კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-48(779)

 ***
განძის მაძიებლებს რომ გაეღვიძათ, მატარებელი უკვე კასპიდან გამოდიოდა.
– გაიღვიძე, ნოდარ? – ჰკითხა ვასომ ბიჭს, რომელიც საწოლში იზმორებოდა.
– სად ვართ? – იკითხა ნოდარმა.
– კასპს გამოვცდით. ნელ-ნელა ჩავიცვათ, – თქვა ვასომ და წამოდგა.
– ტურისტებო, გაიღვიძეთ! თბილისს ვუახლოვდებით, – მოესმა განძის მაძიებლებს გამცილებლის ხმა, რომელმაც მათ კუპეზე დააკაკუნა.
– ვიცით, – გასძახა ვასომ, – კარგს იზამთ, თუ კარს არ შემოგვიმტვრევთ.
– ჩაი ხომ არ გნებავთ? – იკითხა გამცილებელმა.
– არა! – მოკლედ მოუჭრა ვასომ. ნოდარს კი გაეცინა და კაპიტანს გაეხუმრა.
– რატომ აითვალწუნე პრავადნიცა ბებო. დაევასე და ხომ იცი, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის?
– გეყოფა მაიმუნობა. მალე ჩავალთ და ჯობია, ჩაიცვა.
– არის უფროსო! – გამოეჯგიმა ნოდარი კაპიტანს და საწოლიდან წამოდგა. შემდეგ გაიზმორა და თქვა:
– ჯერ წესიერადაც არ გათენებულა და როგორ ცხელა. დღისით რაღა იქნება?
– რა და პაპანაქება, – მიუგო ვასომ.
განძის მაძიებლები რომ მატარებლიდან ჩამოვიდნენ, დილის რვა საათიც არ იყო, მაგრამ თბილისში ისე ცხელოდა,  ასფალტი დნებოდა.
– სად წავიდეთ? – ჰკითხა კაპიტანს ნოდარმა.
– ნუცასთან, – მიუგო ვასომ და ცარიელ ტაქსის აუწია ხელი.
ნუცას ბინაში რომ მივიდნენ, თინაც იქ დახვდათ, რომელიც საკმაოდ შეწუხებული ჩანდა და მეუღლეს ჰკითხა:
– რა უბედურება მოხდა, ვასიკო, ლენინგრადში?
კაპიტანმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს თქვა:
– ზალკინი, ის ნაძირალა... ვერ გაუძლო ცდუნებას და ასეთი უბედურება დაატრიალა. კიდევ კარგი, რომ თვითონაც ჩაძაღლდა.
– ვასიკო, გუშინწინ სახლში დავრჩი და საღამოს პოლკოვნიკმა ოლეგ მასლოვმა დარეკა სვერდლოვსკიდან.
– პოდპოლკოვნიკმა, – გაუსწორა ცოლს კაპიტანმა.
– პოლკოვნიკმა. ამ ერთი კვირის წინ მოუმატებიათ მისთვის ჩინი.
– გასაგებია. რაო, რა უნდოდა მასლოვს?
– შენ გიკითხა.
– მერე?
– ვუთხარი, მივლინებაშია-მეთქი.
– რა გითხრა.
– რომ ჩამოვა, დამირეკოსო.
– მეტი არაფერი უთქვამს?
– არა, – თავი გააქნია თინამ, – თითქმის დარწმუნებული ვარ, მასლოვმა ვასილ ანდრეევიჩის ამბავზე დარეკა.
– რა ვასილ ანდრეევიჩის ამბავზე? – ვერ მიხვდა ვასო.
– გენერალ პოპოვის მკვლელობის გამო.
– რას ამბობ, თინიკო. საიდან უნდა იცოდეს მან ეს ამბავი. არა, გამორიცხულია! – თავი გააქნია ვასომ.
– აი, ნახავ. დაურეკე და დარწმუნდები, თუ მართალი არ ვარ.
– რას ამბობ, თინიკო, მასლოვი ამას როგორ შეიტყობდა?
– ეგ არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, არ ვცდები, – თქვა თინამ. ვასომ კი საათს დახედა და თქვა:
– ჯერ ძალიან ადრეა. შეიძლება, სძინავს. ცოტა ხანში დავურეკავ, –კაპიტანმა მეუღლეს შეხედა, გაეცინა და უთხრა:
– მაინც, საიდან მოგივიდა, თინიკო, ის აზრი, რომ პოდპოლკოვნიკმა მასლოვმა ვასილ ანდრეევიჩის მკვლელობის ამბავი იცის?
– პოლკოვნიკმა მასლოვმა, – შეუსწორა თინამ ქმარს, – ტყუილად დამცინი, ვასიკო. აი, ნახავ, თუ მართალი არ აღმოვჩნდე.
– მეეჭვება, – კვლავ გაეცინა კაპიტანს.
სვერდლოვსკის დროით დილის ცხრის ნახევარზე ვასო ჩხიკვაძემ ოლეგ მასლოვს სახლში დაურეკა.
– გისმენთ, – მოესმა ვასოს მასლოვის ბოხი ხმა.
– დილა მშვიდობისა, ოლეგ, – მიესალმა ვასო.
– დილა მშვიდობისა, ვასო. როგორ ხარ? ალბათ, ახლახან ჩამოხვედი, ხომ?
– კი. ერთი საათის წინ. ადგილობრივ მივლინებაში ვიყავი. მეუღლემ მითხრა, დაგირეკავს. რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
– ვასო, კიდევ ხომ არსად აპირებ გამგზავრებასმ?
– არა.
– ჰოდა, მაშინ დღესვე ჩამოვფრინდები თბილისში და დავილაპარაკოთ.
– კარგი. გელოდები.
– თქვენი დროით, დღის ორ საათზე ჩამოვალ. მისამართი მითხარი.
– აეროპორტში დაგხვდები. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი მისამართიც ჩაიწერე, – უთხრა ვასომ მასლოვს. მისამართი ჩააწერინა და ყურმილი დაკიდა.
– რაო, მასლოვმა, – იკითხა თინამ.
– ორ საათზე ჩამოფრინდება თბილისში.
– მეტი არაფერი უთქვამს?
– მანდ ვილაპარაკოთო.
თინას გაეცინა და ქმარს უთხრა:
– ხომ გითხარი, რომ პოპოვის მკვლელობის ამბავი იცის-მეთქი.
– საიდან მოიტანე, გოგო? ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
– გეტყვის, რომ ჩამოვა, – მიუგო თინამ მეუღლეს.
ვასო მარტო დახვდა ოლეგ მასლოვს აეროპორტში. მანამდე კი თინა სახლში მიიყვანა და უთხრა:
– აბა, შენ იცი და შენებურად დატრიალდი. ისეთი სუფრა გაშალე, რომ ჩიტის რძეც კი არ აკლდეს.
– მე კი დავტრიალდები და სუფრასაც გავშლი, მაგრამ, მასლოვი აქ საქეიფოდ არ მიფრინავს.
– პოპოვის მკვლელობის საქმეზე, ხომ?
– აი, ნახავ თუ არა.
ვასო, თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა მასლოვს. მოიკითხა და ჰკითხა:
– ახლა მაინც მითხარი, რა ხდება.
– ვასო, ძვირფასო, სწორედ ამის საკითხადვად ჩამოვფრინდი ამ სიშორიდან.
– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა.
 – ვასო, ძვირფასო, მოდი, აქედანვე შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს არ მოვატყუებთ.
– რას გულისხმობ, ოლეგ?
– მხოლოდ იმას, რაც გითხარი და მეტს არაფერს. ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ.
– შევთანხმდით, – მიუგო ვასომ მასლოვს. შემდეგ ძრავა ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა, – გისმენ.
– ვასო, ვასილ ანდრეევიჩის მკვლელობის შესახებ რა იცი?
– ვერაფერს ვხვდები, – მიუგო კაპიტანმა.
– ჩვენ ხომ შევთანხმდით, ვასო?
ჩხიკვაძემ მანქანა გზატკეცილიდან გადააყენა. გააჩერა და მასლოვს უთხრა:
– შენ საიდან იცი ეს?
– ლენინგრადის მილიციის სამმართველოს უფროსმა დამირეკა და შემატყობინა. მილიციაში ვიღაც ანონიმს დაურეკავს და უთქვამს, – პოპოვის ბინაში „ტრუპებიაო“. მე მაშინვე ლენინგნრადში გადავფრინდი და სამივე „ტრუპი“ უკვე მორგში ვნახე. იმავე საღამოს დაგირეკე და შენმა მეუღლემ მითხრა, მივლინებაშიაო.
– რამდენი ტრუპი ნახე?
– სამი.
– გეშლება.
– მეშლება? – გაიმეორა პოლკოვნიკმა.
– ჰო, – თქვა ვასომ და დაამატა, – ის ინკოგნიტო მე ვიყავი, ვინც მილიციაში დარეკა. პოპოვის ბინაში ოთხი ტრუპი იყო.
– როგორ  ოთხი?
– როგორ და ოთხი,  – გაიმეორა ვასომ.
– აბა, ჩამომითვალე, ვისი ტრუპები ნახე იქ?
– ვასილ ანდრეევიჩის, სედოის, ფიგაროსი და ქირურგ იური ზალკინის.
– მეოთხე ვინ დაასახელე? – ჰკითხა მასლოვმა, რომელიც საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
– ზალკინის, – გაიმეორა ვასომ – არ გახსოვს? მას ხომ ჩვენ ერთად ვეძებდით ურალში ამ ორი თვის წინ?
– როგორ არ მახსოვს, მაგრამ ზალკინის ტრუპი ნამდვილად არ იყო.
– ეგ როგორ? – გაეცინა ვასოს, – გაცოცხლდა და წავიდა?
– მკვდარს რა გააცოცხლებს, მაგრამ, დარწმუნებული ხარ, რომ გენერლის ბინაში ზალკინის ტრუპიც იყო?
– ჩემი თვალით ვნახე და ერთი მოწმეც მყავს, ვინც ჩემთან ერთად ნახა ის.
– უცნაურია, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა, – თუ ბინაში ტრუპი იყო, მაშინ სად და როგორ უნდა გამქრალიყო?
– ესე იგი, ის ვიღაცამ წაიღო იქიდან, – თქვა ვასომ.
– ეგ, დავუშვათ, მასეა, მაგრამ ეს სასაკლაო ვინ და რატომ მოაწყო პოპოვის ბინაში?
– სედოი და გენერალი ზალკინმა დახოცა. ფიგარომ და ქირურგმა კი ერთმანეთი დახოცეს, – თქვა კაპიტანმა და დააყოლა, – პოპოვის ბინაში რომ ვიყავი შესული, სწორედ მასეთი სურათი დამხვდა.
– არ გეშლება?
– არა.
– კარგი, – თქვა მასლოვმა, – ახლა შენ ის მითხარი, როგორ მოიყარეს ერთად თავი პოპოვის ბინაში ორმა ძებნილმა და ერთმა ციხიდან ახალგამოსულმა  ბოროტმოქმედმა და რა უნდა გამხდარიყო მიზეზი ამ სასაკლაოსი?
– ოლეგ, ჯერ ის მითხარი, მე რატომ დამიკავშირდი პოპოვის ამბის გამო და ამ კითხვაზე მერე შევეცდები, პასუხის გაცემას.
– რატომ და, როგორც ეტყობა, ამ სასაკლაოს წინა საღამოს ვასილ ანდრეევიჩმა სახლში დამირეკა. მე და ჩემი ქალიშვილი გალია მოგვიკითხა და მითხრა, თუ რამე გაუთვალისწინებელი ან უცნაური მოხდა, კაპიტან ვასო ჩხიკვაძეს დაუკავშირდი თბილისშიო და აი, მეც შენ დაგიკავშირდი. ახლა კი, ჩემს კითხვაზე მიპასუხე.
ვასოს გაეცინა. სიგარეტი გააბოლა და მასლოვს მთელი ისტორია დაწვრილებით უამბო და ბოლოს უთხრა:
– სწორედ ამ დილით ჩამოვედით მატარებლით მე და ნოდარი და ფული და დანარჩენი საგანძურიც თბილისში ჩამოვიტანეთ.
– ესე იგი, მთელი ეს აურაცხელი ქონება ახლა შენთანაა?
– შეიძლება ითქვას, რომ კი.
– ალბათ, დიმკასაც შენ მალავ, ხომ?
– შეიძლება ითქვას, რომ კი.
მასლოვმა გააბოლა და ჩაფიქრდა. შემდეგ თავი გააქნია და თქვა:
– ჩემმა გალიამ მიამბო, რომ ის სწორედ დიმკამ გადაარჩინა დიდ შეურაცხყოფას სოჭში.
– ვიცი. ვასილ ანდრეევიჩმა მითხრა, – მიუგო ვასომ.
– ერთი ის მითხარი, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა, მთელი კამპანია, ალბათ, უცხოეთში აპირებთ გამგზავრებას არა?
– მე და ჩემი ცოლი, ალბათ, არა. ეგენი – კი.
– გასაგებია.
– რას აპირებ? – ჰკითხა ვასომ მასლოვს.
– რას უნდა ვაპირებდე?
– ჩვენზე გეკითხები. რას აპირებ. შენს მოვალეობას შეასრულებ, თუ...
მასლოვს გაეცინა და კითხვითვე მიუგო:
– შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?
– თუს, – გაეცინა ვასოს.
– ჰოდა მეც თუს ვიზამ.
– ანუ, ხელს დაგვაფარებ.
– მე არაფერი გამიგონია, – ხელები გაშალა მასლოვმა და ჩაფიქრდა.  – ამ ისტორიაში ყველაზე იდუმალი და საშიში ზალკინის ეპიზოდია. ანუ, მისი ტრუპის გაუჩინარების მომენტი. გამოდის, რომ ვიღაცამ იცის მთელი ეს ისტორია თუ არა, რაღაც მაინც.
– კი, მასეა, – დაეთანხმა ვასო.
– ის უცნობი კი, ვინც ზალკინის ტრუპი გააქრო, ალბათ, ზალკინის ახლობელია.
– ნამდვილად მასეა.
– ჰოდა, ჩემო ვასო, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ მთელი კამპანია. ვიღაც უეჭველად კუდზე გაზით და საგანძურის ხელში ჩაგდება სურს.
– სურდეს მერე, ბევრს ვერაფერს მიაღწევს.
– რატომ გგონია?
– იმიტომ, რომ თუკი მართლა ვინმე გვაზის კუდზე, მას ზალკინის ნაკოლი აქვს. ზალკინმა კი იმ ბინის მისამართი არ იცოდა, სადაც საგანძურს ვინახავთ და ჩვენც ვიმალებით.
– გასაგებია, – თქვა მასლოვმა და ვასოს ჰკითხა:
– ვასო, თქვენს წრეში ყველა სანდოა?
– ანუ, შენ ფიქრობ, რომ ვინმე შიგნიდან მოქმედებს? – კითხვა შეუბრუნა ვასომ.
– ჰო.
– არა, რას ამბობ? ეს გამორიცხულია! ჩემს ცოლსაც ვენდობი, დიმკასაც და ჩვენს ორ მეგობარსაც. მეტი კი არავინაა ჩვენს წრეში, – მიუგო ვასომ მასლოვს.
– მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეც თქვენს მეგობრად მიგულეთ და შეგიძლიათ, დამეყრდნოთ.
– მასე რომ არ ვფიქრობდე, არც არაფერს მოგიყვებოდი, – მიუგო ვასომ მასლოვს. შემდეგ მანქანა კვლავ ადგილიდან დაძრა და უთხრა:
– ახლა კი, ჩემო ძვირფასო სტუმარო, ზღაპრული სუფრა გველოდება ჩემს სახლში და საქეიფოდ მივდივართ.
– მე დღესვე ვაპირებდი უკან გამგზავრებას და გამოდის, ამაღამ აქ უნდა დავრჩე?
– კი, ასე გამოდის, – მიუგო ვასომ.
***
კაპიტანმა ვასო ჩხიკვაძემ პოლკოვნიკი ოლეგ მასლოვი სახლში მიიყვანა და თინა გააცნო. შემდეგ ნუცას დაურეკა, ტელეფონთან დიმკასთვის დააძახებინა და მას უთხრა:
– სტუმარი მყავს.
– პოლკოვნიკი, ხომ? – ჰკითხა დიმკამ.
– ჰო. ოლეგ მასლოვი.
– მერე?
– ცოტას წავიქეიფებთ და დღეს ჩემთან დარჩება. ხვალ კი უნდა გაფრინდეს.
– ამის სათქმელად დამირეკე?
– არა.
– აბა, რაშია საქმე?
– რასაც გეტყვი, ზუსტად შეასრულეთ ყველამ და რაც არ უნდა მოხდეს, არ დაარღვიოთ.
– თქვი.
– არცერთმა ფეხი არსად გაადგათ, გასაგებია?
– რა მოხდა?
– გასაგებია თუ არა? – გაუმეორა დიმკას ვასომ.
– კი. გასაგებია, მაგრამ არ იტყვი, რა მოხდა?
– ხვალ მოვალ და გეტყვი. ჩემს გამოჩენამდე კი ფეხი არსად გაადგათ. კარი მაგრად ჩარაზეთ და ყურადღებით იყავით.
– ხუმრობ?
– არა.
– აბა, რაშია საქმე?
– ხომ გითხარი, ხვალ გეტყვი-მეთქი. ახლა კი ჩემი სიტყვა შეასრულე. წავედი. ხვალამდე... – ვასომ ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო. სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში მჯდომ პოლკოვნიკს უთხრა:
– არ მივუსხდეთ სუფრას?
– მივუსხდეთ, – პოლკოვნიკმა მასპინძელს გაუღიმა და სუფრას რომ მიუსხდნენ, ჰკითხა:
– ახლა, ალბათ, შენს კომპანიონებს დაურეკე, ხომ?
– ჩვენს კომპანიონებს, – შეუსწორა სტუმარს ვასომ.
– ჩვენს? – გაიმეორა მასლოვმა.
– კი.
– ეგ როგორ გავიგო? – თქვა პოლკოვნიკმა.
– პირდაპირი გაგებით, ჩემო ძვირფასო სტუმარო. დღეიდან ჩვენთან წილში ხარ. ახლა ქეიფს შევუდგეთ. დეტალები კი სხვა დროს შევათანხმოთ.
– მოიცა, მოიცა, ვასო. ასე არ გამოვა.
– რა არ გამოვა?
– ასე არ ხდება წილების განაწილება. ჯერ უნდა გავარკვიოთ მათი პოზიცია. თანახმა იქნებიან ისინი?
– რა თქმა უნდა.
– კი მაგრამ, ხომ უნდა ვკითხოთ მათ?
– მოგვიანებით ვკითხავთ. ახლა კი მოდუნდი და საქეიფოდ განეწყვე. ღვინოს დალევ თუ არაყს?
– ღვინოს, – მიუგო სტუმარმა.
– წითელს თუ თეთრს?
– წითელს.
ვასომ ჭიქები წითელი ღვინით შეავსო. შემდეგ სადღეგრძელო თქვა და დალია. პოლკოვნიკი ოლეგ მასლოვი საკმაოდ კარგი მოქეიფე გამოდგა. მას ბევრი სმაც ეხერხებოდა, სიტყვაც უჭრიდა და არც იუმორისგან იყო შორს. კოლეგებმა საკმაოდ გვიანობამდე სვეს.  შუაღამე რომ სრულდებოდა, ბოლო სადღეგრძელოც დალიეს და დასაძინებლად დაწვნენ. მასლოვს მაშინვე ჩაეძინა. ვასომ კი ტელეფონის ყურმილი აიღო და ნუცასთან დარეკა. ხაზი დაკავებული იყო. კაპიტანი დაელოდა  და კვლავ დარეკა, თუმცა ხაზი ისევ დაკავებული იყო.
– ნეტავ, ხომ მშვიდობაა? – აღელდა ვასო.
– აბა, რა უნდა იყოს? – მიუგო თინამ და დასძინა, – გვიანია ვასო. ნასვამი ხარ. დაწექი და დაიძინე.
– რას ამბობ, თინიკო, რა დამაძინებს? – თქვა კაპიტანმა და კვლავ დარეკა, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ნუცას ტელეფონი ისევ დაკავებას იძლეოდა.
– ვინმეს ხომ არ ელაპარაკება, ნეტავ? – უთხრა თინამ აღელვებულ მეუღლეს.
– ამდენ ხანს?
– ან, იქნებ ხაზი გაფუჭდა? არ იცი ჩვენი „ატეესების“ ამბავი?
– მასე რომ არ იყოს?
– აბა, რაში უნდა იყოს საქმე?! დამშვიდდი. ტყუილად ნერვიულობ.
– რაში და, იქნებ ვინმე მივიდა იქ განძის გასატაცებლად. ჩვენები დახოცა. ტელეფონი კი გამორთო...
– კარგი, რა. შენ თვითონ თუ გჯერა შენი სიტყვების?
– მჯერა თუ არა, უნდა გადავამოწმო. არ გახსოვს, დღისით რაზე ვლაპარაკობდით?
– რაზე?
– რაზე და, ვიღაც რომ გვაზის კუდზე და ჩვენი საგანძურის დათრევა რომ უნდა, იმაზე.
– ჰო, მაგრამ, ისიც ხომ თქვით, რომ იმ ვიღაცამ ნუციკოს სახლის მისამართი არ იცის და იქ ვერ მივა? თუ მოსვლაა, მაშინ, უპირველესად, აქ უნდა მოვიდეს.
– რა იცი შენ, იქნებ იცის ნუციკოს მისამართი?
– აბა, საიდან უნდა იცოდეს?
– არ ვიცი, მაგრამ უნდა გადავამოწმო.
– ანუ, წასვლას აპირებ ვაკეში?
– ჰო.
– კარგი. მაშინ მეც მოვდივარ.
– შენ სად უნდა წამოხვიდე?!
– იქ, სადაც შენ, ვაკეში! – მტკიცედ მიუგო თინამ მეუღლეს, – თანაც, საჭესთან მე დავჯდები.
– ახლა, ნამეტანს კი ნუ მოინდომებ, – გაბრაზდა ვასო, თინამ კი უფრო მტკიცედ მოუჭრა:
– ან ისე იქნება, როგორც გითხარი, ან ვერსად წახვალ!
– თინა, თინა... – თვალები დაუბრიალა ვასომ ცოლს, – ზედმეტი არ მოგივიდეს.
– ვასიკო, ვასიკო... –  მეუღლის სტილში გაიმეორა თინამ, – ან მიგყავარ და საჭესთან ვჯდები, ან ჩვენს სტუმარს გავაღვიძებ და მისი წაყვანა მოგიწევს.
– ჰო, მართლა, მოგყვები, მოგყვებიო, რომ გაიძახი, ამ კაცს აქ მარტო ხომ არ დავტოვებთ მთვრალს?
– რატომ? რა, მოიტაცებენ?
– ყოველ შემთხვევაში, რამე რომ დასჭირდეს ან ცუდად გახდეს?
– და რა? მე, ქალს მტოვებ მარტო სახლში მთვრალ სტუმართან?
– რა მერე?
– ჯერ ერთი, რომ სირცხვილია და არაა წესი. მეორე კი ის, რომ მოვ-დი-ვარ, – დამარცვლით უთხრა თინამ მეუღლეს და დაამატა, – მოვდივარ და მორჩა. წავედით, თუ მივდივართ, უკან რომ დროზე დავბრუნდეთ!
ვასომ ხელი ჩაიქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოლის ნებას დაჰყვა. შემდეგ ტაბელური იარაღი უჯრიდან ამოიღო და პერანგის ქვეშ, შარვალში გაირჭო.
– ერთი ვიცოდე, პისტოლეტი რად გინდა, – თქვა თინამ და ვასოსთან ერთად ფეხაკრეფით გავიდა ბინიდან.
გვიანი დროის მიუხედავად, თბილისში საშინელი სიცხე იდგა და ცოლ-ქმარი ოფლში ცურავდა. თინამ ძალიან სწრაფად მიიყვანა მანქანა ნუციკოს საცხოვრებელ კორპუსთან. ცოლ-ქმარი მანქანიდან გადმოვიდა და ზევით ავიდნენ. ვასომ პისტოლეტი ამოიღო, გადატენა. შემდეგ ნუცას სახლის კარს მიაწვა და შეამოწმა, ღია თუ იყო.
– ჩაკეტილია, – გადაუჩურჩულა ვასომ ცოლს.
თინამ კი ჩურჩულითვე მიუგო:
– აბა, ღიას ხომ არ დატოვებდნენ? წამოდი, წავიდეთ. სძინავთ, ალბათ და ნუ დავაწიოკებთ.
– რას ამბობ, თინიკო. უნდა შევამოწმოთ. შენ ზარი დარეკე. მე კი გვერდით დავდგები და პისტოლეტით დაგაზღვევ.
– მე მგონი, სულ გაგიჟდი, – გაეცინა თინას და ზარის ღილაკს თითი მიაჭირა.
ცოტა ხნის მერე კარი გაიღო და ზღურბლზე ნოდარი გამოჩნდა, რომელმაც თვალები მოიფშვნიტა და ცოლ-ქმარს ჰკითხა:
– რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
თინას გაეცინა და ქმარს ირონიით შეხედა. ვასომ კი პისტოლეტი თავის ადგილზე დააბრუნა და ნოდარს ჰკითხა:
– თქვენთან რა ხდება? ხომ მშვიდობაა?
– კი. – მიუგო ნოდარმა.
– ტელეფონი რატომ გაქვთ გამორთული? – დაინტერესდა ვასო.
– ხაზია დაზიანებული, – თქვა ნოდარმა.
–  კარგი. ჩვენ წავალთ, – თქვა ვასომ და უკან გაბრუნება დააპირა. ამ დროს ზღურბლზე ნუცა და დიმკა გამოჩნდნენ და დიმკამ ვასოს უთხრა:
– შემოდი, რა გარეთ დგახარ?
– არა, წავალთ, – მიუგო ნირწამხდარმა კაპიტანმა.
– სად წახვალთ? შემოდით და მოგვიყევი, რა ხდება.
– არა, არა... ხვალ იყოს. სახლში სტუმარი გვყავს. მთვრალია და დაძინებული დავტოვეთ.
– ბავშვი ხომ არაა, – გაეცინა დიმკას, – შემოდი რა, თქვი რა ხდება?
– ახლა გაგახსენდა, ხომ, სტუმარი, –  გაეცინა თინას, – ხომ გეუბნებოდი, დავრჩეთ-მეთქი და არ დამიჯერე? შედი ახლა. მე ყავას დავლევ და არც შენ გაწყენს ყავა.
ცოლ-ქმარი ბინაში შევიდა და ვასომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო დიმკას. ბოლოს კი უთხრა:
– აი, ძმაო, ასეთი ამბებია.
– ვაა, ტრუპი სად და როგორ გაქრა, კაცო? – გაუკვირდა ნოდარს.
– ღმერთმა უწყის, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა, – ვიღაცამ წაიღო, რა.
– ესე იგი, ვიღაც  კუდზე გვაზის და განძის დათრევა უნდა? – თქვა დიმკამ.
– ჰო, – დაუდასტურა ვასომ.
– ვასო, ეგ მასლოვი სანდო კაცია? – ჰკითხა დიმკამ კაპიტანს.
– მე მგონი, კი. რატომ მეკითხები?
– აბა, რა ვიცი. ასეთ დროს, ხომ იცი, ყველაფერს იფიქრებს ადამიანი.
– მაინც, რას? – ჩაეკითხა დიმკას ვასო.
– პონტს ხომ არ აგდებს ეგ შენი პოლკოვნიკი?
– რა პონტს?
– რას და, ხომ არ იტყუება, ტრუპი გაქრაო? – თქვა დიმკამ და დაამატა, – წარმოიდგინე, ამხელა კაცის ტრუპი წამოიღო დღისით, მზისით ლენინგრადის ცენტრში. ხომ არ გვატყუებს, ნეტავ?
– კი მაგრამ, რაში სჭირდება? – ლაპარაკში თინა ჩაერია, რომელიც მანამდე უხმოდ ისმენდა დიმკასა და ვასოს დიალოგს.
– რაში და თავგზა რომ აგვიბნიოს.
– კონკრეტულად? – ჰკითხა თინამ.
– ყურადღება რომ გადაგვატანინოს რაღაც სისულელეზე. თავად კი განძის ადგილმდებარეობა დაადგინოს და ყველაფერი მიითვისოს. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ყველანი გაგვასაღოს.
– პრინციპში, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ, რაღაც მეეჭვება ასეთი რამ, – მხრები აიჩეჩა ვასომ. თინას კი გაეცინა და დიმკას უთხრა:
– არა, დიმკა, რას ამბობ. გამორიცხულია ასეთი რამ.
– რატომაა გამორიცხული?
– იმიტომ, რომ ის პოპოვის უახლოესი ადამიანი იყო და თავად ვასილ ანდრეევიჩი აქებდა. თანაც, მილიციის პოლკოვნიკია და მთელი ცხოვრება კანონის დაცვას შეალია. არა, რას ამბობ. მასე არაა, – თინას გაეცინა და თავი გააქნია.
– ჰო. არ მგონია, დიმკა, რომ ასე იყოს, – დაეთანხმა ცოლს ვასო.
– კარგი, თუ დარწმუნებული ხართ, მაგრამ მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს, – თქვა დიმკამ.
– ეგ – თავისთავად, – მიუგო თინამ. შემდეგ კი ვასოს გადახედა და უთხრა:
– წავედით, ვასიკო, თორემ ოლეგს მართლა რამე არ დასჭირდეს და ძებნა არ დაგვიწყოს.
ცოლ-ქმარი რომ ნუცას ბინიდან წამოვიდა, ღამის სამი საათი სრულდებოდა. ათ წუთში ისინი უკვე თავის ბინაში იმყოფებოდნენ. თინა ტუალეტში შევიდა. ვასო კი მძინარე სტუმრის სანახავად გავიდა და მისი ლოგინი რომ ცარიელი დახვდა, პისტოლეტი გადატენა და ტუალეტიდან გამოსულ თინას უთხრა:
– ოლეგი გაქრა...
– როგორ თუ გაქრა? – გაოცდა თინა.
– საწოლში აღარ წევს.
– კი მაგრამ, ღამის საამ საათზე სად უნდა წასულიყო? კარგად მოძებნე!
– მეტი კარგად როგორ მოვძებნო? – მხრები აიჩეჩა ვასომ, – ყველა კუთხე-კუნჭული ვნახე.
– უცნაურია, – თქვა თინამ. ვასომ კი ყველა ოთახში შუქი აანთო. თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში ყველაფერი გულდასმით დაათვალიერა და მეუღლეს უთხრა:
– არანაირი ძალადობის კვალი არ ჩანს. აშკარაა, რომ ოლეგმა ჩაიცვა და თავისი ფეხით გავიდა სახლიდან.
– იქნებ მას ამაში ვინმე დაეხმარა?
– კონკრეტულად?
– იქნებ ვინმემ აიძულა მასლოვი, რომ სახლიდან გასულიყო? მაგალითად, იარაღით... – თქვა თინამ.
– ვინ და როგორ? – გაეცინა ვასოს, – ოლეგ მასლოვი გუშინდელი ღლაპი ხომ არაა, რომ ვინმემ ის თავის ჭკუაზე ატაროს?
– ღლაპი რა შუაშია. რა იცი, რა მოხდა? – თქვა თინამ, შემდეგ ჩაფიქრდა და მეუღლეს ჰკითხა: – ვასიკო, მასლოვს ენდობი?
– ისევე, როგორც შენ და საკუთარ თავს, – მიუგო კაპიტანმა.
– მაშინ, არ ვიცი, რა მოხდა, – მხრები აიჩეჩა თინამ.
– მე ვიცი ის, რომ ოლეგი სასწრაფოდ უნდა მოვძებნო.
– სად ან როგორ? – თქვა თინამ, – მილიციისთვის შეტყობინება არ ივარგებს. არ ვიცით, რაშია საქმე და, საგანძურის ამბავი რომ ამოტივტივდეს, ყველაფერი ჩაიშლება.
– მართალი ხარ. მოდი, მე მანქანით წავალ და ახლომახლო მივივლ-მოვივლი ქუჩებს, შემდეგ ისევ ნუცასთან მივალ და იქაც მოვიკითხავ, შენ კი სახლში დარჩი და დამელოდე.
– მეც წამოვალ. მარტო დარჩენა არ მინდა.
– ჯობია, დარჩე. კარი მაგრად გადარაზე და დამელოდე.
– არა, – თავი გააქნია თინამ.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა და ვასომ თქვა:
– ასე გვიან ვინ უნდა რეკავდეს?
– უპასუხე. მე მგონი, ჩვენი ისტორიის ფინალი ახლოვდება და ყურმილი მაინც აიღე, – უთხრა თინამ ვასოს.
ვასო ჩხიკვაძემ ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენთ.
– რომელი ხარ? – რუსულ ენაზე იკითხა მამაკაცმა. ვასომ კი რუსულადვე მიუგო:
– თქვენ ვინ გნებავთ?
– ვასო ხარ? – იკითხა მამაკაცმა.
– ვასო ვარ.
– სად დადიხართ შენ და შენი ცოლი ასე გვიან?
– ვინ ხარ და რა გინდა? – უხეშად ჰკითხა ვასომ უცნობს.
– ზალკინისგან ვარ. უნდა გითხრა, რომ ის მე დავანაწევრე და ისე გამოვიტანე გენერლის ბინიდან, თუმცა ეს მეასეხარისხოვანია. ახლა კი მთავარზე გადავიდეთ – შენთან წინადადება მაქვს.
– გისმენ.
– ბარტერს გთავაზობ: შენი სტუმრის სანაცვლოდ, რაც განძი გაქვს, მომიტანე, ფული კი შენი იყოს. გაწყობს?
– არ მაწყობს, – მკვეთრად მოუჭრა ვასომ.
მამაკაცს ჩაეცინა და კაპიტანს ჰკითხა:
– შენი ცოლი მანდვეა?
– რატომ მეკითხები? – გამწარდა ვასო.
– დამალაპარაკე.
– ნაძირალავ! – ხმას აუწია ვასომ, – ხელში ჩაგიგდებ და სულს ამოგაძრობ!
– დამშვიდდი, დამშვიდდი. თუ არ გინდა, ნუ დამალაპარაკებ. უბრალოდ, უთხარი, თანახმა თუ არის, რომ მისი ძმის სიცოცხლის სანაცვლოდ განძი გადმომცეს, – თქვა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.
– ალო! ალო! – აყვირდა ვასო, შემდეგ ყურმილი აპარატზე დაახეთქა და გაფითრებულმა გააბოლა, თან ხელები უკანკალებდა.
– რა გჭირს, ვასო, ვინ იყო? – იკითხა თინამ და ქმარს გაოცებით შეხედა.
– მე მგონი, ვიცი, ვინც იყო... – მიუგო ვასომ მეუღლეს. ლაპარაკის შინაარსი უამბო და ბოლოს დაამატა: – როგორც ჩანს, ოლეგი და შენი ძმა, თემური, მას ჰყავს დატყვევებული და მათი სიცოცხლეების სანაცვლოდ განძს ითხოვს,  ფულს კი გვიტოვებს.
თემურის ხსენებაზე თინაც გაფითრდა, მაგრამ თავს მოერია და მეუღლეს ჰკითხა:
– რას ფიქრობ, ვინ უნდა იყოს ეს ნაძირალა?
– ვადიმ ბასოვი! – თქვა ვასომ.
 – ეგ ვინღაა?
– შენი ძმის კოლეგა. მოსკოვში ცხოვრობს. სწორედ ის უნდა დაგვხმარებოდა ძვირფასეულობის საზღვარგარეთ გატანაში, – თქვა ვასომ. თინას მოკლედ მოუყვა ბასოვის ისტორია და ბოლოს დაამატა: – არ გახსოვს? თემურმა მე და შენ ქეიფის შემდეგ  რომ გამოგვაცილა, სწორედ იმ ბასოვის ამბავი მოგვიყვა.
– გამახსენდა, – თქვა თინამ, შემდეგ უკითხავად გააბოლა და მეუღლეს ჰკითხა: – რას აპირებ?
– რას უნდა ვაპირებდე? იმ ნაძირალას ორ ადამიანს ხომ არ მოვაკვლევინებ ოქროს გამო?
– ესე იგი, განძს აძლევ?
– შენ რა, არ ხარ თანახმა?
– მარტო ჩვენზე არაა აქ საქმე. დანარჩენები დაგვთანხმდებიან?
– აბა, რას იზამენ, – თქვა ვასომ.
– რომ არ ქნან?
– იზამენ, იზამენ. ამაზე უარს როგორ იტყვიან. არც დიმკაა შეუგნებელი და ხამი და არც და-ძმა.
– მაინც უნდა ვკითხოთ, – თქვა თინამ. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვასომ ცოლს ხელით ანიშნა – გაჩუმდიო, თვითონ კი ყურმილი აიღო და უპასუხა:
– გისმენ.
– ისევ მე ვარ, – მოესმა ვასოს მამაკაცის ხმა. ის კარგად დაუკვირდა ტემბრს, მასში ვადიმ ბასოვი შეიცნო და გაუმეორა:
– გისმენ.
– რა ქენით, მოითათბირეთ შენ და შენმა ცოლმა? ცვლით საგანძურს ორი კაცის სიცოცხლეზე?
– ჯერ დაგვიმტკიცე, რომ ისინი შენთან არიან, – უთხრა ვასომ.
– შენ ალბათ გინდოდა, გეკითხა, ხომ ცოცხლები არიანო, არა?
– ჰო.
– მაშინ, მოდი, ასე მოვიქცეთ. მე თქვენ მასლოვს დაგიბრუნებთ და ის დაგიდასტურებთ, რომ თემური ცოცხალია. მასვე დაუტვირთავთ მთელ განძს ფურგონიან „მოსკვიჩში“ და გამოატანთ. რა თქმა უნდა, მახის დაგებას არ შეეცდებით. სამი დღის შემდეგ კი თემურს უვნებელს მიიღებთ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო ვასომ და ყურმილი დაკიდა. შემდეგ კი ყველაფერი თინას მოუყვა, რომელმაც ქმარს უთხრა:
– რა გამოდის? თუკი განძი ოლეგმა უნდა წაუღოს ბასოვს, ესე იგი, ის მასთან შეთანხმებულად მოქმედებს? შენ კი მის გამო თავს დებდი.
– ახლაც თავს დავდებ. დარწმუნებული ვარ, რომ ოლეგი სუფთა კაცია, – მიუგო ვასომ თინას.
ერთი საათის შემდეგ ოლეგ მასლოვი ვასო ჩხიკვაძის ბინაში დაბრუნდა და მასპინძლებს უთხრა:
– დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატე გგონივართ და ფიქრობთ, რომ იმ ნაძირალასთან შეკრული ვარ, მაგრამ ასე არაა.
– ამას არავინ გაბრალებს. თქვი, რაშია საქმე? – უთხრა ვასომ.
– ის ნაძირალა თინას ძმის, თემურის კოლეგა ვადიმ ბასოვია. მან ლენინგრადში ჩამიტყუა სვერდლოვსკიდან, თვითონ კი ჩემი გალოჩკა დაატყვევა და მაიძულებს, რომ მისი ბრძანებები შევასრულო. სწორედ მისგან შევიტყვე პოპოვის სახლში მომხდარი მკვლელობების შესახებ. მან ინკოგნიტოდ დამირეკა და მეც ჩავედი. მანამდე კი მან, ზალკინის სიხარბითა და მოუთმენლობით გამწარებულმა, ქირურგის ცხედარი დაანაწევრა, ბინიდან გაიტანა და უპატრონო ძაღლებს დაუყარა ნაგავსაყრელზე. ზალკინი და ბასოვი ერთმანეთს მაშინაც ეკონტაქტებოდნენ, როდესაც ქირურგი პოპოვის ბინაში იმალებოდა და განძის გატაცების გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. ზალკინმა კი თავისი სიხარბით ყველა გეგმა ჩაუშალა ბასოვს და მანაც ამიტომ დაანაწევრა მისი ცხედარი.
– გამოდის, რომ თბილისში შენი ჩამოსვლის შესახებ ბასოვი საქმის კურსში იყო? – ჰკითხა მასლოვს თინამ.
– ჰო. შეთანხმებულები ვიყავით და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გაგვეთამაშებინა, მაგრამ სინდისმა არ მომასვენა და ყველაფერს გულწრფელად გიყვებით.
 – თემური სადაა? – ჰკითხა თინამ.
 – თემური და ჩემი გალოჩკა იმ ნაძირალას მოსკოვში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ჰყავს გამოკეტილი და, სანამ აქ წამოვიდოდი, ორივეს ველაპარაკე, – მიუგო მასლოვმა.
– ანუ, ბასოვს თანამზრახველებიც ჰყავს?
– აუცილებლად, – მიუგო მასლოვმა და დაამატა: – ასე რომ არ იყოს, ბასოვს დავემორჩილებოდი? მაგრამ, ჩემი გალოჩკას გამო ვასრულებ მის ბრძანებებს.
– გასაგებია. ეს ფურგონი სად უნდა მიუყვანო იმ ნაძირალას?
– მოსკოვში უნდა ჩავუყვანო პირადად, შემდეგ კი ტყვეებს გაათავისუფლებს.
– შეცდი, ოლეგ. ბასოვმა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა შენზე და ტვინი აგირია. ის შენ ხელში გყავდა, ამიტომ, უნდა გეწამებინა და აუცილებლად გეტყოდა ტყვეების ადგილსამყოფელს, – უთხრა ვასომ კოლეგას. თინამ კი დაამატა:
– არც ახლაა გვიან.
– უკვე გვიანაა. ბასოვი ორი დღის მერე მოსკოვში, შეთანხმებულ ადგილზე მელოდება, – მიუგო მასპინძლებს ოლეგ მასლოვმა.
***
ორი დღის შემდეგ, საღამოს 9 საათზე, შავი ფერის ფურგონიანი „მოსკვიჩი“ მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ მიტოვებულ პროფილაქტიკაში შეგორდა, გაჩერდა და საჭესთან მჯდარმა მასლოვმა შორს მანათობელი შუქები ორჯერ ააციმციმა. საპასუხოდ სიბნელიდან მისკენ სამი მამაკაცი გამოემართა: შუაში ბასოვი მოაბიჯებდა, აქეთ-იქით კი – ავტომატური პისტოლეტებით შეიარაღებული ათლეტები. ბასოვი კაბინასთან შეჩერდა და მასლოვს ჰკითხა:
– ყველაფერი ჩამოიტანე?
– კი. – მიუგო მასლოვმა.
– მაჩვენე.
– ჯერ შენ მაჩვენე გალია და თემური, – უთხრა მასლოვმა.
ერთ-ერთმა ავტომატიანმა ფანარი მიანათა იმ ადგილს, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ თავად დაიძრა და სიბნელიდან ჯერ გალიას ხმა გაისმა, შემდეგ თემურის. ბასოვმა მასლოვს ჰკითხა:
– დარწმუნდი?
– ჰო. ახლა შეგიძლია, შენც დარწმუნდე, – მიუგო ბასოვს. შემდეგ კაბინიდან გადმოვიდა, ფურგონის კარი გააღო და დაამატა: – მიდი, შეამოწმე.
ბასოვი ფურგონში შეძვრა, ხუთიოდე წუთის შემდეგ უკან გამოვიდა და მასლოვს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა, განძი ადგილზეა. ჩვენ ახლა წავალთ, შენ კი შეგიძლია, გალია და თემური წაიყვანო. მათ ჩვენ პროფილაქტიკაში დავტოვებთ.
ოლეგ მასლოვი პროფილაქტიკისკენ გაემართა. ბასოვი და ერთი მცველი „მოსკვიჩში“ ჩასხდნენ, მეორე მანქანაში კი, რომელშიც ბოროტმოქმედები გატაცებულებს მალავდნენ – დანარჩენები. მასლოვი ჯერ გალიას ჩაეხუტა, შემდეგ თემურს მაგრად ჩამოართვა ხელი, ბოლოს კი ჯიბიდან ასანთის კოლოფისოდენა ყუთი ამოიღო, თითი დააჭირა და პირჯვარი გამოისახა... უცებ სამასიოდე მეტრის მოშორებით აფეთქების ხმა გაისმა და წითლად იელვა. გალიამ კი მამამისს ჰკითხა:
– ეს რა იყო, მამა?
– იმ ნაძირლების მანქანა აფეთქდა, – მშვიდად მიუგო მასლოვმა ქალიშვილს.
– განძიანად შეიწირეთ ის ნაძირლები? – იკითხა თემურმა, მასლოვმა კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– სულელები ვართ, რომ რამდენიმე ათეული მილიონი წყალში გადავყაროთ?
– ბასოვმა ხომ შეამოწმა განძი? – თქვა თემურმა.
– რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არაა. ნამდვილი საგანძური თბილისშია, ეგ კი ბუტაფორია იყო. აბა, გავეცალოთ აქაურობას, თორემ, სადაცაა მილიცია მოვა...
დასასრული

скачать dle 11.3