კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

ლურჯი „ფოლკსვაგენი“ ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის კუთხეში გაჩერდა. საჭესთან მჯდარმა ახალგაზრდამ მის გვერდით მოკალათებულ ახალგაზრდა კაცს უთხრა:
– ტუზი დაგეცა, კოტიკო.
– რა ტუზი, რეზო? – ჰკითხა კოტიკომ.
– რა და, დიდი შანსი გაქვს, რომ შენს პირველივე სამუშაო დღეს ცნობილი პრისტუპნიკი ააგდო, – მიუგო რეზომ, ბიჭს თავით მიანიშნა და დაამატა: – აი, ამ შავმაიკიან კაცს ხედავ?
– შავი ადიდასის ბოტასები რომ აცვია და სუპერმარკეტისკენ მიდის?
– ჰო.
– ვხედავ. მერე?
– ეგ ცნობილი ბინის ქურდია ხორთუმა.
– ხორთუმა? – გაეცინა კოტიკოს.
– ჰო, ხორთუმა. ვერ ხედავ, რომ ხორთუმივით ცხვირი აქვს? ჰოდა, ეგ ახლა ნაღდად საქურდავად მიდის. მოდი, ერთი პატარა ოპერაცია უნდა ჩავატაროთ და ფაქტით ჩავავლოთ.
– რა ოპერაცია?
– ეგ ნამდვილად აი, იმ ყვითელ კორპუსში შევა საჩალიჩოდ. იქ ძირითადად უცხოელი სტუდენტები ცხოვრობენ ნაქირავებ ბინებში. ახლა დილაა და სტუდენტები ლექციებზე არიან, ბინების უმრავლესობა კი ცარიელია. ხორთუმა აბხოდს დაიწყებს და ცარიელ ბინებს „დაასუფთავებს.” მე ის კარგად მიცნობს და ვერ დავენახვები, ამიტომ, შენ უნდა დააჯდე მას კუდზე, გაიგო, რომელ ბინაში შევა და შემდეგ კი მე დამირეკო. როგორც კი ბინიდან გამოვა, ავაგდებთ და პოლიციაში მივიყვანთ. გასაგებია?
– კი.
– ჰოდა, წადი. აი, იმ კორპუსს მიუახლოვდა და აბა, შენ იცი, არ დაიბნე, თან ფრთხილად იყავი.
– დარდი ნუ გაქვს. ჩემს ზარს ელოდე, – უთხრა კოტემ რეზოს, შემდეგ მანქანიდან გადავიდა და ახალაშენებული თექვსმეტსართულიანი ყვითელი კორპუსისკენ გაემართა, რომელშიც ხორთუმა შევიდა.
კოტიკო სადარბაზოში შეყოვნდა და ხორთუმას აცადა, სანამ ლიფტს გამოიძახებდა, შემდეგ კი სწრაფად გამოვიდა სამალავიდან და ლიფტში შევარდა. ტაბლოზე ცამეტ რიცხვს მოჰკრა თვალი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხორთუმა მეცამეტეზე ადიოდა და მას უთხრა:
– მე მეთოთხმეტეზე მივდივარ.
ხორთუმამ უხმოდ მიაჭირა თითი მეთოთხმეტე სართულის ღილაკს. ცოტა ხნის შემდეგ კი მეცამეტე სართულზე ჩავიდა. კოტიკომ ერთი სართულით ზევით აიწია. ლიფტიდან ჩამოვიდა და ფეხაკრეფით დაეშვა კიბეებზე. მეცამეტე სართულზე რომ ჩავიდა, სვლა უფრო შეანელა. კედელს ამოეფარა და მიაყურადა. შემდეგ დერეფნის ბოლოსთან მივიდა და ხორთუმას მოჰკრა თვალი. ცნობილი ქურდი ზურგით იდგა და თეთრი რკინის კარის გაღებას ცდილობდა. მან უხმოდ მოარგო საკეტს გასაღები, კარი ფრთხილად გააღო, ბინაში შევიდა და კარი უხმაუროდ მიიხურა. კოტიკომ რეზოს დაურეკა და უთხრა:
– მეცამეტე სართულზე ვარ. ლიფტიდან რომ გამოხვალ, ხელმარცხნივ, დერეფნის ბოლოს. თეთრი რკინის კარია და ხორთუმა იმ ბინაშია.
– კარგი, მოვდივარ, – მიუგო რეზომ და ტელეფონი გათიშა.
კოტიკოს წესიერად არც კი ჰქონდა  დამთავრებული ლაპარაკი, რომ ¹43 ბინის კარი გაიღო და იქიდან ხორთუმა გამოვიდა. ახალბედა პოლიციელი ამას არ ელოდა და ადგილზე გაქვავდა. გამოცდილი ქურდი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და კოტიკოს გაუღიმა, შემდეგ გზა განაგრძო, მაგრამ ლიფტს ჩაუარა და კიბეებისკენ აიღო გეზი. ახალბედა პოლიციელი გონს მოეგო და ხორთუმას მიაძახა:
– მოქალაქევ, ერთი წუთით.
ხორთუმა ადგილს მოსწყდა და გაიქცა. კოტიკო უკან დაედევნა, თან უყვიროდა:
– გაჩერდი, ხორთუმ, თორემ გესვრი!
ხორთუმამ სისწრაფეს უმატა. ბეტონის კიბეებზე დაეშვა, თან ოთხ-ხუთ საფეხურს ერთდროულად ახტებოდა და ისე გარბოდა. კოტიკომ ხუთი სართული სდია ხორთუმას და მხოლოდ მერვეზე მოახერხა მისი დაკავება. ახალბედა პოლიციელი ცნობილ ქურდს ავაზასავით დააცხრა ზემოდან. წააქცია და მეტლახის ფილებზე ცხვირ-პირით შეახეთქა, შემდეგ ხელები ზურგსუკან გადაუგრიხა და ხელბორკილები დაადო. შემოატრიალა. კედელზე მიაყუდა და ჰკითხა:
– რატომ გარბოდი, ხორთუმ?
– შემეშინდა და იმიტომ. მე მეგონა, ჩემს მოსაკლავად იყავი მოსული, – მიუგო ხორთუმამ.
– მართლა? – ირონიით ჰკითხა კოტიკომ.
– დიახ, – მიუგო ხორთუმამ.
– აქ ცხოვრობ?
– არა, გლდანში.
– აქ ვისთან იყავი?
– ძმაკაცთან მივდიოდი და მისამართი შემეშალა. ეს ახალი კორპუსები ისეა აშენებული,  ვერ გაიგებ, სად რაა.
– ძმაკაცთან თუ საქურდავად?
– რა საქურდავად, უფროსო? გამშმონე და, ფაქტს თუ მიპოვი, პაჟიზნენი მომეცი.
– იმ ბინაში რა გინდოდა?
ბინის ხსენებაზე ხორთუმა ოდნავ შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მიუგო:
– რაღაც გეშლება, უფროსო. ხომ გითხარი, ძმაკაცთან მივდიოდი და მისამართი შემეშალა-მეთქი.
კოტიკოს რეზომ დაურეკა და ჰკითხა:
– სად ხარ, კოტიკო?
– მერვე სართულზე.
– აბა, მეცამეტეზეო?
– ხორთუმას გამოვეკიდე და მერვე სართულის კიბეებზე მყავს ბრასლეტებდადებული.
– ყოჩაღ, ახალბედა! ახლავე ჩამოვალ, – თქვა რეზომ და ტელეფონი გათიშა.
ხორთუმამ რეზო რომ დაინახა, გაეცინა და უთხრა:
– ჩიტოს გაუმარჯოს, გლდანის პოლიციის სიამაყეს! როგორ ხარ, უფროსო, შენი პაძელნიკი სადაა, რატი?
– ხორთუმ, ჩავარდი? – გაეცინა რეზოს.
– რა ჩავვარდი, რეზო-ჯან, შენი ახალი პაძელნიკი ქილერი მეგონა და მოვტყდი, ის კი გამომეკიდა და, ნახე, რა მიყო.
რეზომ კოტიკოს ჰკითხა:
– რა ფაქტი ჰქონდა?
– არ გამიჩხრეკია, – მიუგო კოტიკომ.
რეზომ კედელზე ააყუდა ხორთუმა, გაჩხრიკა და ატმიჩკების აცმის გარდა ვერაფერი რომ  ვერ უპოვა, ჰკითხა:
– პუსტოიზე შეხვედი სახლში?
– არა, რეზო, რა პუსტოიზე, ხომ გითხარით, მისამართი შემეშალა-მეთქი.
– რა მისამართი შეგეშალა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ შეხვედი ორმოცდამესამე ბინაში და როგორ გამოხვედი იქიდან, – უთხრა კოტიკომ ხორთუმას.
ბინის ხსენებაზე ხორთუმა კვლავ შეცბა. რეზომ კი ჯერ ხორთუმა აათვალიერ-ჩაათვალიერა და შემდეგ კოტიკოს უთხრა:
– დაახლოებით რამდენი ხანი დაჰყო ამან ბინაში?
– ორი წუთიც კი არა, – მიუგო კოტიკომ და დაამატა, – ისე უცებ გამოვიდა ბინიდან, რომ პირისპირ შემეჩეხა.
რეზო ხორთუმას მიაჩერდა, ორიოდე წუთი უყურა და უთხრა:
– ხორთუმ, სიმართლე თქვი, რა მოხდა!
– რაზე მეკითხები, უფროსო? – მიუგო ხორთუმამ.
– შენი სტილი არაა ბინიდან ასე სწრაფად გამოსვლა. ხომ ვიცი, სანამ კარგად არ გადაჩხრიკავ ყველაფერს, მანამდე ფეხს არ იცვლი იქიდან, ორ წუთში კი ყველაფრის დათვალიერებას ვერ მოასწრებდი. სიმართლე თქვი.
– რა სიმართლე, უფროსო?
– ბინაში ვინმე დაგხვდა?
– კი.
– ვინ?
– ტრუპი, – მიუგო ხორთუმამ.
***
ხორთუმას აღიარებიდან ნახევარი საათის შემდეგ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის საპატრულო მანქანებით, ფორმიანი და უფორმო პოლიციელებითა და ცნობისმოყვარე მოქალაქეებით იყო სავსე. თექვსმეტსართულიანი, ყვითელი საცხოვრებელი კორპუსის ერთადერთ სადარბაზოში კი პოლიციელები მორიგეობდნენ და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს საბუთებს უმოწმებდნენ. საქმე ის იყო, რომ, როდესაც ხორთუმამ პოლიციელებს განუცხადა ორმოცდამესამე ბინაში გვამის არსებობის შესახებ, პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა რეზო ჩიტაძემ თავის ქვეგანყოფილებაში დარეკა და უფროსს მომხდარის შესახებ შეატყობინა. ხოლო ბინაში პოლიციელები მხოლოდ მას მერე შევიდნენ, როდესაც ბინის მეპატრონე გამოიძახეს და სწორედ ის შეუძღვა მათ ოთხოთახიან ბინაში. სასტუმრო ოთახში შავგვრემანი ოცდათხუთმეტიოდე წლის, აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცის ცხედარი ეგდო. მას მსუბუქი სპორტული ტანსაცმელი ეცვა, რომელიც სისხლით იყო მოსვრილი და ყელ-კისრისა და სხეულის სხვა ნაწილებში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ეტყობოდა. ბინის მეპატრონემ მოკლული მამაკაცი რომ დაინახა შეჰკივლა და სახეზე ხელები აიფარა:
– ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელებაა! როგორ დაუჩეხიათ ეს უბედური, რამდენი სისხლია!..
საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსმა ბინის პატრონს ჰკითხა:
– ეს მამაკაცი ქირაობდა თქვენს ბინას, ქალბატონო ლიდა?
– არა, ბატონო, არა... – თავი გააქნია ლიდამ და დაამატა: – ეს ბინა მე ერთ გოგონას მივაქირავე ოთხი თვის წინ, ამ კაცს კი პირველად ვხედავ.
– პირველად? – გაუკვირდა პოლიციის უფროსს.
– დიახ, პირველად, – გაიმეორა ლიდამაც.
ოთახში პროკურატურის თანამშრომლები შემოვიდნენ და სათითაოდ მიესალმნენ პოლიციის უფროსს. ერთ-ერთმა მათგანმა კი პოლიციის უფროსს ჰკითხა:
– შენმა ბიჭებმა მიაკვლიეს, ხომ, გვამს?
– ჰო, შეიძლება ითქვას, რომ ასეა, – მიუგო პოლკოვნიკმა.
– ეგ როგორ, კაცო, რას ნიშნავს, შეიძლება ითქვას? – თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.
– როგორ და, ქურდი დაიჭირეს, რომელიც ამ ბინაში შეძვრა და მისგან გაიგეს, შემდეგ ჩვენ შეგვატყობინეს, ჩვენ კი ამ ბინის პატრონი მოვიყვანეთ და შემოვედით, – განუმარტა პოლკოვნიკმა გამომძიებელს.
– შენი ბიჭები უნდა დავკითხო.
– დაკავებული ქურდი ქვეგანყოფილებაში წაიყვანეს. დავურეკო და მოვიყვანო?
– არ გინდა, მე თვითონ მივაკითხავ. ბინის პატრონი სადაა?
– მე გახლავართ, ბატონო, – მიუგო გამომძიებელს ლიდამ.
– თქვენი სახელი, ქალბატონო? – ჰკითხა გამომძიებელმა ლიდას.
– ლიდა. ლიდა გავაშელი, – უთხრა ქალმა.
– მე პროკურატორის გამომძიებელი ვარლამ კაკუბავა გახლავართ, – გამომძიებელმა ხელი ჩამოართვა ლიდას და დაამატა: – ეს საქმე მე დამაწერეს, ქალბატონო ლიდა და ჩვენება უნდა ჩამოგართვათ.
– ანუ, უნდა დამკითხოთ.
– დიახ, – დაუდასტურა კაკუბავამ ქალს.
– კი ბატონო, მზად ვარ, მკითხეთ.
– ქალბატონო ლიდა, სად შეიძლება განვმარტოვდეთ, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს?
– სამზარეულოში მობრძანდით.
ბინის მეპატრონე და გამომძიებელი სამზარეულოში განმარტოვდნენ და კაკუბავამ ქალს ჰკითხა:
– ქალბატონო ლიდა, ვის და როდის მიაქირავეთ თქვენი ბინა?
– ეს ბინა, ბატონო ვარლამ, ერთ თურქ გოგონას მივაქირავე ამ ოთხი თვის წინ, ანუ იანვარში. ზუსტად ძველით ახალი წელი იყო. მე განცხადება მქონდა ინტერნეტში. ცამეტში მობილურზე დამირეკეს, სულ მთლად ახალგაზრდა გოგონა ინგლისურად დამელაპარაკა და მითხრა, რომ ბინის დაქირავება უნდოდა. შევთანხმდით, რომ მეორე დღისთვის შევხვდებოდით. შევხვდით. მე მას ბინა ვაჩვენე. მოეწონა, სამი თვის ფული – ათას ხუთასი დოლარი მომცა და გასაღები გამომართვა. აი, სულ ესაა, ბატონო ვარლამ.
– რა ჰქვია გოგონას?
– ასე მითხრა, ზუხრაო.
– რა იცით, რომ თურქია, საბუთები შეუმოწმეთ?
– არა, ბატონო. თვითონ მითხრა, თურქი ვარ და თბილისში ერთ-ერთ თურქულ ფირმაში ვმუშაობო. არც მე მიკითხავს, სად და არც თვითონ უთქვამს.
– ხშირად ნახულობდით თქვენს მდგმურს?
– არა, რას ბრძანებთ, სულ ორჯერ ვნახე: პირველად მაშინ, როცა ეს ბინა იქირავა და მეორედ ამ ერთი კვირის წინ.
– ერთი კვირის წინ? – ჩაეკითხა გამომძიებელი.
– დიახ, ბატონო ვარლამ, თოთხმეტ მაისს. დღეს ხომ ოცდაერთია, – ქალი ფიქრობდა, პაუზა გააკეთა და დაამატა: – ჰო, თხუთმეტში სპორტის სასახლესთან შევხვდით ერთმანეთს და ათას ხუთასი დოლარი მომცა, სამი თვის ქირის ფული. ასე ვართ მოლაპარაკებულები, ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა გადამიხადოს. თვეში ხუთას დოლარად ვაქირავებ ამ ბინას.
– ერთმანეთს, ალბათ, მობილურით უკავშირდებით, ხომ?
– დიახ.
– თუ შეიძლება, თქვენი და იმ თურქი გოგონას ტელეფონის ნომრები ჩამაწერინეთ.
– ჩემი ინებეთ, მაგრამ ზუხრას მობილური არ აქვს.
– არ აქვს? ახლა არ თქვით, ერთმანეთს მობილურით ვუკავშირდებითო?
– კი, ვთქვი. ზუხრამ სულ ორჯერ დამირეკა: პირველად მაშინ, როდესაც ბინა იქირავა, მეორედ კი – ამ ერთი კვირის წინ, როცა მეორედ მომცა ფული. ასე მითხრა, მობილურს არ ვატარებ, რადიაციის მეშინიაო. მე მგონი, ოფისიდან, თავისი სამსახურიდან დამირეკა ორივეჯერ.
– შემთხვევით, ნომერი ხომ არ შეგინახავთ?
– არა, ბატონო ვარლამ. ნამდვილად არ შემინახავს.
– უცნაურია, – თქვა კაკუბავამ და ჩაფიქრდა.
– რას გულისხმობთ, ბატონო, რა არის უცნაური? – ჰკითხა გამომძიებელს ლიდა გავაშელმა და წვრილი სიგარეტი გააბოლა.
– ჯერჯერობით უცნაურია ყველაფერი: ისიც, რომ ამ ზუხრას მობილური არ აქვს, ისიც, რომ ბინა მას მიაქირავეთ, მასში კი უცნობი მამაკაცი დაჩეხეს, – გამომძიებელმა პაუზა გააკეთა, მანაც გააბოლა და დაამატა: – კიდევ ის, რომ მდგმური გყავთ, მასზე კი არაფერი იცით. პასპორტი მაინც მოგეთხოვათ, ჩაგეხედათ შიგ და საპასპორტო მონაცემებს გასცნობოდით.
– თქვენ რა, ჩემზე გაქვთ ეჭვი? – თქვა ლიდამ, – ფიქრობთ, რომ რამეში ვარ გარეული?
– არა, ქალბატონო, მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, მეტი წინდახედულება გმართებთ, როდესაც ბინას აქირავებთ, მხოლოდ ფული არაა საქმე.
– გმადლობთ რჩევისთვის, ბატონო ვარლამ, მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას და მდგმურებს თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე შევუმოწმებ ყველაფერს! – გაბრაზებით მიუგო გამომძიებელს ლიდამ, ფეხი ფეხზე შემოიდო და ცხვირი აიბზუა.
– ნუ მიბრაზდებით, ქალბატონო ლიდა, მკვლელობა მოხდა, მძიმე დანაშაული, ხელჩასაჭიდი კი თითქმის არაფერია. ეს მითიური მდგმური სად უნდა ვეძებოთ?
– ზუხრაზე მეუბნებით?
– თქვენს მდგმურზე. უფრო სწორად, იმ გოგონაზე, ვინც თქვენ სამი ათასი დოლარი გადაგიხადათ.
– ახლა ის ალბათ სამსახურშია და საღამოს მოვა.
– ვითომ?! – ჩაეცინა გამომძიებელს.
– თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ?
– იმედი ვიქონიოთ, რომ ვცდები, თუმცა ინტუიცია საპირისპიროს მკარნახობს, – თქვა კაკუბავამ და დაამატა: – ეჭვის შეტანა კი ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და ნუ გავიწყდებათ, რომ გამომძიებელი ვარ.
– თავისუფალი ვარ, ბატონო ვარლამ?
– დიახ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ, ქალბატონო ლიდა. თქვენი მობილურის ნომერი მაქვს და, თუ დამჭირდით, დაგირეკავთ, – უთხრა კაკუბავამ ბინის პატრონს. შემდეგ მობილურზე დარეკა და თქვა: – რატი, სად ხარ და რას აკეთებ? კარგი. შენთვის საინტერესო დავალებები მაქვს და დაუჩქარე, თორემ, სხვას დავავალებ, – გამომძიებელმა საათს დახედა და დაამატა: – ახლა პირველის ნახევარია. პირველზე გელოდები, ჩქარა ქენი!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3