როგორ დააკავა მილიციის სერჟანტმა ვანუამ ხოხბებზე გოგირდის აბანოებთან მონადირე ვახტანგ გორგასალი
სამოციანი წლების თბილისს სულ სხვა ეშხი ჰქონდა და იმ პერიოდის გახსენებისას თვალებზე ყოველთვის ცრემლი მადგება ხოლმე. დღევანდელ ცნობილ ხალხს სულაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მაშინ სულ სხვა ხალხი, სხვა ფორმაციის ადამიანები ცხოვრობდნენ თბილისში და ჩვენი დედაქალაქიც ბევრად უკეთესი იყო.
როცა შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. შევარდნაძემ საქართველოს დედაქალაქი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად გამოაცხადა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ფეხარეულ მთვრალებსაც კი, რომლებსაც სიარული უჭირდათ, პატრული იჭერდა. მაგრამ, უფროსების წინაშე თავის გამოჩენის სურვილი ზოგჯერ ზომიერებას სცილდებოდა ხოლმე და რიგითი მილიციელები ხმამაღლა მოლაპარაკე და ოდნავ ნასვამ მოქალაქეებსაც აკავებდნენ. ხშირად ამ „ბადეში” ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ, რომლებსაც უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე. ამ „საქმეში” რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის მიყრუებული სოფლიდან ჯარის შემდეგ კომკავშირული საგზურით მოვიდა მილიციაში. იმ დღეს, როცა ვანუა იყო მორიგე, ყოველთვის სიურპრიზს ველოდით, მაგრამ, არა ისეთს, რასაც ახლა მოგიყვებით.
ერთხელ, სამსახურში მივედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.
– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა? – ვკითხე ვანუას.
– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მითხრა ვანუამ და თაბახის ფურცლებზე დაწერილი ოქმები დამიდო წინ.
ვანუა გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი რომ წავიკითხე და მესამეს ფურცელი ავიღე, კინაღამ რქები ამომივიდა... ოქმები დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ოქმი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო, რომელშიც ეწერა:
„სახელი და გვარი – ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი – ჭრელი აბანოების მიმდებარე ტერიტორია.
დაკავების მიზეზი – მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ...“
ხომ წარმოგიდგენიათ, ვანუა ზანდუკელაშვილმა თბილისის ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე ვახტანგ გორგასალი დააკავა... მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი:
– ერთი, გორგასალი მომიყვანე-მეთქი.
ცოტა ხანში ვანუამ ახალგაღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა საკნიდან, რომელიც თბილისის ცნობილი კოლორიტი, მსახიობი და პაროდისტი ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა...
დიმიტრი პაპავას
ნაამბობის მიხედვით