ არის.