ანგარებიანი ავტოსიყვარული
გაორება
იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველაფერზე ვახერხებთ მორგებას, მარჯვენასაჭიანი ავტომანაქანები ისე შევიტკბეთ ამ მარცხენასაჭიან მანქანებზე აგებულ მოძრაობაში, რომ, თუ ოფიციალურ სტატისტიკას ვერწმუნებით, მარჯვენა და მარცხენასაჭიანთა რაოდენობა თითქმის გათანაბრდა.
მართალია, მარჯვენა საჭისადმი სიყვარულს მეტად მერკანტილური მიზეზი აქვს – ისინი იაფიც ღირს და ხარისხსიც უკეთესია იმავე ასაკის მარცხენასაჭიანებთან შედარებით, მაგრამ ეს ჩვენი მოძრაობა ისე აირ-დაირია, რომ ჩარევა გახდა აუცილებელი.
ჰოდა, რაკი გახდა, შსს მინისტრი აპირებს, რომ აკრძალოს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია. ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მიუხედავად განმარტებისა, რომ უკვე დარეგისტრირებულ და გზაში მყოფ ავტომანქანებს ეს აკრძალვა არ შეეხება.
მეტიც, მარჯვენასაჭემოყვარულებმა (ანგარებითია თუ უანგარო ეს სიყვარული) ის არგუმენტიც მოიხმეს, რომ მოძრაობის დარეგულირებისთვის სხვა მიზეზიცაა აღმოსაფხვრელი და პირველი შეტევა რაღა მაინცდამაინც მარჯვენა საჭეზე მიიტანეთო.
თუმცა, ცხადზე ცხადია, რომ მარცხენა საჭეზე ორიენტირებულ მოძრაობაში მარჯვენასაჭიანობა პრობლემებს ქმნის, მათ შორის, გასწრების დროსაც, რადგან მარჯვნივ მჯდომი მძღოლი, უბრალოდ, ვერ ხედავს შემხვედრ მანქანას და ვერც ის გამოდგება არგუმენტად, რომ მარცხენასაჭიან ავტოებზე მსხდარი მძღოლები ვერ დაიკვეხნიან უზადო მოძრაობით.
მეორე მხრივ, ევროკავშირთან გვინდა შერევა, ოღონდ, რეგულაციებს მთელი არსებით ვაპროტესტებთ, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: ეს ორი მიდრეკილება თავსებადია?! –