კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდა ლავრენტი ბერიას გერმანიის გაერთიანება

ნიკა თევზაძე (ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი): ლავრენტი ბერია მართლაც ნიჭიერი და ჭკვიანი კაცი იყო. მას კარგად ესმოდა, რომ თუკი საბჭოთა კავშირში მოწინავე ტექნოლოგიები არ დაინერგა, ქვეყანა დაინგრევა. ამას გარდა, ლავრენტიმ ზუსტად განსაზღვრა საბჭოთა იმპერიის უმთავრესი სისუსტენი: გაბერილი პარტაპარატი, რომელიც, ფაქტობრივად, პარაზიტად გადაიქცა; ზედმეტად ცენტრალიზებული ეკონომიკა, რომელიც უკვე აღარ მუშაობდა და ეროვნული ჩაგვრა. ბერიამაც ამისი აღმოფხვრა მოიწადინა. მოკლედ მისი რეფორმების სქემა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: პარტაპარატის შემცირება, კერძო ინციატივისთვის მეტი მხარდაჭერა (რაც, რასაკვირველია, სახელმწიფო სექტორის მოშლას არ ნიშნავდა) და რესპუბლიკების უფლებების გაფართოება. ყველა რესპუბლიკას უნდა ჰყოლოდა ერთი-ორი ეროვნული დივიზია, რომელიც ერთიანი საბჭოთა არმიის შემადგენლობაში იქნებოდა, ჩაჯდებოდა ერთიან დოქტრინაში და საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს დაემორჩილებოდა. იარსებებდა გარკვეული კვოტა – წვევამდელთა რამდენი პროცენტი იმსახურებდა ეროვნულ დივიზიებში და რამდენი ერთიან საბჭოთა არმიაში. რაც შეეხება საზღვრებს, მათი დაცვის სისტემა უცვლელად უნდა დარჩენილიყო. მხედველობაში მაქვს საზღვრები უცხოეთის სახელმწიფოებთან, თორემ საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის არანაირი საზღვრები არ არსებობდა. ისინი ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამხედრო თუ სამრეწველო სივრცის ნაწილად რჩებოდნენ.
– მოკავშირე რესპუბლიკების უფლებების გაფართოებაში რას გულისხმობთ?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა მოკავშირე რესპუბლიკის სათავეში ადგილობრივი კადრები უნდა მდგარიყვნენ. სტალინის დროს ასე არ იყო. რიგი მოკავშირე რესპუბლიკის (უკრაინა, ბელორუსია) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რუსი იყო. ბერიამ ეს შეცვალა. რუსები ადგილობრივმა კადრებმა ჩაანაცვლეს.
ბერიას სქემაში მოკავშირე რესპუბლიკების უფლებების გაფართოების თაობაზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს 1953 წლის ზაფხულში ჩატარებული ცეკას პლენუმის მასალები. მასში ნათქვამია, რომ ბოლო უნდა მოეღოს ლენინური ნაციონალური პოლიტიკის დამახინჯებას, ანუ რესპუბლიკებისთვის ცენტრიდან დანიშნული კადრების თავს მოხვევას. ნომენკლატურის მუშაკები, რომლებმაც ადგილობრივი ენა არ იციან, გამოხმობილ უნდა იქნან სკკპ(ცკ) განკარგულებით, მოხდეს ადგილობრივი კადრების დაწინაურება.
– ზოგიერთი თანამედროვე რუსი მკვლევარი ამის გამო ბერიას ნაციონალისტად აცხადებს.
– ბერია სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე სასტიკად ებრძოდა ყველას, ვინც საბჭოთა იმპერიის დანგრევისთვის იღვწოდა. ასე მაგალითად, მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა და განხორციელდა ლიტველი პარტიზანების მეთაურის, კაპიტან ჟემაიტისის შეპყრობის ოპერაცია. ჟემაიტისი ლიტვის გათავისუფლების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იყო არჩეული, ანუ ფაქტობრივად, ლიტვის პრეზიდენად ითვლეობოდა. ასეთად აღიარებდა მას ამერიკა, ინგლისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, შვედეთი, კანადა... საბჭოთა ჩეკისტები ამ კაცზე წლების განმავლობაში ამაოდ ნადირობდნენ, ბერიამ კი მისი შეპყრობა შეძლო. ასევე, ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა მწერალ იაროსლავ გალანის, ეგრეთ წოდებული „მკვლელების“ სასამართლო პროცესის სცენარი. დღეს უკვე ცნობილია, რომ გალანი ჩეკისტებმა მოკლეს. ბუნებრივია, 1953 წელს ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლებოდა. ბერიას მეთაურობით საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ შეიმუშავა ვერსია, რომლის თანახმადაც, გალანი ბანდერელებმა მოკლეს, თუმცა ლავრენტის არ დასცალდა ამ პროვოკაციის საბოლოო შედეგები საკუთარი თვალით ეხილა. ის დახვრიტეს. გალანის „მკვლელები“ კი ფსევდო-სასამართლოს წინაშე 1954 წელს წარდგნენ.
– როგორი იყო ბერიას გეგმა საგარეო სფეროში?
– ბერია ერთიანი, დემოკრატიული, ნეიტრალური გერმანიის შექმნის იდეით გამოვიდა – გერმანიისა, სადაც იქნებოდა კაპიტალისტური წყობა, მრავალპარტიულობა, მაგრამ არ იქნებოდა არც რუსული, არც ამერიკული ბაზები. ეს ძალიან საშიში გეგმა გახლდათ. თუკი ნეიტრალური გერმანია მართლააც შეიქმნებოდა, მსგავსი გზით წავიდოდნენ საფრანგეთი და იტალია, სადაც იმხანად მემარცხენე ტენდენციები ძალიან ძლიერი იყო. ბერიას მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა იუგოსლავიასთან ურთიერთობების აღდგენა გახლდათ. როგორც ცნობილია, 1948 წელს საბჭოთა კავშირისა და კომუნისტურ იუგოსლავიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. ამას წინ უძღოდა გენერალ არსო იოვანოვიჩის შეთქმულება, რომელმაც, რუსული სპეც-სამსახურების დახმარებით ტიტოს დამხობა  სცადა. იუგოსლავიის უშიშროების სამსახურმა (უდბ) შეთქმულება გახსნა. რაც შეეხება იოვანოვიჩს, ის გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ტიტო სტალინს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ მის დამხობასა და ხელისუფლებაში გენერალ იოვანოვიჩის მოყვანას შეეცადა. იოვანოვიჩი სტალინის კრეატურა გახლდათ. მისი სიკვდილიც დიქტატორმა პირად შეურაცხყოფად აღიქვა. ამის შემდეგ მოსკოვში ტიტო ფაშისტად გამოაცხადეს. საბჭოთა სუკმა მის წინააღმდეგ რამდენიმე შეთქმულება მოაწყო, რაც ჩაიშალა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა: დროა, იუგოსლავიასთან ურთიერთობები აღვადგინოთო.
იუგოსლავია საბჭოთა გავლენის ზონიდან ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში გავიდა. მისი უკან დაბრუნება სრული უტოპია იყო და ბერიას ეს კარგად ესმოდა. ლავრენტი მეორე მომენტსაც ხედავდა: იუგოსლავიის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული „მედასავლეთელთა დაჯგუფება.“ მათი მეთაური მომავალში ცნობილი დისიდენტი, იმხანად კი იუგოსლავიის კომპარტიის ცეკას წევრი, მილოვან ჯილასი გახლდათ. მედასავლეთენი ფართომასშტაბიან დემოკრატიულ გარდაქმნებსა და მრავალპარტიულობის დაშვებას მოითხოვდნენ. ტიტოს ეს არ სურდა. თუკი საბჭოთა კავშირი იუგოსლავიაზე ზეწოლას გააგრძელებდა, მედასავლეთენი გაიმარჯვებდნენ. ბერია ამას ხედავდა და სურდა, იუგოსლავია საბოლოოდ არ მოქცეულიყო ამერიკული გავლენის სფეროში.
– საბჭოთა კავშირი იუგოსლავიის წინააღმდეგ სპეცოპერაციებს არ ახორციელებდა?
– ამის თაობაზე საინტერესო ცნობებს გვაძლევს იუგოსლავიის უშიშროების სამსახურის (უდბ) პოლკოვნიკი რუნდულიჩი. ის წერს, რომ საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ არ იმუშავებდნენ. ეს მართლაც ასე იყო, მეტიც, საბჭოთა „სუკის” დახმარებით იუგოსლავიის უშიშროებამ განახორციელა თავდასხმა უსტაშთა ლიდერ ანტე პაველიჩზე, რომელიც იმხანად ბუენოს-აირესში ცხოვრობდა (1958 წ). საბჭოთა სუკის დახმარებით ტიტოისტურმა იუგოსლავიამ მოიტაცა და იუგოსლავიაში ჩამოიყვანა კათოლიკე მღვდელი კრუნოსლავ დრაგანოვიჩი (1986 წ). სუკის დახმარებით მოხდა უსტაშთა გამოჩენილი წარმომადგენლის, ვეკოსლავ (მაქს) ლუბურიჩის ლიკვიდაცია (მადრიდი 1968 წ). ხორვატთა მეორე გამოჩენილი მოღვაწე – მილე რუკავინა კი 1966 წელს მიუნჰენში მოკლეს. რუსები ტიტოს თავის პოლიტიკური მტრების ლიკვიდაციაში მუდამ ეხმარებოდნენ. ტიტოც ვალში არ დარჩენილა. უნგრეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1956 წ) უნგრეთის მაშინდელმა პრემიერმა იმრე ნადმა თავი იუგოსლავიის საელჩოს შეაფარა. ტიტოს ბრძანებით, ის შეიპყრეს და რუსებს გადასცეს. ამის შემდეგ ნადი გადაიყვანეს რუმინეთში, სადაც თავის ორ თანამებრძოლთან ერთად დახვრიტეს. რასაკვირველია, ტიტო რუსების ვასალი არ გახდა, მაგრამ არც ამერიკელთა გავლენის ზონაში გადაინაცვლა. ის მოსკოვ-ვაშინგტონს შორის ლავირებდა. მოსკოვს რომ ზეწოლის პოლიტიკა გაეგრძელებინა, ეს არ მოხდებოდა და იუგოსლავიას ის საბოლოოდ დაკარგავდა.
– გამოდის, რომ ლავრენტი ბერიას რეფორმები საბჭოთა იმპერიის გაძლიერებისკენ იყო მიმართული?
– ლავრენტი ბერია, როგორც საბჭოთა ჟანდარმერიის მარშალი და პოლიტიკოსი, რუსეთის ინტერესებს იცავდა. ასე იყო როგორც საიდუმლო ომის ფრონტებზე, ასევე დიდ პოლიტიკაშიც. ეს მან, ლავრენტი ბერიამ ჩაუგდო რუსებს ხელში ატომური ბომბი. აკი წერს აკადემიკოსი სახაროვი, ბერია რომ არა, ბომბი არ გვექნებოდაო. ძნელია მოძებნო ეთნიკური რუსი, რომელმაც იმპერიისთვის იმდენი გააკეთა, რამდენიც ბერიამ. მისი რეფორმები პარტაპარატის დასასრულს ნიშნავდა. პარტაპარატმაც მას ეს არ აპატია, მოუწყო შეთქმულება, რასაც ბერიას დამხობა მოჰყვა, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

скачать dle 11.3