პირადად გავიცნოთ მტერი!
ნათქვამია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ მსხვერპლსაც გააჩნია. ეს გამოთქმა, ცხადია, არ ნიშნავს გამოუსწორებელ მსხვერპლს.
ნებისმიერი პარფიუმერია, კოსმეტიკა და თვით კვების პროდუქტებიც კი, შეიცავს უამრავი სახის ქიმიურ ნივთიერებას, რომლებსაც სხვადასხვა სახისა და სიძლიერის უკუჩვენება აქვს და ამ საშუალებების ხშირად გამოყენება იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას. ეს რომ არ მოხდეს, უნდა იცოდეთ, რომელ ნივთიერებას რა ზიანის მოტანა შეუძლია და ამის გათვალისწინებით შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი.
გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
პარაბენები ყველაზე მავნე კონსერვანტია. იწვევს სარძევე ჯირკვლების კიბოს.
სინთეთიკურად წარმოებული შარდოვანა გამოყოფს საშიშ კანცეროგენს - ფორმალდეჰიდს, რომელიც ორგანიზმზე ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას და, შესაძლოა, გახდეს ონკოლოგიური დაავადების წარმოქმნის მიზეზი.
ბენზოლს, ფენოქსიეთანოლსა და ბრონოპოლს ცალ-ცალკე აქვს უნარი, გამოიწვიოს სერიოზული გაღიზიანება, აქერცვლა და კანის ჰიპერემია; ბენზოლი და ბრონოპოლი ერთობლიობაში კი, შესაძლოა, შხამად იქცეს ძვლის ტვინისთვის.
სინთეტიკური სპირტები უკიდურესად მავნე ნივთიერებებია. ხშირი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს შაკიკი, თავბრუხვევა, სისხლდენა ცხვირიდან და თვით კიბოც კი.
სილიკონები (რომელთა დასახელების დაბოლოებაა - thicone) ახდენს ფორების ამოვსებას და ქმნის სათბურის ეფექტს, რადგან მის მიერ წარმოქმნილი მკვრივი აპკის გარღვევას ვეღარ ახერხებს სასარგებლო ნივთიერებები. ყველაზე საშიშია სილიკონებისა და ტოქსიკური ნივთიერებების შერწყმა, რადგან ამ შემთხვევაში, ხდება მავნე ნივთიერებების „ჩაბეჭვდა” კანში და ძლიერდება მათი შეწოვა.
საშიში არომატიზატორები შესაძლოა, გახდეს ქალებში – ორსულობის შეწყვეტის, კაცებში კი – პოტენციის დაქვეითების მიზეზი.
საშიში საღებავებია: CL 61565 (მწვანე გამხსნელი), I 1680 (ყვითელი პიგმენტი), CL 61570 (ნეონისფერი მწვანე).
სულფატები ქაფის წარმომქმნელი აგენტებია, რაც ახდენს კანის გაუცხიმოვნებას და „ჩამორეცხავს” მისგან მტვერსა და ჭუჭყს. სულფატებს შეუძლია ქსოვილსა და შინაგან ორგანოებში დაგროვება, იწვევს უჯრედულ მუტაციებსა და უამრავ დაავადებას.