ვის გაათავისუფლებს ახალი კანონი საიჯარო ქირისა და დაგროვილი ჯარიმებისგან და როგორ ხდება სასოფლო ტექნიკა გლეხების უპირობო საკუთრება
მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფოსგან იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და საძოვრებით, ასევე ტექნიკით სარგებლობენ, 17 მილიონამდე გადაუხდელი თანხები და ჯარიმები ეპატიებათ. რა კატეგორიის მოიჯარეებს შეეხებათ ახალი კანონი და როგორია დღეს მოქმედი ადმინისტრირების წესი, ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, თინათინ ჩაჩანიძეს გავესაუბრეთ.
თინათინ ჩაჩანიძე: კანონპროექტი მომზადდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. კანონპროექტი ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეებს, რომელთაც ეპატიებათ, 2014 წლის პირველ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით, გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლო. ამასთან, კანონში შესული ცვლილებებით, მოქალაქეებს ეპატიებათ 2005–2007 წლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლო. ამ შემთხვევაშიც, საუბარია 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებულ ჯარიმებზე. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში სახელმწიფომ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა. გაცემული იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთები, მოიჯარეებს წარმოადგენდა რეგიონების მოსახლეობა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან ერთად, მოხდა საძოვრების იჯარით გაცემაც. ფაქტობრივად, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გლეხებისა და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად. მოსახლეობას წლების განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია, რა ვალდებულებები ეკისრებოდათ მათ სახელმწიფოს წინაშე, ქონების გადასახადს არასწორად აიგივებდნენ სახელმწიფოსთვის გადასახდელ საიჯარო ქირასთან. ამან გამოიწვია ის, რომ მათ დაუგროვდათ დიდი დავალიანება სახელმწიფოს წინაშე.
– ამნისტიით დარეგულირდება ადმინისტრირების პრობლემის მოგვარება?
– ეს არის ქაოტური ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენ, ერთი მხრივ, ამ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა, ეპატიოთ დარიცხული ჯარიმები, მეორე მხრივ კი, ამით ვაწესრიგებთ ურთიერთობას გლეხებთან და სახელმწიფო იღებს მოწესრიგებულ ურთიერთობებს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მიმართებაში. კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მოიჯარეებს სახელმიწიფო ჩამოაწერს და აპატიებს როგორც საიჯარო ქირას, ასევე მასზე დაკისრებულ პირგასამტეხლოს. შეღავათი შეეხება ყველა ფიზიკურ თუ იურდიულ პირს, რომელსაც იჯარით აქვს აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 2014 წლის 1 იანვრამდე ერიცხება დავალიანება. ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით რვა ათასამდე მეიჯარეს, თანხა შეადგენს 17 მილიონამდე ლარს. ხელშეკრულების ფარგლებში, მეიჯარეებს მიეცემათ შეტყობინებები, თუ რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე. მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ საიჯარო მიწა, თუ გადაიხდიან საიჯარო ქირას. ეს მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებაა. ვინც არ გადაიხდის საიჯარო ქირას, მათ შეუწყდებათ ამ მიწით სარგებლობის უფლება. პროცესი დასრულდება ხელშეკრულების შეწყვეტით. სახელმწიფოს აქამდეც შეეძლო ამ ხელშეკრულებების შეწყვეტა, ქონების უკან, სახელმწიფო მფლობელობაში დაბრუნება, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხებოდათ გლეხებსა და ფერმერებს, სახელმწიფო არ იყენებდა ამ უფლებას ცალკეული შემთხვევების გარდა.
– როგორ ხდება დღეს იჯარის თანხის განსაზღვრა და ამ მხრივ თუ იქნება ცვლილებები?
– იჯარის თანხები, როგორც წესი, ძალიან სიმბოლურია. ეს თანხები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ამ მიწების საბაზრო ფასი. რაც ძალიან კარგი დახმარებაა სახელმწიფოს მხრიდან. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ხელშეკრულებები გაწერილია 30-49 წელიწადზე, საიჯარო ვადები იმდენად დიდია, რომ ფაქტობრივად, საკუთრებას უტოლდება. საიჯარო თანხები განსხვავებულია რეგიონებისა და მიწების დანიშნულების მიხედვით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა კატეგორიის მიწის ნაკვეთს სხვადასხვა ღირებულება აქვს. ეს არის ფიქსირებული ოდენობა, შეღავათიანი ნორმატიული ფასი. საძოვრების შემთხვევაში, ქირა ნაკლებია, სახნავის შემთხვევაში – მეტი. ბუნებრივია, მარნეულისა და გარდაბნის რაიონში, სადაც მეტად ნაყოფიერი ნიადაგია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მეტი ფასი აქვს, ვიდრე მაღალმთიან რეგიონში. იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცების შემდეგ აღსრულდეს, პირებმა, რომელთაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეეხებათ, აუცილებლად უნდა მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ან ჩვენს მომსახურების ცენტრებს რეგიონებში და იუსტიციის სახლებს იმისთვის, რომ პატიების პროცედურა განხორციელდეს. მეიჯარის მომართვისთანავე პატიება შევა ძალაში. ვინც განაცხადს არ შემოიტანს, მათ მიმართ ძალაში დარჩება არსებული დავალიანება და სახელმწიფოს ექნება უფლება, მათთან ხელშეკრულება შეწყვიტოს.
– იმედია, იქ მოყვანილი მოსავლის დაყადაღების გარეშე.
– რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ-ორ დღეში. ცალკეულ შემთხვევებში, თანხები არაა მაღალი, თუ გლეხი მიწას ამუშავებს, ის საიჯარო გადასახადის გადახდასაც შეძლებს. 17 მილიონის დაგროვება გამოიწვია იმან, რომ დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთებია იჯარით გაცემული, ასევე დიდია მოიჯარეთა რიცხვი და პერიოდი, როცა ხდებოდა ჯარიმების დაგროვება. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მოქალაქეები მუდმივად მიიღებენ შეტყობინებებს, სწორად იქნებიან ინფორმირებული. შესაბამისად, პრობლემებიც აღარ იქნება.
– როგორია საკანონმდებლო ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით?
– ამ მხრივაც პრაქტიკულად, იმავე მიმართულებით წავედით: 2005-2007 წლებში გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო გაცემული პირდაპირი განკარგვის ფორმით. ტექნიკა ძირითადად გადაცემული ჰქონდათ სოფლად შექმნილ ამხანაგობებს. ტექნიკა გადაცემული იყო სიმბოლურ ფასად. გლეხებს უწევდათ საიჯარო თანხის გადახდა და დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ ხდებოდა ეს ტექნიკა მათი საკუთრება. ცალკეულ შემთხვევებში, მეიჯარეებს უჭიდათ ვალდებულებების შესრულება, რადგან ეს შეუსრულებელი ვალდებულები იყო. წლებთან ერთად, ტექნიკა ცვეთას განიცდის, გლეხს ვალდებულების შესრულება უწევდა ამორტიზებული ტექნიკის შემთხვევაშიც. ამას გარდა, ვალდებულება, მუდმივად დაესაქმებინა ადგილობრივი კადრები, ასევე შეუსრულებელი იყო. ტექნიკა, შეიძლება ათ წელიწადში აღარ არსებობდეს, მაგრამ ამხანაგობას დასაქმების ვალდებულება რჩებოდა 20-30 წლის განმავლობაში. ამიერიდან სასოფლო სამეურნეო ტექნიკა ხდება მეიჯარეთა უპირობო საკუთრება. ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით ას ამხანაგობას. სავარაუდოდ, ათასამდე გლეხი მიიღებს სარგებელს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმღებებს, რომლებიც ასევე, წარმოადგენენ ფერმერებს და გადასახდელი ჰქონდათ დიდი თანხები, გადაუნაწილდათ გადახდის ვადები, მიეცათ დამატებითი ვადები არსებული დავალიანების გადასახდელად და ეპატიათ დაკისრებული პირგასამტეხლო. ამ ნაწილში დავალიანებების რაოდენობა დაახლოებით 5,7 მილიონამდე იყო, ახალი კანონით მოხდება ამ თანხების ჩამოწერა.