როგორ გააგდებინა სამსახურიდან 15 წლის ბერიამ თავისი სკოლის დირექტორს იმავე სკოლის ჯალათი სასწავლო ნაწილის გამგე
1915 წლის მარტში ლავრენტი ბერია ანტონ ფიფიამ თავის კაბინეტში დაიბარა და ის ცნობილი ფრაზა უთხრა, რომელსაც თავად ბერია არაერთხელ ისხენებდა ხოლმე შემდგომში. ფიფია სოხუმის დაწყებითი სასწავლებლის დირექტორი იყო, ლავრენტი ბერია კი ამ დაწესებულების წარჩინებული უფროსკლასელი. კაბინეტში გამოცხადებული ბერია მოკრძალებით შეჩერდა შუა ოთახში და დირექტორს უხმოდ მიაჩერდა. მაღალმა, ხმელ-ხმელმა ფიფიამ ერთხანს კოპებშეკრულმა უყურა ბიჭს, შემდეგ კი უთხრა:
– გამოტყდი, ბერია, გევურქოვთან დაკავშირებული ამბავი ხომ თავიდან ბოლომდე შენი დადგმულია?
– რა ამბავი, ბატონო ანტონ? – კითხვა შეუბრუნა დირექტორს ბერიამ.
ფიფიამ კიდევ ცოტა ხანს უყურა ბერიას და ჰკითხა:
– შენ, თუ არ ვცდები, სოფელ მერხეულიდან ხარ, ხომ?
– დიახ, პატივცემულო, – მშვიდად მიუგო ბერიამ.
დარბაისელ ფიფიას უცებ ხარხარი აუტყდა. შემდეგ, როგორც იქნა, თავი მოთოკა, სული მოითქვა და ბერიას რატომღაც უკვე მეგრულად უთხრა:
– ლავრენტი, შენ ძალიან შორს წახვალ და მერხეულელები შენით იამაყებენ – ამას მე გეუბნები, ანტონ ფიფია, კარგად დაიმახსოვრე ეს და ნურც მე დამივიწყებ. ახლა კი წადი.
ბერია დირექტორს გამოემშვიდობა და წამოვიდა. საქმე კი ის იყო, რომ ბერიას წყალობით მოაშორეს სოხუმის დაწყებით სკოლას ყველასთვის საძულველი არტურ გევურქოვი. გევურქოვი ფიფიას მოადგილე იყო რეჟიმის დარგში და სისასტიკის გამო ყველას სძულდა. 38 წლის გევურქოვი უმნიშვნელო დარღვევასაც კი არავის აპატიებდა და ამის გამო არაერთი მოსწავლე გაურიცხავს სკოლიდან. ის არც პედაგოგებს ინდობდა და, ვისაც რაიმე ხინჯს ვერ უპოვიდა, მასზე ანონიმურ დასმენას სწერდა „ოხრანკას“ (მეფის რუსეთის უშიშროების სამსახური). მომავალში თავად ლავრენტი ბერია ასე ყვებოდა ამ ამბავს: „თანაკლასელი მყავდა ერთი – იონას პაპანდოპულო. პატიოსანი ბერძენი ბიჭი იყო და არც ცუდად სწავლობდა, გევურქოვი კი მას გადაეკიდა, შარი მოსდო – იმპერატორი აუგად მოიხსენიეო და მისი საქმე პოლიტიკურ სადისციპლინო ტრიბუნალს გადასცა, რაც კარგს არაფერს უქადდა ბიჭს. გადაკიდების მიზეზი კი იონასის და – მედეა იყო, რომელმაც გევურქოვს ცოლად გაყოლაზე უთხრა უარი.
– მიშველე, ლავრენტი, შენ ხომ ჩვენი მოზგი ხარ... – ტირილით შემომჩივლა იონასმა.
ერთი სიტყვით, მე ჩემი ბიჭები შევკრიბე და მოქმედების გეგმა დავსახეთ, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ. სწორედ იმ პერიოდში ჩვენს სასწავლებელში თბილისიდან პირადად „ნამესტნიკის“ მიერ სარევიზიოდ იყო მოვლინებული თავადი ბარიატინსკი. ჩემი დავალებით, მას ტიტე მეუნარგიამ მუნდირიდან ბაჯაღლო ოქროს საათი მოჰპარა, მუნდირი კი სამასწავლებლოში ეკიდა. როდესაც ქურდობის ფაქტი გაირკვა და ბარიატინსკიმ დირექტორ ფიფიას პასუხი მოსთხოვა, სასწავლებელში თავად სოხუმის „ოხრანკის“ შეფი, პავლოვსკი მოვიდა და იკითხა:
– გევურქოვი არტური რომელია?
– მე გახლავართ, – წარუდგა რეჟიმის უფროსი პოლკოვნიკს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პავლოვსკიმ ჯერ მთელი პედაგოგიური კოლექტივის წინაშე პირადად გაჩხრიკა გევურქოვი, შემდეგ კი მას თავისი მაგიდის უჯრის გაღება მოსთხოვა და სწორედ იქიდან ამოუღო ბარიატინსკის ოქროს საათი... გევურქოვი, რა თქმა უნდა, უარყოფდა დანაშაულს და ამბობდა – მომიწყვესო, მაგრამ ფიფიამ მაშინვე გაათავისუფლა თანამდებობიდან, ბარიატინსკიმ კი აღარ ისურვა ამ საქმის გაგრძელება, რადგან მიიჩნია, რომ ის განათლების სისტემის კომპრომეტაციას ახდენდა და ჯალათი გევურქოვი პოლიციას აღარ გადასცა. საქმე ის იყო, რომ „ოხრანკაში“ პეტრე ქობულიამ დარეკა და პავლოვსკის ანონიმურად შეატყობინა ოქროს საათის ადგილსამყოფელი. ეს საათი, რა თქმა უნდა, ჩემივე ბრძანებით ჩაუდო მეუნარგიამ საძულველ გევურქოვს უჯრაში. ასე მოვიშორეთ ნაძირალა, მომავალში კი სწორედ ჩემი ბიჭებისგან შევქმენი საბჭოთა უშიშროების ის ბირთვი, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოს აკონტროლებდა“.
ბერია აბსოლუტურად მართალი იყო. სწორედ მის მიერ შერჩეულმა ჩეკისტთა ჯგუფმა გააძლიერა საბჭოთა უშიშროება, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ მსოფლიოს და ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთ ბურჯს წარმოადგენდა. ბერიას პირადი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდნენ და თავის შეფს გადასცემდნენ ხოლმე სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას, პირადად მისგან კი ზესაიდუმლო, სახელმწიფოებრივი დანიშნულების დავალებებს იღებდნენ. ზემოხსენებული პეტრე ქობულია ფაშისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვის, „აბვერის“ შეფის, ვილჰელმ კანარისის პირადი ადიუტანტი იყო და ნორმან შილდეს გვარით მოქმედებდა. კანარისი, რომელიც ინგლისის დაზვერვის „მაი 6-ის“ აგენტი იყო, შილდეს (ქობულიას) ძალიან ენდობოდა. ეს გაიგო შილდემ და რა თქმა უნდა, ბერიასაც შეატყობინა, ბერიამ კი ეს ინფორმაცია სტალინს მოახსენა. მას ჩაეცინა და ბერიას უთხრა:
– რაც შეიძლება მეტი კომპრომატი მოიპოვოს შენმა აგენტმა კანარისზე. მომავალში აუცილებლად გამოგვადგება...
მართლაც, 1944 წლის 20 ივლისს ანტიჰიტლერულ შეთქმულებაში ადმირალი ვილჰელმ კანარისიც მონაწილეობდა და რადგან სტალინს თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად ჰიტლერი სჭირდებოდა, მან ბერია დაიბარა და უთხრა:
– შენს აგენტს უთხარი, რომ მთელი კომპრომატი ჰიმლერის უწყებაში მიიტანოს.
შილდემ ცენტრის დავალება შეასრულა – ფაშისტურ უშიშროებას კანარისი ჩააბარა, რისთვისაც ის პირადად ფიურერმა დააჯილდოვა რკინის ჯვრით.
ბერია თავის სტრატეგიული აგენტების გვარებს მხოლოდ თავში ინახავდა, ისინი არანაირ კარტოთეკაში არ შეჰქონდა, რადგან საბჭოთა უშიშროების შეფი მხოლოდ საკუთარ თავს ენდობოდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ყოველგვარი ინფორმაციის გაჟონვა გამოერიცხა. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ უმნიშვნელოვანესი, ზესაიდუმლო ინფორმაციის წამოსაღებად ამა თუ იმ ქვეყანაში პირადად ბერია ჩასულა. ერთი ასეთი ვოიაჟი საბჭოთა კავშირის უშიშროების შეფმა, უკვე მარშალმა ლავრენტი ბერიამ, 1946 წლის აპრილში განახორციელა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვს ეახლა. მოლოტოვი სტალინის დავალებით მოლაპარაკებებს მართავდა პრეზიდენტ ტრუმანთან. ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, რა თქმა უნდა, მარშალი ბერიაც იმყოფებოდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადასცა მას ამერიკელმა გენერალმა უესლი ბონდმა „მანჰეტენის პროექტის“ (ატომური ბომბის შექმნის კოდური სახელწოდება) ნახაზების მიკროფილი. უესლი ბონდი სინამდვილეში სოხუმელი იონას პაპანდოპულო იყო, რომელსაც მრავალი წლის წინ ბერია სოხუმის სკოლაში დაეხმარა. მოგვიანებით კი პაპანდოპულო ჩეკისტი გახდა და ჯერ კიდევ ოციანი წლების დასაწყისში გაგზავნეს ის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ. როდესაც ბერია სამშობლოში დაბრუნდა და ყველაფერი სტალინს მოუყვა, საბჭოთა ბელადს დიდად უხალისია და ბერიასთვის უთქვამს:
– ლავრენტი, კი ვიცოდი, რომ შენგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ, ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციას ჯაშუშური შეხვედრების ადგილად თუ გადააქცევდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ყოჩაღ, მშვენივრად გააცურე ამერიკელები და გააპამპულავე.
ამ ქმედებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ ბერიას ლენინის ორდენი პირადად სტალინმა გადასცა კრემლში, საკუთარ კაბინეტში.