რა ოინი მოაწყვეს „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში გუგული მგელაძემ, რეზო ჩხეიძემ და მიშა კობახიძემ
„შავ-თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება, და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს. აპარატს ტენი ფერადი ფირით, ის კი ჯიუტად შავ-თეთრად იღებს...“
კინოში შემთხვევით მოხვდა. მაშინ სულ პატარა ბიჭი იყო. მაღაზიიდან სახლში მიმავალს უცნობი ქალი აჩერებს და ეუბნება, რომ ხვალ კინოსტუდიაში მივიდეს. ისიც მივიდა. „მიხაილ ედიშეროვიჩ! – მიმართა ალიანდრამ ნახევრად მელოტ კაცს, – აბა, ამ ბიჭს შეხედეთ! იმ კაცმა შემომხედა და თქვა: „ჩააცვით, დაახურეთ პარიკი, დაუნიშნეთ ხელფასი და ხვალ მოიყვანეთ გადაღებაზე!..“ ვკითხე, ვინ უნდა ვითამაშო-მეთქი. გიორგი სააკაძის უფროსი შვილიო... ყველაფერი ისე უცებ და უბრალოდ მოხდა... მე კი მეგონა, კინოში რომ გადაგიღონ, ფული იქეთ უნდა გადაიხადო,” – იხსენებს გუგული მგელაძე. 18 წლის ხდებოდა. სულ მალე ჯარში გაიწვევენ. შემთხვევით, გაზეთში განცხადებას მოკრა თვალი, რომ მოსკოვის კინოსტუდიის სასწავლებელი აცხადებს მიღებას სამსახიობო ფაკულტეტზე. დედას კინო არასერიოზულად მიაჩნდა, უნდოდა, მისი შვილი ექიმი გამოსულიყო. საბუთებიც კი შეუტანია შვილის დაუკითხავად სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ ჩაიჭრა, რამაც ძალიან გაახარა. მოსკოვში, ჯიბეში ერთი „ბუხანკა“ პურის ფულით და ბიძის ნახმარი პიჯაკით წავიდა. კომისიას თითქოს მოეწონა ბიჭი, მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტის დეკანმა ძლიერი ქართული აქცენტის გამო დაიწუნა. „მერე რა, სტალინს სომხური აქცენტი აქვს-მეთქი, – წამოვროშე. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ჩემმა გულწრფელმა პასუხმა გაჭრა და გავხდი სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი,“ – იხსენებს ის. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისში ბრუნდება და კინოსტუდიის შტატში ირიცხება. ხელფასს აძლევდნენ, როლებს კი – არა. უცებ იწყებს სცენარის წერას, რომლის გამოცდილებაც არასდროს ჰქონია. სცენარს მოსკოვში აგზავნის. მისცეს წამახალისებელი პრემია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სცენარი პროფესიულად იყო დასამუშავებელი. ძველ კინოსტუდიაში შემთხვევით ხვდება სულიკო ჟღენტს. შესთავაზებს სცენარზე ერთად მუშაობას. სულიკო თანხმდება. სცენარზე სამუშაოდ სასტუმრო „თბილისში“ ლუქსს ქირაობენ. „ჩვენი სამუშაო ოთახი „კაზინოს” დაემსგავსა: ღამით სცენარს ვწერდით, დღისით ვქეიფობდით, პოკერს ვთამაშობდით. დამთავრებული სცენარი კინოსტუდიის დირექტორს შევუტანეთ. მგონი, არც წაუკითხავს. სასცენო განყოფილებაში შეუტანია და მაგიდაზე დაუდევს – წაიკითხეთ და ყურადღება მიაქციეთ წითელი ღვინის ლაქებსო. დაგვაწერინეს განცხადება, რომ გარკვეული მიზეზების გამო, უარს ვამბობთ სცენარის დამუშავებაზე. მიღებული ავანსის დაბრუნებაც დაგვაკისრეს. ლუქსიდან ისევ ჩემს პატარა ბინაში გადავსახლდი. კინოსტუდიისკენ გახედვაც აღარ მინდოდა და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა შტატგარეშე,“ – იხსენებს რეჟისორი. თეატრში, როგორც თავად ამბობს, ვიჯექი და ბუზებს ვითვლიდიო. ერთ დღესაც ლილი იოსელიანმა რაიკომის მდივნის მძღოლის როლი შესთავაზა. რაიკომის მდივანს კი, თავად სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. პრემიერის დღეც დადგა. „ზაქარიაძეს ასეთი სიტყვები ჰქონდა: „ადამიანს და მის სიცოცხლეს მოფრთხილება უნდა, ამხანაგებო!” – თან, თვალზე ცრემლს იწმენდს. მივჩერებივარ კულისებიდან აღტაცებული. მესამედ გაიმეორა და უცებ ყვირის: სად არის მძღოლი? – აქ ვარ – უცებ გამოვფხიზლდი.“ იმ დროს თეატრში თენგიზ აბულაძის მეუღლე, მზია მახვილაძე იყო. მეუღლისთვის უთქვამს თუ როგორ ჩაუშლია გუგულის პრემიერა, რაზეც აბულაძეს ბევრი უცინია. მერე გაუგია, თეატრიდან გამოგდებული რუსთაველზე უსაქმოდ რომ დაბორიალობდა და შეუთვლია, ენახა. მალე აბულაძის ასისტენტი ხდება ფილმზე „სხვისი შვილები.“ კინოში მისი რეჟისორად დაბრუნება სწორედ ამ პერიოდში ხდება. ფილმი დასრულებული არაა, რომ მოსკოვში საქორწინო მოგზაურობით მიდის. უკან დაბრუნებისას მატარებელში შემთხვევით ხვდება სერგეი გერასიმოვი. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ის უგამოცდოდ ხდება „ვგიკის” სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ყველაფერი თავიდან იწყება. დამთავრების შემდეგ თბილისში ბრუნდება სადიპლომო ფილმის გადასაღებად. „აქედან იწყება ქართული კინოს ოქროს ხანა. გადავიღე „ბურთი და მოედანი.” კინოსტუდიის ახალი დირექტორი მიშა კვესელავა გახლდათ. იპოლიტე ხვიჩია სწორედ მისი კანდიდატურა იყო, რომელიც მაშინ ქუთაისის თეატრში თამაშობდა და არ იყო ცნობილი. ამის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით გადავიღე: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი,” „ცისკრის ზარები,” „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ,” „ციცინათელა”, მოგვიანებით – „ფესვები”, „გაჭედილები”...
„ფესვები“ გუგული მგელაძის სავიზიტო ბარათად იქცა. „ბურთი და მოედანი“ მისი რეჟისორად აღიარების სიმბოლოა. აი, რას ამბობს ის თავის პირველ ფილმზე: „თუ ტრაბახია - ტრაბახი იყოს! ხმა გავრცელდა – ჩარლი ჩაპლინს კარტოთეკაში „ბურთი და მოედანი“ ჰქონდაო. ბევრ ჩემს კოლეგას ამაში ეჭვი ეპარება. ეს ხმა თვითონ გუგულიმ გაავრცელაო!..“ გამორიცხულია არაფერია. ადვილი შესაძლებელია, ჩარლი ჩაპლინს მართლაც ენახა ეს შესანიშნავი ქართული ფილმი და თავის საყვარელი ფილმების სიაში შეეტანა. გუგული მგელაძემ მართლაც მოახერხა თავის მცირერიცხოვანი და ექსტრემალურად გადაღებული ფილმებით, ყველას გაოცება. ვინც კარგად იცის კინო, ამაში მხოლოდ ის დამეთანხმება. ამჯერად მისი დღიურიდან არა პირად ცხოვრებას, მის შემოქმედებას გთავაზობთ. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მგელაძის, ზოგადად ამ რუბრიკაში ყველა ცნობილი ადამიანის პატარა-პატარა ისტორიების მოყოლის სურვილი ოჯახში, ნაცნობ-მეგობართა წრეებში, ბევრს გაუჩნდება.
***
„ბედნიერებაა! პირველად ჩემს ცხოვრებაში მივემგზავრები უცხოეთში და იცით სად? – ლონდონში! იქ სხვა ქართულ ფილმებთან ერად, ჩემი ფილმიც იქნება ნაჩვენები! რეზო ჩხეიძე, მიხეილ კობახიძე და მე, მოსკოვში ჩავფრინდით. რეზო სასტუმრო „მოსკოვში“ დაბინავდა, მე და მიშიკო – „როსიაში“. გავეშურეთ კინოკავშირის სპეციალურ განყოფილებაში, სადაც ჩვენი გამგზავრების უკანასკნელი, ფორმალური მხარეები უნდა მოგვარებულიყო... ხვალ ლონდონში მივფინავთ... ჩავფრინდით ლონდონში... გვხვდება ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი მაიკლი (მიშას ინგლისელები მაიკლს ეძახიან. მიშა კობახიძეში რომ არ აგვერიოს, ჩვენც ასე დავუძახოთ) მაიკლმა იცის ჩვენი ამბავი და აქვე გვიცხადებს, რომ კინოაკადემია, ვისი მიწვეულებიც ვართ, გვიხდის მივლინების 100 ფუნტს, უზრუნველყოფს სასტუმროს, კვებას, ტრანსპორტს და სხვა ყველა სიკეთეს... ფესტივალის გახსნის მეორე დღეს რეზო, მიშიკო და მე ქალაქში გამოვედით. რეზომ იტალიური სასაუზმე დაინახა. აიტეხა „სპაგეტი“ ვჭამოთო (რა გვენაღვლებოდა, ას-ასი ფუნტი ჯიბეში ხელუხლებელი გვედო). გეახელით მაკარონი პომიდვრის წვენით და თითო ბოთლი „კოკა-კოლა“. რეზომ თავი მოიკლა, არ დაგვანება და დანახარჯი ექვსი ფუნტი თვითონ გადაიხადა. მერე ლონდონის ქუჩებში გავისეირნეთ... უცებ გვესმის ხმა: მოდით, აქ მოდით! მიშიკო მაღაზიის ვიტრინაში იყურებოდა, თან ჟესტით გვიხმობდა. მივედით ვიტრინასთან. შეხედეთ! – მიშამ ვიტრინაში ქალის ფეხსაცმელზე მიგვანიშნა, – შეხედეთ ფასს! შევხედეთ. ფეხსაცმელი ორი ფუნტი ღირდა. – ასეთი ფეხსაცმელები ჩვენთან ორასი მანეთი ღირს! ესე იგი დაასკვნა მიშიკომ – 600 მანეთის მაკარონი შეგვიჭამიაო...
ცნობილი „მადამ ტიუსოს“ მუზეუმში თქვენ შეხვდებით სანთლისგან გაკეთებულ ადამიანის ფიგურებს, რომლებიც საოცრად გვანან თავიანთ პროტოტიპებს... სწორედ აქ გახლდით ჩვენ სამივენი... ჩემი ყურადღება მიიპრყო ერთმა ხანშიშესულმა, ჩია ტანის ქალმა, რომელიც დიდი გულისყურით ათვალიერებდა თანამედროვე კოსტიუმებში ჩაცმული ინგლისელი მწერლების ფიგურებს... და ბოლოს ერთ ფიგურასთან გაჩერდა. უცებ თვალები გაუფართოვდა, მერე აღტაცებულმა თავი გააქნია: ეს რა ხელებმა შექმნეს ასეთი შედევრიო. უცებ გაშეშებულმა „ფიგურამ“ ხელი ქალის სახისკენ წაიღო, საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა, მიაჭირა და „კუ-კუო“ დაიძახა. ქალი შეხტა, იატაკზე დაეცა... ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კუ-კუს დამძახებელი „ფიგურა“ მიშა კობახიძე გახლდათ. იქვე გაჩნდა ორმეტრიანი პოლიციელი. შეშინებულმა მიშამ, რუსულითა და ჟესტებით დაუწყო ახსნა პოლიციელს, რომ არ ეგონა, მის ხუმრობას თუ ასეთი შედეგი მოჰყვებოდა. ამასობაში ქალი გონს მოეგო, მაგრამ მიშას რომ შეხედა, ისევ კინაღამ წაუვიდა გული. მე ხელი მივაშველე. მერე ქალმა უცებ გაიღიმა, მიშიკოს თითი დაუქნია და გერმანულად რაღაც უთხრა: ალბათ „შე ეშმაკოო!.. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მიშიკომ გერმანელ ქალბატონს მუხლზე დაუჩოქა და ხელზე ემთხვია.
მაიკლმა დაგვპატიჟა წარმომადგენლობაში. მშივრები მივედით. მაგიდაზე ვისკის მოზრდილი ბოთლი იდგა. იქვე, საინზე პატარ-პატარა ბუტერბროდები. „ალაფურშეტს“ რომ ეძახიან, ის იყო სწორედ. მაიკლი ერთი წუთით ოთახიდან გავიდა და რომ შემოვიდა, საინი ცარიელი დახვდა. ისევ შემოიტანა ბუტერბროდები. გავიდა. რომ შემოვიდა, საინი კვლავ ცარიელი დახვდა. გაშტერდა. მიშიკომ წაუხახლურა: „სლუშაი, მიხაილ, ბროს ტი ეტი ანგლისკიე შტუკი, დავაი პო-ნაშემუ, მი ჟე გალოდნიე!“.. და მაიკლმა შემოიტანა ბუხანკა პური, მთლიანი ძეხვი და ერთი თავი ყველი. „ვოტ ეტო პო-ნაშემუ!..” იწურებოდა ჩვენი ფესტივალზე ყოფნის დრო. არ დაგვკლებია მასპინძლების პატივისცემა... აეროპორტში, ჯიბეები მთლად გადმოვიტრიალე და ვერა და ვერ აღმოვაჩინე ჩემი ბილეთი. რჩები, ყარამან? (გუგული მგელაძის მეტსახელი – ავტორი) – მესმის რეზოს ხმა საბაჟოს იქითა მხრიდან. სულ ცოტა დრო რჩება გაფრენამდე. საშინელ დღეში ვარ, ვრჩები რა!.. თანაც სად? – უცხო ქვეყანაში! უკაპიკოდ, უსახლკაროდ, უენოდ. არა, ყველაფერს ეშველება. არსებობს წარმომადგენლობა, ჩვენი მასპინძლები - ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ენა? უცხო ენის გარეშე აქ ხომ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ... ნახე, კარგად ნახე, ყარამან! - ხუმრობის ხასიათზეა საბაჟოს იქით გასული რეზო. ეს რა უბედურებაა, – ვფიქრობ მე, – ჯერ იყო და აქეთ ვერ მოვდიოდი, ახლაა და იქით ვეღარ მივდივარ! უცებ, შარვლის უკანა ჯიბეში, ჩემი ხელის თითები პრიალა ქაღალდს შეეხო. ესაა! ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი...
ეს ის პერიოდია, ვერცერთი ახლადგადაღებული ფილმი, მოსკოვის კინოკომიტეტის ვიზის გარეშე, ეკრანს ვერ იხილავდა. ჰოდა, ვზივარ ამ კომიტეტის მისაღებში და ველოდები დასკვნას წინა დღეს ნაჩვენები ჩემი ახალი ფილმისას, რომელიც რედაქტორებმა სიცილით კი არა, დუმილით მიიღეს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩემი ფილმი კომედია გახლდათ, სათაურით – „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“... ცოტას გადავუხვევ: როდესაც ეს ფილმი მაშინდელ ცეკას მდივანს ვაჩვენეთ, პატარა კურიოზი მოხდა. სანამ ფილმის ჩვენება დაიწყებოდა, ცეკას მდივანმა მკითხა: – „რა ჰქვია ამ თქვენს ფილმს?” დავიბენი. ენა მუცელში ჩამივარდა. „თქვენ რა, არ იცით რა ჰქვია თქვენ მიერ გადარებულ ფილმს?!. ვიცი“, – წავილუღლუღე. „ჰოდა, თქვი“! – თავი გვერდზე გადახარა ცეკას მდივანმა. ოფლმა დამასხა, არ გინდა, ცეკას მდივანს უთხრა: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“? ბოდიში გიშველის? ქართული კონოს მინისტრს მივაპყარი მზერა: ვიღუპები, თუ კაცი ხარ, მიშველე რამე-მეთქი. აჭარხლებულმა მინისტრმა ჩუმად ჩაილაპარაკა: ცოტა უცნაური სათაური აქვსო და ისე შემომხედა, თითქოს რაღაც დამეშავებინოს. „რა სათაურია ასეთი?” – იკითხა ცეკას მდივანმა... ბოდიში... დაიწყო მინისტრმა და ვეღარ დაამთავრა. ბოდიშების დრო არ გვაქვს! – თქვა ცეკას მდივანმა და მაჯის საათს დახედა. – „ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი“ – როგორც იყო მოახერხა მინისტრმა და სულელურად გაიღიმა. „მე, კაცო?” – შეიცხადა ცეკას მდივანმა. – „არა, თქვენ, არა!” – შეცბა მინისტრი, – „სათაური აქვს ასეთი“, – მე გამომხედა და თვალები დამიბრიალა. – „დავიწყოთ!” – უკვე წყრომით თქვა ცეკას მდივანმა და დაიწყო ჩემი წამება... სიცილი კი, არა, ღიმილის ნასახიც ვერ შევამჩნიე ვერც ერთს, სანამ იპოლიტე არ გამოჩნდა ეკრანზე. გადავრჩი... ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ აქაც, მოსკოვის კინოკომიტეტშიც იგივე განმეორდა. ჰოდა, ვზივარ მე ამ კომიტეტში და ველოდები განაჩენს. მისაღებში უსაშველოდ მაღალი, ზორბი კაცი შემოვიდა. დამინახა თუ არა, მეცა, გადამეხვია და აღტაცებით წამოიძახა: „ნუ ტი, ბრატ, მოლოდეც! კაკოი პრეკარსნი ფილმ სნიალ! ეტო ჟე ეპოხა ცელაია...“ ტელეფონს ეცა, დარეკა და აღელვებულმა ყურმილში ჩასძახა: „მანია! ია სეიჩას პრივედუ კ ნამ ტაკოვო ჩელოვეკა, ტი ობალდეეშ! ნაკროი სტოლ...“ რამდენიმე ხანში, მის სახლში სუფრას ვუსხედით. იმდენ ქება-დიდებას ვისმენდი ჩემი მისამართით, რომ შეზარხოშებულმა თავი ეიზენშტეინად წარმოვიდგინე და დავიჯერე, რომ მართლაც დიდი ხელოვანი ვარ. მერე ჩემს ადამიანურ ღირსებებზე იმდენი რამ გავიგე, რაზედაც აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა და სუფრაზე ამაყად მჯდომმა ვკითხე: – საიდან იცი, ეს ყველაფერი-მეთქი? როგორო, გაიკვირვა, – მე ყველაფერი ვიცი, რაც ქართულ კინოს ეხება და შენ ეგეთ რაღაცეებს თავი დაანებეო, გამიწყრა. მადას არ ვუჩიოდი. დილიდან მშიერმა გავაჩანაგე, რაც კი სუფრაზე იყო. იქ კი, ყველაფერი იყო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. უმთავრესად ხიზილალას და „ბალიგს“ ვაწვებოდი... როცა კარგა მაგრად შეთვრა, ქართული კინოს დიდმა ქომაგმა, ჩემმა მასპინძელმა, მხარზე თავისი უშველებელი ტორი დამადო და მორიდებით მითხრა: „უ მენია ოდნო-ედინსტვენოე ზამეჩანიე კ ტვოემუ ფილმუ... მოჟნო, სკაჟუ? – გოვორი, – ნე ობიდესშია? – კაკიე, გლუპოსტი! – ვოტ ვ ტომ მესტე, კოგდა უ მოსტა ნა სტენე ნაპისანო: „სდეს პროშლი ტანკი გოდერდზი მახარაშვილი“, უ ტებია ნემნოგო ზატიანუტო.” ჩანგალი ხელიდან გამივარდა. – „ობიდელსია!”– და „ნეტ”... ვთქვი და ერთბაშად გამოვფხიზლდი... ვაი, შენს ყარამანს! ჩემს კეთილ მასპინძელს შევუსანსლე მთელი ჰონორარი, გავიჟღინთე „ნაპოლეონით“ და ამ კაცს თურმე რეზო ჩხეიძე ვგონივარ... გონება მოვიკრიბე და სანამ ჩემი ამბავი გამჟღავნდებოდა და პანჩურის კვრით გამომაგდებდნენ სახლიდან, მტკიცედ შევპირდი ჩემს მასპინძელს, რომ ფილმის იმ გაჭიანურებულ ადგილს, თბილისში ჩასვლისთანავე შევამოკლდებდი. კბილის ტკივილი მოვიმიზეზე და მოვცოცხე იქიდან.“