რას გაუხსნის ამიკო ჩოხარაძე მეუღლეს დიდი ფულის შოვნის შემთხვევაში და უკავშირდება თუ არა ის ბერას ხშირად
პაროდიების უბადლო შემსრულებელი ამიკო ჩოხარაძე GDS-იდან „იმედში” გადავიდა. მონატრებულ მაყურებელს ის „იმედის” ეთერით დაუბრუნდა და მას კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება. რა გახდა მისთვის ერთი ტელევიზიიდან მეორეში გადასვლის მიზეზი, რა ხდება მსახიობის ოჯახში და როგორი ურთერთობა აქვს ბერასთან, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– რატომ გადახვედი GDS-იდან „იმედში”?
– GDS გადავიდა ახალ ფორმატზე – უფრო სერიალებია, ვიდრე გადაცემები. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, შიდა სამზარეულოში რა ხდება, მაგრამ, ვიცოდი, გადადიოდნენ ამერიკული სტილის სერიალებზე და ამით ივსებოდა ბადე. წამოვედი იმიტომ, რომ არასდროს მქონია სერიალთან შეხება და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი საკუთარ თავზე. თუმცა, GDS არის ერთადერთი ტელევიზია, სადაც შემიძლია, ნებისმიერ დორს მივიდე და დავიწყო მუშაობა ისე, რომ „იმედზე” არანაირი პრობლემა არ შემექმნას. იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი გაუგებრობა არ მომხდარა ჩემსა და ამ ტელევიზიის თანამშრომლებსა თუ მფლობელს შორის, ვმეგობრობ ყველასთან. წამოსვლისას ვუთხარი კიდეც მათ, თუ რაიმეში დაგჭირდეთ, თქვენთან მიგულეთ-მეთქი. „იმედზე” მუშაობენ ის ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიის გარეთაც ვიცნობდი. ამ ეტაპზე ვარ გადაცემაში – „ერთხელ საქართველოში”; მაყურებელმა „ილო ბეროშვილის შოუშიც“ მიხილა – პატარა ეპიზოდები კიდევ იქნება ალბათ და, კიდევ, გვაქვს ახალი პროექტი, რომელზეც ჯერ არ მინდა ვილაპარაკო.
– იყო პერიოდი, როდესაც კადრს მიღმა იყავი და ეკრანზე არ ჩანდი. მაყურებელი ელოდებოდა შენს გამოჩენას, გაამართლე მათი მოლოდინი?
– არ ვიცი, რამდენად გავამართლე და რამდენად არა. ჯერ ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ განსხვავებული შევთავაზო საზოგადოებას. უბრალოდ, მაყურებელი დავაკმაყოფილე იმით, რომ ეკრანზე გამოვჩნდი რაღაც დოზით. გარდა ტელევიზიისა, რასაც ვაკეთებ, ისმენენ და მოსწონთ – ვგულისხმობ სიმღერებს. ამით ნამდვილად არ მაქვს ამბიცია, რომ ვინმეს ვჯობივარ, უბრალოდ, რომ იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებო, მეც ეგრე ვარ. რასაც ვაკეთებ კმაყოფილი ვარ და კონცერტების გამართვის მიზნით არ ვქმნი ამ ყოველივეს.
– შოუ-ბიზნესში შესვლას ხომ არ აპირებ?
– არა. ჯერ არ მაქვს სურვილი და თუ გადავწყვიტე ცოტა ხმაურით შევალ. საქართველოში არსებობენ ისეთი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც შოუ-ბიზნესს ცოტა გამოაფხიზლებენ. არ მინდა, ის ადამიანი აღმოვჩნდე, რომ, თქვან, ამიკო ჩოხარაძემ შოუ-ბიზნესი ფეხზე დააყენაო ან მსგავსი რამ. საქართველოში მუსიკის ბევრი კრიტიკოსია, მიუხედავად იმისა, იციან თუ არა ეს საქმე. ძალიან მოხიბლული არ ვარ ჩვენი ერით, ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვართ, ამიტომ, ჯერ არ მინდა, სცენაზე გამოვიდე.
– ემილი და საბა ბაღში დადიან? როგორი მამა ხარ?
– მყავს 4 წლის საბა და 2 წლის ემილი, ორივე ბაღში დადის. პატარამ გაასწრო ასაკს (იცინის). თავად მიმყავს და მომყავს ბავშვები. ასე მგონია, ორივეს განსაკუთრებულად სხვანაირად ვუყუვარვარ. როგორც თავად იტყვიან, „შოკოლებით“, ანუ „ქინდერებით“ ვათამამებ (იცინის). მკაცრი მამაც ვარ. ზოგადად, კონფლიქტი, ყვირილი, ჩხუბი და მსგავსი რაღაცეები არ მახასიათებს, წინააღმდეგი ვარ ამ ყველაფრის; უბრალოდ, მქონდა დაძაბული მომენტები და ჩავარდნები, რამაც ჩემს ნერვულ სისტემაზე იმოქმედა. თუმცა, ეს პერიოდი უნდა გამევლო, რომ გონზე მოვსულიყავი; აქედან გამომდინარე, არის ხოლმე შემთხვევა, როცა ვუყვირებ – გაჩერდით, დაწექით, წყნარად იყავით-მეთქი და ასე შემდეგ (იცინის). ჩემი მეუღლე დილიდან საღამომდე ბავშვებთანაა და, წარმომიდგენია, როგორი რთულია. მე ერთი საათით ვერ ვჩერდები. უკეთესი მამა მინდა ვიყო და მეტი დრო დავუთმო მათ. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, დროის გამონახვა მიჭირს. ბევრს ვმუშაობ, რადგან, მინდა, კარგი პირობები და მომავალი ჰქონდეთ. თუმცა, მჯერა, რომ აუცილებლად ვიქნები იდეალური მამა.
– ბავშვები წამოიზარდნენ და ბაღში დადიან. ანა ხომ არ აპირებს მუშაობის დაწყებას?
– ანა ბავშვების ბაღიდან დაბრუნებამდე გათავისუფლდა და უფრო ბევრ დროს უთმობს „ქენდი ქრეშსს“ (იცინის). სურვილი აქვს მუშაობის, მაგრამ, მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგი და ამაზე კამათიც არაერთხელ მოგვსვლია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ „გრუზინული“ რაღაცეები მაწუხებს – ცოლი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებთან იყოს; მინდა, თავისუფალი დრო ლაღად გაატაროს და არ ინერვიულოს სამსახურის პრობლემებზე. დიდ ფულს თუ ვიშოვი, გავუხსნი საქველმოქმდო ფონდს, სადაც მარტო საბუთებზე ექნება ხელი მოსაწერი, ესეც იმიტომ, რომ მისი სურვილია, ჰქოდეს სამსახური.
– ეჭვიანი ხარ?
– საერთოდ არ ვარ ეჭვიანი, ამის საბაბს ჩემი მეუღლე არ მაძლევს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს, არის ის, „ფეისბუქზე” რომ სწერენ და მეგობრობას უგზავნიან. ავცუნდრუკდები ხოლმე ამ დროს და ჩემს თავს ვეკითხები: ვინ არის? რატომ ამატებს? საიდან იცნობს? (იცინის) თუმცა, ანას არ ვეუბნები ამას.
– შენს დატვირთულ გრაფიკს როგორ ეგუება?
– როგორ ეგუება, არ ვიცი, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ აქვს. მე ვმუშაობ და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. ვიცი, წუხს იმის გამო, რომ დიდ დროს ვერ ვუთმობ ოჯახს და ბავშვებს, მეც განვიცდი ამ ყველაფერს.
– ქუთაისსა და ბათუმში ხშირად დადიხართ?
– რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ხომ ქუთაისელი სვანია (იცინის). ხშირი მისვლა-მოსვლა გვაქვს ხოლმე, ბავშვებიც მიგვყავს. ანას ქუთაისური იუმორიც ძალიან კარგი აქვს და სვანური გაბრაზებაც.
– ბერასთან მეგობრობ, ხვდებით ხოლმე ერთმანეთს?
– ორივეს დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. არაფერი ისეთი არ მომხდარა, მასთან ურთიერთობა რომ გამფუჭებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რამაც შეიძლება ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს. ბერა ჩემთვის ყოველთვის კარგი მეგობარი და კარგი ადამიანი იქნება, მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი მეგობრებისთვისაც. იყო შემთხვევა, ბერა და ბიჭები საქეიფოდ წასულან, მაგრამ მე იქ არ ვყოფილვარ. რადგან მეგობრები ვართ, აუცილებელი ხომ არაა, სადაც ის იქნება, მეც იქ ვიყო?! მას ერთი პატარა მიზეზიც არ აქვს, ჩემზე ნაწყენი რომ იყოს. ვგულშემატკივრობ და ნამდვილად მჯერა მისი წარმატების, თავისი ნიჭის გამო და არა რესურსების, დიდი პერსპექტივა აქვს მსოფლიო მასშტაბით. ძალიან მინდა, საქართველოში ერთი ვინმე მაინც გახდეს მსოფლიო ბრენდი და, გამიხარდება, თუ ის ჩემი მეგობარი იქნება.
– ისე, ხშირად ეხმიანებით ერთმანეთს?
– ბერას ნომერი არ მაქვს, თუ მოკითხვა დაგვჭირდება, ორივე ნებისმიერ დროს ვიპოვით ერთმანეთს.