რატომ დაინტერესდა წმიდა ნინო ქალაქ მცხეთითა და ჩვენი ქვეყნით
კაპადოკიაში ცხოვრობდა წმიდა გიორგის მეგობარი და ახლობელი კაცი, სახელად ზაბილონი – კეთილმორწმუნე ადამიანი, შვილი მდიდარი და წარჩინებული ოჯახისა, ძლიერი და სახელგანთქმული მეომარი, რომელიც ახალგაზრდობაშივე გაემგზავრა რომში, იმპერატორის ჯარში სამსახურისთვის.
კაპადოკიაში, ქალაქ კოლასეში (კოლასტრაში), ასევე ცხოვრობდა ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი – ვაჟი და ასული. როცა მშობლები გარდაიცვალნენ, დაობლებულმა და-ძმამ გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდათ, რის შემდეგაც ისინი იერუსალიმში გაემგზავრნენ. იქვე დარჩნენ და მსახურობდნენ ქრისტეს.
გავიდა დრო. კაპადოკიიდან იერუსალიმში გადმოსული და-ძმიდან ვაჟი, იუბენალი (იობენალი), გახდა ბერი და ჩააბარეს დევტალარობა (მონასტრის მაღალი თანამდებობა), შემდეგში კი ის იერუსალიმის პატრიარქად აირჩიეს. ხოლო მისი და, სუსანა (სოსანა) მოღვაწეობდა ეკლესიაში და ემსახურებოდა სარა ნიაფორს (მიაფორს), ბეთლემელს, რომელიც დვინიდან იყო წარმოშობით, ეროვნებით სომეხი.
285 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ რომის იმპერიის დასავლეთი თავის მეგობარ მაქსიმიანეს ჩააბარა, უბოძა კეისრის ტიტული და თანამმართველად გამოცხადა. მაქსიმიანეს დედაქალაქი ჰქონდა მედიოლანში (თანამედროვე მილანი). მალე რომს აუჯანყდნენ ბრანჯები (იგივე ფრანგები), ალბათ, დასავლეთ ფრანკები რეინის ოლქიდან. შესაძლოა, „ნინოს ცხოვრებაში” 286 წლის ამბავია აღწერილი, როცა გალიაში მოხდა „ბაგაუდების აჯანყება“.
ამასობაში ახალგაზრდა ზაბილონი დაწინაურდა რომის არმიაში და დანიშნეს ერთ-ერთ მხედართმთავრად. „პიტალანის ველზე“ ფრანკებს იმპერატორის ნაწილებისთვის შეუტევიათ. ზაბილონი მიეშველა კეისარს და გააქცია ფრანკები, მათი მეფე და მეთაურები კი შეიპყრო და იმპერატორს მიჰგვარა.
იმპერატორმა დიდად დაუფასა ზაბილონს ეს საქციელი, ფრანკების მთავრებს კი სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეობაში ბრანჯები გასცნობიან ქრისტიანობას და მოსწონებიათ. სიკვდილმისჯილებს უთხოვიათ ზაბილონისთვის: შეგვიყვანე თქვენი უფლის ტაძარში და მოგვნათლე მისი სახელით, რომელმაც ასეთი გამარჯვება მოგაპოვებინა. მონათლულები თუ დავიხოცებით, ჩვენთვისაც უკეთესია და შენც არავითარი ბრალი არ გექნებაო. 303 წლის 24 თებერვლამდე დიოკლეტიანესა და მის თანამმართველებს არ ჰქონდათ დაწყებული ქრისტიანთა დევნა.
ზაბილონმა ტყვეების სურვილი აუწყა რომის პაპს. პაპმა სიხარულით მონათლა სიკვდილმისჯილები და მეორე დღეს ისინი დასასჯელად გაიყვანეს. ფრანკები სიხარულით ხვდებოდნენ თურმე სიკვდილს – ქრისტესთან მივდივართო – და თან ლოცულობდნენ, ოღონდ, დარდობდნენ თავიანთი თანამემამულეების გამო, რომლებიც ჯერ არ იყვნენ ქრისტიანებად მოქცეულნი.
ზაბილონი ხედავდა ამას, ღელავდა და ტიროდა. ის მსწრაფლ გაემართა იმპერატორისკენ და გამოითხოვა ფრანგი ტყვეების სიცოცხლე. იმპერატორმა აჩუქა მათი სიცოცხლე დამსახურებულ მხედართმთავარს.
გაათავისუფლა ზაბილონმა ფრანკი მთავრები და სიტყვა ჩამოართვა, რომ არასოდეს იკადრებდნენ განდგომას. გათავისუფლებულმა ბრანჯებმა მღვდელი ითხოვეს თავის ქვეყანაში წასაყვანად და ხალხის გასაქრისტიანებლად. ზაბილონმა პაპს სთხოვა მღვდლების გაგზავნა და თვითონაც გაჰყვა გაქრისტიანებულ ფრანკებს.
როცა მივიდნენ ფრანკების ქვეყანაში და ადგილობრივებმა შეიტყვეს, რომ მათი მეფე და მთავრები ცოცხლები იყვნენ, სიხარულით მიეგებნენ მდინარე ღადამარას (ღდამარას) ნაპირთან (შესაძლოა, რეინის ერთ-ერთ შესართავთან). იქ იყო მათი ქვეყნის ათივე სამთავროს წარმომადგენელი. როცა მეფე-მთავრებმა თავის ხალხს უამბეს ყოველივე და ამცნეს ქრისტეს სარწმუნოების შესახებ, ხალხმაც სთხოვა ზაბილონს ქრისტიანულად მონათვლა. მღვდლებმა აკურთხეს წყალი და ნათელი სცეს მათ. ზაბილონმა დატოვა მღვდლები და დაბრუნდა რომში.
ერთგული სამსახურისთვის იმპერატორისგან გულუხვად დასაჩუქრებულმა სარდალმა გადაწყვიტა, მოელოცა იერუსალიმი და გაეღო მოწყალება გლახაკებისთვის. მან იერუსალიმში ნახა თავისი თანამოქალაქე – იუბენალი, რომელიც იერუსალიმის მღვდელმთავრად აერჩიათ.
ერთ დღესაც, სარა ბეთლემელმა შესთავაზა პატრიარქს, თავისი და ზაბილონისათვის მიეთხოვებინა. პატრიარქს მოეწონა აზრი და დააქორწინა ზაბილონი და სუსანა. ახალდაქორწინებულები გაემგზავრნენ კაპადოკიაში, სადაც დაიბადა მომავალი განმანათლებელი საქართველოსი – ნინო.
როცა ნინო 12 წლის გახდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, იერუსალიმში წასულიყვნენ. მათ ყველაფერი გაყიდეს, რაც გააჩნდათ და გაემგზავრნენ, მთელი თანხა კი გლახაკებს გაუყვეს. ზაბილონი გამოემშვიდობა მეუღლეს და პატრიარქის ხელით ბერად ეკურთხა. ხელში აიყვანა პატარა ნინო, ჩაეხუტა, იტირა და უთხრა:
„ჩემო ერთადერთო შვილო, ობლად გტოვებ და ვაბარებ შენს თავს ღმერთს – ყველას მამას, მზრდელსა და უფალს. ისაა ობოლთა მამა და ქვრივთა დამხმარე. ნუ შეშინდები, შვილო! მარიამ მაგდალინელს მიჰბაძე ქრისტეს სიყვარულში და ლაზარეს დებს. თუ მათსავით გეყვარება ქრისტე, იგი მოგცემს ყველაფერს, რასაც სთხოვ“...
ფრანკთა განმანათლებელი გადავიდა ორდანეზე უდაბნოში დასაყუდებლად და მას მერე მხოლოდ ღმერთმა იცის ზაბილონის ამბავი.
პატრიარქმა იუბენალმა თავისი და, სოსანა, ეკლესიაში გაამწესა უძლური დედების მსახურად, როგორც მან თავად ინება, ხოლო პატარა ნეტარი ჩააბარა ღვთისმოშიშ ქალს – სარა ნიაფორს.
სარა ნიაფორი მომავალ მოციქულთასწორს ასწავლიდა საღვთო სჯულს და უყვებოდა სხვადასხვა ამბავს, ქრისტეს ჯვარცმისა, დაფლვისა და მკვდრეთით აღდგომისა. მისნაირი მცოდნე ძველი და ახალი რჯულისა არავინ მოიძებნებოდა თურმე მაშინდელ იერუსალიმში. ძალიან დაინტერესდა პატარა ნინო. სარა ნიაფორმა უამბო ქართველთა მომავალ განმანათლებელს, რომ ქრისტეს ჯვარცმისას მის სამოსელზე წილი ყარეს, რის შემდეგაც მაცხოვრის კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ჰურიებს და წაიღეს ქალაქ მცხეთაში. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ, ტილოები, რომელიც მოახვიეს მაცხოვარს, იპოვეს საფლავში მდებარე. ეს ტილოები აუღია პილატეს ცოლს, რომელიც ქრისტეს მორწმუნე გახდა და წაუღია პონტოში. წლების მერე ის ლუკა მახარებლის ხელში მოხვედრილა და ახლა სად არის არ ვიცითო.
სუდარა კი ვერ უპოვიათ – ამბობენ, პეტრე მოციქულს ჰქონდაო.
ჯვარი, რომელზეც ქრისტე გააკრეს, ამ ქალაქშია სადღაც დამარხული და, სანამ ღმერთი არ ინებებს, არ გამოჩნდებაო.
წმიდა ნინომ ჰკითხა სარა მიაფორს:
– სად არის მცხეთა?
– მცხეთა არის ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით, სპარსეთს, სომხეთსა და ოსეთს შორის, სადაც წარმართები ცხოვრობენ, – უპასუხა სარამ.
წმინდა ქალწული ნატრობდა, ენახა ადგილი, სადაც დაბრძანებული იყო უფლის კვართი.
იმ ხანებში, უფლის საფლავის მოსალოცად და ქველმოქმედებისთვის იერუსალიმში ჩავიდა ეფესელი წარჩინებული ქალი. მიაფორმა ჰკითხა:
– ელენე დედოფალი, დედა იმპერატორ კონსტანტინესი, კვლავ სარწმუნოებრივ სიბნელეშია და მათ სამეფოში ისევ არ სწამთ ღმერთი?
ეფესელმა უპასუხა:
– მე ვარ მათი მსახური და ვიცი მათი განზრახვა: დიდი სურვილი აქვთ რომაელებს, ქრისტეს მიმდევრები გახდნენ და ნათელი იღონ.
წმინდა ქალწულმა სთხოვა სარა ნიაფორს:
– გამგზავნე ელენე დედოფალთან, იქნებ მოვახერხო რამე ვუთხრა ქრისტეს შესახებ.
სარა ნიაფორმა მისი თხოვნა პატრიარქს გადასცა. ბიძამ დაიბარა დისწული, დააყენა აღსავლის კართან, ხელნი დაასხნა თავზე, აიხედა მაღლა და წარმოთქვა ლოცვა:
– ღმერთო მამათაო და საუკუნეთაო, შენ შეგვედრებ ამ ობოლს, ჩემს დისშვილს და წარვავლენ შენი სჯულის საქადაგებლად. სადაც შენ გწადდეს, იქ წაიყვანე, იყავი მისი ნავსადგური, მოძღვარი, მეცნიერების ენა და დაიფარე მოგზაურობის დროს.
შეისმინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა 14 წლის წმიდა ქალწულის ვედრება, გაიხსენა თავისი წილხვედრი საქართველო და ჩრდილოეთისკენ გამოგზავნა.
საქართველოში მოსვლამდე ბევრი რამ უნდა გადახდენოდა მოციქულთასწორს.