როგორ ჩამოაყალიბა ქართველმა ბოროტმოქმედმა „ქსივიანი“ მძარცველების ბანდა
„ქსივიანი“ ძარცვები
1979 წლის 30 ივნისს მოსკოვის ლენინის რაიონის მილიციის განყოფილებაში 32 წლის ეთიოპიელი მოქალაქე – აბებე ამოუდა მივიდა და განაცხადა:
– ამ თხუთმეტიოდე წუთის წინ ერთ-ერთ ბნელ შესახვევში გამძარცვეს. ქალთან ერთად ტაქსიდან გადმოვედი, რომ მის ბინაში ავსულიყავით, უცებ ჩიხში შავი ფერის „ვოლგა“ შემოვარდა და იქიდან სამი მამაკაცი გადმოხტა. მათ „კაგებეს“ წითელი წიგნაკები მაჩვენეს, შემდეგ კი საბუთები მომთხოვეს. საფულე, საბუთები, ფული და ყველა ძვირფასი ნივთი წამართვეს და მიიმალნენ.
– ქალი, რომელთანაც მიდიოდით? – ჰკითხა მომჩივანს მილიციის მორიგემ.
– ქალს, როგორც ჩანს, შეეშინდა და გაიქცა, – მიუგო დაზარალებულმა.
– ტაქსი?
– ტაქსი მაშინვე წავიდა.
გაძარცული უცხოელის ჩვენებით, მეძავი გოგონა მან სასტუმრო „კონტინენტალნაიას“ ღამის ბარში გაიცნო, შემდეგ ისინი ქუჩაში გავიდნენ, სადაც მეძავმა ტაქსი გააჩერა და მასში ჩასხდნენ. ეთიოპიელს არც ტაქსის ნომერი ახსოვდა, არც ტაქსისტის სახე და ვერც მეძავის ზუსტად აღწერა შეძლო, მხოლოდ ის თქვა, რომ გოგონა 20 წლამდე ასაკის იყო და ქერა თმა ჰქონდა. ეთიოპიელს არც მძარცველთა „ვოლგის” ნომერი ახსოვდა და არც მძარცველების გარეგნობა, მას მხოლოდ „კაგებეს“ წითელი წიგნაკები დაამახსოვრდა და გაახსენდა, რომ როდესაც მძარცველები „ვოლგაში“ ჩასხდნენ და მიდიოდნენ, დაზარალებულმა, რატომღაც, მანქანის უკანა მარჯვენა მხარეს ძლიერად მიარტყა წიხლი და, სავარაუდოდ, ჩაჭეჭყა.
მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ორი უცხოელი მამაკაცი გაძარცვეს ანალოგიურად და ორივე შემთხვევაში „კაგებეს“ წიგნაკები, შავი „ვოლგა“, ტაქსი და მეძავი გოგონა ფიგურირებდა. გაგანია სოციალიზმის პერიოდისთვის მსგავსი რამ ნონსენსი იყო, მით უმეტეს, რომ ზუსტად ერთ წელიწადში მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარებულიყო. ამიტომ, ამ სამი დანაშაულის შესახებ „კაგებეს“ მაშინდელ თავმჯდომარეს, იური ანდროპოვს რომ მოახსენეს, მან პოლკოვნიკი კოტე იოსელიანი გამოიძახა, რომელიც კონტრდაზვერვის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობდა და უთხრა:
– დაუშვებელია, რომ ბოროტმოქმედები ჩვენი სახელით ძარცვავენ უცხოელებს, მით უმეტეს, ერთ წელიწადში ოლიმპიური თამაშები უნდა ჩავატაროთ და, ხომ არაა ეს ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების შეფარული აქცია ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და ოლიმპიადის ჩასაშლელად? ერთი სიტყვით, ყველაფერი ზუსტად დაადგინეთ და ეს ორგანიზებული ბანდა სასწრაფოდ გაანეიტრალეთ.
– გასაგებია, იური ვლადიმიროვიჩ, – მიუგო იოსელიანმა „კაგებეს“ შეფს და მისი კაბინეტი დატოვა.
გაწყვეტილი ჯაჭვი
კოტე იოსელიანი პირადად გაეცნო გაძარცული უცხოელების ჩვენებებს და ყველას პირადად გაესაუბრა – ხელახლა დაკითხა ისინი, შემდეგ კი თავის ხელქვეითს თემურ კაშიას უთხრა:
– თითქმის არაფერია მნიშვნელოვანი, მაგრამ, ერთი ხელჩასაჭიდი მაინცაა: ეძებეთ შავი ფერის „ვოლგა“, რომელსაც უკანა მარჯვენა გვერდი ძლიერად აქვს ჩაჭყლეტილი.
„კაგებეს“ ათეულობით თანამშრომელმა, მოსკოვის მასშტაბით ყველა შავი „ვოლგის“ გადამოწმება დაიწყო და დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მძღოლმა ივანე ბონდარევმა თავისი ავტომანქანა 4 ივლისს სარემონტოდ ჩააბარა, რადგან მანქანას მარჯვენა უკანა კუთხე ჰქონდა ჩაჭყლეტილი. დეფექტი 2 დღეში გამოასწორეს და მძღოლს 6 ივლისს უკან დაუბრუნეს. იოსელიანმა ივანე ბონდარევი დაკითხა და დაადგინა, რომ მან „ვოლგა“ თავის ნაცნობს, იური ლისტევს ათხოვა, რაშიც 50 მანეთი გადაუხადა და შემდეგ ერთი ამდენი კიდევ დაუმატა რემონტისთვის. ხოლო, როდესაც „კაგებე“ იურის ბინაში მივიდა, სადაც ის ოთახს ქირაობდა, 40 წლის ლისტევი იქ არ აღმოჩნდა. იოსელიანმა ეჭვმიტანილის დოსიეს გადახედა და აღმოჩნდა, რომ ის წარსულში სავალუტო მაქინაციებისთვის იყო ნასამართლევი – 8 წელი ჰქონდა მოხდილი და ციხიდან 6 თვის წინ გათავისუფლდა. ლისტევი ქალაქ რიაზანიდან იყო და „კაგებეს“ თანამშრომლები სწორედ რიაზანში წავიდნენ მის დასაპატიმრებლად. თუმცა, ერთ-ერთი კონსპირაციული ბინიდან, სადაც ბოროტმოქმედი იმალებოდა, მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია „კაგებეს“ ოპერმუშაკებს და ორმხრივ სროლაში დაიღუპა. ამგვარად, ერთადერთი ძაფი, რომელიც „ქსივიანი“ მძარცველების ბანდაზე გადიოდა, გაწყდა, თან, არც ქერათმიანი მეძავი ჩანდა, არც სხვა მძარცველები და საქმე ერთ ადგილას გაიყინა.
ოპერაცია „ცოცხალი სატყუარა“
11 ივლისს კოტე იოსელიანი კვლავ ანდროპოვმა დაიბარა თავის კაბინეტში. მისი მოხსენება რომ მოისმინა, უთხრა:
– დიდი დაუდევრობაა, როდესაც ერთადერთ ხელჩასაჭიდ ძაფს შენვე ანადგურებ. საქმე ჩვენს პრესტიჟსა და ოლიმპიადის ჩატარება-არჩატარებას ეხება. ორ კვირაში ან ბანდას გამოააშკარავებ და აიყვან, ან სამსახურიდან წასვლის განცხადებას მომიტან.
კოტე იოსელიანი თავის კაბინეტში დაბრუნდა, თემურ კაშია გამოიძახა და ყველაფერი მოუყვა, ბოლოს კი უთხრა:
– გადავწყვიტე, ცოცხალი სატყუარა გამოვიყენო და ჩვენს ოპერაციასაც ასევე დავარქვი – „ცოცხალი სატყუარა.“
ოპერაციის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ „კაგებეს“ ათეულობით თანამშრომელს ფულიანი უცხოელების როლები უნდა შეესრულებინათ და მოსკოვის სხვადასხვა ადგილას გამოჩენილიყვნენ – იქნებ „ქსივიანი“ მძარცველები ამ ფანდს წამოგებოდნენ და საქმე გაეხსნათ. ოპერაციისთვის გამოიყო 50 ათასი დოლარი, რომელსაც ოპერთანამშრომლებს დაურიგებდნენ. ხოლო დავალების კარგად შესრულებისთვის კიდევ 50 ათასი ჯილდოდ დაწესდა. ასევე, გამოიყო შესაბამისი რეკვიზიტი – საათები, სამაჯურები, სამოსი და, „ფრანტულად“ გამოწყობილმა „კაგებეს“ ოპერმუშაკებმა მოქმედება დაიწყეს, მაგრამ ათდღიანმა ძალისხმევამ შედეგი ვერ მოიტანა – მძარცველები არ ჩანდნენ. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა თავად პოლკოვნიკი კოტე იოსელიანიც. 23 ივლისს ევროპელივით გამოწყობილი პოლკოვნიკი სასტუმრო „სოვეტსკაიას“ წინ იდგა, როდესაც მას ოციოდე წლის ქერათმიანი გოგონა მიუახლოვდა და გამოელაპარაკა. კოტემ მას თავი ინგლისელად წარუდგინა და დამტვრეული რუსულით ღამის ბარში დაპატიჟა. გოგონა დაეთანხმა, ორიოდე საათის შემდეგ კი კოტე და მეძავი ტაქსიში ჩასხდნენ და მოსკოვის ერთ-ერთი ქუჩისკენ გაემართნენ, სადაც მეძავის ბინა მდებარეობდა. ღამის 11 საათი სრულდებოდა, როდესაც წყვილი ადგილზე მივიდა. როგორც კი კოტე მანქანიდან გადმოვიდა, ჩაბნელებულ ეზოში შავი „ვოლგა“ შემოვარდა. მანქანიდან „კაგებეს“ წითელწიგნაკიანი სამი მამაკაცი გადმოხტა და „უცხოელს“ საბუთები მოსთხოვეს. ამ დროს ეზოში კიდევ ორი მანქანა შემოვარდა, რომლებშიც „კაგებეს“ ნამდვილი ოპერთანამშრომლები ისხდნენ. მათ ბოროტმოქმედები ადგილზევე დააკავეს და ლუბიანკაზე წაიყვანეს...
„ქსივიანი“ მძარცველების ბანდა კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. მასში შედიოდა 18 ადამიანი, მათ შორის იყო ორი ქალი, რომლებიც მეძავების როლს თამაშობდნენ. ბანდას 43 წლის იოსებ მურადაშვილი მეთაურობდა. ის წარმოშობით თბილისიდან იყო და შეიარაღებული ძარცვისთვის 7 წელი ჰქონდა მოხდილი. ბანდის წევრები გაასამართლეს და სხვადასხვა სასჯელი გამოუტანეს. კოტე იოსელიანი კი პირადად იური ანდროპოვმა დააჯილდოვა „ხალხთა მეგობრობის ორდენით“.