ცოლები და საყვარლები
კალიფორნიის სანაპიროზე ისე ცხელოდა, მზე ტვინს ბურღავდა. სულის მოსათქმელად მხოლოდ მაღაზიაში თუ შეხვიდოდი, სადაც კონდიციონერი სუნთქვას გიიოლებდა და „გამდნარი“ ფიქრებიც პირვანდელ სახეს იძენდნენ.
ჯიბეში უკანასკნელი ხუთდოლარიანი ედო. იმის ილუზია, რომ თუნდაც ერთი დღე მაინც ეყოფოდა, არ ჰქონდა. ვერც ნანასთან მივიდოდა – მთელი კვირაა, არ დალაპარაკებია და მისი ამბავიც არ უკითხავს. მაინც, რა უცნაური არსებები არიან ქალები – აბაზანაში იკეტებიან და ტირიან, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ გითხრან, რა ეწყინათ... და, უცებ, ლევანს გაეღიმა. თითქოს არ იცოდა, რაზე იყო ნანა გაბრაზებული. მანქანასთან მივიდა და, გულხელდაკრეფილი, ზურგით მიეყრდნო. ისევ ბენზინის მოპარვა მოუწევდა ღამით. უხერხულობას გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მსგავსი საქციელი ოდნავაც არ უქმნიდა დისკომფორტს. ხშირადაც ამოუღია საწვავი მეზობლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანების მანქანების ავზიდან... იქ, საქართველოში, ეს ქურდობად არ მიაჩნდა და იმით ამართლებდა, პატრონიც მომცემდა, რომ მეთხოვაო. აბა, ორი-სამი ლიტრი ბენზინი რა სალაპარაკოა, მაგრამ, ამერიკამ მასში მაინც შეცვალა რაღაც. ლევანმა ეს ცვლილება მაშინ იგრძნო, როცა რესტორანში ოფიციანტობა არ იუკადრისა და ლამის ღვთის საჩუქრად ჩათვალა, როცა ოკეანის გაღმა ქვეყანაში ახლად ჩასული თავგამოდებით ეძებდა სამსახურს... მაშინ, ამერიკაში ყოფნის იმ პირველ თვეებში სხვა მიზნები და გეგმები ჰქონდა. მაშინ ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ იპოვა ერთადერთი ქალი, სწორედ მისთვის დაბადებული, რომლისთვისაც ღირდა სიცოცხლეც და მსხვერპლის გაღებაც...
***
თვალების გახელა არ უნდოდა. ღრმა და მშვიდი ძილის შემდეგ ისეთ ნეტარებას გრძნობდა, რომ ამ ყველაფრის შელევა უჭირდა. გოგოს ისევ ეძინა მის მკლავზე დამფრთხალი ჩიტივით მიკრულს და ბავშვივით ტუჩებგაბუსხულს.
ლევანმა გვერდის შეცვლა ვერ გაბედა – თეონას გაღვიძება არ უნდოდა... ნელ-ნელა, თვალგაუხელლად აღიდგინა მთელი გუშინდელი დღე და ღამე და სიამოვნებისგან მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თეონა ის იყო, ვისზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. არ სჯეროდა იმის, რომ ახლა გვერდით ჰყავდა, არ სჯეროდა ამხელა ბედნიერების.
– როგორ მომშივდა... – თეონა გაიზმორა და ლოგინში წამოჯდა. დიდი, ლამაზი თვალები ჰქონდა... ყოველთვის რომ აქვთ რაღაც სათქმელი, აი, ისეთი... – ლევან, კიდევ გძინავს? გაიღვიძე, რა! ეტყობა, ძალიან გვიანია, ასე რომ მომშივდა... ყავაც მინდა... მომხედე...
ლევანი გოგოს მოეხვია და შიშველ კისერზე აკოცა:
– კარგა ხანია, მღვიძავს და შენ გიფრთხილდებოდი, ისე საყვარლად გეძინა, უწყინარი ჩიტუნასავით...
– ვარ კიდეც უწყინარი ჩიტუნა, რომელიც დიდმა და „ბოროტმა“ ბიჭმა მახეში გააბა.
– მე ვარ დიდი და ბოროტი ბიჭი? – წყრომით გაიმეორა ლევანმა, – აბა, რას ამბობ! პირიქით, ეს შენ გამაბი მახეში, თანაც, მგონი, დიდი ხნით.
თეონამ ენა გააწკლაპუნა:
– ნწ, მე მახე არ ვარ და, თუ კიდევ მეტყვი ასეთ სისულელეს, აღარასოდეს აღარ გნახავ. იქნებ ფიქრობ, რომ პირველივე შემხვედრს ვუწვები? რაც ჩვენ შორის მოხდა, დიდი ხნის ნაფიქრია და მხოლოდ ისე მივიღე გადაწყვეტილება. შემიყვარდი, თუმცა, ყოველთვის მეცინებოდა ამ სიტყვაზე... ჰო, რატომ მიყურებ გაოცებული? შემიყვარდი და, ვიცი, რომ შენც გიყვარვარ... ან, იქნებ, ვცდები?
– არა, არ ცდები, მიყვარხარ... მეც მიყვარხარ... – აენთო ბიჭი და თეონას მოეხვია, – ვიწექი და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა... არც კი ვიცი, ეს რითი დავიმსახურე... დარჩები ჩემთან?
თეონამ გაიღიმა და ბიჭს ცხვირზე მსუბუქად წაჰკრა წკიპურტი.
– როგორი სულელი ხარ... დარჩენილი არ ვარ?! ჩუსტებსა და კბილის ჯაგრისსაც მოვიტან... ან, თუ გინდა, შენ მიყიდე.
– მოიცა, როგორ, ახლავე რჩები? დღეიდან?
– ჰო, ახლავე, დღეიდან... უფრო სწორად, ათვლა გუშინდლიდან დაიწყება და ასე გაცილებით უკეთ დავიცავთ სიზუსტეს.
ლევანმა თავი გააქნია:
– არც კი ვიცი, რა ვთქვა...
– რა უნდა თქვა? ჰო, ეგ არც მე ვიცი...
– ანუ, ცოლად მოგიყვანე?
– ჰო, ასე გამოდის... ხომ არ შეგეშინდა? საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდი? იქნებ ურთიერთობის გასერიოზულება შენს გეგმებში არ შედიოდა? ავდგები და წავალ... ლევან, მიპასუხე... პრობლემა არ იქნება... მიპასუხე, ლევან... მიპასუხე, ლევან... მიპასუხე, ლევან...
ლევანი გამოერკვა, გახურებულ შუბლზე ხელი მოისვა და თავზე წამომდგარ პოლიციელს ამღვრეული მზერით შეხედა.
– ცუდად ხართ? სასწრაფო დახმარება ხომ არ გამოვიძახო?
– არა, გმადლობთ, უბრალოდ, ძალიან ცხელა... – ლევანმა ნაძალადევად გაიღიმა.
პოლიციელმა დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა მისი ძვირფასი, კალიფორნიის სანაპიროს კლიმატისთვის შეუფერებელი კოსტიუმი და მექანიკურად გაიმეორა:
– დიახ, ცხელა. ეს მანქანა თქვენია?
– დიახ.
– შეიძლება, საბუთები ვნახო?
ლევანმა მორჩილად გაუწოდა საბუთები და შემთხვევით მანქანის სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი – სიცხისგან გაწითლებულ სახეზე კიდევ უფრო შესამჩნევად ჩანდა მისი შეჭაღარავებული საფეთქლები და ქოჩორი...
– ყველაფერი წესრიგშია? – ჰკითხა პოლიციელს.
– დიახ. არ გირჩევთ აქ, მზეში დგომას, – პოლიციელმა საბუთები დაუბრუნა, – შეიძლება, უარესად გახდეთ. ისედაც გეტყობათ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობთ.
ლევანმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, საჭეს მიუჯდა და ძრავა აამუშავა. ტანსაცმლის გარდა, მანქანაც საკმაოდ ძვირფასი ჰყავდა. ამ ქვეყანაში ყველაფერს ყურადღებას აქცევენ... საქართველოდან კი როგორ სხვანაირად ჩანდა საოცნებო ქვეყანა... სპორტული მოდელი საკმარისზე მეტ საწვავს ხარჯავდა და ქალაქში ხეტიალს ვერ დაიწყებდა. დაღამებამდე დრო კიდევ იყო. ისიც არ იცოდა, გაუმართლებდა თუ არა ბენზინის მოპარვაში, ამიტომ, უახლოეს პატარა რესტორანთან მიაყენა მანქანა და გადავიდა. იქაურობა მოათვალიერა და ოფიციანტს ცივი, ყინულებიანი „კოკა-კოლა“ შეუკვეთა, რის შემდეგაც მის ხუთ დოლარს ორი დოლარი მოაკლდა... ორი დოლარი ახლა მისთვის მთელი ქონება იყო, ერთი თვის წინ კი, ალბათ, მათხოვრისთვის მისაცემად ეცოტავებოდა.
რესტორანში მხოლოდ ქალები ისხდნენ. ოფიციანტმა ბიჭმა მისი გაკვირვებული მზერა შენიშნა, გაიცინა და აუხსნა – აქ ძირითადად გასათხოვარი ქალები შემოდიან და, თუ პარტნიორს ეძებთ, საღამომდე დარჩით, ვიღაცას აუცილებლად იპოვითო.
ნანასთან შეხვედრა გაახსენდა... კაფეში, ოღონდ, არა აქ და არა ასეთ მოკრძალებულ გარემოში. მაშინვე მიიქცია ყურადღება – ხმამაღლა კისკისებდა და ისეთი ზარივით ხმა ჰქონდა, ლევანს თბილმა და სასიამოვნო ტალღამ დაუარა მთელ სხეულში და დარბაზში გავიდა, რომ ამ ხმის პატრონი დაენახა.. ქალი ორმოცი წლის იქნებოდა, მაგრამ, თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ძვირფასი კოსმეტიკისა და გემოვნებით შერჩეული სამოსის წყალობით. ძვირფასი ქსოვილის კოსტიუმი ისე უნაკლოდ ედგა ტანზე და გრძელი, ლამაზი ფეხები ისე მომხიბვლელად მოუჩანდა მოკლე ქვედაბოლოში, რომ ლევანმა აღფრთოვანება ვერ დამალა.
– რა მაგარი ქალია! ნეტავი, ვინ არის? – თქვა ხმამაღლა. კახამ კომპიუტერში რაღაცას თავი ანება და მისკენ გაიხედა:
– ვინ ქალი, რას ამბობ?
– აი, იქ, დარბაზში... მე პირველად ვხედავ. მოდი, შეხედე...
– მოცლილი ხარ... ვინც აქ შემოდის, ყველა ქალი ლამაზი როგორ გეჩვენება. –
– არ მეჩვენება, მართლა ლამაზია. ნუ, შეიძლება, ლამაზი არ არის, მაგრამ, ძალიან ეფექტურია, თან, ისეთი სიცილი აქვს...
– კარგი, რა, ჩვეულებრივად იცინის... დალევდა ორ-სამ ჭიქას და... ქალების ამბავი მე მკითხე.
– აუ, გამოვიდა, რა, ექსპერტი! რა მოგივა, რომ ადგე და შეხედო?
– საქმე მაქვს. ხომ ხედავ, ვმუშაობ. რამდენი ქალიც ამ კაფეში გაიცინებს, ყველას სანახავად თუ ავდექი, კარგად იქნება საქმე, – მხრები აიჩეჩა კახამ, მაგრამ მერე მაინც ადგა და ლევანთან მივიდა.
– აა, ნანიკოზე ამბობ? ჰო, ეგ მართლაც განსაკუთრებული ქალია. აქ არ ცხოვრობს და, როცა საქართველოში ჩამოდის, ყოველთვის მოდის ჩვენთან.
– ესე იგი, იცნობ, – ლევანს სახე გაუბრწყინდა და კახას მუდარანარევი მზერა მიაპყრო.
– არა, არა, არ გაგაცნობ და არც მთხოვო. საერთოდაც, გირჩევ, მისგან თავი შორს დაიჭირო.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ნანას სიცილი ძალიან უყვარს, შენ კი, როგორც აღმოჩნდა, ძალიან არაადეკვატურად და მწვავედ რეაგირებ მის სიცილზე.
– ნუ სულელობ! დიდი ამბავი, თუ მომეწონა. კი არ დავეტაკები... გამაცანი, რა!
– ლევან, დაივიწყე მისი სიცილიც, ეგ ქალიც და საქმეს მიხედე.
– ვაიმე, როგორი კატეგორიული გახდი ერთბაშად! მე თვითონ გავიცნობ და, თანაც, ახლავე! – გადაჭრით თქვა ლევანმა.
– გეუბნები, საქმეს მიხედე-მეთქი. შენ სასიკეთოდ ვამბობ ამას. მით უმეტეს, რომ ცოლი გყავს.
– ცოლი? თეონას გულისხმობ?
– ჰო, სხვა ცოლიც გყავს? – ირონიულად ჩაიცინა კახამ.
– ჩვენ მხოლოდ ერთად ვცხოვრობთ...
– თავს იტყუებ თუ მე მატყუებ? ერთად ცხოვრება საქართველოში ცოლქმრობას რომ ნიშნავს, არ იცოდი? თუ გინდა, სახლში რომ მიხვალ, თეონას ჰკითხე, მიიჩნევს თუ არა თავს შენს ცოლად.
– მე და თეონა უშენოდაც გავარკვევთ, რა ვართ ერთმანეთისთვის, – გაბრაზდა ლევანი, – რაღაც, საეჭვოდ არ გინდა, რომ ეს ნანა გავიცნო. შემთხვევით, შენ ხომ არ დაადგი თვალი?
– მე არ მოვწონვარ მაგას, თორემ, ჩემი „თვალის დადგმით“ ცხოვრებას უკეთესობისკენ შევიცვლიდი.
– ეგ როგორ?
– ბევრი ფული აქვს და, უკვე დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს.
– მერე, ამ ამერიკაში განძს მიაგნო თუ რაშია საქმე?
– არა, თავისი „განძი“ გამოიყენა გონივრულად.
– გამაგებინე, რას გულისხმობ.
– რა ვერ გაიგე? ქალი წლების წინ წავიდა ამერიკაში, იქ ფულიანი კაცი ნახა, თავი მიასაღა და მის ქონებას მიაჯდა, ახლა კი გულაობს...
– რანაირი ლაპარაკი იცი... რა სჭირდა ამისთანა ქალს თავის მისასაღებელი?
– არ ვიცი, ალბათ, სჭირდა. ყოველ შემთხვევაში, აქ რომ ჩამოდის, ვიღაც ტიპებთან იჩითება ხოლმე. აშკარაა, რომ თავისი ოკეანისგაღმელი ქმრის სიყვარულით არ იტანჯება.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ კახპაა?
– ლევან, ჯერ ერთი, უკვე ტვინს ბურღავ... მეორეც, „კახპა“ ცოტა პირობითი ცნებაა – გააჩნია, ამ ყველაფერს რომელი მხრიდან შეხედავ.
ლევანმა ისევ გაიხედა ქალის მხარეს და იგრძნო, რომ სულ უფრო მეტად მოსწონდა.
... კაფეში ორი ზრდასრული გოგონა შემოვიდა. ისინი მხიარული სიცილით მიუსხდნენ მაგიდას, თან რაღაცაზე გამალებით ლაპარაკობდნენ და ლევანისკენ იხედებოდნენ. ლევანს ჩაეცინა. ოფიციანტთან ანგარიში გაასწორა და პირდაპირ მათკენ წავიდა.
– გოგოებო, გავიცნოთ ერთმანეთი? ლეო ვარ და, პირდაპირ გეტყვით, ძალიან ლამაზები ბრძანდებით.
მაღალმა გაიღიმა და თავი გაურკვევლად გადააქნია. ისევ დაბალმა იყოჩაღა და ინიციატივა თავის ხელში აიღო:
– სამანტა მქვია, ეს კი გაბია, ანუ გაბრიელა. თქვენც სიმპათიური ბრძანდებით, თანაც, საკმაოდ. მხიარული ისტორიები იცით? გვინდა, ცოტა გავერთოთ.
– თქვენ რა მოგწონთ, რომ არ ვიცი? ჩემზე მოგიყვეთ რამე? კარგი. მე ამ ქალაქში მარტო ვარ, სათევზაოდ ჩამოვედი.
– ჰა, ჰა, ჰა... – გადაიკისკისა დაბალმა, – სათევზაოდ ჩამოხვედით „ბოსის“ კოსტიუმით და ასეთი ფეხსაცმელებით? კარგი იუმორი გქონიათ!
– აბა, შენ რა გგონია, ვინ ვარ?
– სწორედ მაგას ვეკითხებოდით ერთმანეთს, სანამ ჩვენს მაგიდას მოუჯდებოდით, – ნელ-ნელა გათამამდა დაბალი.
– სამანტა! – უკმაყოფილოდ შეუძახა მაღალმა მეგობარს.
– რა მოგდის, გაბი? ჩვენ ხომ მართლა ამაზე ვლაპარაკობდით... ლეო, თქვენ, ალბათ, ბირჟაზე თამაშობთ. გამოვიცანი?
– მხოლოდ ნაწილობრივ ვთამაშობ, თუმცა, ბირჟაზე არა.
– აბა, სად თამაშობთ? სპორტსმენსაც არ ჰგავხარ...
– არ ვგავარ თუ სპორტსმენი ვერ ვიქნები?
– ვერა, ვერ იქნებით, აშკარაა...
– ესე იგი, გამოცანობანას თამაში გიყვართ. კარგი, გოგოებო, ვითამაშოთ... ოღონდ, ახლა ჩემი ჯერია: თქვენ, ორივე, კოლეჯის მოსწავლეები ხართ. შეყვარებულები ან არ გყავთ, ან მათ თავი მოგაბეზრეს და გადაწყვიტეთ, ასაკით თქვენზე უფროს მამაკაცთან გაერთოთ.
– სამანტა, წავიდეთ, – მკლავზე ხელი მოჰკიდა მეგობარს გაბრიელამ და თავისკენ მოქაჩა.
– უკვე მოგწყინდათ თამაში? – გაიცინა ლევანმა, – მე მხოლოდ ახლა შევდივარ აზარტში.
– კიდევ გვეტყვით რამეს ჩემ შესახებ? – ჰკითხა მოულოდნელად გაბიმ და გამომწვევად მიაჩერდა.
ლევანი შეკრთა, მაგრამ მაინც განაგრძო:
– შენი წინაპრები აშკარად ინდიელები იყვნენ, ესპანური სისხლიც უნდა გერიოს... მე კი დიდი ხანია, ასეთი ცოლის მოყვანაზე ვოცნებობ. ანუ, აქ ვიჯექი და ზუსტად შენნაირ გოგონას ველოდი, გამიმართლა და ახლა აღარსად გაგიშვებ... – ამ სიტყვებით ლევანმა მისი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ გაბრიელამ სწრაფად გამოსტაცა ხელი და ავად შეუბღვირა, მის მეგობარს კი სიცილი აუტყდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში