რა მიზეზით ვეღარ მღერიან მომღერლები სამთავრობო კონცერტებზე და ურევია თუ არა ამაში სახელმწიფოს ხელი
სოციალურ ქსელში მომღერლების კომენტარებს გადავაწყდი, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შოუ-ბიზნესში დღეს არსებულ სიტუაციაზე. მათ შორის ერთი ყველაზე ჯანსაღი აზრი ამოვიკითხე: თავად მომღერლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. რაღაც კლანებად იყოფიან და ამაზე სხვები იცინიან. მე მგონია, თავად მომღერლები ბლოკავენ ერთმანეთს ორი ადამიანი ზის და ადგენს სიებს და არა პოლიტიკოსები, – წერს ნინო ძოწენიძე და სწორედ ეს კომენტარი გახდა ჩემი ინტერვიუს თემაც.
– მაშინ, როცა მომღერლების უმრავლესობა ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს და მომღერლების დაბლოკვას აბრალებენ, შენ ამბობ, რომ ამას თავად მომღერლები აკეთებენ და არა ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი?
– დიახ. მე არ მიმაჩნია, რომ დღეს ხელისუფლების რომელიმე მაღალ თუ დაბალჩინოსანს აქვს იმისი დრო და საშუალება, რომ ამა თუ იმ მომღერლის ყოფნა-არყოფნაზე იფიქროს. ქვეყანაში გაცილებით დიდი პრობლემებია მოსაგვარებელი, ვიდრე ძოწენიძის გამოსვლა. გარდა ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული მომღერლები არასდროს ვყოფილვართ, რომ ამ მიზეზით ხდებოდეს ჩვენი დაბლოკვა.
– გამოდის, კოლეგიალური შურისძიებაა?
– არ მინდა, ასეთი რადიკალური ვიყო და ამას შურისძიება დავარქვა, მაგრამ, იცით, როგორ ხდება? კონცერტის ორგანიზატორი თავის მეგობარ მომღერლებთან ერთად ჯდება და წერს სიას შემდეგნაირად: ჩემი, შენი, ჩვენი და თუ სიის შევსებას დააკლდა რაოდენობა, მაშინ იწყება ფიქრი, კიდევ ვინ არის მათთან მეტ-ნაკლებად კარგ ურთიერთობაში.
– შენი აზრით, ადრე ასე არ ხდებოდა?
– ცხადია, ადრეც ხდებოდა, მაგრამ, მაშინ, იგივე სტეფანე და კახუჩელა რომ აკეთებდნენ სამთავრობო კონცერტებს, ისინი მომღერლების უმრავლესობას ასაქმებდნენ და ჟანრობრივადაც არგებდნენ. თუმცა, იმ პერიოდში ვინც იბლოკებოდა, მათი პროტესტიც სავსებით რეალურია, მაგრამ ახლა მთავრობის შეცვლასთან ერთად, სიტუაცია შოუ-ბიზნესშიც შეიცვალა და ერთეულები დარჩნენ, რომლებიც ყველგან, რატომღაც ყველა კონცერტის სტილსა თუ კონცეფციას ერგებიან და სხვა მომღერლები განზე გაწიეს.
– ეს ორგანიზატორთა არაპროფესიონალიზმის პრობლემა ხომ არ არის, ვიდრე სპეციალურად არსებული შავი სიის?
– ცხადია. მე არც ვამბობ, რომ ვინმე შეგნებულად გვბლოკავს და შავ სიას ადგენს. უბრალოდ, არის ერთი კასტა, რომელიც შორს არ იყურება და მის შემოგარენში აცეცებს თვალებს. სხვათა შორის, ეს კასტა ძველი კლანის კუდებია, რომლებიც არც პროფესიონალიზმით და არც ახლის კეთებით არ გამოირჩევიან. პროფესიონალი კადრის პრობლემა ზოგადად ყველა სფეროში გვაქვს, მაგრამ რაც დღეს ესტრადაზე ხდება, ეს აღარც ნეპოტიზმია და აღარც შემოქმედება.
– როგორც მივხვდი, შენი კოლეგების პროტესტს უერთდები, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს „თბილისობის“ კონცერტის შემდეგ იყო გამოხატული?
– ნამდვილად. ზოგ ჩემს კოლეგას ნამეტანი აგრესიაში გადაუვიდა წყენა და არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი სახალხოდ და ასეთი ფორმით უნდა გაირჩეს. კიდევ ვიმეორებ: მეც მწყინს რაღაცეები, მაგრამ გაბოროტებულის პოზიცია არცერთ სიტუაციაში არ მქონია. ისედაც, ორი კინკილა ვართ და ამ ერში კიდევ რამდენიმე მომღერალი ერთმანეთს ჭამს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ცხადია, ყველა მომღერალი ვერ დაკავდება ერთ კონცერტში, მაგრამ, ისიც არ შეიძლება, რომ მხოლოდ 6-7 მომღერალი იყოს ყველგან. უბრალოდ, რეალობა ის არის, რომ ქვეყანას, რომელსაც თუნდაც ეკა კვალიაშვილი ჰყავს და ის რატომღაც არცერთ დროსა თუ ეპოქაში რეიტინგული არ არის (ყოველ შემთხვევაში, ორგანიზატორთა ქმედება ამაზე მეტყველებს), ესე იგი, დიდ არაპროფესიონალიზმსა და ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე, თორემ იგივე კვალიაშვილს, რა სიმღერა უნდა მისცე, რომ მან ვერ გიმღეროს? როგორ დავიჯერო, ის ვერცერთი კონცერტის კონცეფციას ვერასდროს მოერგო?
– გამოდის, ყველაფერს მაინც ურთიერთობა წყვეტს, ვიდრე ნიჭი?
– ასეა. შემოქმედების ნიჭი სხვაა და ურთიერთობა კიდევ სხვა ნიჭს მოითხოვს, რომელიც ყველას არ აქვს. მაგრამ, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ასეთი ნიჭის მქონე ადამიანი.
– გეთანხმები, იყო მლიქვნელი ეს უდიდედსი ნიჭია!
– არა. მარტო მლიქვნელობაზე არ არის. აქ სხვა მიდგომებია კიდევ. ის, რომ კონკრეტულ ადამიანებთან ღიმილი შეგიძლია მაშინ, როცა არ გეღიმება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ზოგიერთი ჩემი კოლეგა მართლა ახერხებს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, ყურადღებას რით მიიქცევს, მთავარია, რომ თავისი ქმედებით პრესისა და ტელევიზიის ყურადღება მიიქციოს, რაც უკვე მის რეიტინგულობას უსვამს ხაზს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს მათ რაიმეთი აკნინებს... პირიქით... აბა, მე ვზივარ სახლში ჩემთვის, წყნარად და არც მჭახე სიტყვებითა თუ მჭევრმეტყველებით გამოვირჩევი. ცხადია, ჩემი პიროვნების მიმართ ნაკლებია დაინტერესება, მაგრამ, ესეც ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი და პოზიციაა. ამის გამო არ უნდა ვისჯებოდე ორგანიზატორების მხრიდან. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც სახალხო კონცერტების საკითხს წყვეტენ, კომპეტენტურები უნდა იყვნენ. ეს კი, როგორც უკვე გითხარი, ძალიან ჭირს ჩვენს ქვეყანაში – გადაწყვეტილებებს ყოველთვის არაკომპეტენტური ადამიანები იღებენ.
– პირადად მე, მიმაჩნია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ამ ტიპის სახალხო ღონისძიებები იმართება, საერთოდ არ არის საჭირო. ან თუ კეთდება, დროა, მომღერლებმა შოუების კეთება დაიწყონ, თორემ ცარიელი ვოკალით, შორს ვერ გავფრინდებით. მგონია, რომ ხალხს აღარ აინტერესებს სცენაზე მხოლოდ მომღერლის ყურება. შენ როგორ ფიქრობ?
– კარგია, მაგრამ შოუ ძვირი სიამოვნებაა და ამის შესაძლებლობას საქართველოს ბაზარი არ იძლევა, მაშინ, უნდა არსებობდეს მეცენატეობის ინსტიტუტი. ასეთ საქმეში ჩამდები ბიზნესმენი უნდა თავისუფლდებოდეს გადასახადებისგან, რაც წაახალისებს მათ და ხელს შეუწყობს შოუ-ბიზნესის განვითარებას. ადრე იყვნენ ადამიანები, ვინც სიამოვნებით აფინანსებდნენ ამა თუ იმ კონცერტს, მაგრამ ახალ დროსთან ერთად, სიტუაციაც შეიცვალა. არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს ძველ დროს მივტირი, სულაც არ არის ასე, მაგრამ „არტ-ფორუმი“ ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებდა. მათ კონცერტებში ყოველთვის იყო შოუს ელემენტები, რაღაც ახალს აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ინერტული გახდა ეს ყველაფერი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, არც დამკვეთი (სახელმწიფო) და არ შემსრულებელი (რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერი) დიდად თავს არ იტკიებს იდეებსა თუ კონცეფციაზე ფიქრით. მთავარია, ჩემი, შენი, ჩვენი ანაზღაურება მყარი იყოს და სხვაზე ფიქრით თავს აღარ იკლავენ. თითქოს იციან, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა მათ არსებობას და მოსწრებაზე არიან.
– ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებ და არ გეშინია?
– არა. „მე მაოცებენ ლამპიონები...“ (იცინის) კონცერტებზე ისედაც არ მეძახიან და ხმას კიდევ ეგენი ვერ წამართმევენ.
– შარშან ბევრი რესტორნის საახალწლო კონცერტი ჩაიშალა იმიტომ, რომ ბილეთები ვერ გაყიდეს. შენი აზრით, წელს როგორი სიტუაცია იქნება?
– მიუხედავად იმისა, რომ ყველა წუწუნებს და ამბობს, ქვეყანაში ფინანსური კრიზისიაო, თბილისის რესტორნები ყოველ საღამოს მაინც სავსეა, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში. თუ რომელიმე რესტორანმა საახალწლო პროგრამა ვერ გაყიდა, ესეც მათი არაპროფესიონალიზმის ბრალია, არასწორად დაგეგმვისა და მენეჯმენტის. ყველა რესტორნის მენეჯერს თავი ორგანიზატორი ჰგონია და მიაჩნია, რომ მათ მიერ შედგენილი პროგრამა თავისით გაიყიდება. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა საქმეს სჭირდება კომპეტენტური და იმ საქმის პროფესიონალი ადამიანი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ვიმედოვნებ, გასული წელი რესტორნის მფლობელებისთვისაც ერთგვარი გაკვეთილი იქნება და წელს უფრო სწორ ორგანიზებას გაუკეთებენ საკონცერტო პროგრამას. ხშირად გამიგია, დღესასწაულებზე ისედაც ბევრი კლიენტი გვყავს და რეკლამა აღარ გვჭირდებაო, მაგრამ სწორედ იქ ცდებიან ისინი.