კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ თამაშობდა სტალინი ჭადრაკს დაფაზე დაუხედავად და ვის მოუგო მან ასე პარტია ციმბირულ გადასახლებაში

მიუხედავად იმისა, რომ სტალინზე უამრავი რამაა დაწერილი და მისი ბიოგრაფიის მკვლევრებმა დიდი ბელადის ცხოვრება თითქმის საათობრივად შეისწავლეს, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იოსებ ბესარიონოვიჩი ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ძლიერადაც თამაშობდა. მართალია, მას ძალიან იშვიათად უწევდა ხოლმე ჭადრაკის თამაში, მაგრამ, როცა თამაშობდა, თითქმის ყოველთვის იგებდა და ყველაზე ძლიერ მეტოქეებსაც კი პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა. მეტიც, სტალინს ჭადრაკის თამაში დაფაზე დაუხედავად, ზეპირადაც შეეძლო და პარტიის მოსაგებად მეტოქის პირისპირ ჯდომა არ სჭირდებოდა. 1924 წლის 3 მაისს დიდი ბელადი შეუძლოდ გრძნობდა თავს და კრემლში არ გამგზავრებულა. მას მარცხენა ხელი სტკიოდა და ამიტომ ზუბალოვოში დარჩა. მან თავისთან მიხმო და მითხრა:
– პოსკრებიშევი როცა დარეკავს, უთხარი, რომ ყველა შეხვედრა ხვალისთვის გადაიტანოს, ძერჟინსკი კი აქ გამოუშვას.
– გასაგებია, – მივუგე სტალინს და წავედი.
„ჩეკას“ თავმჯდომარე ფელიქს ძერჟინსკი ზუბალოვოში შუადღისთვის ჩამოვიდა. რადგან მიცნობდა, გამიღიმა, ენერგიულად ჩამომართვა ხელი, მომიკითხა და მკითხა:
– რა სჭირს კობას?
– მარცხენა ხელი სტკივა, – მივუგე ძერჟინსკის.
– გასაგებია, – თქვა „ჩეკას“ თავმჯდომარემ, – მახსოვს, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, როდესაც ციმბირის გადასახლებიდან გავრბოდით, ოცდაათგრადუსიან ყინვაში მას სწორედ ეგ ხელი დაუსველდა, გაუცივდა და კარგა ხანს პარალიზებულიც ჰქონდა.
მე უხმოდ ვუსმენდი ძერჟინსკის, რომელიც სტალინის კაბინეტამდე მივაცილე. სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, „ჩეკას“ თავმჯდომარემ ბელადს ჰკითხა:
– მარცხენა ხელი გტეხავს?
ძერჟინსკის სიტყვებზე დიდ ბელადს გაეცინა, მე შემავლო მზერა და მიუგო:
– რას ნიშნავს, რომ „ჩეკას“ თავმჯდომარე ხარ! გზაშივე დაადგინე, რა მჭირს? ჰო, ეს წყეული ხელი მაწუხებს. გახსოვს? ამ ოციოდე წლის წინ რა დღეში ჩამაგდო, ციმბირიდან რომ გავრბოდით?
– სწორედ ამის შესახებ ვუყვებოდი ახლა მიშას, – უთხრა ძერჟინსკიმ სტალინს და ჩემკენ გამოიშვირა ხელი.
 – უთხარი, რომ სადილი მოგვიტანონ, – დამავალა სტალინმა და მისი კაბინეტიდან გამოვედი.
ორიოდე საათის შემდეგ სტალინმა ჭადრაკის მოტანა მთხოვა. მივუტანე და, უკან გაბრუნება რომ დავაპირე, დიდმა ბელადმა მკითხა:
– ჭადრაკის თამაში თუ იცი?
ჭადრაკის თამაში ბავშვობიდან მიყვარდა და საკმაოდ კარგადაც ვთამაშობდი. ჟურნალებში დაბეჭდილი რთული საჭადრაკო პარტიების გარჩევაც მიყვარდა და სტალინს მივუგე:
– დიახ, ვიცი. თავისუფალ დროს გროსმაისტერების პარტიებსაც კი ვარჩევ.
– თუ ასეა, დარჩი და თვალყური გვადევნე. გროსმაისტერობისა რა მოგახსენო, მაგრამ, მე და ფელიქსი ძველი მეტოქეები ვართ და საკმაოდ საინტერესო პარტიები გამოგვდის.
მე, რა თქმა უნდა, დავრჩი და უხმოდ ვადევნებდი თვალყურს სტალინისა და ძერჟინსკის საჭადრაკო ორთაბრძოლას. თეთრებით „ჩეკას“ თავმჯდომარე თამაშობდა და მათ სიცილიური დაცვა გაითამაშეს.
მეექვსე სვლის შემდეგ სტალინმა გადმომხედა და მკითხა:
– თუ გროსმაისტერების პარტიებს არჩევ, არ უნდა გაგიჭირდეს იმის ამოცნობა, რომელი დაცვა ავირჩიეთ.
– სიცილიური, – მივუგე დიდ ბელადს.
– ყოჩაღ, – შემაქო სტალინმა, ულვაშებში ჩაეცინა და დაამატა: – სიცილიური დაცვის თავისებურება ისაა, რომ თავდასხმითი დაცვაა და, თუ მეტოქე შეტევით გაერთო, კონტრშეტევა გამოეპარება და დამარცხდება.
ძერჟინსკი დაძაბული დაჰყურებდა საჭადრაკო დაფას, შემდეგ სვლა გააკეთა, ხელი ჩაიქნია და თქვა:
– აი, მგონი, ისევ დავმარცხდი და შენი კონტრშეტევა გამომეპარა.
სულ რაღაც ათიოდე სვლის მერე შავებით მოთამაშე სტალინმა ძერჟინსკის მეფე დააშამათა და „ჩეკას“ თავმჯდომარეს უთხრა:
– შამათი, ფელიქს! ისევ გააშიშვლე ფლანგი და ჩემი კონტრშეტევა გამოგეპარა. ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვი, რაც „ესერმა“ ჰელფმანმა ტურუხანსკის გადასახლებაში.
– მახსოვს, – თქვა ძერჟინსკიმ, შემდეგ, რატომღაც, მე შემომხედა და მკითხა:
– გინდა, ჰელფმანის ისტორია მოგიყვე?
ასეთ გაშინაურებას ჩვეული არ ვიყავი, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი და ინსტიქტურად სტალინს გადავხედე. მას კი გაეცინა და თქვა:
– მოუსმინე, ფელიქსი საინტერესო ისტორიას მოგიყვება.
მე გავისუსე. ძერჟინსკის კი გაეცინა და დაიწყო:
– ტურუხანსკის გადასახლებაში „ესერები“ და ჩვენ ერთად ვიყავით შეყრილები. თებერვლის დასაწყისისთვის გაქცევა გვქონდა მომზადებული მე და კობას და ორმოცგრადუსიან ყინვაში ღამით ტაიგაში ორმოცდაათი კილომეტრი უნდა გაგვევლო. შეთანხმებულ ადგილზე კი უკვე ჩვენი კაცი დაგვხვდებოდა მარხილით და იქიდან წაგვიყვანდა. ყველაფერი მზად გვქონდა, როდესაც ერთი უკუღმართობა შემემთხვა: თბილი ქურქი, რომლის გარეშეც არამცთუ ტაიგაში სიარული, ქოხიდან გარეთ გასვლაც კი შეუძლებელი იყო, ცეცხლთან გაშრობის დროს დამეწვა. არადა, ორი დღის შემდეგ უნდა გავქცეულიყავით. მე და კობა საგონებელში ჩავვარდით. ცოტა ხნის შემდეგ კობამ მითხრა:
– მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ.
– რა? – ვკითხე კობას.
– რა და, ჰელფმანის თბილ ქურქი უნდა მოვიპოვოთ.
მიხეილ ჰელფმანი „ესერი“ ტერორისტი იყო. მას ძალიან თბილი ქურქი ჰქონდა და ძალით ვერ წაართმევდი, არც გაყიდდა, ამიტომ კობას ვკითხე:
– მოვპაროთ?
– ჭადრაკში მოვუგოთ, – მიპასუხა კობამ.
მიხეილ ჰელფმანი ბრწყინვალე მოჭადრაკეც იყო და გადასახლებულთა შორის ყველას უგებდა. მართალია, მე და კობას მასთან არ გვითამაშია, მაგრამ კობას ვუთხარი:
– კი, მაგრამ, ის ხომ ძლიერი მოთამაშეა და ყველას უგებს?
– მე მიგებს? – კითხვა შემომიბრუნა კობამ.
– თქვენ ერთმანეთში არ გითამაშიათ.
– ჰოდა, ახლა ვითამაშებთ, – თავდაჯერებულად მითხრა კობამ.
 ერთი სიტყვით, კობამ თავისი ქურქი დადო კონში, ჰელფმანმა კი თავისი და ჭადრაკის თამაში დაიწყეს. კობამ ზუსტად იგივე პარტია გაითამაშა, როგორიც წეღან და, შეიძლება ითქვას, ზეპირად მოუგო მას: კობა ოთახში დადიოდა და ჩიბუხს აბოლებდა, ხოლო ჰელფმანი რომ სვლას გააკეთებდა, მას მე ვატყობინებდი ამ სვლას. ცოტა ხნის მერე კი კობა სვლას მკარნახობდა და მეც ვდგამდი დაფაზე ფიგურებს. მოკლედ, ჰელფმანს კობამ ქურქი მოუგო, რამდენიმე საათში კი ჩვენ გავიპარეთ – აი, ასე დაგვეხმარა ამ საქმეში ჭადრაკი.
ძერჟინსკიმ თხრობა რომ დაასრულა, სტალინს გაეღიმა და უთხრა:
– იმ „ესერს“ გააზრებული კომბინაციით მოვუგე ის პარტია. პოლიტიკაც ჭადრაკია და გაუაზრებელი სვლები კრახის ტოლფასია ამ საქმეში. ამიტომ ჩვენ, ბოლშევიკები, პოლიტიკური გროსმაისტერები უნდა ვიყოთ.
თავისი მოღვაწეობით სტალინმა დაამტკიცა, რომ ის მართლაც გროსმაისტერი იყო პოლიტიკაში.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3