რომელ დღეს დამდგარი ბარბარობა მიაჩნდათ ავის მომასწავებლად და რომელი დაავადებებისგან განსაკურნებლად უნდა ჩავატაროთ რიტუალები ბარბარობის დღესასწაულზე
17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია წმიდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე – ბარბარობა – დროთა განმავლობაში საეკლესიო კალენდრიდან ხალხურ ყოფაში გადავიდა და მას ბევრი ისეთი რიტუალი დაუკავშირდა, რომელიც ხალხმა ასეული წლების განმავლობაში გამოცდილების შედეგად ჩამოაყალიბა და მათი შესრულება ტრადიციად აქცია. ზოგიერთ მათგანს რელიგიური საფუძველი უდევს, რაც წმიდა ბარბარეს სნეულთა სასწაულებრივ განკურნების უნართანაა დაკავშირებული, დანარჩენი კი ხალხის წარმოდგენებსა და ემპირიულ ცოდნას ეყრდნობა.
როზეტა გუჯეჯიანი (ეთნოლოგი, პროფესორი): ბარბარობა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საეკლესიო კალენდრიდან ხალხურ ყოფაშია გადასული და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ხალხური ასპექტიც ახლავს. თარიღი, მოგეხსენებათ, არის ძველი სტილით 4, ახალი სტილით კი 17 დეკემბერი. ეს მარხვის პერიოდია და, შესაბამისად, ყოველი ატრიბუტიკა, რომელიც ამ დღესასწაულს უკავშირდება, სამარხვოა. ბარბარობისთვის ნიშანდობლივია ოჯახის უფროსი მანდილოსნის მიერ ნიგვზის ან ლობიოსგულიანი (ლობიოს კულტი ქართულ რეალობაში შედარებით გვიან შემოვიდა) ზედაპირიზე ჯვარდასახული ტაბლის, ანუ სარიტუალო პურის გამოცხობა. ხალხის რწმენით, ბარბარობას უგულო სარიტუალო პურების გამოცხობამ მთელი წლის განმავლობაში ოჯახის სიცარიელე იცის. სანამ მის ჭამას დაიწყებდნენ, დიასახლისი ასე ლოცულობდა: ღმერთო, გაგვიკეთე ნათეს-ნამუშევარი, გვამყოფე ტანმრთელად, გულმხიარულად. ღმერთი იყო, რაც ძალა იყო. გვიშველე, ნუ წაგვახდენ, ნუ დაგვამშევ, ნათეს-ნამუშევარს ნუ წაგვიხდენ“. სადღეობო კვერების გამოსაცხობი ფქვილის მარაგს მოსახლეობა ზაფხულში ამზადებდა. კალოობის დროს პურის საუკეთესო თავთავებს გადაარჩევდნენ, ცალკე გალეწავდნენ, დაფქვავდნენ და კიდობანში შეინახავდნენ. ხალხის რწმენით, ის წმიდა ფქვილი იყო, ამიტომ მას დედათა წესის მქონე ან ახლად მოლოგინებული ქალი ახლოს ვერ გაეკარებოდა.
ბარბარობას, მითოლოგიური და წინარექრისტიანული მზის ღვთაების იდეალების გარდა, რეალურად არსებული დიდმოწამე წმიდა ბარბარეს ცხოვრების ბიოგრაფიული ასპექტებიც ემატება. წმიდა ბარბარე მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეწამა. ის იყო ახალგაზრდა, განსწავლული, ულამაზესი ქალი, რომელიც ქრისტიანად იმ პერიოდში მოინათლა, როცა ეს რელიგია იდევნებოდა, რის გამოც ის საკუთარმა მამამ აწამა – მას თავი მოჰკვეთეს. მაგრამ სიცოცხლის განმავლობაშივე წმიდა ბარბარემ სასწაულმოქმედი მკურნალის სახე შეიძინა. გადმოცემით, იმ ადგილას, სადაც წმიდა ბარბარემ ფეხი დაადგა, ამოხეთქა წმიდა წყარომ, რომელსაც ადამიანის განკურნება და თვალის ჩინის დაბრუნება შეეძლო. არსებობს სხვადასხვა ქრისტიანული ლოცვა, რომლებშიდაც ხალხის მიერ წმიდა ბარბარე სახადებისგან დამცველ წმიდანადაა მოხსენიებული. ამიტომ, მისი სახელობის ეკლესიები დიდი რაოდენობით შენდებოდა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახადების ეპიდემია ვრცელდებოდა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე იყო მეთხუთმეტე საუკუნე, როცა ჩვენთან შავი ჭირის ეპიდემია გაჩნდა. წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიების დიდი რაოდენობით სვანეთი და თბილისი გამოირჩევა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბარბარობის დღესასწაულზე სხვადასხვა სნეულებისგან განსაკურნებლად დედლის ან მამლის შეწირვა ხდებოდა. მაგალითად, ქართლ-კახეთში ბარბარეს თვალის ტკივილის მოსარჩენად და სახადით დასნეულებულის განსაკურნებლად მამლის შეწირვას აღუთქვამდნენ და ცოცხალ მამლებს მისი სახელობის ეკლესიასთან უშვებდნენ; იმერეთში სახადით დაავადებულს მამალს თავზე შემოავლებდნენ, შემდეგ მას თავს, ფეხებსა და ფრთებს წითლად შეუღებავდნენ და ბარბარეს „შვილებად” მიჩნეული „ბატონების“ სახელზე გაუშვებდნენ; რაჭასა და იმერეთში წითელათი ან „ყვავილბატონებით“ დასნეულებულს დედალს მიუყვანდნენ, რომელსაც წინასწარ წითლად შეღებავდნენ და წითელი ნაჭრებით შეამკობდნენ; ლენტეხში ერთმანეთზე გადაბმულ ორ მრგვალ კვერს სწირავდნენ ქალღმერთს და თან შესთხოვდნენ, თვალის სინათლე არ მოგვაკლდესო. შეწირვა სახლში მზის მხარეს, ოჯახის უფროსი მანდილოსნის მიერ სრულდებოდა. ლოცვისა და შესაწირის შეწირვის დროს შემწირველის გარდა თვალები ყველას დახუჭული ჰქონდა. გურული ექიმი ქალი ათივე თითზე მიიკრავდა ანთებულ სანთელს და ილოცავდა: „წმიდა ბარბალეო, ჩემი აქიმობა ამ წელიწადში გამიმართლე, დუუცვეთელი ქენი და წაღმა დამიგვირგვინე“. გარდა თვალის ჩინისა და სახადისგან დამცველისა, წმიდა ბარბარემ ბავშვთა დაცვის ფუნქციაც შეიძინა.
სვანების დაკვირვებით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ემპირიული ცოდნა დაგროვდა: რა დღესაც იქნებოდა ბარბარეს დღესასწაული, ყველა შემდგომი დიდი დღესასწაულიც სწორედ ამ დღეს დაემთხვეოდა. მაგალითისთვის: წლევანდელი ბარბარობა, ახალი წელი, შობა და ძველით ახალი წელი ხუთშაბათს ემთხვევა. მათ შორის იყო კარგი და ცუდი დღეები. თუ, ვთქვათ, ბარბარობა სამშაბათ დღეს დაემთხვეოდა, იტყოდნენ, ცუდი წელიწადი დგებაო, რადგან ამ დღეობის სამშაბათს მოსვლამ ცუდი ჭირნახული და მოსახლეობის (განსაკუთრებით – ქალების), ავადმყოფობა და სიკვდილიანობა იცისო. სწამდათ, რომ წელი კარგი იქნებოდა, თუ ბარბარობა ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან შაბათს გათენდებოდა – ამ შემთხვევაში მოსახლეობა მთელი წელიწადი უზრუნველყოფილი იქნებოდა კარგი ამინდით, კარგი მოსავლით, მშვიდობიანობით და ასე შემდეგ.
წმიდა ბარბარეს ქართულ ყოფაში მესაქონლეობისა და შინაური ფრინველის მფარველის ფუნქციაც მიენიჭა. ბარბარობის პარალელურ სახელად ჩამოყალიბდა ტერმინი „ფერხობა“ და „ქათმის ლოცვა“. ამ დღეს ოჯახის დიასახლისი ან სპეციალურად მეკვლედ შერჩეული პიროვნება დღესასწაულს კრუხ-წიწილასაც მიულოცავდა, მათი გამრავლებისა და დაცვისთვის კი სპეციალური რიტუალები სრულდებოდა. გურულებმა ბარბარობას „ფეხადობა“ ანუ „ქათმის ფერხვა” იცოდნენ. მოიწვევდნენ „კაი ფეხის“ მეზობელს და სახლში ღომის ან სიმინდის მარცვლებს მოაყრევინებდნენ. ხალხს ღრმად სწამდა, რომ, „თუ კაი ფეხის კაცმა, გინდა ქალმა, გიფერხა ქათამი ბარბარობას, იმ წელიწადს ყოლიფერი კაი და ბევრი იქნება შენსას“. ბარბარობას მეკვლეობა რაჭაშიც სცოდნიათ. ბარბარობას ოჯახის უფროსი ქალი ადგება ყველაზე ადრე, დაანთებს ცეცხლს, გავა გარეთ და საბძლიდან კალათით შინ შეიტანს ბზეს, რომელსაც სახლში შესვლისთანავე მოაბნევს ძირს და თან იტყვის: „ჩიე, ჩიე, ჩიე, ვარია და ყვინჩილე, ვარია და ყვინჩილე“ – და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ოჯახის დანარჩენ წევრებს ფეხზე წამოდგომა.
ქართლში, ამ დღესასწაულზე დილით ტახტზე ქერის ან სიმინდის მარცვალს დაყრიდნენ, მოსულ მეკვლეს ზედ დააბრძანებდნენ, ფეხებს მოაკეცვინებდნენ და თან დასძახოდნენ: „მეკვლევ, კარგად მოიკეცე, რომ წრეულს კრუხებმა კარგად გამოჩეკონ და წიწილები ბლომად მოგვცენო“. ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ – ამბობდნენ, ნაბდიანი კაცის შინ შესვლამ მობუზული წიწილები იცისო.
P.S. იმ ტრადიციების ნაწილი, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ასრულებდნენ, დღესაც შემორჩენილია, მაგალითად: მეკვლე, სადღესასწაულო პურები, რომელსაც ლობიოს ან ნიგვზის გული აქვს და სხვა. თუმცა, წლების განმავლობაში, გარდა უძველესი წეს-ჩვეულებებისა, რომლებსაც უკვე მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, ბარბარობასთან დაკავშირებით სხვა რიტუალებიც ჩამოყალიბდა, მაგალითად, ცოცხის რიტუალი, რომელიც ბედს უკავშირდება. წესის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაქორწინებული, იძენს ცოცხს, ხალხმრავალ ადგილას იბარებს გაუთხოვარ ქალბატონს და, მისთვის მოულოდნელად, ცოცხს საჯდომზე ურტყამს ქალს, მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვებმაც დაინახონ, ქალმა კი შეხვედრამდე მამაკაცის განზრახვის შესახებ არ უნდა იცოდეს. თუ სხვათა გამოცდილებას დავუჯერებთ, ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებს – გაუთხოვარი ქალბატონები იმ წლის განმავლობაში ოჯახს აუცილებლად შექმნიან.