კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურიგებს აშშ-ის ბიუჯეტი 47 მილიონ ადამიანს ყოველთვიურად 115 აშშ დოლარს კვებისთვის და როდის დაუდგინეს საქართველოს მოქალაქეს დღიურ ნორმად 40 გრამი საქონლისა და 10 გრამი ღორის ხორცი

საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება. მინიმალური სასურსათო კალათა კი არის  კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის  ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განსაზღვრავს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია ,,საკვებ  ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წელს გამოცემული ბრძანების შესაბამისად).
ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 2 300 კილოკალორიაა მიჩნეული. მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტია (ჩაის, ღვინისა და მარილის ჩათვლით). ყველაზე დიდი წილი საქართველოს შრომისუნარიანი მამაკაცის, სახელმწიფოს მიერ მინიმალურ ნორმად დათვლილ რაციონში  უჭირავს პურს (დღიურად –  250 გრამი პური), მეორე ადგილასაა ხორბლის ფქვილი (დღიურად –  70 გრამი), მათ მოსდევს –  სიმინდის ფქვილი და სხვა (დღიურად –  40 გრამი), შაქარი (დღიურად –  50 გრამი), თუმცა საკონდიტრო ნაწარმის დღიურ მინიმალურ ოდენობად 5 გრამია მიჩნეული, კარტოფილის დღიური რაოდენობა 150 გრამია. ძროხისა და ხბოს ხორცის დღიურ ნორმად 40 გრამია დადგენილი, ისევე, როგორც ნედლი და გაყინული თევზისა, შინაური ფრინველის დღიურ ნორმად –  20 გრამია დაწესებული,  ხოლო ღორის ხორცისთვის –  10 გრამი. მაგალითად, ხახვის დღიური ნორმა 25 გრამია, ნივრის –  7 გრამი.
საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ფასები ამერიკის ფასების 51 პროცენტია, ხოლო ჩვენი საარსებო მინიმუმი ამერიკულის 7 პროცენტს შეადგენს. იმის შესახებ, თუ როგორ დგინდება ჩვენს ქვეყანაში მინიმალური სასურსათო კალათა, რატომ არ იცვლება ის აგერ უკვე 12 წელზე მეტია და არის თუ არა რეალობის ადეკვატური, ექსპერტ იოსებ არჩვაძისგან შევიტყობთ.
– ამ საარსებო მინიმუმის ნორმატივები დადგინდა 2003 წელს. უმწეოთათვის კვების დღიური ნორმა –  ლარი და 18 თეთრი არის კავშირში მინიმალურ სასურსათო კალათასთან?
– მიჭირს იმის თქმა, საიდან მოიტანეს ეს ციფრი, თუ ლარსა და 18 თეთრს ვიანგარიშებთ დღეში, ეს თანხა ადამიანს ეყოფა დღეში 1 610 კილოკალორიის მისაღებად. მას შეუძლია, დღე-ღამეში მიიღოს 700 გრამი პური და კალორიულობა დაცული იქნება.
– მენიუც გამოქვეყნდა და იქ არ იყო მხოლოდ პური. ეს როგორ ხერხდება?
– ადამიანს სჭირდება სხვადასხვა საკვები პროდუქტი, რომ ორგანიზმმა მიიღოს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. თანაც, მედიცინის მუშაკთა და დიეტოლოგთა რჩევით, მიზანშეწონილია, რომ დღიურ მენიუში ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებს შორის თანაფარდობა იყოს 60-40-ზე, ანუ 60 პროცენტი იყოს ცხოველური წარმოშობის ცხიმი, 40 –  მცენარეულის. ამჟამად ჩვენს სასურსათო კალათაში აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობაა. თუ შევადარებთ მცენარეული და ცხოველური წარმომავლობის პროდუქტის ღირებულებებს პურისა და ხორცის მაგალითზე, ვნახავთ, რომ იმისთვის, რათა 1 000 კილოკალორია მცენარეული პროდუქტით, ანუ პურით მიიღოს ადამიანმა, დასჭირდება 75-80 თეთრი, ხოლო ხორცის, ანუ ცხოველური ცხიმით მიღების შემთხვევაში, 3,5 ლარი. ამიტომ კილოკალორიების რაოდენობა შეიძლება, იგივე დავტოვოთ, მაგრამ თუ პროპორციების დაბალანსებაზე ვიზრუნებთ, მაშინ სასურსათო კალათის ღირებულება გაიზრდება, რის საშუალებაც არც ღარიბ ოჯახს აქვს და მით უმეტეს, არც სახელმწიფოა ვალდებული, პირდაპირი გზით დააფინანსოს  დაბალანსებული კვება.
სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა, სასურსათო ტალონებზე ჰყავს ესპანეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი.
– შოკი იყო ჩემთვის, როდესაც პირველად გავიგე, რომ აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებს სასურსათო ბარათებს მოსახლეობისთვის.
– ეს არის დაახლოებით 115 დოლარი თვეში ერთ ადამიანზე და მითითებულია პირველადი  მოხმარების პროდუქტები, ბავშვის საკვები, რძე. მართალია, სასურსათო ტალონი ჰქვია, მაგრამ ელექტრონული წესით გვარდება, ანუ ქაღალდი არ ფიგურირებს.
– მაგრამ არსით ხომ სასურსათო ბარათია?
– დიახ, სასურსათო ბარათია და 47 მილიონი ადამიანი ყოველთვიურად იღებს 115 დოლარის ღირებულების ბარათებს.
– ეს 47 მილიონი ამერიკელი სოციალურად დაუცველია?
– დიახ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია 24 250 დოლარი წელიწადში და ეს მაჩვენებელი შტატების მიხედვით განსხვავდება. იმ შტატებში, სადაც უფრო ძვირია ცხოვრება, ალასკასა და ჰავაიზე, უფრო მეტია, 27 000 და 30 000 დოლარი.
– მე არ მოვუკლავ გულს ჩვენს მოსახლეობას და არ ვიტყვი, რა თანხაა ოთხსულიანი ოჯახისთვის.
– ჩვენთან თავის დროზე გადახალისდა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა, მაგრამ დღეს მაინც არის 2005 წლის მაჩვენებლის დონეზე, თუმცა მას შემდეგ ფასები თითქმის ორჯერ გაიზარდა, მეთოდიკა უფრო დაიხვეწა. მარტივ მაგალითს გეტყვით: როდესაც ბაზარში მივდივართ, გამყიდველი გვიფასებს პროდუქტს, მაგრამ შევაჭრება შესაძლებელია და პროდუქტი უფრო იაფად შეიძლება, ვიყიდოთ. თუმცა სტატისტიკა 2005 წლამდე ითვლიდა გამყიდველის პირველად ფასს და არა რეალიზებული საქონლის რეალურ ფასს, ამან 15 პროცენტით შეამცირა სასურსათო მინიმუმი. ამას გარდა, შემცირდა კალორიების რაოდენობაც: 2 500-დან 2 300-მდე, ცხოველური კალორიები ჩანაცვლდა მცენარეული წარმოშობის კალორიებით და ამან საფუძვლიანად შეამცირა ფაქტობრივი საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი. კიდევ ერთი მომენტია: სახელმწიფოში მოქმედი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების დროს გამოიყენება ნორმატიულ-სტატისტიკური გაანგარიშების მეთოდი, რომელიც გულისხმობს, რომ საარსებო მინიმუმის 70 პროცენტი მოდის საკვებზე და 30 პროცენტი –  ყველაფერ დანარჩენზე. ეს სწორი დანაწილება იყო გასული საუკუნის 90-ან წლებში, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს მიმდინარე შემოსავლები არ ყოფნიდა და ხშირად საოჯახო ნივთების რეალიზაციით შემოსულ თანხას ამატებდა. ახლა ეს განაწილება უკვე ანაქრონიზმია. ამიტომ შესასწორებელია როგორც სასურსათო კალათის, ისე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა, რადგან უკვე ღიმილს იწვევს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ახლანდელი ხელისუფლებაც აპირებდა ამას წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ შემდეგ ჩათვალეს, რომ ეს არ იქნებოდა მომგებიანი, რადგან არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის ხელსაყრელი იმის ჩვენება, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე არა 20, არამედ 45 პროცენტია. წინასაარჩევნო პერიოდში ამის აღიარება არავის უნდა.
– დღიური მენიუს ჩამონათვალი ცოტა კომიკურია, 15 გრამი მაკარონი, 7 გრამი ნიორი, 25 გრამი ხახვი, 14 გრამი ღორის ხორცი.
– აღებულია საშუალო თვიური მოხმარების მინიმალური ნორმა და შემდეგ გაყოფილია თვეში დღეების რაოდენობაზე.
– გასაგებია, მაგრამ აი, ხახვი იმაზე მეტი რატომ უნდა მივირთვათ, ვიდრე ღორის ხორცი, არაფრით მესმის, ანუ თვეში 750 გრამი ხახვი და 3 000 გრამი ღორის ხორცი.
– საბჭოთა პერიოდის მეთოდიკაც მახსოვს და მაშინ ითვლებოდა, რომ ადამიანმა წელიწადში საშუალოდ უნდა მოიხმაროს არანაკლებ 63 კილოგრამი ხორცი. დღეს ორჯერ და უფრო მეტადაა შემცირებული ხორცის მოხმარების მაჩვენებელი.
– საბჭოთა კავშირის დროსაც ყო მინიმალური სასურსათო კალათა?
– საბჭოთა კავშირის დროს იყო მინიმალური და რაციონალური მოხმარების მაჩვენებლები. ხორცის მოხმარების მინიმალური წლიური მაჩვენებელი იყო 63 კილოგრამი, რაციონალური –  80 კილოგრამი. კალორიებიც მეტი იყო და კვებაც დაბალანსებული. პურის რაოდენობა მცირდებოდა და იზრდებოდა ცხოველური წარმომავლობის პროდუქტების რაოდენობა.
– ვინ არჩევს, რომ სუბტროპიკული ხილიდან უნდა მივირთვა კარალიოკი და არა სხვა რამ?
– იღებენ ოჯახის საშუალო მოხმარებას. მთელი მოსახლეობა იყოფა ათ დეცილურ ჯგუფად, შუა ოთხი ჯგუფის ფაქტობრივ მოხმარებასა და ხარჯებს ნახულობენ და ამის მიხედვით ანგარიშობენ, რამდენი უნდა იყოს მინიმალურ დონეზე ოჯახის მოხმარება.
– როგორ გამოიყურება ჩვენი საარსებო მინიმუმი სხვა ქვეყნების საარსებო მინიმუმების ფონზე?
– ჩრდილოეთის ქვეყნებში უფრო მაღალია ცხოველური წარმომავლობის ცხიმების, თევზეულის მოხმარება. მაგალითად, ესტონეთში ძალიან მაღალია ხორცის მოხმარება. ხორცისა და პურის მოხმარება ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ჩვენთან ეს მაჩვენებელი თითქმის 9-10-ჯერ განსხვავდება. იქ ჩადებულია ხორცპროდუქტების მოხმარების უფრო მაღალი და პურპროდუქტების მოხმარების უფრო დაბალი მაჩვენებლები. ამიტომ ისინი უფრო მეტ კალორიას მოიხმარენ და მათი პროპორციები აშკარად ცხოველური პროდუქტის სასარგებლოდაა.
– ესტონეთი მაინც ევროკავშირია, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას შევედაროთ.
– რუსეთის ფედერაციის მინიმალურ სასურსათო კალათაშიც საკმაოდ მაღალია ცხოველური ცხიმების შემცველობა, მაგრამ საბჭოთა პერიოდთან შედარებით, იქაც შემცირებულია.
– მკითხველს აქვე ვეტყვი, რომ ჩვენს სასურსათო კალათაში ყოველდღიურად იგულისმხება 40 გრამი ძროხის და სხვა ხორცი –  ფრინველის, ღორის ხორცი და ძეხვეული ერთად, კიდევ 40 გრამი, ანუ სულ ხორცპროდუქტების დღიური ნორმაა 80 გრამი, თვეში ეს გამოდის ორი კილო და 400 გრამი.
– დაახლოებით 30 კილოგრამამდე გავდივართ წელიწადში, არადა საბჭოთა დროს 63 კილოგრამი იყო მინიმალური ნორმა.
– მინიმალური სასურსათო კალათით განსაზღვრულია დღიურად 2 300 კილოკალორიის მიღება. რეალურად რამდენ კილოკალორიას მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ?
– ეს 2 300 კილოკალორია მინიმალური ნორმაა, ფაქტობრივი მოხმარება უფრო მეტია –  2 600 კილოკალორიამდე, მაგრამ, როგორც შემოსავლების მიხედვითაა განსხვავება მოსახლეობაში, ისევე, განსხვავებაა მიღებული კილოკალორიების რაოდენობაშიც. მოსახლეობის ნაწილი შიმშილობს და მათი მოხმარების ფაქტობრივი ნორმა აშკარად ჩამორჩება სარეკომენდაციო და მინიმალურ მაჩვენებლებს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: კალორიულობა არ არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ, შეიძლება, კალორიულობა მივიღოთ მხოლოდ პურით ან შაქრით. შაქრით მიღებული კალორიულობა 13-14-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე იმავე რაოდენობის კალორიების მიღება საქონლის ხორცით. მარტივად რომ ვთქვა, მარტო ტკბილი ჩაი რომ დალიოს ადამიანმა და პური მიაყოლოს, კალორიებს კი დააგროვებს, მაგრამ მისი კვება დაბალანსებული არ იქნება და ასეთი ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი  საფრთხე შეექმნება.

скачать dle 11.3