რატომ არის შეუძლებელი აჭარის ავტონომიის გაუქმება და რატომ იქნებიან ყარსის ხელშეკრულების გაუქმების წინააღმდეგი სომხეთიც და აზერბაიჯანიც
რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ აქეთ ჩვენ გაგვახსენა, რომ ორივე დამპყრობელია, იქით რუსეთს (ჩვეულებისამებრ, ჟირინოვსკის პირით), რომ გაწყვეტს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებულ ხელშეკრულებებს, რომელთა თანახმადაც, მათ შორის, ჩვენი ისტორიული მიწები ოსმალეთის იმპერიას გადაეცა წითელი რუსეთის მიერ და აწ თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ისიც ცხადია, რომ საქართველო-თურქეთს შორის საზღვარი სწორედ რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებებისა და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებითაა დადგენილი, თუ როგორ და რომლით, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული გვესაუბრება.
– როგორ იცვლებოდა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის საქართველოზე გამავალი საზღვარი წლებისა და საუკუნეების განმავლობაში, სანამ თანამედროვე მოცემულობას მივიღებდით საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის სახით? რა ხელშეკრულებებზე დაყრდნობით გადის იქ, სადაც გადის და არა სხვაგან?
– მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები დაიპყრო, საქართველოს სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი ისტორიული ტერიტორია – სამცხე-საათაბაგო, ტაო-კლარჯეთი, აჭარა – მეთექვსმეტე საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა მიტაცებული. რუსეთის იმპერიამ 1806-1812 წლების ომის დროს სცადა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ოსმალეთისთვის წართმევა, მაგრამ ვერ მოახერხა. მეორედ ეს მცდელობა გაიმეორა 1828-1829 წლების ომის დროს და სამხრეთ საქართველო, ანუ ისტორიული სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დაათმობინა ადრიანოპოლის ზავით. რუსეთმა, ასევე, დიდი წარმატება მოიპოვა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში და შედეგად ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი, აჭარა და ართვინი შევიდა რუსეთის იმპერიაში სან-სტეფანოს ზავითა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით.
– ამ ომებში ჩვენ, ეთნიკური ქართველები, რა დოზით ვიღებდით მონაწილეობას?
– უამრავი ქართველი ოფიცერი და გენერალი იღებდა მონაწილეობას ამ ომებში, გარდა ამისა, იკრიბებოდა ეგრეთ წოდებული სახალხო ლაშქარი, რომელშიც ათასობით ქართველი იყო… ამის შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი შეიცვალა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის ბოლო, 1918, წელს. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი და ოსმალეთი სხვადასხვა პოლიტიკურ ბლოკში მოხვდნენ: რუსეთი – „ანტანტასთან”, თურქეთი – სამთა კავშირში. რუსეთის არმიამ გაანადგურა ოსმალეთის არმია და თბილისისა და ბათუმის დაკავების საშუალება არ მისცა. ხოლო შემდეგ საკუთრივ ოსმალეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, კერძოდ, დაიკავა აღმოსავლეთ ანატოლია. მაგრამ საბჭოთა რუსეთი ომს ვეღარ აგრძელებდა და იძულებული გახდა, დაედო სეპარატიული ზავი გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. რუსეთმა ამ ზავით, რომელიც 1918 წლის 3 მარტს გაფორმდა ბრესტ-ლიტოვსკში, დიდი ტერიტორიები დაკარგა ევროპულ ნაწილში. რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიას: რუსეთს დაევალა, მოწესრიგებულად დაეტოვებინა ოსმალეთის ტერიტორია, აღმოსავლეთ ანატოლია; ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოკრუგების საკითხი კი ასე გადაწყდა ბრესტის ზავით: ამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობამ თავისი ბედი გაარკვიოს თვითონ, მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმებით და უპირატესად, ოსმალეთთან. ჩანაწერი: თვითონ გაარკვიოს ხალხმა ბედი, ნიშნავს რეფერენდუმს. მაგრამ 1918 წლის 3 მარტისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა არ ჰქონდა გამოცხადებული, ამიერკავკასიას განაგებდა ამიერკავკასიის კომისარიატი. ამიერკავკასიის კომისარიატმა არ ცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და გადაწყდა, რომ მოლაპარაკება გაემართათ: ოსმალეთი ტერიტორიის დაცლას ითხოვდა.
– რატომ არ ცნო ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, იმიტომ რომ, ტერიტორია ეცოტავა?
– იმიტომ რომ, ამიერკავკასიის კომისარიატი არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობა, მაგრამ საბჭოთა რუსეთთანაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა. 1917 წლის 15 ნოემბერის დეკლარაციაში ჩაწერეს, რომ შეასრულებდნენ სამხარეო ხელისუფლების ფუნქციას, სანამ რუსეთში კანონიერი ხელისუფლება არ აღდგებოდა. კანონიერს ისინი უწოდებდნენ დროებით მთავრობას, ლენინის მთავრობას კი – უკანონოს. ამიტომ ამიერკავკასიის კომისარიატი არ აპირებდა ეცნო ზავი, რომელიც ოსმალეთის იმპერიამ უკანონო მთავრობასთან დადო. მოლაპარაკება მარტში დაინიშნა ტრაპზონში: ოსმალეთი მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა, უნდა ცნოთ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, იმიტომ რომ ხართ რუსეთის ნაწილი და რადგან ამ ზავზე რუსეთმა მოაწერა ხელი, თქვენც უნდა მოაწეროთო. ჩხენკელმა, ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების დელეგაციის ხელმძღვანელმა, მოლაპარაკებებისას, განაცხადა, რომ არ ცნობდა რუსეთის მთავრობას და მასთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ბოლოს, ოსმალებმა უთხრეს, არ გაქვთ უფლება, გამოთქვათ აზრი ბრესტის ზავზე, რადგან არ ხართ ამ ხელშეკრულების მხარე და დამოუკიდებელი ქვეყანა. თბილისიდან მიიღეს ინსტრუქცია, აკაკი ჩხენკელმა მოლაპარაკება შეწყვიტა და დაბრუნდა თბილისში. ოსმალეთმა დაიწყო ომი. დაიკავა სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, პირველ აპრილს დაიკავა ბათუმი და ოსმალთა ჯარი ჩოლოქთან მოვიდა, დაიკავეს ოზურგეთიც, მაგრამ მეორე დღესვე გაბრუნდნენ უკან.
– თავისი ნებით?
– შეეშინდათ კონტრშეტევის და ისევ ჩოლოქთან დაბრუნდნენ. მოვიდნენ მტკვრის ხეობაში, ბორჯომამდე, დაახლოებით, მწვანე მონასტერთან იყო ოსმალების ბოლო პოსტები. გაძარცვეს მთელი სამცხე-ჯავახეთი. ამიერკავკასიის კომისარიატმა ისევ მოითხოვა მოლაპარაკება, რომელიც დინიშნა ოსმალეთის მიერ ოკუპირებულ ბათუმში.
– ხომ არ ცნობდა ოსმალეთი ამიერკავკასიის კომისარიატს, მაინც რატომ დათანხმდა მოლაპარაკებას?
– დოკუმენტი უნდოდა, ომის თავი აღარ ჰქონდა და ამიტომ მოლაპარაკებებით აპირებდა ამ ტერიტორიის წაღებას. ტრაპიზონში ოსმალეთის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობა, მაგრამ, სანამ ბათუმში წავიდოდნენ, 11 მაისს იყო პირველი შეხვედრა, 22 აპრილს გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა აკაკი ჩხენკელი. ამიტომ ისინი ბათუმში ჩავიდნენ იმ არგუმენტით, რომ ამიერკავკასია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მაგრამ ოსმალებმა უპასუხეს, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდით პოსტფაქტუმ, ხოლო, როდესაც ბრესტის ზავი დაიდო, რუსეთის ნაწილი იყავით და ამიტომ უნდა შეასრულოთ ზავის პირობებიო. აკაკი ჩხენკელმა უკან არ დაიხია, მაგრამ ოსმალეთი ომით დაიმუქრა და მეტიც, მოითხოვა, რომ ზავის ცნობის გარდა, უნდა მიეღო ომის შემთხვევაში ამიერკავკასიის რკინიგზის გამოყენების უფლება. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოსმალეთი ამიერკავკასიის ოკუპაციას შეძლებდა რამდენიმე დღეში. ამასობაში, 1918 წლის 26 მაისს გერმანიის დახმარებით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანელებმა ურჩიეს საქართველოს მთავრობას, რადგან, უპირველესად, გჭირდებათ სხვა სახელმწიფოების აღიარება და თუ გინდათ, რომ გაღიაროთ ოსმალეთმა, დაუტოვეთ ოკუპირებული ტერიტორია და ეს საკითხი მომავალში მოგვარდებაო. ასე რომ, 4 ივნისს ბათუმში საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და ჩოლოქის სამხრეთით ტერიტორია დარჩა ოსმალებს.
– მთელი აჭარა?
– აჭარა, ართვინი და ტაო-კლარჯეთი. ოსმალეთმა ჩაატარა რეფერენდუმი და თითქოს მოსახლეობამ გამოთქვა აზრი, რომ უნდოდათ ოსმალეთის შემადგენლობაში. ეს იყო სიცრუე, გარდა ამისა, არც დღევანდელი და არც მაშინდელი საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმს და ერთა ლიგამ ეს რეფერენდუმი არ ცნო. მაგრამ მალე ოსმალეთს დიდი უბედურება ეწვია: 1918 წლის ოქტომბერში თურქეთი გერმანიაზე ადრე დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და ოქტომბერში მუდროსის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი „ანტანტასთან,” რომელშიც ეწერა, რომ ოსმალეთს უნდა დაეტოვებინა ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის, აჭარა და ართვინი.
– გამოდის, პოლიტიკურმა ვითარებამ გვიხსნა მხოლოდ?
– 1918 წლის დეკემბერსა და 1919 წლის იანვარში ინგლისური კრეისერები შემოვიდნენ ბათუმში, მუდროსის ზავით ეკუთვნოდა ეს ტერიტორია ინგლისს და 1920 წლის ივლისამდე აქ იდგნენ ინგლისელები, როგორც ზავით გათვალისწინებული კონტინგენტი, რომ თურქეთს არ დაერღვია ზავის პირობები.
– საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ოსმალეთის საზღვარი სად გადიოდა?
– საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ოსმალეთთან საზღვარი არ გაურკვევია. მუდროსის ზავით, ოსმალეთმა დატოვა ეს ტერიტორია და ინგლისელებმა 1920 წლის ივლისში აჭარაც და ართვინიც გადმოსცეს საქართველოს, მაგრამ ამას ოსმალეთი არ ცნობდა. ასე რომ, ამ საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა. 1921 წლის 11-12 თებერვალს საბჭოთა რუსეთის ომი დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, 25 თებერვალს მეთერთმეტე არმია შემოვიდა თბილისში, მთავრობა კი გადავიდა ბათუმში. პარალელურად, მოსკოვში მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის მოლაპარაკება, რომელიც 16 მარტს დამთავრდა ხელშეკრულებით. მაგრამ მხარეები ცოტა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, იმიტომ რომ, საზღვარს ვერ დაადგენდნენ, რადგან საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთს საზღვარი არ ჰქონდათ, შუაში იყო საქართველო, რომელიც ამ მოლაპარაკებაში არ იღებდა მონაწილეობას, ამიტომ მოიქცნენ დიპლომატიურად და ჩაწერეს: ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ეს საზღვარი დადგინდა იქ, სადაც დღეს გადის, ანუ რუსეთმა ოსმალეთს მთელი ტაო-კლარჯეთი დაუთმო. მაგრამ დაუშვეს ერთი შეცდომა: მოსკოვის ხელშეკრულებას 16 მარტს მოეწერა ხელი, მაგრამ საქართველოს მთავრობას ხომ რუსეთის ოკუპაცია არ უცნია?! მთავრობა 17 მარტს, გვიან ღამით, წავიდა. ასე რომ, მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ქვეყნის დე-იურე პატრონი იყო საქართველოს მთავრობა. რუსეთი ცდილობდა ამ უხერხულობის გამოსწორებას და 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში დაიდო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ოსმალეთს, მეორე მხრივ, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბჭოთა რუსეთის თანდასწრებით. ესე იგი, რუსეთი მხარე არ არის, თუმცა დასწრება არ არის იურიდიული ტერმინი, მაგრამ იქ, რეალურად, მოლაპარაკება იყო რუსეთსა და თურქეთს შორის, დანარჩენ სამს არავინ არაფერს გვეკითხებოდა.
– მაგრამ რუსეთს ხომ აქვს გავლენა ყარსის ხელშეკრულებაზე?
– რა თქმა უნდა, ხელი მოაწერა იაკობ განეცკიმ, რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრმა. რა მოხდა ყარსში? აბზაც-აბზაც, წერტილიდან წერტილამდე გადმოწერეს მოსკოვის ხელშეკრულების ადგილები საზღვრის შესახებ. ყარსის ხელშეკრულებით, საზღვარი გადის ისევ იქ, სარფთან, როგორც ეს მოსკოვის ხელშეკრულებაში ეწერა, მაგრამ ოსმალეთი ამატებს: აჭარას, ბათუმსა და მის შემოგარენს, ვუთმობთ საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მოსახლეობას მისცემს ფართო ავტონომიას რელიგიურ და კულტურულ საკითხებში. ესე იგი, აჭარის ავტონომია არის ორი, მოსკოვისა და ყარსის, საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომია არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული: ბათუმში შეიკრიბნენ სერგო ორჯონიკიძე და ხუთი მისნაირი ნაძირალა და იქ დაადგინეს ავტონომია. ისევე, როგორც არც ყარაბაღის ავტონომიაა გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, მაგრამ ნახჭევნის ავტონომია ყარსის ხელშეკრულებითაა დადგენილი და ვერც სომხეთი და ვერც აზერბაიჯანი მას ვერ გააუქმებს. ამას გარდა, ყარსის ხელშეკრულებაში არის ერთი მუხლი: ოსმალეთს აქვს უფლება, უბაჟოდ გამოიყენოს ბათუმის პორტი ტვირთის ოსმალეთში შესატანად და ოსმალეთიდან გასატანად.
– ეს მუხლი ახლაც მოქმედებს.
– ოსმალეთს არასდროს გამოუყენებია. რუსულ საიტებზე დევს ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ ყარსის ხელშეკრულება გააუქმა ყველა იურიდიული ნორმის დაცვით, თუმცა ქართულ საიტებზე ასეთი ინფორმაცია არ არის.
– საქართველომ ცნო ყარსის ხელშეკრულება გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც თურქეთთან გააფორმა ჩარჩო-ხელშეკრულება.
– ხუთი წლის ვადით და თუ მხარეები არ გააუქმებდნენ, გაგრძელდება მომავალი ხუთი წლით. სააკაშვილის დროს ამოიწურა მეორე ხუთი წელი, მაგრამ საქართველოს არც ერთ საიტზე არ დევს ყარსის ხელშეკრულების შემდგომი ბედის ამსახველი ინფორმაცია. რუსულ საიტზე არსებული ინფორმაცია კი ტყუილია, რადგან ყარსი საერთაშორისო ხელშეკრულებაა და მას ერთი მხარე ვერ გააუქმებს: მას უკავშირდება აჭარისა და ნახჭევნის ავტონომიებიც.
– რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გააუქმებენ თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებს. მაგალითად, ოთხი ხელმომწერის თანხმობა საკმარისია ყარსის გასაუქმებლად?
– მოსკოვის ხელშეკრულების გაუქმებას სჭირდება თურქეთისა და რუსეთის თანხმობა, ყარსის გაუქმებას კი – ხუთივე ხელმომწერის თანხმობა. სააკაშვილს უნდოდა აჭარის ავტონომიის გაუქმება, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ ფორმალურად დატოვა. დღესაც აჭარის ავტონომია არსებობს იმიტომ, რომ მას იცავს ყარსის ხელშეკრულება, ისევე, როგორც ნახჭევნის ავტონომიას. რუსეთი ამ ტერიტორიებს საქართველოს როგორ გადმოსცემს?! თურქეთი უომრად დათმობს?! ან იქ მცხოვრები მოსახლეობა ისურვებს აქ წამოსვლას? მარტო ქართველები ხომ არ არიან, თურქებიც ხომ ცხოვრობენ?! როდესაც 1945 წელს სტალინმა ტაო-კლარჯეთის შემოერთების საკითხი დააყენა, დიდი დემონსტრაცია გაიმართა ოსმალეთში და მთელი მსოფლიოც თურქეთის მხარეს დადგა. მეტიც, არსებობს ინფორმაცია, სტალინს რომ ჯარი შეეყვანა თურქეთში, ამერიკა ატომურ ბომბს გამოიყენებდა. ამდენად, საზღვრის შეცვლა ასე ადვილი არ არის.
– ესე იგი, აჭარის ავტონომიის გაუქმების არანაირი ბერკეტი არ არსებობს?
– მაშინ ყარსის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, რის წინააღმდეგიც იქნება სომხეთი და აზერბაიჯანი, იმიტომ რომ, ნახჭევანი გაუხდებათ სადავო. ამდენად, ძალიან ეშმაკურად არის ჩადებული ნახჭევნის ავტონომია ყარსის ხელშეკრულებაში.
– და მაინც თუ გავაუქმეთ აჭარის ავტონომია, რა მოხდება?
– ამას მოჰყვება პროტესტი და შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიებები თურქეთის მხრიდან. თუ რას იზამს რუსეთი, ეს უკვე კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული. წესით, რუსეთმა ყარსის ხელშეკრულება უნდა დაიცვას, ისევე, როგორც სომხეთმა და აზერბაიჯანმა.