როგორ აიყვანა უფალმა ღვთის სათნომყოფელი პიმენი წმიდანის რანგში
ოდესღაც კიევ-პეჩორის ლავრაში მშობლებმა ავადმყოფი ბავშვი – პიმენი მიიყვანეს. ის უძრავად იწვა, დავრდომილი იყო. მშობლებმა მონაზვნებს ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა სთხოვეს. სავანეში უდიდესი წმიდა საკვირველმოქმედები ცხოვრობდნენ, მაგალითად, წმიდა თეოდოსი პეჩორელი. მთელი მონასტერი ლოცულობდა ბავშვისთვის, მაგრამ ყრმას განეცხადა, რომ მისი ავადმყოფობა ღმერთს ნებავდა. საღმრთო ჩვენების შემდეგ ბავშვი ევედრებოდა უფალს, არ განეკურნა იგი. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და ის სნეული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. მშობლებმა პიმენი სავანეში დატოვეს და მონაზვნები მრავალი წლის განმავლობაში უვლიდნენ მას – ასეთი სიყვარული ჰქონდათ ძველ მამებს. ბავშვს, შემდგომში ახალგაზრდა ბიჭს, სხეული წყლულებითა და იარებით ჰქონდა დაფარული. სენაკში, სადაც პიმენი იწვა, სუნთქვა ჭირდა სიმყრალის გამო, რომელსაც მისი სხეული ავრცელებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პიმენთან ავადმყოფები უძლურები მოდიოდნენ და მისი ლოცვით იკურნებოდნენ.
ლავრის იღუმენი დიდხანს ვერ ბედავდა პიმენის მონაზვნად აღკვეცას – მას არ სურდა, კიდევ უფრო დაემძიმებინა ტანჯული ადამიანის ჯვარი. მაგრამ ღმერთი სხვანაირად განსჯიდა. ერთხელ, როდესაც პიმენი მარტო იყო თავის სენაკში, უეცრად კარი გაიღო და მასთან იღუმენი შევიდა ძმებთან ერთად; მათ ანთებული სანთლები ეჭირათ ხელში. იღუმენმა პიმენს ჰკითხა: „გინდა მონაზღვნად აღკვეცა?“ ღირსმა სიხარულით დაუდასტურა თავისი სურვილი და იღუმენმა მონაზვნად აღკვეცის წესი აღასრულა.
... დილით ძმებმა პიმენი მონაზვნის სამოსელში რომ იხილეს, ამის შესახებ მონასტრის იღუმენს აცნობეს. ის შეცბუნებული იყო და, როდესაც შეიტყო, რომ თურმე თვითონ აღკვეცა ის მონაზვნად, თქვა: „უფალმა ანგელოზები წარმოგზავნა, რათა თავის სათნომყოფელზე თავისი ნება აღესრულებინა“. მაგრამ მონაზვნად აღკვეცამ პიმენი ვერ განკურნა. მისი სხეული ცოცხლად ლპებოდა, პიმენი კი უწინდებურად მადლობდა ღმერთს თავისი სენისთვის.
ღვთის სათნომყოფელი პიმენის სიკვდილის წინ ორი სასწაული მოხდა: ყველასთვის მოულოდნელად ის ლოგინიდან წამოდგა, სავანის ყველა ძმა მოინახულა და ყველას გამოეთხოვა. ღირსი პიმენი რომ გარდაიცვალა, მისი წყლულებიდან, რომლებიდანაც მას თავის სიცოცხლეში ჩირქი და წალა სდიოდა, კეთილსურნელმა მირონმა გამოჟონა და სენაკში ჰაერი არამიწიერი სურნელით გაიჟღინთა.
წმიდა პიმენს სამონაზვნო ღვაწლი არ გაუღია – ის არც მარხვით იკვდინებდა სხეულს, არც მღვიძარებით, არც მუხლის დრეკით. მისი ერთადერთი ღვაწლი ის იყო, რომ მადლობდა ღმერთს თავისი ავადმყოფობისთვის და ამის გამო ღვთის წინაშე ის დიდი წმიდანების დარად წარმოჩინდა.