კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰგავდა სოსო ხვედელიძისა და მისი მეუღლის ურთიერთობა ქორწინებამდე ომს და ვისი სურვილით ჩააბარა სერიალ „ტიფლისის“ გმირმა სამედიცინოზე

სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორიც პირველი. სერიალის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, ნაპოლეონია. მის როლს მსახიობი სოსო ხვედელიძე ასრულებს, რომელიც რამდენიმე წელია, ამ სფეროში მოღვაწეობს, თუმცა მისი პროფესიული არჩევანი თავიდან აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილა.
სოსო ხვედელიძე: 17 წლის ასაკში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მეექვსე კურსზე სწავლისას, 24 წლის ასაკში, გადავწყვიტე, თეატრალურშიც ჩამებარებინა და ასეც მოვიქეცი. ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი და თეატრალურის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. 
– ასე რადიკალურად განსხვავებული პროფესია რატომ აირჩიე?
– მე ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ გადწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მივიღე. იმ ეტაპზე მშობლების ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ, უპირველესად, მათი სურვილი გავითვალისწინე და სამედიცინო დავამთავრე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტო მშობლების ხათრით გავაკეთე და სინამდვილეში იქ არაფერი მისწავლია, პირიქით, სწავლას გულს ვუდებდი. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მაშინ მოხდა ჩემი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია, თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მთავარი გადაწყვეტილება კი თეატრალურში ჩაბარება იყო. ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, ბავშვობიდან მოყოლებული, მსახიობობაზე ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. ფიქრი კი ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილებაა როგორც თეატრში, ისე – კინოში.
– სამედიცინო განათლება არასდროს გამოგიყენებია?
– ინსტიტუტში სწავლის პერიოდში თეორიასაც ვსწავლობდი და პრაქტიკებზეც დავდიოდი, მაგრამ დამოუკიდებელ ექიმად არასდროს მიმუშავია, მთელი ჩემი ენერგიით თეატრალურში წამოვედი. რთული იყო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მარტივი არც არაფერია, რასაც საკუთარი შრომის ფასად აღწევ (როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა), რადგან მე არც სამედიცინოზე და არც თეატრალურში არ მქონია ისეთი ბეგრაუნდი, რომელიც ხელს შემიწყობდა. არც მზამზარეული დამხვედრია სადმე რამე. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ის, რაც მარტივად კეთდება ან გამზადებული გხვდება.
– სწავლის პარალელურად მუშაობასაც ახერხებდი?
– 2004 წლის სექტემბერში, თეატრალურში ჩაბარების დღიდან, მუშაობა დავიწყე  ბავშვთა გასართობ ცენტრში. სტუდენტი ვიყავი, თან მხიარული და, ვხვდებოდი, რომ ამ საქმის კეთება შემეძლო. ამიტომ, როცა მეგობრებმა შემომთავაზეს, დავთანხმდი. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები ძალიან მიყვარს. ბევრი ცენტრი მოვიარე და მთლიანობაში ამ სფეროში 11 წელი ვიმუშავე. წელს, ისევ სექტემბერში, დავანებე თავი ამ სამსახურს, რადგან ცენტრთან გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდი. ამას ისიც დაემატა, რომ სხვა რამეებით ვიყავი დაკავებული და დრო აღარ მქონდა, ამიტომ, სხვა აღარც მიძებნია, თუმცა ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ბავშვების ენერგია ძალიან მაკლია.
– თეატრალური ცხოვრება როგორ მიდის?
– სამეფო უბნის თეატრში პრემიერისთვის ვემზადებით. სპექტაკლი დათა ფირცხალავას პიესის მიხედვით მზადდება და სავარაუდოდ, „დიდი შესვენება“ ერქმევა. თუმანიშვილში კი „მეფე ლირი“ იდგმევა. ამ ორ თეატრში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თითქმის ერთდროულად მოვხვდი, თუმცა პირველად „სამეფოში“ მოვედი და აქაურობა ჩემთვის მეორე სახლია.
– სერიალ „ტიფლისში“ როგორ აღმოჩნდი?
– ამ სერიალში რეჟისორის, ივა ფეზუაშვილის ინიციატივით მოვხვდი – ქასთინგზე დამიბარა და მეც მივედი. ჩვენ ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე გვქონდა: GDS-ზე გადიოდა გადაცემა „ლეგენდა“, რომელიც თორნიკე გოგრიჭიანს მიჰყავდა. ეს გადაცემა იყო მისტიკურ მოვლენებზე, სადაც სჭირდებოდათ გარკვეული სცენებისა თუ ადამიანების მხატვრულად გაცოცხლება. ერთ-ერთის თემა გურჯიევი იყო, რომლის როლიც მე შევასრულე. ეს იყო  ჩემი და ივას პირველი შეხება, რის შემდეგაც ივას ჰქონდა სურვილი, კიდევ გვეთანამშრომლა. სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა ამის დიდი სურვილი. ამიტომ, როცა „ტიფლისის“ მეორე სეზონში მიმიწვია, ძალიან გამიხარდა. პირველ სეზონშიც უნდა მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მაშინ ჩემი და „ტიფლისის“ ურთიერთობა ვერ შედგა, რადგან კბილებზე ბრეკეტები მეკეთა (იცინის). როცა რამეს მთავაზობენ, თეატრი იქნება ეს თუ კინო, პირველ კითხვას თანხასთან დაკავშირებით არ ვსვამ. ყოველთვის მაინტერესებს, მე რა უნდა ვითამაშო – ესაა უმნიშვნელოვანესი. არც თანხაა უმნიშვნელო, მაგრამ, მთავარი ისაა, მე რისი გაკეთება მომიწევს. თუ ვხვდები, რომ შეიძლება ეს პროცესი ჩემთვის საინტერესო არ აღმოჩნდეს, უარს ვამბობ და რამდენჯერმე ასე მოვქცეულვარ კიდეც. „ტიფლისი“ იყო შემთხვევა, როდესაც დიდი სიამოვნებით ვთქვი „კი“, რადგან ივამ ისე საინტერესოდ ამიხსნა ეს პერსონაჟი, რომ, მივხვდი, როგორც მსახიობს, ბევრი მქონდა საფიქრალი და სამუშაო. ნაპოლეონი ცოტა გროტესკული პერსონაჟია და რთულია, მაგრამ, როცა გაცმევენ, გრიმს გიკეთებენ და გადასაღებ მოედანზე იმ გარემოში ხვდები, სხვა გზა არაა, როლს უნდა მოერგო. როცა ეთერში გასულ სერიალს ვუყურებ, ძალიან ვნერვიულობ და, მირჩევნია, მარტო ვუყურო, მეუღლესთან ერთად – კიდევ შეიძლება (იცინის). ბოლო სერიის დროს ისე მოხდა, რომ სახლში სტუმრები გვყავდა და, მერჩივნა, არ მივსულიყავი, რადგან ერთად მოგვიწევდა ყურება. ვერ ვიტან, თუ იმ მომენტში ვინმემ რამე კომენტარი გააკეთა, თუნდაც დადებითი – ეს ხელს მიშლის, მით უმეტეს, თუ მასალას პირველად ვუყურებ. სერიის დამთავრების შემდეგ თუ მეუბნებიან სასიმოვნო კომპლიმენტებს, რა თქმა უნდა, მიხარია (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელმა ეს პერსონაჟი ძალიან კარგად მიიღო. ძირითადად, დადებითი გამოხმაურებებია ხოლმე, კრიტიკულად ჯერ არავის შევუფასებივარ, თუმცა, შეიძლება, ასე პირდაპირ მინდობენ (იცინის).
– როგორც მივხვდი, დაქორწინებული ხარ.
– ასეა. ჩემი მეუღლეა პუსა ბერაძე, იგივე ნათია, მაგრამ ყველა პუსას ვეძახით და ნათიას რომ ვამბობ, ყურში ცუდად მხვდება (იცინის). აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და ქართული ენის ფილოლოგია, პედაგოგად მუშაობს. ერთმანეთი ჩემს დეიდაშვილთან გავიცანით, რადგან მისი მეგობარია და სამ წელიწადში შევუღლდით. თუმცა მანამდე ძალიან რთული, ომის მსგავსი ურთიერთობა გვქონდა – სულ ვჩხუბობდით და მერე ვრიგდებოდით, თუმცა, ახლა რომ დავფიქრდე, მიზეზს ვერც გავიხსენებ. რომ დავქორწინდით, მეგობრები ხუმრობდნენ: ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინესო (იცინის). ახლა ორი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს და კარგი ურთიერთობით გამოვირჩევით. მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთის და ერთმანეთის პროფესიების ავ-კარგი გავიგოთ და ხელი შევუწყოთ, თუმცა მის პროფესიას გაგება ნაკლებად სჭირდება, რასაც ჩემსაზე ვერ ვიტყვით. მაგრამ პუსამ იცის, რომ ჩემი პროფესია რთულია და მაქსიმალურად მიდგას გვერდში.
– მეუღლის პოპულარობას რომ თაყვანისმცემელი გოგონები მოჰყვა, ამას როგორ იგებს?
– იცით რა, ესმის, რადგან განსაკუთრებული არაფერი ხდება. ისინი, ძირითადად, პატარა ასაკის გოგოები არიან და არც ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ ეჭვიანობის საბაბი გახდეს. თან, მე და პუსა ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ, რადგან ჩვენი ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებული. თუმცა, ხანდახან შეიძლება მეხუმროს: ვსიო, ნაპოლეონი დავკარგეო (იცინის). საბოლოო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. გვყავს 4 წლის კატო და 2 წლის დაჩი. ისინი არიან ჩემთვის ცხოვრებაც, აზროვნებაც, ფიქრიც და ყველაფრის საფუძველი. თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მამა ვარ. შემიძლია, მათთვის ყველაფერი გავაკეთო, რასაც პუსა აკეთებს. როცა ეკრანზე მხედავენ – მამაო, – ყვირიან. ცოტა ხნის წინ კატო ჩემი მეგობრის, გიორგი შარვაშიძის კონცერტზე მყავდა კონსერვატორიაში და ყველას გვეგონა, რომ ვერ გაჩერდებოდა. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ბოლომდე დარჩა და წამოსვლისას მკითხა, კიდევ როდის მომიყვანო (იცინის).

скачать dle 11.3