მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომ კრძალავს ქრისტიანობა ეკლესიაში შორტებით ან მოკლე კაბით შესვლას?
პასუხი: უპირველესად იმიტომ, რომ არ იქცეს საცდურად სხვა ადამიანებისთვის. მეორეც – პატივისცემა და მოკრძალება ტაძრისადმი ითხოვს თვით გარეგნული იერის შესაბამისობას ტაძრის სიწმიდესთან. თუ ადამიანს არ აქვს პატივისცემის გრძნობა სალოცავის მიმართ, მის სულში ვერ იქნება მოწიწება უფლისადმი.
კითხვა: მაღალი იერარქიის სასულიერო პირების კვერთხზე ხშირად შემინიშნავს გამოსახული გველი. რას ნიშნავს ეს?
პასუხი: გველი მრავალმხრივი სიმბოლოა. ის არა მხოლოდ ბოროტ ძალას განასახიერებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში სიბრძნესაც.
კითხვა: ვისთან არ შეიძლება მეგობრობა?
პასუხი: ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, გამთიშველებთან, მათთან, ვინც არ ინახავს მარხვას – ასე შეგვაგონებდა წმიდა სერაფიმე საროველი. უნდა განეშოროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ ეშინია უფლის და არ სცემს მას თაყვანს.
კითხვა: გარდა სასიამოვნო სურნელისა, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საკმევლის კმევას?
პასუხი: საკმევლის კმევით ძველთაგანვე სიმბოლურად აღიქმებოდა უფლისადმი აღვლენილი ლოცვები და ადამიანის დაუოკებელი სურვილი, რათა ღმერთამდე მისულიყო ისე, როგორც მაღლდება საკმევლის ბოლი.