როგორ დაშორდა ლალი ნიკოლაძე ექვს ცოლს და მართლა შეადგინა თუ არა მან ზვიად გამსახურდიას დავალებით დასახვრეტთა სია
შვიდი ქორწინება, აქედან ექვსი – უიღბლო; პოლიტიკური მანიპულაციები და უცხო ქვეყანაში აწყობილი კარიერა... მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში სწორედ ახლა აქვს ბედნიერი პერიოდი. ბავშვობაში დაკარგული სიყვარული სულ ახლახან, 70 წლის ასაკში, უცხო ქვეყანაში, სრულიად მოულოდნელად იპოვა და ხელიდან აღარ გაუშვა. ლალი მშობლებმა მოფერებით შეარქვეს, სინამდვილეში კი ვარლამი ჰქვია... მოკლედ, ეს გიჟი ზურაბაა, ყველასთვის ნაცნობი სახე ფილმიდან „ზოგი ჭირი მარგებელია“ და ჯგუფ „ნიკოლშოუს“ წევრების მამა. დანარჩენს თავად მოგიყვებათ.
– გყავდათ ექვსი ცოლი, ახლა გყავთ მეშვიდე. რატომ დაშორდით მათ?
– აღმოჩნდა, რომ, ის ადამიანი, ვისაც დაუკავშირე შენი შეგნებული ცხოვრება, უკმაყოფილოა იმით, რომ შენ სცენას უფრო მეტ დროს უთმობ, ვიდრე მას – ყველა შემთხვევაში ასე იყო. თქვენ გინდათ, მაინცდამაინც მათქმევინოთ, რომ მე ის ქალი შემიყვარდა, მერე მას ვუღალატე და ამიტომ დავშორდით?
– დიახ.
– არა, გენაცვალე, არასდროს, არავისთვის არ მიღალატია. როცა მყავდა ცოლი, ის იყო ცოლი და სხვა ქალი იმ პერიოდში არ მყოლია. ოცდაოთხი საათი სცენაზე ვიყავი და ნაკლები დრო მრჩებოდა საიმისოდ, რომ ქალისთვის, რომელიც ჩემ გვერდით იყო, ყურადღება მიმექცია – ეს იყო ყველაფრის მიზეზი: განხეთქილებების, უკმაყოფილებების. ქალის ბუნებაა ასეთი – ყურადღება უნდა. მე კიდევ, პირად ცხოვრებას დროს ვერ ვუთმობდი. რეპეტიცია რომ გაქვს და ღამის სამ საათზე მთავრდება, რა უნდა ქნა? იმ რეპეტიციაზე ჩვენ ვმუშაობთ, სხვას კი არაფერს ვაკეთებთ. სახლში რომ მოხვალ დაღლილი და, დასვენების ნაცვლად, ეჭვიანობის სცენებს გიმართავს ცოლი... თუ ძმა ხარ, რა! რაზეა ლაპარაკი... შენ შენთვის, მე ჩემთვის, მაგრამ, იქ რომ ბავშვი გაჩნდა, ის ჩემი შვილია და მე მასზე უარს ვერ ვიტყვი. იმ ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მამა, რომ ჰყავს ძმები. აქ მისი დახმარება მჭირდება, ხელის შეშლა კი არა. ერთად თანაცხოვრება იოლი საქმე არ არის – შენც უნდა გესმოდეს მისი და მასაც უნდა ესმოდეს შენი.
– კაცები სულ იმას გაიძახით, ჩემი ცოლი მაგრად მიყვარსო და სხვაგან გარბიხართ. დაშიფრულ კოდს უფრო ადვილად გაიგებს ადამიანი, ვიდრე იმას, რატომ გაქვთ ქართველ კაცებს ღალატი ორად გაყოფილი – სულიერად და ფიზიკურად...
– ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, მე მაგ ქართველი კაცების სიაში არ შევდივარ; მე სულ სხვა შეხედულებები მაქვს, საკმაოდ განსხვავებული. როცა შენ ხარ ჩემი ცოლი და გეუბნები, რომ შენ გარდა არავინ მყავს, ესე იგი მართლა არავინ მყავს; შენ რომ სახლში მელოდები, ამ დროს მე სხვა ქალთან არ ვარ. იმ პერიოდებში, როცა ცოლი მყავდა, თვალიც კი არ გამიყოლებია სხვა ქალისთვის. როცა იწყებ ამის მტკიცებას, უკვე არასწორ პოზიციაში იყენებ თავს.
– თამიმდევრულად მითხარით, ვინ იყვნენ თქვენი ცოლები.
– ოფიციალურ ქორწინებაში ვიყავი ექვსჯერ: პირველი გახლდათ გიას დედა – თინიკო. ამის მერე შვიდი წელი ვიყავი უცოლოდ; მერე იყო ანუკა, მასთან მყავს დათო და ტატა. ჩვენ ერთად ვიყავით დაახლოებით რვა წელი; შემდეგ იყო თამრიკო – აქ იყო გაუგებრობების მთელი ციკლი და, ფაქტობრივად, ცოლი აღარ მყოლია ცხრა წელი; მერე იყო მარიამი, მასთან შვილი არ მყავს; მერე გულია – მასთან მყავს კოკა; მერე მყავდა ლია, მასთან ათი წელი ვიყავი; ახლა მყავს ნინო. აი, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი ნინოსთან, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
როდესაც თბილისში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ვაჟთა მეშვიდე სკოლაში, ჩვენს სკოლაში სწავლობდა ერთი ულამაზესი გოგო – ნინიკო კაკაბაძე. ნინიკოზე ტაციაობა იყო, მოტაცებას უპირებდნენ, მაგრამ მე ვიყავი ერთი ამუბნელი ბიჭი, რომელიც ჩვენს გოგოებს იცავდა სხვა უბნის ბიჭებისგან. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავიკარგეთ. ის გათხოვდა, მე მთელი ამბები გადამხდა. წავედი თურქეთში, ტრაპიზონში. ერთ დღესაც, მივდივარ ქუჩაში და ვხედავ დიდ წარწერას – „მადამ ნინო“. ვფიქრობ ახლა: არ შეიძლება ნინო თურქი იყოს, ნაღდად ქართველია. ნამდვილად ბორდელი იქნება-მეთქი და შემრცხვა. რომ მითხრეს, ქართველიაო, გადავირიე-მეთქი, ახლა ავალ და შავ დღეს დავაყრი. ავედი. დავაკაკუნე და კარი გააღო ნინო კაკაბაძემ. „ვახ – ვიფიქრე, – ახლა ეს როგორ გავლახო, ბავშვობის მეგობარია”. თურმე, ნინო არის ბიოქიმიკოსი, საკუთარი ხელით ამზადებს თავის მოვლის ნაირ-ნაირ საშუალებას და აქვს სილამაზის სალონი. ფაქტობრივად, მე და ნინო ერთდროულად წავსულვართ თურქეთში. ორ ან სამ თვეში ერთხელ თუ შევხვდებოდით ერთმანეთს და სადმე კაფეში ყავას დავლევდით, სხვა არაფერი. გაშორებული იყო ქმარს, ორი წამოზრდილი გოგონა დედასთან ჰყავდა დატოვებული, თურქეთში იყო წასული და იქიდან არჩენდა ოჯახს.
– მანამდე, სანამ საქართველოდან წახვიდოდით, აქ რას აკეთებდით?
– მე აქ ვიყავი ჩაკეტილი შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ერთი პერიოდი ჩემი სახელი და გვარი ძალიან პოპულარული იყო, მერე კი დადგა პერიოდი, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის ხსენება აკრძალული იყო – მტრად ვითვლებოდი. ჩემზე ისეთი ხმები გაავრცელეს, ვითომ დასახვრეტთა სია მქონდა გამზადებული ზვიად გამსახურდიას დავალებით. ალბათ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას იდეებს ვუჭერდი მხარს. მთხოვა კაცმა, ინტელიგენციას ავუხსნათ, რაშია საქმეო და მეც დავთანხმდი, გვერდში დავდგომოდი. შეიქმნა ინტელიგენციის კლუბი და მე თავმჯდომარედ დავინიშნე. მერე კი თავბედი ვიწყევლე, რად მინდოდა-მეთქი, რადგან, ეს ის ხალხი არ აღმოჩნდა, ვინც მეგონა. უკან მოაბრუნა შევარდნაძე, კიტოვანი, სიგუა, ჯაბა... ეს იყო მართლაც სამარცხვინო პერიოდი.
– როგორ გამოძვერით ამ სიტუაციიდან? ხომ შეიძლებოდა, პოლიტპატიმარი გამხდარიყავით?
– არანაირი დასახვრეტთა სია არ შემიდგენია, ეს იყო ტყუილი. როგორ შეიძლება, ჩემნაირმა კაცმა ვინმე გაიმეტოს სასიკვდილოდ?! მე ქათამსაც ვერ ვკლავ. ხორცს კი ვჭამ, მაგრამ, ჩემ თვალწინ თუ დაკლეს ცხოველი, იმას ვერ ვჭამ. ზვიად გამსახურდიას საერთოდ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ უბანში ვიყავით გაზრდილი. ჩვენ რომ ქუჩაში დავრბოდით და ვთამაშობდით, ზვიადი იქ არ მინახავს. ეს იყო სახლში გაზრდილი ბიჭი, ორანჟერეის ყვავილივით, უაღრესად განათლებული, ნიჭიერი და დახვეწილი, რომელმაც არ იცოდა პოლიტიკა. ის უფრო ჰუმანური კაცი იყო, ვიდრე სახელმწიფოს მმართველი უნდა იყოს. მე ის კაცი ვარ, რომელიც მთავრობის სასახლეში აპარატთან ვიჯექი და ტელეფაქსით გაეროში ვგზავნიდი ცნობებს – გვესვრიან, გვბომბავენ და გვიშველეთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი მიუღია, რადგან, ჩერეზ მოსკოვით მიდიოდა მაშინ დეპეშები. ჩემს მეგობრებს რომ ვუგზავნიდი ამერიკაში წერილებს, ჩამოსვლა მინდა-მეთქი, ისიც არ მიდიოდა – როგორც ჩანს, თვალყურს მადევნებდნენ. სახლში ვიყავი ჩაკეტილი, გარეთ საერთოდ არ გამოვდიოდი, დარაბები დახურული მქონდა. ვიღაცეებს მაკარონი მოჰქონდათ და იმით ვიკვებებოდი დაახლოებით ცხრა თვე.
მაგ პერიოდში, სადაც მე ვცხოვრობდი, ვიღაც ტიპებმა სახლის ქვეშ ბომბი შედეს. მეზობლებმა ეს დაინახეს და, სანამ მე მოვიდოდი სახლში, ბომბი გაანეიტრალეს. არ ვიცი, როგორ გახსოვთ ოცდახუთი წლის წინანდელი პერიოდი – კაცი კაცს სასიკვდილოდ იმეტებდა ორ შაურად. მაშინ მე გავაკეთე თეატრი – „ექო“. სულ ორასი კაცი მყავდა შტატში და ესენი იყვნენ ძალიან პოპულარული მსახიობები. ხალხმა თავიანთი თეატრები მიატოვა და ჩემთან წამოვიდა. ამ სცენური ვარსკვლავების გვერდით მყავდა კიდევ ოთხი უსინათლო და რვა ყრუ-მუნჯი მსახიობი. მათ ჯერ არც იცოდნენ, რა იყო თეატრი, ეს გავაგებინე მე და დაავადდნენ ამით. მთავარ როლებსაც კი თამაშობდნენ ჩემს სპექტაკლებში. რა ხდებოდა, არ იცით. გარეთ, ბარიკადებზე რომ იყო ბრძოლა თავისუფლების მოედანზე, ჩვენს რვაასკაციან დარბაზში შვიდასი კაცი იჯდა. მაშინ გრიბოედოვის თეატრში ვიყავით. რაც გარეთ ხდებოდა, ფაქტობრივად, იმისი მხატვრული გადმოცემა იყო სცენაზე. მერე, კიტოვანის გვარდიამ თეატრიდან დეკორაციები გარეთ გამოყარა, ჭიაკოკონა დაანთეს და ზედ ახტებოდნენ.
– თურქეთში თქვენი მოტყუებით წაყვანის თემას დავუბრუნდეთ. ეს როგორ მოხდა?
– დილით რომ გავიღვიძე, აღმოვჩნდი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, ანუ – ბორდელში. ის, ვინც ჩამიყვანა, გაქრა. უკან ჩამოსვლა მინდა და ვერ ჩამოვდივარ – გზის ფული არ მაქვს. გავიარ-გამოვიარე ქუჩაში, ვიფიქრე, ვინმეს რამეს ვკითხავ, იქნებ ორი კაპიკი გავაკეთო-მეთქი. მაშინ თურქული ისე არ ვიცოდი, როგორც ახლა ვიცი. ვიპოვე ვიღაც, ვინც ინგლისურს ამტვრევს. მეც ასე დამტვრეული ინგლისურით ვთხოვე, რამე გამაკეთებინეთ, რომ ავტობუსის ფული ვიშოვო და აქედან წავიდე-მეთქი. აი, დაალაგე და ფულს მოგცემო. დავალგე (დუქანი იყო), მაგრამ იმ დღეს არ მომცა ფული, ერთი ცალი ჰამბურგერი მაჭამა და გამიშვა სასტუმროში. მეორე დღეს ისევ მივედი და დავალაგე, ისევ ჰამბურგერი მაჭამა და გამიშვა. ვერ გავიგე, რა ხდება. რამდენიმე დღე ასე ვიმუშავე. მერე მკითხეს, რა გინდა აქ, ვინ ხარო. რომ მოვუყევი ინგლისურად, რა ხდებოდა ჩემს თავს, გაგიჟდნენ – წამოდი ჩემთანო. ახალი გახსნილი იყო ამერიკული ბარი. ბარის მეპატრონემ მოიტანა გიტარა და ხელში მომაჩეჩა. ჩამოვკარი გიტარას და, რაც ვიცოდი – ჩვენი სუფრული, ქართული, რუსული რომანსები, ესპანური, იტალიური – ყველაფერი დავუკარი და ვიმღერე. მიყურებს, მიყურებს და, მეუბნება, გაჩერდიო. იქ მუსიკოსები იყვნენ სცენაზე – თქვენ ჩამოდით და შენ ადიო. მოკლედ, ამიყვანა სამსახურში. ეს ერთანი, ბარის პატრონი კონვერტით მოდის და ჯიბეში მიდებს. გავიქეცი უცებ ტუალეტში, ჩავიკეტე, გავხსენი – ვხედავ, თურქული ფულია, დოლარში 30 დოლარი გამოდის. ვა, – გამიხარდა-მეთქი, ხელფასის ნახევარი მომცა. გახარებული წავედი. მესამე დღეს ისევ მოდის და ჯიბეში კონვერტს მიდებს. ისევ გავიქეცი ტუალეტში, გავხსენი – ისევ 30 დოლარია. ვა, – ვიფიქრე, – ამას ეშლება, ალბათ, დაავიწყდა. გუშინწინ ხომ მომცა 30 დოლარი-მეთქი. მეოთხე დღეს ისევ მოდის და ჯიბეში კონვერტს მიდებს. წავავლე ხელი, ჯიბეში არ ჩავადებინე და ვუთხარი – მესამე დღეა, 30 დოლარს მიდებ ჯიბეში და, რაშია საქმე-მეთქი. ერთანს შერცხვა, გაწითლდა: შენი ჭირიმე, ახალი დაწყებული გვაქვს ეს საქმე, სულ ათი დღეა, რაც გავხსენით ბარი და ჯერ მეტის საშუალება არ მაქვს, ცოტა ხანში მოგიმატებო. იმ ბარში მოდიოდა ერთი კაცი, რომელიც თეატრზე იყო შეყვარებული. ჩამაცივდა, მე და შენ თეატრი უნდა გავხსნათო. გამოვაკარით განცხადებები. ასი კაცი მოვიდა მსურველი. მთელი წელი ვამეცადინე ეს ასი კაცი. სამას სამოცდახუთი გაკვეთილი ჩავუტარე, თეატრალურ ინსტიტუტში არ აქვთ ამდენი გაკვეთილი ჩატარებული მსახიობის ოსტატობაში ოთხი წლის განმავლობაში. ამასობაში გამოვცხრილე სია. ბოლოს შემრჩა 15 კარგად გათვითცნობიერებული მსახიობი და დავიწყე რეპეტიციები. პირველი სპექტაკლი იყო „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც თურქულ ენაზე ვთარგმნე. მერე ტრაპიზონში ვეღარ დავრჩი. მომაგნო თურქეთის სახელმწიფო თეატრმა – გინდა თუ არა, ჩვენი თეატრის კონსულტანტი იყავიო. ვიყავი თურქული თეატრების სამმართველოს მთავარი კონსულტანტი. საქართველოში ამაზე ამბები ატყდა – თურქეთში ყველას უნდოდა გასტროლები. თურმე, გზავნიან ჩემთან წერილებს და ჩემამდე არ მოდის. აღმოჩნდა, რომ შეცდომით მიგზავნიან, ოპერის თეატრში. ამაზეც ატყდა ამბავი. მოკლედ, იმ „დასახვრეტ სიას” ესეც მიემატა – შეხედეთ ლალის, ბარონი მიუნჰაუზენია, თურქეთი დაიპყროო.
– თუ არ ვცდები, ბიზნესიც გქონდათ და რაღაც გაუგებრობებიც მოხდა.
– რომ შევყავი თავი ამ ბიზნესში, ბევრი მაფიოზი გამოჩნდა საქართველოდან თუ რუსეთიდან და სახიფათო გარემოცვაში აღმოვჩნდი, სადაც დიდი ფული ტრიალებდა. კონკრეტულად არაფერს გეტყვით, რადგან საკმაოდ ცნობილი ქართველები ფიგურირებდნენ. როცა არალეგალურ ფულთან გაქვს საქმე, იქ ტყვია, შეიძლება, ყველა მოსახვევში დაგეწიოს. ამიტომ, ვფიქრობდი, როგორ დამეღწია თავის მათგან და დავაღწიე კიდეც.