კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჩამოაწერეს ირაკლი ალასანიას მეუღლეს და როგორ ექცა ნათია ფანჯიკიძეს ქმრის ფათერაკები ცხოვრებად

რამდენიმე წელია, რაც ნათია ფანჯიკიძე ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას” უძღვება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სულიერი პრობლემის მქონე ადამიანები მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიან. ცოტა ხნის წინ კამარელებისთვის აბანოთუბანში პატარა, მყუდრო და ლამაზი კაფე გაიხსნა, სადაც ქალბატონი ნათია კამარელებთან ერთად მასპინძლის როლშია. ირაკლი ალასანიას მეუღლეს  უყვარს თავისი „ჩიტოსანთა საზოგადოება” – საქმე, რომელიც მისთვის იდენტობის დიდი ნაწილია.  როგორ ანაწილებს ის დროს ოჯახსა და „კამარას” შორის, რატომ „გაათავისუფლეს” შვილებმა ის დაკავებული თანამდებობიდან, – ამის შესახებ თავად ჩვენი აქტიური, ხალისიანი და მომხიბვლელი  რესპონდენტი გიამბობთ.
ნათია ფანჯიკიძე:  ეს პატარა, მყუდრო კაფე გაკეთდა შვეიცარიული ორგანიზიციის დახმარებით იმ კამარელებისთვის, რომელთაც თერაპიული კურსი გაიარეს. ეს არის სოციალური საწარმო, ორიენტირებული თვითდასაქმებაზე. კლინიკიდან გასვლის შემდეგ  კამარელებისთვის  დასაქმების პრობლემა, როგორც ყველასთვის, აქტუალური იყო.  ამ ეტაპზე ამ კაფეს სახით ვცადეთ მისი მოგვარება. ვფიქრობ, გამოგვივიდა. აქ კამარელები ყველაფერს თვითონ აკეთებენ –  ემსახურებიან სტუმრებს, ყიდიან თავის ნაწარმს. პროფესიონალი კულინარები აკეთებენ  გემრიელობებს, რითაც ვუმასპინძლდებით ჩვენთან მოსულ  ხალხს. როდესაც გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, პირველად, რის გაკეთებაც  ვიფიქრე, სანერგე მეურნეობა იყო.  მე თვითონ ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა.  როდესაც ხედავ როგორ იზრდება მიწაზე შენი შრომის ნაყოფი, საოცარი შეგრძნებაა. თუმცა, მე რომ ჩემი ყოფილი კამარელები წამეყვანა  სანერგე მეურნეობაში, გამოვიდოდა, რომ ჩვენ ისევ აუტისტურად განვაგრძობდით ცხოვრებას და საზოგადოებისგან შორს დავრჩებოდით. ვიფიქრე, რომ უნდა შევჭიდებულიყავი უფრო რთულ საქმეს, ვიდრე სანერგე მეურნეობა იყო და ასე გაჩნდა ამ კაფეს გაკეთების იდეა. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი რამ გამოვიდა. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება აქ – იჟღინთება ამ ხალხის კეთილი აურით და პოზიტივით. გინახავთ ასეთი ორიგინალური მაგიდა? აქ  ყოველი სკამი, მაგიდა, სანათი – კამარელების ხელით არის გაკეთებული,   რაც ძალიან  მიხარია.
– კიდევ გაქვთ  თქვენი მთავარი  „საქმე” – პოლიტიკოსის მეორე ნახევრობაც ხომ არ არის იოლი. ამასთან ერთად, უკვე ორი დიდი შვილის დედაც ხართ.
– ჩემი  ორი სამსახურის მიუხედავად, მე  მაქვს ჩემი საკუთარი დრო – ეს არის შაბათ-კვირა, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნის. როცა დიდი შვილები გყავს, ეს კარგია – გამათავისუფლეს „დაკავებული თანამდებობიდან” – მოვალეობების ნახევარზე მეტი ჩამომეწერა. გამიწიეს შეღავათი. იმის მიუხედავად, რომ მათი უკმაყოფილო არ ვარ, როცა იციან, რომ დედა სახლშია და დედა მოიტანს, კბილის პასტა რომ გათავდეს, მაინც მე მელოდებიან. ოჯახი ჩემია და აბა, ვისზე იქნება ეს საზრუნავი. ირაკლიმ თვითონ გაითავისუფლა თავი ამ საზრუნავებისგან, ისე, უკითხავად (იცინის). ეკა და ნიკო უკვე დიდები არიან. ეკა სწავლობს „ჯიპაში,” ფსიქოლოგიურზე. ნიკო მუშაობს ქართულ-ამერიკულ ინსტიტუტში,  ჯერჯერობით უხელფასოდ – სტაჟიორია. ქართულიდან ინგლისურად თარგმნის  დოკუმენტებს.
– ნიკომ სავალდებულო სამსახური  დაასრულა?  გვახსოვს თქვენი ღელვა ამ თემაზე.
–  იმის მიუხედავად, რომ მე არ ვარ ისეთი, ვინც ადამიანებს არ ენდობა, პირიქით, საკმაოდ ვენდობი კიდეც, მაინც ვღელავდი, ნიკო რომ  ჯარში წავიდა. ამაღელვებელი იყო ფიცის დადების ცერემონიალი. ჩემი შვილის ბევრი მცდელობის მიუხედავად, იქაურობა დამეტოვებინა და მგონი, იგივეს ცდილობდა ყველა შვილი, არცერთი დედა არ წამოვსულვართ – კარგად ვიყავით „გამაგრებულები”. ნიკოს  უცხოვრია მარტოს, ჩვენ გარეშე, მაგრამ ჯარი, იარაღი, ამდენი ერთად თავმოყრილი ბიჭი,  მაინც მაღელვებდა. ნიკო ერთი წელი იყო ჯარში და სამი მინისტრი გამოიცვალა. მამის მინისტრობით  დაიწყო და მესამე მინისტრით დაასრულა.  სულ  ვფიქრობდი, როდის დასრულდებოდა ეს ერთი წელი, თუმცა ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი, რომ ამ ერთ წელში ჩემმა შვილმა  ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო. შეიძინა არაჩვეულებრივი მეგობრები, რაც  მისი ცხოვრების საჩუქარია. რამდენ კაცსაც გაიცნობ, რამდენ სამყაროსაც „შეაღებ,” იმდენად მდიდარი და საინტერესო ხდები. ადამიანის ბიოგრაფია ხომ  ასე იქმნება – რა გინახავს, რა გიგრძნია. ნიკოსთან ერთად ჯარში იყვნენ ბიჭები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ნიკომ უკეთ გაიცნო, სად როგორი ტიპები ცხოვრობენ. ახლა უკვე ყველგან ჰყავს ნაცნობი, მეგობარი.  მე არ ვარ ზედმეტად მღელვარე დედა. ვფიქრობ, როცა შვილი მარტოა, დედის გარეშე, კეთილი  ანგელოზები  მას უფრო მეტად იფარავენ. ასეთი კეთილი ანგელოზი მყავდა ამერიკაშიც, მათ შორის  ჩემი მეგობარი ეკა, რომელიც ნიკოს ყველანაირად ედგა გვერდში. შესაბამისად, არ მიფიქრია, რომ ჩემი შვილი უცხო პლანეტაზე მყავდა გადახვეწილი.   
– მინისტრ მეუღლეს არ „შესჩიოდით”, როცა ნიკო  ჯარში იყო?
–   ირაკლი ამ საკითხს სხვანაირად უდგებოდა –  მას აქვს მოვალეობის განცდა, მისი  მამაც სამხედრო პირი იყო, ბაბუაც. ირაკლი  მიიჩნევს, რომ კაცმა ეს  აუცილებლად უნდა გაიაროს.   
–  ძალიან აქტიური მეუღლე ხართ. თქვენს აქტივობებს სოციალურ ქსელში დროდადრო ირაკლი ალასანიას „პიარშიც” გითვლიან.  
– როცა მეუბნებიან, რომ აქტიური ვარ, მიკვირს. არც ისე ბევრს ვლაპარაკობ სოციალურ ქსელში, როგორც ეს  ვიღაცეებს ჰგონიათ. რა ვქნა, რომ ეს ჩემი ქმარი პოლიტიკოსია? ეს არის ჩემი ოჯახი.
– რაც თქვენი მეუღლე ხელისუფლებაში აღარაა, თქვენი ცხოვრება გაიოლდა თუ გართულდა?
– რაღაცით გართულდა, რაღაცით გაიოლდა კიდეც. მეც და ირაკლიც საოცარი პასუხისმგებლობით გამოვირჩევით. ჩვენთვის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია – პროფესიული ღირსება ღირსებათა შორის მთავარია. მე ასე მგონია. რასაც ახლა ვუყურებ, ამდენ უპასუხისმგებლობას და არაკომპეტენტურობას, პირიქით, ჩემთვის ახლა უფრო იოლია, რომ ჩემი ქმარი ამ გუნდის  წევრი არ არის. დღეს ირაკლი არ ასოცირდება ამ გუნდთან, რაც მე მათავისუფლებს ღელვისგან. მე მიყვარს ვიყო თავისუფალი არასწორი თემებისგან. ჩვენ  გავლილი გვაქვს ბევრი პერიოდი. ვყოფილვარ ჯარისკაცის ცოლიც, უმუშევრის ცოლიც, მინისტრის ცოლიც, ელჩის ცოლიც, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ირაკლის ინტენსიური ბიოგრაფია ჩვენს ცხოვრებას უფრო  საინტერესოს ხდიდა. ეს მისი ხასიათიც არის. მე მჯერა იმ სათავის, რომლისგანაც ირაკლის გზა იწყება. მისი პოლიტიკური ცხოვრება, სახელმწიფო სამსახური დაიწყო აფხაზეთის ომიდან, მამამისის მკვლელობიდან. მე მჯერა იმ საფუძვლის, საიდანაც ენერგიას იღებს ირაკლის მთელი საქმიანობა. მერე, გზადაგზა იყო ბევრი ფათერაკი, თუმცა ბევრი რამ მისი  ნებით  არ მომხდარა.  ირაკლი თავის უწყვეტ გზაზე მიდის, რომელსაც სხვები აწყვეტინებენ. ეს დიდი თავგადასავალია, რომელსაც ყოველთვის ახლავს   ფათერაკები.
– რით ჰგავხართ ერთმანეთს?
– ღირებულებებით, ესაა ჩვენი მთავარი მსგავსება. აბა, მეც ირაკლის მსგავსად  მყინვარწვერზე არ დავპორტყიალობ, მიწაზე ვდგავარ მყარად. როდესაც ირაკლი ასეთ იდეას წამოჭრის და გაქანდება სადღაც, მე მხოლოდ იმას ვეკითხები: აი, რატომ, რატომ? იცი, სად ვიყავი, დედამიწის „ჩერდაკშიო,” – მეუბნება. როგორ გინდა, ამაზე შეეწინააღმდეგო?  „რუგზაკი” თვითონ ჩაალაგა, ამით  ტკბება ხოლმე. ჯარისკაცის ფორმას, სპორტულ აღჭურვილობას თვითონ ალაგებს. ასეთ სიამოვნებას როგორ მოიკლებს. ეს რიტუალის შემადგენელი ნაწილია. მწვერვალზე რომ მიცოცავდა, ეკას ვიდეოებს უგზავნიდა. იცის, მე ნაკლებად მიხარია, როცა სადღაც თავდაყირა კიდია. ხუმრობით „სპაიდერმენს“ ვეძახი. როგორ შეიძლება, ადამიანი სადაც სიმაღლეს დაინახავს, იქიდან გადმოხტომა უნდებოდეს?!
– თქვენ არ ხართ ექსტრემალი?
– არა, არ მიყვარს ასეთი რისკის გაწევა. ირაკლი რომ მოიბამს თოკებს და პარაშუტიდან ხტება, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.  მე ბევრად უფრო წყნარი  აქტივობები მიყვარს – მცენარეების მოვლა. მიკვირს, ვისაც არ უყვარს ეს საქმე. მე  ბაბუა მყავდა, როგორც ზღაპრის პერსონაჟი, ბუნების, ფრინველების, ცხოველების დიდი  მოყვარული. ჩემში ამ მხრივ  დიდი წილი მან ჩადო.   მაქვს საოცარი ბაღი ჩემს აივანზე. თუ სურვილი და მოთხოვნილება გაქვს, რაღაც აღმოცენდეს შენი ხელიდან, ამისი საშუალება ყოველთვის არის. ჩემი ყვავილებით დაინტერესება არაა უბრალიდ გატაცება – რაღაც ჩავრგე და ამოვიდა! ეს არის ღვთის სადიდებელი. თითოეული ყვავილის გამოსვლას უჩვეულო სიხარული ახლავს. ჩემი ყვავილების ყველაზე ერთგული მომრწყველი სახლში ნიკუშაა, თუმცა ყველაზე მეტს ის მაშაყირებს. გვერდს  რომ ვერ აუქცევს სახლში ყვავილს, დედა რაღაც ცოტა ყვავილი გვაქვსო, – მეუბნება. ეკა და ირაკლი ნაკლებად უვლიან ჩემს ყვავილებს, თუმცა ორივე სიმპათიით ხვდება ამ ჩემს გატაცებას.
– ასეთი ბაღნარი რაჭაშიც გაქვთ, სადაც ყოველ ზაფხულს ატარებთ?
– ასეთი არა, ეს ბაღნარი ჩემს აივანზეა. რაჭაში ერთი თვით ჩავდივართ ხოლმე, წელსაც შევიკრიბეთ.  ირაკლიც იყო მეგობრებთან ერთად.  იყო იქ აკორდეონზე ცეკვა-თამაში. მაიას აქვს აჩემებული – აკორდეონზე მეცადინეობს გამალებით. ძალიან სასაცილო იყო, გააყრუა მთელი სოფელი. ყოველ ზაფხულს, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ნებისმიერი კონტინენტიდან ჩამოვდიოდით, რომ წავსულიყავით რაჭაში.  ეს ჩვენი დაურღვეველი ტრადიციაა. ეს არის სამოთხე დედამიწაზე, რომელსაც ვერაფერი ცვლის.

скачать dle 11.3