ვისი ოჯახის წევრების სულების საცხოვნებელი ლოცვების დადგენა სთხოვა ხანძთაში გაბრიელ დაფანჩულმა გრიგოლ ხანძთელს
მერვე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ქართლიდან კლარჯეთში გადავიდა და იქ სამონასტრო ცხოვრების გავრცელება დაიწყო ნერსე მეორე ერისმთავრის მეუღლის ძმისშვილმა – გრიგოლ ხანძთელმა.
იმ პერიოდში აშოტ კურაპალატის კარზე მსახურობდა დიდებული აზნაური გაბრიელ დაფანჩული (შემდგომში მის შთამომავლებს დაფანჩულებს უწოდებდნენ). გაბრიელი ყოფილა ძლიერი ფეოდალი, საკმაოდ მდიდარი, ბრძენი, მორწმუნე და გამოცდილი ადამიანი. მას ჰქონია სოფლები იმ ადგილთან ახლოს, სადაც მოღვაწეობა დაიწყეს გრიგოლ ხანძთელმა და მისმა მოწაფეებმა.
პირველ ხანებში ძმებს ხანძთაში ძალიან გაუჭირდათ. არაფერი არ ჰქონდათ, სამუშაო იარაღებიც კი. თავიდან ოპიზელი ბერები ეხმარებოდნენ – აწვდიდნენ საკვებს, სამუშაო იარაღიც ათხოვეს, თუმცა, ეს არ იყო საკმარისი. ბერებმა ჯერ დიდი გაჭირვებით ააგეს ხის ეკლესია, ხისავე სენაკები და სატრაპეზო. სამშენებლო ქვით მდიდარ მხარეში ხის ეკლესიის აშენება იმის ნიშანია, რომ ბერები საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობდნენ. საძმო კი მრავლდებოდა და ბევრი რამე იყო აუცილებელი. საჭირო გახდა ქვის ეკლესიის აგება და სამონასტრო მეურნეობის გამართვა, წიგნების შეგროვება, საეკლესიო ნივთები და სხვა. ყოველ დროში ბერები ხშირად თვითონ შრომობდნენ, მოჰყავდათ მოსავალი და, ასევე, შემოწირულობით ცხოვრობდნენ. თავიდან ხანძთელთა საძმოს შემომწირველი არ ჰყავდა და ამის გამო მამა გრიგოლმა გადაწყვიტა, მისულიყო გაბრიელ დაფანჩულთან. როცა ნეტარი გრიგოლი მივიდა დიდი აზნაურის, დაფანჩულის ოჯახში, გაბრიელი შინ არ დაუხვდა. მისი ღვთისნიერი მეუღლე – მარიამი, დიდი სიხარულით შეეგება ნეტარ გრიგოლს და ჯეროვანი პატივი სცა, შემდეგ ხალხი გააყოლა თან და უთხრა: „წმინდაო მამაო, ასწავლე ამათ გზა შენი მონასტრისკენ. ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებით თქვენ და თქვენი სულიერი შვილები, არაფერი მოგაკლდებათ ჩვენგან. თქვენს წმიდა ლოცვებში მოგვიხსენიეთ ჩემი ბატონი მეუღლე გაბრიელი, მე და ჩვენი შვილები“.
გახარებული მივიდა მამა გრიგოლი მონასტერში და გაახარა თავისი ძმებიც.
როცა შინ დაბრუნდა გაბრიელ მთავარი, ღვთისმოყვარე მეუღლემ აუწყა მას მამა გრიგოლის სტუმრობის შესახებ და უამბო, როგორი დაიმედებული გაუშვა წმიდა მამა. ძალიან გაუხარდა ამის გაგება მეფის აზნაურს და დიდი მადლობა უთხრა მეუღლეს. შემდეგ დაწერა წერილი, სადაც სთხოვდა მამა გრიგოლს მასთან კვლავ მიბრძანებას და გაატანა თავის მსახურებს, რომლებმაც უკვე იცოდნენ მონასტრისკენ მიმავალი გზა.
ქართული ეკლესიის სიამაყე, გრიგოლ ხანძთელი გაჰყვა დიდაზნაური გაბრიელის ხალხს და ესტუმრა მას.
როგორც კი შეატყობინეს, მამა გრიგოლი მოდისო, გაბრიელი ადგა, მიეგება, თაყვანი სცა სიხარულით და ხელზე ეამბორა. შემდეგ დიდი პატივით მიიღო და მრავალი დღე სახლში ჰყავდა ძვირფასი სტუმარი.
ფეოდალმა გააცნო უდაბნოს ვარსკვლავს – მამა გრიგოლს, თავისი ოთხი ვაჟი: პატრიკი, გვარამი, არშუშა და აბუსალათი და სთხოვა:
„წმიდაო ღმთისაო, აკურთე ესენი შენი წმინდა ხელდასხმით, როგორც ისრაელმა იოსების ძენი აკურთხა. აკურთხე ჩვენი შვილები ჩვენთან ერთად!“
რომ იხილა წმიდა გრიგოლმა გავლენიანი და მდიდარი ფეოდალის ასეთი სარწმუნოება და მორჩილება, სიხარულისგან ცრემლი მოადგა თვალებზე, ადგა, აღმართა თავისი წმიდა ხელები ცისკენ და წარმოთქვა:
„უფალო! მარადიულად შენს მორწმუნეებს, რომლებიც იკურთხებიან, სიტყვას უსრულებ. ახლაც, უფალო, მოხედე ლოცვას შენი გლახაკი მონისას და ლოცვითა ყოველთა წმიდათა შენთათა აკურთხე მშობლები შვილებითურთ და შვილები მშობლებთან ერთად. აკურთხე ეს კეთილმორწმუნე და შენი სახელის მადიდებელი ოჯახი, როგორც აკურთხე სახლი ნოე მართლისა და აბრაამ მამამთავრისა და ყველა შენი ნებისმყოფელი. ღმერთო დიდებისაო, იგივე კურთხევა საუკუნო დაამკვიდრე ამათ შორისაც და უხვად მიანიჭე ამქვეყნიური სიკეთე, დღეგრძელება და დაუსრულებელი სიხარული ზეცაში. და ჩვენთვის წყალობა ჰყავ. ამინ“, – შემდეგ ჯვარი გადაწერა ყველას და დაჯდა. მაშინ გაბრიელმა უთხრა წმიდანს:
„ქრისტემ საქმით დაამტკიცოს შენი სიტყვები, ღირსო მამაო და ჩვენ მოგვცეს უფალმა გულმოდგინე მსახურება შენი სიწმიდისა. ჩვენთან არის ხორციელი სიძლიერე, თქვენთან კი სულიერი სიძლიერე. და შევაზავოთ ისინი ურთიერთს. თქვენ მონაწილე გაგვხადეთ თქვენი წმიდა ლოცვების მადლისა ამ ცხოვრებაში და სიკვდილის შემდეგაც. ჩვენს ძვლებს კი თქვენი წმიდა ძვლების გვერდით დაკრძალვის პატივი არგუნეთ. ჩვენთვის ლოცვა განაწესეთ თქვენს მონასტერში და ჩვენ აღგითქვამთ, ჩვენი და ჩვენი შვილების და შვილთაშვილების სიცოცხლის განმავლობაში ვიქნებით თანამოღვაწე თქვენი საქმიანობისა, უკუნითი უკუნისამდე.
წმიდაო მამაო, ადგილიც გამონახეთ დედათა მონასტრისათვის და ჩემს შთამომავლობაში ასე იქნება: თუ მოწესე იქნება მამაკაცი, მისი სამკვიდრებელი იქნება ხანძთა, თუ მოწესე იქნება დედაკაცი, იქ დაემკვიდრება, სადაც შენ კურთხეულ ადგილს გამოარჩევ. საძვალედ ჩვენი მამაკაცებისთვის ხანძთა იყოს, ხოლო მიცვალებული ქალებისთვის ჩემი სახლიდან – დედათა მონასტერი, რომელიც აშენდება შენ მიერ გამორჩეულ ადგილას.“
გაბრიელ დაფანჩულმა შესთავაზა მამა გრიგოლს მისი მონასტრების – ხანძთისა და დედათა მონასტრის ქტიტორობა, ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი სთხოვა ლოცვა და საძვალე მისთვის და მისი შთამომავლობისთვის – ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.
გრიგოლ ხანძთელი, რა თქმა უნდა, დათანახმდა და ასე იყო ოდითგანვე: საერო პირების შემწეობით ხდებოდა ეკლესიებისა და მონასტრების მშენებლობა, ხოლო სასულიერო პირების მეშვეობით – ოჯახებისა და სახელმწიფოს მორალური გაძლიერება, ადამიანების სულების გადარჩენისათვის ზრუნვა.
ნეტარმა გრიგოლმა ეძება კარგი ადგილი დედათა მონასტრისთვის და იქვე, კლარჯეთში იპოვა, გუნათლეს მახლობლად, გაბრიელ მთავრის მამულში. იქ ააშენეს დედათა მონასტერი, რომელსაც გუნათლეს ვანი უწოდეს. მამა გრიგოლის განკარგულებით, დედათა სავანეში მღვდელი ხანძთიდან დადიოდა, როგორც ეს ითხოვა გაბრიელ დაფანჩულმა.
შემდეგ აზნაურმა გაბრიელმა ხანძთის ასაშენებლად მამა გრიგოლს კირითხუროები გამოაყოლა და მისცა ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო ქვიტკირის ეკლესიის ასაშენებლად.
გახარებულმა ბერებმა დაავაკეს ეკლესიის ასაშენებლად მთაზე ადგილი და შეუდგნენ ხანძთის პირველი ქვის ეკლესიის მშენებლობას. სამუშაო ბევრი ჰქონდათ. ხანძთაში ძნელი იყო სამშენებლო მასალის მიტანა, რადგან იქამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით იყო შესაძლებელი და ადამიანს ძალიან შორიდან უნდა ეზიდა და ზურგით აეტანა მთაზე ქვა და კირი. ძნელი იყო მთის მოჭრაც, რადგან იქ კლდოვანი ადგილებია. მაგრამ, მამა გრიგოლის ლოცვით, გაბრიელ დაფანჩულის დახმარებითა და უფლის ნებით, აშენდა მონასტერი ხანძთისა.
შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვებიც შეეწივნენ ხანძთის მონასტერს.
ხანძთასა და გუნათლეს მონასტრებში დაფანჩულთა სულების საოხად საუკუნეების განმავლობაში ლოცულობდნენ.
მალე იმ ტერიტორიაზე გამრავლდა საძმო და სხვა ადგილებშიც დაიწყეს მონასტრების მშენებლობა.