კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის პირადი მითითებით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც დამარცხებული გერმანიის ტერიტორიაზე უნდა ემუშავა

დიდი სამამულო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. საბჭოთა არმია ბერლინს იყო მიმდგარი და ფაშისტური რაიხის განადგურება უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევდა, როდესაც სტალინმა თავის კაბინეტში ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი და მიქოიანი შეკრიბა და თავის ამ ოთხ უახლოეს თანამშრომელს ომის შემდგომი პერიოდის საბჭოთა კავშირის განვითარების გეგმა გააცნო. დიდმა ბელადმა ჩიბუხი გააბოლა და თქვა:
– ერთი შეტევაც და გერმანია განადგურებული იქნება. მოკავშირეებთან წინასწარი შეთანხმებისამებრ, ის საოკუპაციო ზონებად დაიყოფა, მაგრამ, სანამ ასე მოხდება, ჩვენი უპირატესობით უნდა ვისარგებლოთ და გერმანიიდან ფაშისტი მეცნიერებისა თუ მათი კონსტრუქტორებისა და ტექნიკური მუშაკების პროექტები მოვიძიოთ, საბჭოთა კავშირში წამოვიღოთ და, თუკი მოხერხდება, მათი ავტორებიც წამოვიყვანოთ. ალბათ გესმით, რომ ყოველივე ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სწრაფ აღორძინებას.
სტალინთან შეკრებილი ოთხეული პოლიტბიუროს დანარჩენი წევრებისგან მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ უხმო მათ დიდმა ბელადმა საკუთარი გეგმის გასაცნობად. ამ ოთხეულის გამორჩეული წევრი კი, რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერია იყო. მაღალ ინტელექტთან ერთად, ბერიას ყველაზე მეტი საიდუმლო ინფორმაცია გააჩნდა. როდესაც სტალინმა ლაპარაკი დაასრულა, ოთხეულს გადახედა, მზერა ბერიაზე შეაჩერა და ჰკითხა:
– შენი აზრი მაინტერესებს, ლავრენტი პავლოვიჩ. რას იტყვი, როგორი აზრია?
ბერია ფეხზე წამოდგა, მაგრამ სტალინმა ანიშნა – დაჯექიო და ბერიამ მიუგო:
– ამხანაგო სტალინ, სწორედ წუხელ წამოვიღე ორი უახლესი ინფორმაცია შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა უკვე სპეციალური ჯგუფებიც კი ჩამოაყალიბეს იმ იდეის განსახორციელებლად, რაზეც თქვენ ახლახან გველაპარაკებოდით.
სტალინი თითქმის არასდროს გამოდიოდა წყობიდან და არც ხმას უწევდა, ამჯერად კი, ცოტა არ იყოს, გაფიცხდა და ბერიას ხმამაღლა უთხრა:
– მერე, აქამდე რას აკეთებდით, როგორ გამოგეპარათ ეს ამბები?!
ბერია ფეხზე წამოდგა და სტალინს მშვიდად მოახსენა:
– არ გამოგვპარვია, ამხანაგო სტალინ, თვალყურს ვადევნებდით და, შეიძლება ითქვას, კონტროლის ქვეშ არიან. სწორედ დღეს ვაპირებდი ამის მოხსენებას და თქვენ თვითონ გამომიძახეთ.
ამ სიტყვებზე ბელადს გაეცინა, ლავრენტი პავლოვიჩი აათვალიერ-ჩაავთალიერა და უთხრა:
– მომახსენე, გისმენ!
ბერიამ ჩაახველა და თქვა:
– ფაშისტური პროექტების მოძიების ამერიკულ ოპერაციას ეწოდება „მისია ასლოსი“ და მას პოლკოვნიკი ბორის პაში ხელმძღვანელობს. ის რუსი ემიგრანტის შვილია და ამერიკულ სამხედრო დაზვერვაში მუშაობს. პაშს პირადად პრეზიდენტი რუზველტი შეხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით.
– რუზველტი ჭკვიანი კაცია და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს აზრი მას მოუვიდოდა თავში. ბრიტანულ ბანაკში რა ხდება ამ კუთხით? – თქვა სტალინმა და ჩიბუხიდან ფერფლი გადმოყარა.
– ანალოგიურ ბრიტანულ ოპერაციას მათი დაზვერვის – „მი-6-ის“ ოფიცერი იან ფლემინგი მეთაურობს და მისი კოდური სახელწოდებაა „ჯეიმს ბონდი“. მას ჩერჩილმა დაავალა ეს მისია და ფლემინგმაც უკვე შექმნა კომპეტენტური ჯგუფი, – მოახსენა ბერიამ სტალინს, რომელმაც დინჯად დატენა ჩიბუხი, გააბოლა და თქვა:
– არც ჩერჩილისგანაა ეს გასაკვირი. ისიც წინდახედული პოლიტიკოსია და, რა თქმა უნდა, ისიც შეეცდებოდა ფაშისტების შრომის ნაყოფის მოპოვებას, მაგრამ ჩვენ მათ უნდა დავასწროთ. ამიტომ, დღესვე შეადგინე ჯგუფი კომპეტენტური ადამიანებისგან და სასწრაფოდ შეუდგნენ მუშაობას, – სტალინმა პაუზა გააკეთა და ჩაილაპარაკა: – ესე იგი, „ასლოსი“ და „ჯეიმს ბონდი“, ხომ? ჩვენს ჯგუფსაც ხომ არ ვუწოდოთ რამე კოდური სახელი?
– როგორც თქვენ ბრძანებთ, ამხანაგო სტალინ, – მიუგო ბერიამ.
დიდი ბელადი ჩაფიქრდა. შემდეგ ოთახში გაიარა-გამოიარა და ყველასთვის მოულოდნელად ბერიას ქართულად უთხრა:
– მოდი, ამ ჩვენს ოპერაციას „საპოვნელა“ ვუწოდოთ.
– გასაგებია, – გაეცინა ბერიას.
ოპერაცია „საპოვნელას“ გეგმა ბერიამ სტალინს უკვე 15 აპრილის საღამოსვე წარუდგინა და მისი ხელმძღვანელი, დაზვერვის პოლკოვნიკი ვარლამ კეკელიაც გააცნო. კეკელია ინტელექტუალი იყო, ფლობდა უამრავ ენას და კარგად ერკვეოდა მეცნიერებაშიც. 1950 წლის დასაწყისში სტალინმა კეკელია პირადად დააჯილდოვა გმირის ვარსკვლავითა და ლენინის ორდენით და ქართულად უთხრა:
– ყოჩაღ, ამხანაგო ვარლამ! როგორც ამერიკელ პაშს, ასევე ბრიტანელ ფლემინგს ორი თავით აჯობე და ჩვენს სამშობლოს შეუფასებელი სამსახური გაუწიე!
იქვე მყოფმა ბერიამ გაიცინა და სტალინს უთხრა:
– სამაგიეროდ, ოფიცერ იან ფლემინგს გაუწია ვარლამმა ძალიან ცუდი სამსახური – ის დაზვერვიდან დაითხოვეს და, ამბობენ, ახლა მწერლობას მიჰყო ხელი – საიდუმლო აგენტის თავგადასავლებს თხზავსო...
სტალინი მოულოდნელად დააინტერესა ბერიას სიტყვებმა და უთხრა:
– იქნებ, მაგ უიღბლო ოფიცრის თხზულებები მომაწოდო.
ამ საუბრიდან სამი დღის შემდეგ ბერიამ სტალინს იან ფლემინგის „ჯეიმს ბონდის“ სამი მოთხრობა მოუტანა, რომლებიც სასწრაფო წესით გადაათარგმნინა საუკეთესო თარჯიმნებს. როდესაც დიდმა ბელადმა წაიკითხა ეს წიგნები,  თქვა:
– კაპიტალისტური პროპაგანდაა. ეგ დაუმარცხებელი ზეკაცი ბონდი საბჭოთა ოფიცერმა რეალურად ხომ მართლა დაამარცხა?
სტალინს მას შემდეგ აღარ მოუთხოვია „ბონდის“ თარგმნა და უპირატესობას სოცრეალისტურ ნაწარმოებებს ანიჭებდა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3