„მწყემსი“ „კეთილი“
ანუ „მშვიდობაში“
მართალია, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თითქმის ერის მამის პათოსით შემოგვძახა ოდესიდან, აქედან ვერ წაშლი, ანუ ქართველობას ვერავინ წამართმევსო, თუმცა, რეალურად, როდესაც ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ავტომატურად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე (ახლა ეს ამბავი, უბრალოდ, სამართლებრივად გაფორმდა). ასე რომ, პათოსი, დაახლოებით, ნიანგისეულია?!
როგორც ჩანს, ჩვენს ყოფილს გვარიანად ეპარება ეჭვი თავისი ქართული სამწყსოს (არადა, მთელი 10 წლის განმავლობაში გვმწყემსავდა) რუხი ნივთიერების შესაძლებლობებში. თუმცა აღმოჩნდა, რომ, არც უკრაინული სამწყსოს გონებრივ მონაცემებშია მაინცდამაინც დაჯერებული.
კერძოდ, რადიო „სვობოდას“ (კიევის სტუდიის) ეთერით ბ-ნმა სააკაშვილმა დანარჩენ მსოფლიოს აუწყა, რომ საქართველოში მიტინგი არასდროს დაურბევია, თუ ერთადერთ შემთხვევას არ ჩავთვლით, როდესაც მან „ზომები მიიღო“.
თუმცა ეს ერთადერთი, რბილად რომ ვთქვა, უზუსტობა არ ყოფილა, ბ-ნმა სააკაშვილმა თავისი პარტიის ძლევამოსილებასაც გაუსვა ხაზი. მოვიხმობ ციტატას: „ვარ ლიდერი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიისა, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, პატიოსნად (პატიოსნად – მაშ!) გაიმარჯვებდა და მთავრობას ჩამოაყალიბებდა (ტყუილი, ტყუილი, პაპიროზი პირში!).“
ჩვენ არ ვიცით, რატომ უჯერებენ სიტყვაზე (ან, უჯერებენ თუ არა) ეს ჩვენი მეგობარ-პარტნიორი უკრაინელები, თუმცა, თუ უჯერებენ და მოსწონთ, სხვა რა დაგვრჩენია იმას გარდა, ვუსურვოთ, რომ მოიხმარონ „მშვიდობაში“. –