როგორ მოვიქცეთ ახალი წლის დღეებში, რომ 2016 წელმა ბედნიერება, სიკეთე და ოჯახური იდილია მოგვიტანოს
ცეცხლის სტიქიის მაიმუნის წელი, სამოც წელიწადში ერთხელ დგება და ის, სწორედ ახლა, 2016 წელს მობრძანდება. ასე რომ, წინასწარ განუსაზღვრელი, მოულოდნელობებით აღსავსე და ცვლილებების წელიწადი გველის წინ. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, მთელი წლის განმავლობაში, მოსალოდნელია, როგორც დადებითი ასევე, უარყოფითი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში. თუ რას მივაქციოთ ყურადღება ახალი წლის ღამეს, რომ მომავალი წარმატება და იღბალი დავიბევოთ და რით გავახაროთ 2016 წლის დადგომისას წლის მბრძანებელი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიხეილ ცაგარელი: 2016 წლის 8 თებერვალს, 18 საათსა და 40 წუთზე, დაიწყება ახალი, ცეცხლის სტიქიის, წითელი მაიმუნის წელიწადი. მაიმუნი, ზოგადად, ხასიათდება ინტენსიური ცვლილებებით საკუთარი მოქმედებების მხრივ და დამახასიათებელი, პიროვნული თვისებებით გამოირჩევა. ასევე, გამოირჩევა გონებამახვილობით, ცბიერებით, თუმცა, მას არ ახასიათებს აგრესია, ომებისა და რევოლუციების მოწყობის სურვილი. 2016 წელს, ხშირად შეიცვლება გეგმები და გადაწყვეტილებები. ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, მაიმუნის სიმბოლო ერთდროულად განასახიერებს ინ და იან ენერგიებს, სინათლესა და სიბნელეს, სიბრძნესა და სისულელეს. ასე რომ, 2016 წლის მბრძანებელი და მასპინძელი, ცეცხლის სტიქიის, წითელი ფერის მაიმუნის ზოდიაქოა.
– რა ფერის ტანსაცმლით უნდა დავხვდეთ მას ახალი წლის ღამეს?
– კარგი იქნება თუ ახალი წლის ღამეს ჩაიცვამთ წითელ, შინდისფერ, ვარდისფერ და ცეცხლის სტიქიიდან გამომდინარე – ოქროსფერ, ყვითელ, ნარინჯისფერ ტანსაცმელს. რაც შეეხება აქსესუარებს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი ფერისა და ფორმის დეტალი.
– გამიგია, რომ ახალი წლის ღამეს, აუცილებელია ფერადი სანთლის ანთება, თან იმ რაოდენობით, რა რიცხვებიც ამ წლისთვისაა მისაღებია. ამ მხრივ რას გვირჩევთ?
– 2016 წლის რიცხვებია 2 და 9, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ ახალი წლის ღამეს, 12 საათის დადგომამდე ათი წუთით ადრე, დაანთებთ ორ ან ცხრა ცალ წითელ სანთელს. მადლობა გადაუხადეთ გასულ წელს და ჩაუთქვით თუ რა გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და ასე შეხვდით ახალ წელს. სანთელი კი უნდა ენთოს მანამ, სანამ თავისით არ ჩაქრება. ეს წელიწადი განეკუთვნება იან ანუ აქტიური ენერგიის, ლითონის სტიქიის მაიმუნის ზოდიაქოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ საახალწლო მაგიდის გასაწყობად ლითონის ატრიბუტიკას მეტს გამოიყენებთ. მაგალითად, ლითონის შანდლები სანთლებისთვის. 21 დეკემბერს არის ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე, 22 დეკემბერს კი ერთი წუთით იმატებს დღე. ეს ორი დღე, განსაკუთრებით მაგიურად მიიჩნევა. 21 დეკემბერს აუცილებლად აიღეთ ზარი, გადააფარეთ ზემოდან ნაჭერი, რომ დაგუდული ხმა გამოსცეს და ამით მოიარეთ სახლი, თან მადლობა გადაუხადეთ 2015 წელს და ასე გააცილეთ. 22 დეკემბერს კი, ზარს მოაშორეთ ნაჭერი და ისე შემოიარეთ ოთახები საათის ისრის მიმართულებით, რომ სუფთა, წკრიალა ხმა გამოსცეს. ასეთი წესით თქვენ ემზადებით უკეთესი წლის დასახვედრად. სხვათა შორის, ამ რიტუალს საქართველოში ოდითგანვე ატარებდნენ და დღეს, სამწუხაროდ, მივიწყებულია.
– რაც შეეხება საკვებს, საზეიმო სუფრაზე, ძირითადად, რომელი კერძები დავალაგოთ, რომ წლის მბრძანებელი – მაიმუნი გავახაროთ და მისი გული მოვიგოთ?
– საზეიმო სუფრაზე აუცილებლად უნდა ეწყოს ბანანი, რომელიც მაიმუნს ძალიან უყვარს, ასევე, ანანასი, მზესუმზირა, ავოკადო, ყავის მარცვლები ლითონის ლამბაქით და სხვა ტროპიკული საკვები. ამასთანავე, უნდა იყოს ტრადიციული კერძებიც და სასმელებიც. მაგალითად: საცივი, ხაჭაპური, სხვადასხვა სალათა, ხორცეული, გოზინაყი, ღვინო, შამპანური, კოქტეილები და ასე შემდეგ. გაფრთხილებთ, სპირტიანი სასმელები დადგით მაგიდის დასავლეთ მხარეს, ცენტრში კი უნდა იყოს ჩირი, თხილი, კაკალი და გოზინაყი, რადგან მაიმუნს ძალიან უყვარს თხილეული. ზოგადად, მაიმუნს ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ, ტრადიციული კერძების გვერდით, მაგიდაზე უხვად მიიტანეთ ნამცხვრები, კანფეტები, შოკოლადები და ასე შემდეგ. რადგან 2016 წელი, აქტიური მაიმუნის წელიწადია, ახალ წელს უნდა შეხვდეთ აქტიურად – ცეკვით, სიმღერით, იუმორით, ხმამაღალი სადღეგრძელოებით. ხმაურიან და თამაშის მოყვარულ წლის მბრძანებელს ეს ძალიან მოეწონება. ასევე, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს წითელი, ყვითელი ან ოქროსფერი მაიმუნის სათამაშო, მის გვერდით კი თხის სტატუეტი, რადგან აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თხის წელი სრულდება 8 თებერვალს. კატეგორიულად გეკრძალებათ ახალი წლის ღამეს მცირედი დეპრესიის გამოვლენაც კი. რაც მეტი ოპტიმიზმითა და მხიარულებით დახვდებით მაიმუნის წელიწადს, მით მეტად მოიპოვებთ მის კეთილგანწყობას. ეს კი მომავალში წარმატებებსაც მოგიტანთ.
– რაც შეეხება საახალწლო საჩუქრებს, როგორ შევარჩიოთ ისინი ზოდიაქოს მიხედვით, რომ ახლობლებსაც ვასიამოვნოთ და თან, ასტროლოგიურადაც გამართლებული იყოს?
– საახალწლო საჩუქრები ყოველთვის ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. 2016 წლისთვის ყველაზე კარგი საახალწლო საჩუქარი ასე უნდა შეარჩიოთ: ვერძისთვის – შალის ნაწარმი, შარფი, სვიტრი, ელექტროსაქონელი; კუროსთვის – საფულე, ჩანთა, სუნამო, ნოუთბუქი; ტყუპებისთვის – ლამაზი დეკორატიური სანთლები, ელექტროტექნიკა და კომპიუტერული აქსესუარები; კირჩხიბისთვის – ორიგინალური სურათები, საყოფაცხოვრებო ნივთები; ლომისთვის – ტყავის ხელთათმანები, შარფები, პარფიუმერული ნაწარმი; ქალწულისთვის – ფენი, უთო, სხვა ელექტროსაქონელი, საახალწლო მორთულობა სახლისთვის; სასწორისთვის – წიგნი, ყურსასმენები, სუნამო, ორიგინალური ალბომი და სურათების ჩარჩოები; მორიელისთვის – ჭურჭელი, შალის ნაწარმი; მშვილდოსნისთვის – წინდები, ხელთათმანები, შარფები, ქუდი, ტყავის ნაწარმი, სპორტული ატრიბუტიკა; თხის რქისთვის – სამზარეულოს ატრიბუტიკა, ჭურჭელი, სახლის ორიგინალური ნივთები; მერწყულისთვის – საათი, ელექტრო და კომპიუტერული ატრიბუტიკა; თევზებისთვის – ჭურჭელი, რელიგიური ატრიბუტიკა, სახლის დეკორატიული მოსართავი ნივთები. ყველა ეს საახალწლო საჩუქარი, მისი კონკრეტული მფლობელისთვის, ერთგვარი თილისმაც გახდება და გარდა იმისა, რომ ახალ წელს გაახარებთ, მათ იღბალში გამართლებისთვისაც გარკვეულ წვლილს შეიტანთ.
– 2016 წელმა რომ ბედნიერება, სიკეთე და ოჯახური იდილია მოგვიტანოს, ამ მხრივ რისი გათვალისწინებაა საჭირო?
– ყველაზე პოზიტიური ენერგიის სექტორი ბინაში წელს იქნება თქვენი ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. კარგია თუ ამ ადგილას მოათავსებთ ნაძვის ხეს და პატარა აკვარიუმს. ნაძვის ხე უნდა გააწყოთ წითელი, ოქროსფერი, შინდისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სათამაშოებით და ფერადი გირლანდებით. ასევე, ჩამოკიდეთ მასზე ცოცხალი ხილი – ფორთოხალი, მანდარინი, კივი და განსაკუთრებით, არ დაგავიწყდეთ, ბანანი, რომელიც მაიმუნს ძალიან უყვარს და მისი დანახვა გაახარებს. ნაძვის ხის ქვეშ მოათავსეთ მაიმუნის გამოსახულება, ყავის რამდენიმე მარცვალი და დეკორატიული წითელი სანთლები. ასე რომ, დაიხმარეთ კომპასი და ნაძვის ხე იმ ადგილას დადგით. რომელიც მთელი წელი თქვენს წარმატებებზე იქნება ორიენტირებული. ასევე, მაიმუნის გამოსახულება მოათავსეთ სახლის შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს, რომ კარში შესულმა, პირველად მას შეხედოთ და ის შემოგეგებოთ.