მოკალი მეტოქე
კორნელიუსმა – ოლქის მოსამართლემ, ღალატის შესახებ სრულიად მოულოდნელად გაიგო. ცოლის ერთგულებაში ეჭვი მანამდე არ შეჰპარვია, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახა, როგორ ეხუტებოდა ვიღაც მაღალ და სიმპათიურ, ცისფერთვალება მამაკაცს. იმ დღეს სახლში ერთი საათით ადრე რომ არ დაბრუნებულიყო, ცოლის ღალატი ისევ საიდუმლოდ დარჩებოდა. მოსამართლისთვის მძიმე საყურებელი აღმოჩნდა ჩახუტებული და ერთმანეთზე ტუჩებით შეწებებული წყვილის მძაფრი ვნებები. როცა კლერი – თავისი მომხიბვლელი მდივანი, ოცი წლით უმცროსი ქალი შეირთო ცოლად, ხვდებოდა, კოლეგები და ნაცნობები ზურგსუკან როგორ დასცინოდნენ. ჯერ სწყინდა და ბრაზობდა, მერე კი მიხვდა, რომ მისი, უბრალოდ, შურდათ. როცა კლერთან ერთად სადმე მიდიოდა, უპირატესობას გრძნობდა საზოგადოებაში. კლერი ისეთი მომხიბვლელი იყო, ლამაზი და გრაციოზული, თან, ძალიან ახალგაზრდა, რომ მისთვის ფული არ ენანებოდა – ყიდულობდა ძვირფას სამოსსა და სამკაულს. კლერი ყოველმხრივ უნდა გაბრწყინებულიყო. ის იყო ბრილიანტი, რომელიც კორნელიუსმა ყველაზე მაღალი ხარისხის ოქროს გარსში ჩასვა და ახლა ამ ბრილიანტს ვიღაც ეცილებოდა. მანქანა გააჩერა და დაიგმინა. არა, ცოლს ვერ შეელეოდა, ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, მაგრამ მეტოქეს აუცილებლად ჩამოიშორებდა გზიდან. მერე კი ეტყოდა კლერს, ცოტას დატუქსავდა და ბოლოს დიდსულოვნად აპატიებდა. თუმცა, ფიქრი და გადაწყვეტილება საქმის მხოლოდ ნახევარი იყო – როგორ უნდა მოეკლა მეტოქე ისე, რომ თვითონ წყლიდან მშრალი ამოსულიყო?! როგორც მოსამართლეს, ბევრი დამნაშავე ჰყავდა ნანახი, ბევრი მკვლელი, რომლებსაც, ალბათ, ეგონათ, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა... არა, მკვლელობა ვერ დარჩებოდა ფარდააუხდელი. ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში მიაღწია, კორნელიუსი სასწორზე ვერ დადებდა... უცებ გონება გაუნათდა – ავარია, აი, რა იქნებოდა იდეალური გამოსავალი, ყველაზე უსაფრთხო მკვლელობა. გაახსენდა, ნაფიცი მსაჯულებიც კი როგორ იქცეოდნენ ხოლმე, როცა მათ წინაშე დამნაშავე მძღოლი წარდგებოდა – ეცოდებოდათ და ჯოხს ისევ გარდაცვლილზე ტეხდნენ – ბორბლებში თავად ჩაუვარდაო. ჰოდა, იმ საძულველ, უტიფარ საყვარელს მხოლოდ ამ გზით თუ მოიშორებდა თავიდან. გეგმის დაწყობას ნელ-ნელა შეუდგა. ცოლზე თვალთვალმა შედეგი გამოიღო: კლერს საყვარელი კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს აკითხავდა. კვირის ამ დღეებში კორნელიუსს ჩვეულებრივზე მეტი საქმე ჰქონდა და, კლერსაც, როგორც მის ყოფილ პირად მდივანს, ზეპირად ჰქონდა განრიგი შესწავლილი. ავარია ამ დღეებიდან ერთ-ერთ-ერთ დღეს უნდა მოეხდინა. როგორ უნდოდა, რომ ეს ხვალვე მომხდარიყო, მაგრამ, ხვდებოდა, რომ ამისი გაკეთება ასე სწრაფად არ შეიძლებოდა, ემოციები ცოტათი მაინც უნდა ჩამცხრალიყო. კლერს თავი იდეალურად ეჭირა – ისევ ისეთი ღიმილიანი და მზრუნველი იყო, როგორც ადრე. ამან კორნელიუსი აღაფრთოვანა და თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნა: ნაძირალა უნდა მომკვდარიყო, ხოლო კლერი მის საკუთრებაში დარჩებოდა. კლერს, შეიძლება, ენერვიულა საყვარლის დაკარგვა, მაგრამ დრო ხომ ყველაფერს კურნავს და კლერიც დაივიწყებდა ამ ამბავს.
ჩვეულებრივ, კორნელიუსი ქალაქში სწრაფი მატარებლით ჩადიოდა, სადგურში მძღოლი ხვდებოდა და ოფისში მიჰყავდა, მერე კი ისევ „ვიპ“ მატარებლით გადიოდა ქალაქგარეთ... კლერმა თავიდან გამოთქვა სურვილი, ქმარს სადგურში დახვედროდა და თავის ფეშენებელურ ვილაში მიეყვანა, მაგრამ კორნელიუსმა უარი უთხრა. მანქანა კლერსაც ჰყავდა და მასაც: კლერის ავტომობილი უფრო დიდი იყო, „ჯიპის“ ტიპის – კორნელიუსის კი – ბოლო მოდელის „სედანი.“
– სერ, ცუდად ხომ არ ბრძანდებით? – მზრუნველი ტონით ჰკითხა ახალმა მდივანმა, სანდომიანი სახის ქალბატონმა, – თავის ტკივილის წამალი ხომ არ მოგიტანოთ?
– დიახ. ასპირინი მომიტანეთ, თუ შეიძლება... თავი მართლაც მტკივა. ეტყობა, დავიღალე... ადრე წავალ...
– დასვენება გჭირდებათ, სერ...
– ჰო, მჭირდება... შეიძლება, ერთი დღე დავისვენო კიდეც. მეუღლესთან ერთად გავატარებ დროს და არავითარი საქმე...
კორნელიუსმა გეგმის ერთი ნაწილი შეასრულა – ახლა მისმა მდივანმა იცოდა, რომ ავარიის დღეს მოსამართლე თავს შეუძლოდ გრძნობდა.
პატარა ტრიუკი სადგურშიც ჩაატარა – როდესაც ვაგონიდან ჩამოდიოდა, წაბარბაცდა, გამცილებელმა კი ხელი შეაშველა, ხოლო, როცა მოსამართლე მატარებლიდან ჩავიდა, წყალიც მიუტანა და ჰკითხა, სასწრაფო დახმარება ხომ არ გამოვიძახოო, კორნელიუსმა კი უარი უთხრა – უკეთ ვარო. ამის შემდეგ გეგმის მთავარი ნაწილი იწყებოდა...
მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო და ლოდინი დაიწყო. ავტომობილი წინასწარ ისე გააჩერა, რომ კარგად დაენახა, როდის მოიყვანდა კლერი თავის საყვარელს სადგურში მანქანით.
ისინი, ჩვეულებრივად, სადგურთან ახლოს, ქუჩის გადაღმა ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. კორნელიუსმა მოუთმენლად დააჭირა მანქანის სატერფულს ფეხი, ისე რომ მეორე ფეხი მუხრუჭისთვის არ მოუშორებია. ძრავამ დაიღმუვლა... კლერი უკვე გამოსამშვიდობებლად ჰკოცნიდა საყვარელს. მერე კლერი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა – ის ყოველთვის ასე იქცეოდა: მაღალი, ცისფერთვალება მამაკაცი კი ჩვეული მარშრუტის განხორციელებას შეუდგა... კორნელიუსმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მუხრუჭს ფეხი აუშვა. მანქანა დიდი სისწრაფით დაიძრა პირდაპირ ცოლის საყვარლისკენ. კორნელიუსი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა, როცა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: მოულოდნელად, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, მოსახვევიდან უზარმაზარი სატვირთო მანქანა დაინახა... ერთადერთი, რისი გაფიქრებაც მოასწრო, ის იყო, რომ მთელი მისი ქონება კლერს დარჩებოდა და, ალბათ, ბედნიერად გააგრძელებდა ცხოვრებას თავის საყვარელთან ერთად... მერე გამაყრუებელი დაჯახების ხმა გაიგონა და ყველაფერი სიბნელემ შთანთქა – კლერიც და მისი ცისფერთვალება საყვარელიც...