როგორ ვუმკურნალოთ გაციებით გამოწვეულ ყელის დაავადებებს
ანგინა ხახის ტონზილების მწვავე ანთებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად არის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. თუმცა, შეიძლება, ხახის ნაცხში ბევრი სხვა მიკრობიც შეიჭრას, მათ შორის: სტაფილოკოკი, სოკო, ნაწლავის ჩხირი, ვირუსები და ასე შემდეგ. ანგინა, განვითარების კლინიკური ნიშნებისა და სიმძიმის მიხედვით, სხვადასხვა ტიპისაა. თუმცა ჩივილები კლინიკურად თითქმის ერთნაირად ვლინდება. ეს ენია: ყელის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე. ამ დროს ხშირად იჩენს თავს ზოგადი ინტოქსიკაციის გამოვლინებები, ასევე, უძილობა, მადის დაკარგვა, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ.
ანგინის მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურია, თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ადგილობრივი ზემოქმედების საშუალებები, მაგალითად: სავლებები, აეროზოლები, საწუწნი აბები, ამოსაწმენდი ხსნარები და სხვა; ასევე, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება. რაც შეეხება პროფილაქტიკას, ამ დროს უნდა მოერიდოთ დაავადებულისგან ინფიცირებას. ბევრს სუსტი იმუნიტეტი აქვს და ანგინით ხშირად ავადდება. სასურველია, მათ იმუნოსტიმულატორები მიიღონ და ამით გააძლიერონ ორგანიზმის იმუნიტეტი.
ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის ძირითადად ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთების შედეგად ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზებია: ინფექცია, ვირუსი, მტვერი, სიგარეტის კვამლი.
მწვავე რესპირატორული დაავადების – ტრაქეიტის (ანუ ტრაქეის ანთების) და ლარინგიტის (ანუ სასის ანთების) დროს კი უებარია ევკალიპტით ინჰალაციის გაკეთება.
თუ ყელი გტკივათ ან გაციების სიმპტომებს გრძნობთ, სასწრაფოდ მოამზადეთ ევკალიპტის ნახარში და გამოივლეთ ყელში. ნახარში ასე მზადდება: 100 გრამ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული დადგით ოთახის ტემპერატურაზე. როცა გაგრილდება, გადაწურეთ.
ასევე ლარინგიტი შესაძლოა გამოიწვიოს ხმის დაძაბვამ, ნერვიულობამ, სტრესმა და გადაღლამ. ამ დროს აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება. მკურნალობა, ძირითადად, აეროზოლებითა და ინჰალაციით ხდება. ამ დროს ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტასა და ცხოვრების რეჟიმს. აუცილებელია ხმის დაზოგვა, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, უნდა მოერიდოთ ტკბილეულს, გაზიან სასმელებსა და ცივ საკვებს.
ქრონიკული ტონზილიტი მთელი ორგანიზმის ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, ნუშურა ჯირკვლების ანთებითი რეაქცია კი მისი ადგილობრივი გამოვლინება გახლავთ. ამ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის მდგომარეობა. თუ ეს დაავადება გაწუხებთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, რათა დროულად დაადგინოთ, გაქვთ თუ არა ის ინფექციები, რომლებიც ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებასა და სხვადასხვა დაავადების ლოკალიზებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, ერთდროულად უმკურნალოთ ამ ინფექციასაც და ტონზილიტსაც. ტონზილიტის სამკურნალოდ საჭიროა ნაცხის აღება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის, რათა დადგინდეს როგორც ანთების გამომწვევი მიზეზი, ისე ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა. აღნიშნული ანალიზების შედეგად, ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ნუშურა ჯირკვლების გამორეცხვას ანტისეპტიკური ნივთიერებების შემცველი ხსნარებით, ანტიბიოტიკებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით. ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ასევე, ზოგადი მიმართულების, კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.
დილით დალიეთ თაფლიანი რძე, დღის განმავლობაში კი – ერთი ჭიქა წითელი ღვინო
მედიცინაში არსებობს სპეციალური წესები, რომელთა შესრულების შემდეგ თავს მხნედ და ჯანმრთელად იგრძნობთ:
* დიდი რაოდენობით მიირთვით კალცით მდიდარი საკვები: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული;
* თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ხშირად ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;
* თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმათ აწუხებთ, ვისაც დიდხანს უწევს სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით, დაჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ, ძილის წინ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა;
* ყოველ დილით დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია პიტნის ჩაიც;
* დალიეთ დღეში ერთი ჩაის ჭიქა ყურძნის ნატურალური წვენი (ერთ მესამედ ჭიქა წყალში გაზავებული), ან ერთი ჭიქა წითელი ღვინო;
* ინტელექტუალური შრომით გამოწვეული თავის ტკივილის მოსახსნელად კარგია სადილად თევზეულის ჭამა;
* სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში უზმოზე გადაყლაპოთ ერთი კბილი ნიორი. სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ. ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის დროს, 1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით 1 კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.
ზამთრის პერიოდში ორგანიზმი მოდუნებულია, რაც ადამიანის გარეგნობაზეც აისახება და განწყობაზეც. ვიტამინების შესავსებად, ძვირად ღირებული პრეპარატების ნაცვლად, ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ:
*ერთი საშუალო ზომის ლიმონი 2 წუთით ჩაუშვით ადუღებულ წყალში, შემდეგ კი კანიანად გახეხეთ სახეხზე. დაუმატეთ ნაღების კარაქი, 2 სადილის კოვზი თაფლი და კარგად ამოურიეთ. მიღებული მასა წაუსვით პურის ნაჭერს და ჩაისთან ერთად გემრიელად მიირთვით.
*150 გრამ გახეხილ ვაშლს შეურიეთ ნახევარი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი, დაუმატეთ ნიგვზის 10 ცალი ლებანი და სამი სადილის კოვზი თაფლი. მიირთვით დღის განმავლობაში.
ორგანიზმში ასკორბინის მჟავისა და იოდის ნაკლებობა საშიშ დაავადებებს იწვევს
ადამიანის ორგანიზმისა და ბიოველის თავდაცვის უნარის შესანარჩუნებლად მეტად მნიშვნელოვანია იოდი. ეს აქტიური ფსიქობიოენერგეტიკული ელემენტი მთავარ როლს ასრულებს ადამიანის იმუნიტეტის გამომუშავებაში.
ასევე, ფარისებრი ჯირკვალი, ანუ, ეგრეთ წოდებული, ჯანმრთელობის ჰორმონი – თიროქსინი, დაახლოებით 65 პროცენტით იოდისგან შედგება. ის აძლიერებს ბიოველსა და ქსოვილების წინააღმდეგობას; უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, გათავისუფლდეს მავნე ნივთიერებებისგან; არეგულირებს სუნთქვის ინტენსიობასა და ფსიქოენერგეტიკას. ფარისებრი ჯირკვლის მეშვეობით, დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში, ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე დროს, იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ძლიერ მიკრობებს კი ასუსტებს.
ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც იზრდება სხვადასხვა დაავადებათა რისკი, შესაბამისად, ზომაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმაც, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტს. ის ჯანმრთელობის, გონებისა და სხეულის სიმხნევის, სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის აუცილებელი ჰორმონია. ფარისებრი ჯირკვალი, როცა მას იოდი აკლია, არ იზრდება ფსიქოფიზიკური და ბიოენერგეტიკული მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ, აუცილებელია, მიირთვათ იოდით მდიდარი პროდუქტები: თევზეული, ხილიდან – ფეიხოა, კივი და სხვა.
აგრეთვე, ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია C ვიტამინის, ანუ ასკორბინის მჟავის დეფიციტი. ის მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად; მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების შექმნასა და გაჯანსაღებაში. ასკორბინის მჟავა ბევრ საჭირო ფუნქციას ასრულებს. მისი მონაწილეობის გარეშე არ მიმდინარეობს ორგანიზმში ჟანგვითი და აღდგენითი პროცესები.
C ვიტამინის ზეგავლენით იზრდება სისხლძარღვების ელასტიკურობა და სიმტკიცე. A ვიტამინთან ერთად, ის იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, აბრკოლებს სისხლში ტოქსიკური ნივთიერებების შეღწევას. მას ექვემდებარება გაციებით გამოწვეული დაავადებები. თუ ასკორბინის მჟავას გამოიყენებთ ადრეულ სტადიებში, ხველა და სურდო არ გადავა ქრონიკულ ფორმაში. მისი დღეღამური დოზა დაახლოებით 40 მილიგრამია.
ორგანიზმი არ აგროვებს C ვიტამინს, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარულად მიღება. ეს ვიტამინი არატოქსიკურია და ამიტომ გადამეტებაც არ არის საშიში. მისი ზედმეტი რაოდენობა ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან. C ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს: ციტრუსები, ასკილი, კომბოსტო, თალგამი, პომიდორი, მოცხარი, წითელი წიწაკა, ნიორი, ხახვი.
როგორ ავიცილოთ თავიდან ნევროზი და რა სიმპტომები ახასიათებს მას
ნევროზს საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა. არსებობს მისი რამდენიმე ტიპი: ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზები.
*ნევრასთენიის გამომწვევია ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, გადაქანცვა, უსიამოვნო განცდები, შინაგანი ორგანოების ინფექციური და სხვა სომატური დაავადებები. მისი ნიშნებია: მომატებული აგზნებადობა, ემოციურობა, სწრაფი გადაღლა, გაფანტული ყურადღება, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, დღისით მოთენთილობა, უმადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ან პირიქით – შენელება, არტერიული წნევის მერყეობა და ოფლიანობა.
*ისტერიული ნევროზი ვითარდება თავისებური ხასიათის მქონე ადამიანებში. ის შეიძლება გამოვლინდეს თითქმის ყველა დაავადების მსგავსი ნიშნებით.
*აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს, ზოგადი ნევროზის ნიშნებთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სახის აკვიატება, კერძოდ: აკვიატებული აზრები, მოქმედებები და შიშები. აკვიატებული იდეების დროს აღინიშნება ყოყმანი, შიში, სხვადასხვა დაავადების აკვიატებული შიში; ზოგს ეშინია ღია ან დახურული სივრცის და ასე შემდეგ.
ნევროზის მკურნალობა აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობისა და მისივე დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარებით. წამყვან მეთოდად ითვლება ფსიქოთერაპია; ასევე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რაციონალურ ფსიქოთერაპიას და ავტოტრენინგს; ისტერიის დროს კი – შთაგონებასა და ჰიპნოზურ ზემოქმედებას.
ბავშვებსა და თინეიჯერებში ნევროზული აშლილობა მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ამ დროს ხშირია ენაბლუობა, ღამის შიშები, შარდის შეუკავებლობა, კრუნჩხვები, უმადობა, ჭირვეულობა, უაზრო მოქმედებები და ასე შემდეგ. ბავშვთა და მოზარდთა ნევროზების სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოტრავმული მიზეზების აღმოფხვრას. ბავშვი ადვილად ემორჩილება შთაგონებას, ამიტომ, მის გვერდით მყოფი უფროსი ადამიანი მეტად დაკვირვებულად უნდა მოქმედებდეს: აკონტროლოს ქცევები და სიტყვები, არ დაანახვოს შიში და შფოთვა და შექმნას საერთო, ჯანსაღი ფსიქოთერაპიული გარემო.
სიცივეში ცხელი წყლის სმა შეკრულობასა და გულის პრობლემებს დაგავიწყებთ
სიცივეში ყოფნისას, დაახლოებით 30-40 მილილიტრი ალკოჰოლის მიღების დროს, ადამიანი სითბოს შეიგრძნობს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მაღალი არტერიული წნევით დაავადებულებიც უკეთ გრძნობენ თავს, რადგან, ამ დროს სისხლის გადანაწილება უმჯობესდება, რაც კაპილარების გაფართოების ხარჯზე ხდება. ანალოგიური ეფექტით ხასიათდება ცხელი წყლის რამდენიმე ყლუპიც. მართალია, ის უფრო ნაკლები ხანგრძლივობისაა, მაგრამ, შეგიძლიათ, რამდენიმეჯერ დალიოთ. მით უმეტეს, რომ ეს არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ. თუ ამ პროცედურას მუდმივად გაიმეორებთ, ეს ნაწლავების გააქტიურებასა და შარდის ბუშტის ტონუსის მომატებასაც გამოიწვევს. გარდა ამისა, ცხელი წყლის მიღებით ჭარბი წონისგანაც ადვილად გათავისუფლდებით:
გადაადუღეთ ონკანის წყალი, შემდეგ შეაგრილეთ და ისევ გააცხელეთ. დალიეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, 4-5 ყლუპი – ეს ორგანიზმში უვარგისი ნივთიერებების დაგროვებას უშლის ხელს და ჯანმრთელობის გაკაჟება-შენარჩუნებაშიც გვეხმარება ზამთრის ცივ სეზონზე.
ასევე, ცხელი წყლით ადვილად შეძლებთ გულის არითმიის, ტკივილის, ქოშინის, შეკრულობისა და უძილობის დამარცხებას. მისი რეგულარული მიღება ორგანიზმს ენერგიას მატებს და საერთო მდგომარეობის ნორმალიზების საფუძველი ხდება.