რას ვერ უფრთხილდება ზოგიერთი ცოლი ქორწინებაში და რის გამო ნანობს მერე
ზოგადად, ადამიანებს უჭირთ, დააფასონ ის, რაც უკვე აქვთ და ვერც ხელშესახებ ბედნიერებას აღიქვამენ. ეძებენ ამ ბედნიერებას გაურკვეველ სივრცეში და მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რისი პატრონები იყვნენ, როცა ამ ყველაფრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან. ის, ვინც აფასებს „ჩვეულებრივ ბედნიერებას“, ჭეშმარიტად ბედნიერია. ყველაზე საშიში ისეთი „ლურჯი ფრინველის“ დევნაა, რომლის არსებობისაც არავის სჯერა. ამ სირბილში ძალიან ადვილია, ცხოვრება საერთოდ დაინგრიო.
ინა (36 წლის): ქალები ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ ურთიერთობაში. მართალია, კაცებსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენც რომ ხშირად არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, ფაქტია. საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. რა საშინელებაა, როცა ხედავ, როგორ გეცლება ხელიდან ის, რაც ძალიან ძვირფასი იყო შენთვის და ვერ აფასებდი. ჩემი ქორწინება მშვიდი და სტაბილური იყო. ვენდობოდით ერთმანეთს და პატივს ვცემდით. მეგობრები მეუბნებოდნენ, შენ და შენი ქმარი მოწესრიგებული წყვილის ეტალონი ხართო. მაგრამ მე ჯეროვნად ვერ გავაცნობიერე ეს და კინაღამ ყველაფერი დავანგრიე... როცა შენი ქმრის სხვა კაცებთან შედარებას დაიწყებ, იქ „გერხევა“. უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს. მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ ერთმანეთთან კარგად ხართ. ცუდია ის, რაც დამემართა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ერთხელ გავიფიქრე, რომ ჩემი ქმარი ძალიან წამგებიანად გამოიყურებოდა ჩემი უფროსის ფონზე და აქედან დაიწყო... მანამდე საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში მიედინებოდა, ბედნიერიც ვიყავი...
– ანუ, დარწმუნებული არ იყავით, რომ ბედნიერების განცდა გქონდათ?
– როგორც ჩანს, როგორც წესი, ჯერ უნდა დავკარგოთ რაღაც, რომ მივხვდეთ, რისი პატრონები ვიყავით. ჩემი ბედნიერება ხელშესახები მხოლოდ მას მერე გახდა, რაც დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. არც ახლა ვარ მშვიდად, თუმცა ვფიქრობ, შანსი კიდევ დამრჩა. ჩემი ქორწინების მეხუთე წლისთავზე მოხდა სრულიად წარმოუდგენელი და გაუთვალისწინებელი რამ – ჩემს არჩევანში ეჭვი შევიტანე. მანამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად ის ვიპოვნე, ვინც მჭირდებოდა.
– გულისხმობთ მეუღლეს?
– დიახ. ჩემი ქმარი იდეალურ ვარიანტად მიმაჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი ვიპოვე. მაშინ, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როცა მას სხვა, სრულიად უცხო მამაკაცს ვამჯობინებდი.
– სიყვარულზე არაფერს ამბობთ. ქმარი არ გყვარებიათ?
– როგორ არ მყვარებია. ახლაც ძალიან მიყვარს – ყველაზე და ყელაფერზე მეტად. ამიტომაც, კიდევ უფრო ვწუხვარ. უბრალოდ, ისეთი რაღაც დამემართა, როგორც კი დავინახე „ის“... ძალიან სიმპათიური მამაკაცი როგორ არ მინახავს და ჩემი ქმარიც არ არის ნაკლები, მაგრამ მას რაღაც ჰქონდა განსაკუთრებული, რამაც ეგრევე მომნუსხა და საღი აზრი დამაკარგვინა. ახლა მრცხვენია, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ. მაგრამ, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რისი პატრონი ვიყავი. სწორედ იმას ვერ გავუფრთხილდი ჩემს ქორწინებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ნდობას, რაც ჩემ მიმართ ქმარს ჰქონდა. ამ ყველაფერზე რომ მეფიქრა, არც იმის მანქანაში აღმოვჩნდებოდი და არც ახლა შემაწუხებდა სინდისი... ვეკითხები საკუთარ თავს, რამ დამიბრმავა თვალები-მეთქი – მისმა სტილმა? თავის დაჭერის უცნაურმა მანერამ? ძვირფასმა მანქანამ და ტანსაცმელმა? მოკლედ, ახლა ძალიან მიჭირს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ან შეიძლება, არც მინდა, რომ პასუხები მქონდეს...
– ანუ, სხვა მამაკაცის გარეგნულმა ელვარებამ მოგჭრათ თვალი? ეს ყველაფერი თქვენს ქმარს არ ჰქონდა?
– არ ჰქონდა. ჰო, ყოველდღიურობამ გააფერმკრთალა. ჩემი ქმარი არ მიეკუთვნება იმ მამაკაცთა კატეგორიას, დიდ ყურადღებას რომ უთმობენ საკუთარ გარეგნობას და ჩაცმულობას. მანქანაც გვყავს, მაგრამ უფრო პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე და არა თავის მოსაწონებლად. არ არის ეგეთი ტიპი.
– ხვდებით, რას ამბობთ – რომ ნარცისმა, საკუთარ თავზე შეყვარებულმა ეგოისტმა მოგხიბლათ?
– ასე გამოვიდა. თუმცა, ცუდი ადამიანი არ არის და მას არაფერში ვადანაშაულებ. ეს ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნება. ისეთი იუმორის გრძნობა აქვს და ისეთი ხუმარაა, ჩემს ქმარს ასე არასდროს გამოსდიოდა. პირიქით, ხუმრობით ყოველთვის მაღიზიანებს და ნერვებს მიშლის, მაგრამ მასზე ახლობელი არავინ მყავს. ახლა ყველაზე მკაფიოდ ვაცნობიერებ ამას. თუმცა, ის კაცი, ფაქტობრივად, უნაკლოა. არ ვიცი, როგორი ქმარია, მაგრამ, როგორც ვიცი... სიტყვები არ მყოფნის... როცა პირველად წამიყვანა სახლში მანქანით, წვიმდა და ეს მისი მხრიდან მხოლოდ თავაზიანობის გამოვლენა იყო. მთელი ღამე არ მძინებია. კიდევ მინდოდა მისი ნახვა და იმ მძაფრი ემოციის განცდა, რომელიც მის გვერდით მქონდა. მოხდა ისე, რომ ცოლიც ვნახე და ჩემს დას ვუთხარი: ვგიჟდები ასეთ უსამართლობაზე, ისეთ მაიმუნს ამისთანა კაცი რანაირად ერგო-მეთქი. მაშინ ჩემმა დამ მითხრა, ასე ნუ ლაპარაკობ, შენც ძალიან გაგიმართლა და სხვისი არ უნდა გშურდესო. თუ არ შეგიძლია, დააფასო ის, რაც გაქვს, მაშინ ერთ დღეს ცხოვრებას დაინგრევო... ვწუხვარ, რომ კარგად არ მოვუსმინე. ჩემი გონება ახალი ნაცნობით იყო დაკავებული. მხოლოდ კარგს ვფიქრობდი მასზე. ქმარი კი დღითი დღე მაღიზიანებდა. ვეკინკლავებოდი და ვეკამათებოდი. ზოგჯერ მიზეზსაც კი ვერ ვხვდებოდი... მგონი, ხვდებოდა, რომ რაღაც მჭირდა. თუმცა, ერთხელაც არაფერი უკითხავს. ამასობაში კი კინაღამ ძალიან ღრმად შევტოპე ინტიმური სიახლოვე არ გვქონია, მაგრამ ვხვდებოდი, ვკოცნიდი, ვეხუტებოდი, ესეც დანაშაულია... რაღაც მომენტში, გამინათდა გონება. იმან დაუშვა შეცდომა. ისეთი რაღაც თქვა, რომ ეგრევე აზრზე მოვედი – ჩემმა ცოლმა რომ გაიგოს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდება. შენი სამსახურიდან გაშვება მომიწევს ალბათ და გთხოვ, ყველაფერი დავივიწყოთო. აი, მანდ მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მეგონა. მივხვდი, რომ საერთოდ არაფრად ვუღირდი... მხოლოდ ცოტა ხნით გაატარებდა დროს და დამემშვიდობებოდა. შემეშინდა – კინაღამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი დავკარგე – ჩემი ქმარი... ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასე არ მოხდა. ვიცი, რომ ქმარს ვერაფერს ავუხსნი და დამძიმებული სინდისით კიდევ დიდხანს მომიწევს ცხოვრება.