რატომ იხედება ყოველ საღამოს, ძილის წინ, საწოლის ქვეშ ნინო წულაია და რა აკრძალვებს უწესებს ის საკუთარ თავს
მომღერალი ნინო წულაია „ნიჭიერის“ ერთ-ერთი აღმოჩენაა. მან თავისი არაჩვეულებრივი ხმითა და პროფესიონალური შესრულებით ჟიურის წევრებისა და მაყურებლის მოხიბვლა შეძლო.
ნინო წულაია: ლაპარაკი არ მქონდა დაწყებული, რომ ვმღეროდი. სახლშიც ყველა მღერის – მამა... დედის და მამის მხარეს ყველა მღერის, ბიძაჩემები, მამაჩემის მამა. თუმცა, ჩემსავით, საოპერო ხმა არავის ჰქონია, ძირითადად, ქალაქურ, ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ. მერე დიდი ხანი შევეშვი სიმღერას, საერთოდ არ ვმღეროდი და კარგიც ვქენი, რადგან ეს მუტაციის პერიოდს დაემთხვა და საბოლოოდ ჩამომიყალიბდა ხმა. სკოლის ბანკეტი მქონდა და იქ უნდა მემღერა. მივედი ქალბატონ მარინა ცხოიძესთან, სიმღერების შესწავლა ვთხოვე. მისი დამსახურებით ვოკალის პედაგოგმა, ეთერ სალიამ მომისმინა, შემამოწმა, რაღაც რეპერტუარი მოვსინჯეთ. ძალიან მომეწონა და საბოლოოდ ავირჩიე სწორი გზა. დიდი მადლობა ქალბატონ ეთერს და ქალბატონ მარინას. მათი დახმარებით აღმოვჩნდი სწორ გზაზე და შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სამი წელია, რაც ამ სფეროთი სერიოზულად დავკავდი. ახლა ვარ ლირიკული სოპრანო. თუმცა, ჯერჯერობით, ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ, რადგან ხმა, ასაკთან ერთად, კიდევ გაიზრდება.
– განსაკუთრებულად უფრთხილდები ხმას, აკრძალვებიც ხომ არ გაქვს?
– სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება, თუმცა ვერ გეტყვით, ცივს არ ვსვამ, ან ნაყინს არ ვჭამ-მეთქი. უფრო მეტად ვერიდები მზესუმზირას, რადგან ისედაც არ მიყვარს. ზაფხულშიც არ ვსვამ მაცივრის წყალს, თხილიანს, ნიგვზიანს ვერიდები, ასევე, ქარში სიარულსაც. რაღაც აკრძალვები არის, რაც ხმას ან ყელს გააღიზიანებს, თუმცა, სერიოზული არაფერი. წარმატებები მაქვს ჩემს სფეროში და ვნახოთ, მომავალში რა იქნება. „ნიჭიერი“ დამეხმარა იმაში, რომ დიდ სცენაზე დავდექი და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, მანამდე პუბლიკასთან ურთიერთობა არ მქონია.
– როგორც ვიცი, სწავლობ და შენს საქმეს პროფესიონალურად ეუფლები.
– ჩავაბარე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ვოკალის ფაკულტეტზე. მყავს ვოკალის არაჩვეულებრივი პედაგოგი – ქალბატონი ნათელა ხომერიკი. მისი დიდი დამსახურებაა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რასაც დღეს ვაკეთებ. მყავს არაჩვეულებრივი კონცერტმაისტერი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, ერთმანეთს ვავსებთ. კარგ ხალხში ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეპერტუარსაც ჩემი პედაგოგი მირჩევს. შეიძლება, რაღაც კარგად ვიმღერო, ამის ხმა მქონდეს, მაგრამ ჩემი ორგანიზმი არ იყოს ამისთვის მზად და ამის გამო დაზარალდეს. ამიტომ, მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.
– ფოთიდან ბათუმში მოგიწია საცხოვრებლად გადასვლა. რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება?
– პირველი კურსი იყო საშინელება, დედაჩემის გარეშე მანამდე არსად ვყოფილვარ. უცბად გავიზარდე, მივხვდი, სხვა რაღაც იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში: ახალი გარემო, ახალი ხალხი. ცხოვრების რიტმიც შემეცვალა, მაგრამ კარგად ავყევი. ვისწავლე თანხის დაზოგვა, მომჭირნეობა. ჩემს ბიუჯეტს რაღაცეები არ აწყობს და ამას ვითვალისწინებ. უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდი. ეს ორი ქალაქი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან – ორივეში ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ. თან, ვგიჟდები ზღვაზე. შემიძლია, ნაპირზე დავაღამო და გავათენო. ცურვაც ვიცი, მაგრამ კარგად არა, წყლის შიში მაქვს.
– კიდევ რის შიში გაქვს?
– სიბნელის, სახლში მარტო ყოფნის. საღამოს, სანამ დავწვები, საწოლის ქვეშ ვიხედები – ვინმე ხომ არ არის. ამიტომ, მარტო არასდროს ვცხოვრობ. საღამოს შუქი რომ ჩაქრეს, არ ვიცი, რა შეიძლება დამემართოს. ამიტომ, ვცდილობ, სახლში მარტო არასდროს ვიყო.
– ზოგ მომღერალს ხმის დაკარგვის შიში აქვს...
– ეს ისეთი შიშია, ამის გაფიქრებაც მეშინია. ამიტომ, არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ხმის გარეშე ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა. ზოგადად, ყოველთვის ყველაფერს ვუფიქრდები – ჩემს თითოეულ სიტყვას და გადაწყვეტილებასაც ასე ვიღებ. შეიძლება, რაღაც წვრილმანსაც ძალიან ჩავუფიქრდე, ავწონ-დავწონო.
– ბიჭებთან ურთიერთობაშიც, ალბათ, ყველაფერს აქცევ ყურადღებას.
– ბიჭებთან ურთიერთობაში ძალიან ცუდი ვარ. შეიძლება, მომეწონოს ბიჭი, უცებ აღვფრთოვანდე, მაგრამ უცბადვე აღარ მომეწონოს. ვფიქრობ, ეს ბიჭის ბრალია. თავიდან თუ მომეწონა, მერე რატომ აღარ მომწონს? კრიტიკული ვარ, თუმცა ისეთი არა, რომ დავიწყო: როგორ აცვია. არც მე მაცვია ისე, რომ ვინმე გავაკრიტიკო. მატერიალური შესაძლებლობებით არ ვაფასებ ადამიანს. უბრალოდ, გემოვნებიანად უნდა ეცვას. შეიძლება, 5-ლარიანი რაღაც ისე ლამაზად მოირგო... არც ის მახასიათებს – ჩემზე დაბალია, ეს არ აქვს ლამაზი. ასე, არასდროს ვუყურებ ადამიანს. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და შესაბამისად, არავის ვაკრიტიკებ. რაც შეეხება ხასიათს – მებრძოლი უნდა იყოს. არ მიყვარს ისეთი ბიჭები, რომ ამბობენ: არ უნდა და ნუ უნდა... ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება. ჯერჯერობით, საქმეზე ვარ კონცენტრირებული. წინასწარ დაწყობილი გეგმებიც არ მაქვს, დინებას მივყვები. უბრალოდ, ვიცი, რომ უნდა დავამთავრო უნივერსიტეტი. მერე მინდა, მაგისტრატურაში ჩავაბარო და იმედია, ამ ყველაფერს კიდევ ბევრი რამ მოჰყვება.
– რატომ გადაწყვიტე „ნიჭიერში“ მონაწილეობა?
– ქასთინგები კარგად დაემთხვა ჩემს თავისუფალ დროს, ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობა. კარგია, რომ ვმონაწილეობ. ორკესტრთან ერთად პირველად ვიმღერე, თან სიმფონიურ ორკესტრთან. ძალიან ბედნიერი ვიყავი და საშინლად ვნერვიულობდი. ბოლოს ემოციებისგან თავი მტკიოდა. ძალიან ემოციური ვარ – შეიძლება, ელემენტარულმა სიტყვამ ისე მატკინოს გული, ცრემლები შადრევანივით წამომივიდეს. თუმცა, ვცდილობ ემოციები ვაკონტროლო.
– ბოლოს, როდის დაკარგე შენს ემოციებზე კონტროლი?
– კონცერტზე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სცენაზე ვიტირებდი. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ესემესი გამომიგზავნა, ჟიურის წევრებს. იმედია, მომავალში მათ იმედებს გავამართლებ.
– ვიცი, რომ ძალიან განიცდი, მამაშენი რომ არ არის შენ გვერდით. მამიკოს გოგო ხარ?
– უნდა, რომ მამიკოს გოგო ვიყო და მეც ვარ. თან, მას ვგავარ. როცა უნდა, რომ შემაქოს, მეუბნება: მამას ჰგავხარო. როცა რაღაც არ მოსწონს – დედას ჰგავხარო. სამი წელია, წასულია. ადრეც მიდიოდა ხოლმე. ძალიან რთულია ასე ცხოვრება, თან სცენაზე პირველად მნახა. ისეთი ბედნიერი იყო, გავახარე ძალიან. ეს ყველაფერი იმად ღირდა, რომ ჩემები გავახარე – ამაყობდნენ ჩემით.
– ასაკით უფროსი ძმა გყავს. როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
– ჩემი ძმა ვერ იტანს, როცა „ფეისბუქზე“ გვიან ვარ. მწერს: „ნინო, არ გძინავს?” „კი, ახლა ვიძინებდი.” ძალიან საყვარელი ძმა მყავს, თუმცა, ბავშვობაში მის გამო ვიჩაგრებოდი. ის აშავებდა, მაგრამ მერე ისეთი საწყალი სახით ამბობდა: მე არ გამიკეთებიაო, რომ მე მბრალდებოდა. დედა ორივეს გვსჯიდა. ძალიან უტეხი ვიყავი და ჩემს ხარჯზე გამოდიოდა. თუმცა, ის ტიპი არ ვარ, ვინმეს თავი დავაჩაგვრინო. არც მე დავჩაგრავ არავის და არც არავის დავაჩაგვრინებ თავს. სხვის საქმეშიც არ ვყოფ ცხვირს და გამიხარდება, თუ სხვაც არ ჩაყოფს ცხვირს ჩემს საქმეში.