როგორ ისწავლა ორ კვირაში საშიში და სარისკო ნომრის „როლიკებით“ შესრულება ნინო მანჯავიძემ და რატომ იწვევდნენ მას მოსკოვში ყინულის მოედნებზე
ნინო მანჯავიძე „ნიჭიერის“ ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც მაყურებლის წინაშე საკმაოდ საინტერესო, ლამაზი და ემოციური ნომრით წარდგა. ნინო პროფესიონალი მოციგურავეა, თუმცა მაყურებლის წინაშე „როლიკებით” გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ვერავინ დატოვა გულგრილი და რაც მთავარია, ის მაყურებელს შემდეგ ტურში უფრო ლამაზ სანახაობას ჰპირდება. ნინო ამჟამად ირმა სოხაძის სტუდიაში ცეკვის პედაგოგია.
ნინო მანჯავიძე: პატარა ვიყავი, ყივანახველა მქონდა და დედამ ფიგურულ სრიალზე შემიყვანა. თავად დედაც სპორტის ამ სახეობით იყო დაკავებული. სპორტის ოსტატია, გენეტიკურად მოგვყვება ეს საქმე. თავიდან ისე დავდიოდი. მწვრთნელმა, მარინა ჯაიანმა შემამჩნია, თუმცა უკვე დიდი ვიყავი ამ სპორტისთვის – 7-8 წლის და დედას სთხოვა: მომიყვანე, მასში მომავალს ვხედავო. ბებიას დიდი დამსახურებაც იყო ჩემი ფიგურულ სრიალზე სიარული, რადგან ძალიან უყვარს. როდესაც მოსკოვში წავედი შეკრებაზე, დედაჩემიც ჩამოვიდა და საბოლოოდ, მოსკოვში დავრჩი.
– იქ როგორ განვითარდა შენი კარიერა?
– რა თქმა უნდა, განვაგრძე ფიგურულ სრიალზე სიარული. ვიყავი კუდრიავცევთან, შემდეგ გადავედი გორშკოვის სკოლაში. როცა საქართველოში ვვარჯიშობდი, იყო გარკვეული წარმატებები – პირველი ადგილი, საქართველოს ჩემპიონობა. მოსკოვშიც მქონდა წარმატებები. ყინულზე მარტო გამოვდივარ. წყვილში გამოსვლა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ არ მინდოდა, ვინმესთან ერთად გამოსვლა. მოსკოვში ცხოვრებისას „გიტისში“ ჩავაბარე – ელენე ანატოლევნა ჩაიკოვსკაიას კურსზე. ეს არის უძლიერესი, დამსახურებული მწვრთნელი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ საქართველოში და მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. მიმიღო თავისთან, ყინულზეც მასთან გადავედი და კურსზეც – პროფესიით ვარ ფიგურული სრიალის რეჟისორი, რეჟისორი ყინულზე. საქართველოში მხოლოდ მე ვარ ამ პროფესიის. „გიტისში“ სწავლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი და საინტერესო იყო. საკმაოდ დატვირთულები ვიყავით. დილით ექვსს აკლდა 15 წუთი, „ელექტრიჩკაში“ რომ ვიჯექი და ვარჯიშზე მივდიოდი. მაგრამ, ისე მიყვარს ეს საქმე... ფიგურული სრიალი ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე ვერც წარმომიდგენია. საქართველოში ამ სფეროში გარკვეული მიღწევები კი არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფიგურული სრიალის კულტურა არ არის აქ. მოსკოვში კი ეს უმაღლეს დონეზეა და ამაზე ძალიან მწყდება გული. ახლა აქ რომ ვარ, მინდა, ამ კუთხით ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. ბევრი საინტერესო გეგმაც მაქვს. რაც შეეხება მოსკოვში ჩემს კარიერას, ელენე ანატოლევნა ჩაიკოვსკაიას რეკომენდაციით, გადავედი ილია ავერბუხის შოუში. გალა კონცერტზე, დახურვაზე, ნომრების დადგმაში ვმონაწილეობდი, როგორც რეჟისორი, ქორეოგრაფი. შემდეგ გადავედი იგორ ბობრინის შოუში. აქ უკვე სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, სოლისტი ვიყავი. ყინულზე გვქონდა „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, სხვადასხვა პატარ-პატარა ეტიუდი. ბობრინთან ერთად სამხრეთ ამერიკა, ევროპა ძალიან წარმატებით შემოვიარეთ. სამწუხაროდ, აზიაში რომ მივდიოდით, ფეხი გადამიბრუნდა, თან, პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეები მქონდა და წამოვედი დასიდან. ბობრინთან მუშაობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე – გამოცდილება, ცოდნა დავაგროვე, რასაც მომავალში გამოვიყენებ. ბობრინის შემდეგ მოსკოვში ძალიან ბევრ ყინულის მოედანზე ვმუშაობდი, გავრბოდი-გამოვრბოდი. მიწვევდნენ როგორც ქორეოგრაფს, მთხოვდნენ, ამა თუ იმ ელემენტის დამუშავებას. რადგან მე მხოლოდ „გიტისი“ არ დამიმთავრებია, თბილისში მეორე უნივერსიტეტიც დავამთავრე – სპეციალისტი ვარ ფიგურულ სრიალში. ანუ, მიწვევდნენ როგორც ქორეოგრაფს, ასევე სპეციალისტს. გარდა ამისა, სხვადასხვა შოუში გამოვდიოდი. ერთ-ერთ ყინულზე, სადაც საღამოს სრიალები იმართებოდა და დისკოთეკასავით იყო, წამყვანიც ვიყავი. შუალედებში კი შოუშიც ვმონაწილეობდი. ვასრულებდი სხვადასხვა ნომრებს: „ტანგოს”, ჰიპ-ჰოპს, „კინტაურიც” კი მიცეკვია. ფეხმძიმობის დროსაც, მთელი 9 თვე ყინულზე ვიდექი. მოწაფეების მშობლები ჭკუიდან გადადიოდნენ – ვტრიალებდი, ვხტუნაობდი. ბოლო თვეში დედაჩემს გადავაბარე ჩემი მოწაფეები, რომელიც ასევე მწვრთნელია და მე იქვე ვიდექი, ვერ ვისვენებდი. სხვათა შორის, ყინულზე „ფეშენ-შოუშიც” მაქვს მონაწილეობა მიღებული. იტალიური ბრენდის შუბები წარვადგინეთ, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო.
– სად შეხვდი შენს მომავალ მეუღლეს?
– ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. მე მოსკოვში მივდიოდი, ის საქართველოში რჩებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ გადავლახეთ. მერე ისიც წამოვიდა მოსკოვში, მაგისტრატურაზე განაგრძო სწავლა. დაამთავრა დიპლომატიური აკადემია და შემდეგ დავქორწინდით. 2 წლის მერე გავაჩინე პატარა სანდრო, რომელიც ახლა 3 წლისაა. მეუღლე ყველაფერში მიწყობს ხელს, რომ ჩემი იდეები განვახორციელო.
– საქართველოში დაბრუნდი?
– თუ საბუთი არ გაქვს, ვერ იმუშავებ. მე არ მქონდა პრობლემა, მაგრამ ჩემს მეუღლეს სჭირდებოდა. საბუთების მოწესრიგებას კი წლები სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოში დავბრუნებულიყავით. ფიგურული სრიალი შოუდ რომ ჩამოყალიბდეს საქართველოში – ეს არის ჩემი მიზანი და მინდა, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო. მადლობა, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. საქართველოში ჩამოვედი 2013 წელს და დამაკლდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ყინული. საშინელ დეპრესიაში ვიყავი, შვილი და ჩემი მეუღლე დამეხმარნენ ამის დაძლევაში. „ნიჭიერში“ გამოსვლაც ჩემი ქმრის დამსახურებაა. სიურპრიზი გამიკეთა, სპეციალური „როლიკები” მიყიდა, მომცა და მითხრა: დადექი. რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება ციგურებისგან, უფრო მძიმეცაა. „როლიკებზე” დგომა არც კი ვიცოდი, მხოლოდ წინ თუ წავიდოდი. მეუღლემ ფიგურული სრიალის „ბათინკებზე” დამიყენა და მითხრა „ნიჭიერში“ გამოდიო. თავიდან კატეგორიულ უარზე ვიყავი, მაგრამ ახლა კმაყოფილი ვარ. ისეთი სპორტული ჟინი მაქვს, მალე ავითვისე, მიუხედავად იმისა, რომ ხან სახით დავეცი, ხან ხელით. ხის იატაკზე ვვარჯიშობდი, ოღონდ გალაკული არ უნდა იყოს. თუმცა, შოუს დროს ასფლატზე გამოვედი და საკმაოდ რთული გახლდათ. თან, საშინელი ქარი იყო, დაღმართი, ასფალტს მოჭიდებაც დიდი აქვს და წინააღდეგობას გიწევს. თან, მე „ნიჭიერისთვის“ ვისწავლე „როლიკებზე” დგომა. უფრო რთული ილეთების გაკეთება მინდოდა, მაგრამ პირველ ჯერზე თავი შევიკავე. ნომერი შევარჩიე „მულენ რუჟიდან“. ამ შემთხვევაში მე სინაზე, სილამაზე გამოვხატე, მეორე ტურში კი, ალბათ, თეატრალურ ნომერს გავაკეთებ. ეს იქნება „ტანგო”. ეს იყო სიახლე აბსოლუტურად ყველასთვის. საქართველოში მანამდე არ ყოფილა ეს და ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ. თავიანთი მოწონება გამოხატეს იმით, რომ შემპირდნენ: მეორე ტურში მოგცემთ შესაძლებლობას, ყინულზე გამოხვიდეო. ძალიან გამიხარდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმედია, ყველაფერი კარგად განვითარდება.
– როგორც მივხვდი, ძალიან ლამაზად, პროფესიულ დონეზე ქარგავ.
– ხელოვნება ძალიან მიყვარს. ხატებს ვქარგავ და ასევე, სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს. ძირითადად, იმ ადამიანებს ვჩუქნი, ვისაც ხელოვნება კარგად ესმის. სირთულეები მიყვარს და ძირითადად, რთულ ნამუშევრებს ვეჭიდები. მომავალში გამოფენის გაკეთებაც მინდა და ვნახოთ, რა გამოვა. ამ ეტაპზე ჯერ „ნიჭიერით“ ვარ დაკავებული.