როგორ ავირიდოთ თავიდან არასასურველი სარეკლამო შეტყობინებები და რატომ დააჯარიმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 17 კომპანია
უკვე დიდი ხანია, დღისით თუ ღამით, შაბათს თუ კვირას, სარეკლამო შეტყობინებების დაჟინებული შემოტევა ჩვენი ცხოვრების წესად იქცა. როგორ დაიცვან მოქალაქეებმა თავი ესემეს-შემოტევებისგან და როგორ არეგულირებს კანონი პირდაპირი მარკეტინგის წესებს, რომელთა დარღვევისთვისაც კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვიდმეტი ორგანიზაცია დაჯარიმდა, ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, სალომე ბახსოლიანს გავესაუბრეთ.
სალომე ბახსოლიანი: 2014 წლის ნოემბრიდან კერძო ორგანიზაციების მიმართ სრულად ამოქმედდა კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში უფრო ადრე – 2012 წელს შევიდა. მოგეხსენებათ, კანონი არეგულირებს სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესებს. ამ პერიოდის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უკვე შეუძლია, შევიდეს ნებისმიერ კერძო ორგანიზაციაში, შეამოწმოს მონაცემთა დამუშავების კანონიერება, შემოწმების შედეგად დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი გარკვეული პასუხისმგებლობა დააკისროს ამა თუ იმ ორგანიზაციას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს უფლებამოსილება, ორგანიზაცია შეამოწმოს როგორც მოქალაქეთა საჩივრის, მასმედიით მიღებული ინფორმაციის ან პირადი ინიციატივისა და ინტერესის საფუძველზე, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ კანონის მოთხოვნების შესრულება, მათ შორის – სარეკლამო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით. კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმდა არაერთი ორგანიზაცია, რომელთაგან ჩვიდმეტ ორგანიზაციას დაეკისრა 3 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა, ზოგიერთ ორგანიზაციას დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება, ნაკლოვანების აღმოფხვრა და ასე შემდეგ.
– რომელი ორგანიზაციები დაჯარიმდნენ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესების დარღვევის გამო და, ზოგადად, რას ავალდებულებს კანონი ამ მხრივ კერძო ორგანიზაციებს?
– დაჯარიმებული ორგანიზაციების საქმიანობის სპექტრი მრავალფეროვანია: მაღაზიები, ესთეტიკური ცენტრი, კაზინოები, დაჯარიმებულ ორგანიზაციათა შორისაა: ბანკი „რესპუბლიკა”, რომლის შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი; ასევე, ესთეტიკური სილამაზის ცენტრი „მედი;” ტექნიკის მაღაზია „ალტა-ოქეი,” მაღაზიები – „ჯიპცენტრი,” და „მანდარინა;” კაზინოები – „აჭარაბეთი” და „ლას-ვეგასბეთი”. ეს ორგანიზაციები დღის განმავლობაში რამდენჯერმე გზავნიდნენ სარეკლამო ესემეს-შეტყობინებებს, რომლებიც არ შეიცავდა უარის თქმის მექანიზმს. კანონმდებლობით დაშვებულია, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე ელექტრონული ფოსტითა და სატელეფონო ზარით სხვადასხვა სერვისის ან პროდუქტის შეთავაზება, თუმცა, მოქმედებს გარკვეული წესები და ორგანიზაციებმა ეს წესები უნდა დაიცვან. ყოველი სარეკლამო შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ აბონენტს (ადრესატს) უფლება აქვს, მომავალში უარი თქვას ასეთი სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე. ორგანიზაციების მიმართ არსებობს ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც აბონენტისგან მიიღებს მოთხოვნას, შეწყვიტოს მისთვის სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა, აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს ათი სამუშაო დღის ვადაში და აღარ გაუგზავნოს მას სარეკლამო ხასიათის შეტყობინება. ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე საჭირო იყო ორგანიზაციისთვის წერილობითი მიმართვა, რაც ძალიან ბევრ დაბრკოლებას ქმნიდა და, შესაბამისად, მომხმარებლისთვის მოუხერხებელი იყო. ცვლილებების შედეგად მოქალაქეებისთვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და დაინერგა ეგრეთ წოდებული ,,ესემეს-ოფისმექანიზმი,” რომელიც ტერმინად დამკვიდრდა, როგორც სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის საშუალება. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობა გაცილებით გააქტიურდა, გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. მათ აინტერესებთ მეტი ინფორმაციის მიღება, რათა თავიდან აირიდონ არასასურველი სპამი.
– მომჩივან მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი კერძო ორგანიზაცია იყენებს რეკლამის ამ იაფ გზას, რომელთაც დიდად არ აწუხებთ, რომ რეკლამის ასეთი დაჟინებული შეთევაზება, ექსპერტთა განცხადებით, მომხმარებლის უფლების დარღვევაა.
– რამდენი ორგანიზაცია იყენებს პირდაპირი მარკეტინგის ამ გზას, ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. ეს ორგანიზაციები არსად არ არიან დარეგისტრირებულნი, სრულიად თავისუფლები არიან, სად რამდენ სარეკლამო შეტყობინებას გაგზავნიან. მომატებული მომართვიანობისა და მოქალაქეთა განაცხადების მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ გაიზარდა საზოგადოების ცნობიერება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ათი სამუშაო დღის შემდეგ არ ამოიღებს იმ მოქალაქის ტელეფონს მონაცემთა ბაზიდან, რომელმაც დააფიქსირა თავისი სურვილი, აღარ გაეგზავნოს ესემეს-შეტყობინება, ეს ხდება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. პირველ ჯერზე ჯარიმის რაოდენობა 3 ათასი ლარია; თუ ერთი წლის განმავლობაში დარღვევა ჩადენილ იქნა განმეორებით, ჯარიმის ოდენობა აღწევს 10 000 ლარს. ამ ეტაპზე ამ თანხით არც ერთი ორგანიზაცია არ დაჯარიმებულა, როგორც წესი, ორგანიზაციები ითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, თუმცა, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდა. ყველა ამ შემთხვევაში სასამართლომ სრულად გაიზიარა მოქალაქის ინტერესი და ჩვენი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
– რატომ არ არსებობს შეზღუდვები შაბათ-კვირას, ღამის საათებში? ხშირად სარეკლამო ესემეს-შეტყობინებებს გვიან ღამით ვიღებთ.
– ასეთი შეზღუდვა – დღე-ღამის რომელ მონაკვეთში შეიძლება სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა – კანონით არ არსებობს. არ ვიცი, ტექნიკური თუ სხვა მიზეზების გამო, მოქალაქეებს გვიან ღამით მისდით სარეკლამო შეტყობინებები. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეზღუდვა გარკვეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდეს.
– ძალიან ბევრს საუბრობენ ტელეფონის ნომრების მოპოვების გზებზეც.
– კომპანიებს, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ ერთიანი მონაცემთა ბაზა, ინფორმაცია ტელეფონის ნომრების შესახებ და მას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებენ. ხშირ შემთხვევაში, ტელეფონის ნომრები მათივე კლიენტების მიერაა მიწოდებული. თითქმის ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი კლიენტების ბაზა და, ასევე, მომხმარებლის პირადი ტელეფონის მოპოვების საკუთარი გზები. კანონის მოთხოვნით, ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის, ხელფასის, პირადი ნომრის მოპოვება-შენახვისა და გაცემის შემთხვევებზე, დარეგულირებულია კანონმდებლობით. ეს რეგულაცია ქვეყანაში მოქმედებს 2012 წლიდან და, შესაბამისად, ყველა საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ამ კანონის მოთხოვნები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს პასუხისმგებლობები, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობაც. საჯარიმო სანქციები იწყება 100 ლარიდან, ყველაზე მაქსიმალური სანქცია კი გათვალისწინებულია 10 000 ლარის ოდენობით.
– როგორ ავირიდოთ თავიდან არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების მიღება?
– მომხმარებელს ვურჩევთ: პირველ ყოვლისა კარგად დაფიქრდით, სანამ ამა თუ იმ ორგანიზაციას თქვენი ტელეფონის ნომერს გაუმჟღავნებთ; დააზუსტეთ, ხომ არ იქნება ეს მონაცემი შემდგომში პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენებული. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, გადაწყვიტეთ, დატოვოთ თუ არა აფთიაქში, მაღაზიასა თუ სხვა დაწესებულებაში თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი. როდესაც მიიღებთ თქვენთვის უინტერესო და არასასურველ სარეკლამო შეტყობინებას, რომელიც არ გსურთ, რომ მომავალშიც გამოგეგზავნოთ, უარი განაცხადეთ შეტყობინებაში არსებული მექანიზმის საშუალებით; თუ ათი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მაინც მიიღებთ ამ ორგანიზაციისგან შეტყობინებას, ეს უკვე მისი მხრიდან კანონის დარღვევაა და შეგიძლიათ განცხადებით მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას, სადაც შესაბამის ზომებს მიიღებენ.