სად ვიპოვო?
თანამედროვე ცხოვრება ართულებს ადამიანებს შორის კომუნიკაციას. ხშირად გაიგონებთ: „გათხოვება მინდა, მაგრამ სად ვიპოვო შესაფერისი პარტნიორი?” მართლაც და, სად უნდა გაიცნოს ქალმა ცხოვრების მომავალი თანამგზავრი, სად არის ამის შანსი უფრო მეტად? ალბათ, სტატისტიკა დაგაინტერესებთ:
23 პროცენტი წყვილებისა ერთმანეთს სამსახურში ან საქმიანი შეხვედრების დროს ეცნობა და უკავშირდება. სხვათა შორის, ასეთი „ნაცნობობით“ შექმნილი ოჯახები საკმაოდ მყარია.
17 პროცენტია შანსი იმისა, რომ ცხოვრების მეორე ნახევარი შვებულებაში ყოფნისას ან მოგზაურობის დროს გაიცნოთ. ასე რომ, თუკი მოგეცემათ ამის საშუალება, უარი არ თქვათ.
12 პროცენტი წყვილებისა ერთმანეთს შემთხვევით – კაფეში, კლუბში, თეატრში, კინოში ან კონცერტზე ეცნობა.
მხოლოდ 4 პროცენტს ექნება შანსი, რომ იყოს ბედნიერი... შემთხვევის იმედად, ანუ, თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული თვითონ გამოგეცხადოთ.
ქალბატონებიდან ძალიან ცოტას სჯერა ვირტუალური ნაცნობობის რეალობაში გადმოტანისა და ბედნიერი ფინალისა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შანსი არ უნდა გამოიყენოთ. მთავარია, გქონდეთ პოვნის სურვილი და გაიხსნათ ახალი ურთიერთობისთვის...
კაცი – მეგობარი?!
მეგობრობა – ყველასთვის გასაგები სიტყვაა, მთავარია, იპოვო ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ გაგიგებს და შენც გაუგებ. ამას სულიერი სიახლოვე ჰქვია. როცა ამ ტიპის ადამიანს პოულობ, სქესს უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, თუმცა, ბევრი მაინც სკეპტიკურად უყურებს ქალისა და მამაკაცის მეგობრობას. მეტიც – ამტკიცებენ, რომ ადრე თუ გვიან, მათი ურთიერთობა აუცილებლად შეიძენს ინტიმურ ელფერს. ზოგჯერ ეს მართლაც ასე ხდება, რადგან „დაზღვეული“ ურთიერთობა არ არსებობს; ვერც იმას შეძლებთ, რომ ურთიერთობის დეტალებზე წინასწარ მოილაპარაკოთ, მაგალითად, როგორი იქნება თქვენი შეხვედრები, საუბრები; სად გავა დასაშვები ზღვარი... მთავარია, არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს სურვილი ან მოლოდინი რაღაც უფრო მეტისა. ზოგიერთ ქალს ადვილად და სწრაფად უყვარდება. ამიტომ ის ვერ იქნება მშვიდად, როცა მეგობრად მამაკაცს შეარჩევს – თავადაც ხომ იცის, რომ ეს ცეცხლთან თამაში იქნება.
რაც შეეხება მამაკაცს, თუ მან ქალი თავის მეგობრად აღიქვა და მიიღო, ის მასზე „სხვანაირად“ აღარ იფიქრებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ, კაცები ძირითადად აღარ იცვლიან შეხედულებას და აღარ განიხილავენ მეგობარს შესაძლო სექსუალურ პარტნიორად. ასე რომ, კაცი-მეგობარი შესაძლებელია და ის ერთგულიც იქნება, მთავარია, თავად არ მოახდინოთ ინტიმის პროვოცირება...
ურთიერთობის
წესები
ბედნიერ ოჯახებში არსებობს რიტუალები და ამაში უჩვეულო არაფერია. რიტუალი არ ნიშნავს სტერეოტიპს, პირიქით, ძალიან საჭიროა და მნიშვნელოვანი.
ყოველ სრულფასოვან ოჯახს თავისი წესები და რიტუალები უნდა ჰქონდეს, ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული. მაგალითად, შეგიძლიათ, წესად შემოიღოთ დილაობით ყავის სმა და დილის გეგმებზე საუბარი. მაგრამ არჩევანი მხოლოდ თქვენზეა და, რასაც გააკეთებთ, ორივესთვის მისაღები უნდა იყოს. ანუ, ძალით ნუ დაალევინებთ ყავას, თუკი მას ეს არ უნდა. სამაგიეროდ, აუცილებლად ენდომება რაღაც სხვა, მაგალითად, ერთად სადილობა ან ვახშამი... თქვენ ნელ-ნელა, ურთიერთობაში მიხვდებით, რა არის თქვენი რიტუალი. ერთი შეხედვით, შეიძლება, წვრილმანად მოგეჩვენოთ ეს, მაგრამ, სწორედ ეს წვრილმანები ქსოვს იმ ჯაჭვს, რომელიც ერთმანეთთან დაგაკავშირებთ.
იყავით პარტნიორის ყოველდღიურობის საქმის კურსში – აუცილებელია, იცოდეთ, რაზე ფიქრობს, რა აწუხებს და რა გეგმები აქვს. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გაგეხსნათ და საკუთარი გულისნადები გაგიმხილოთ. მას თქვენ უნდა ეგულებოდეთ თანამზრახველად, თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს.
ტყუილად ფიქრობთ, რომ ქორწინების შემდეგ რომანტიკა კვდება – ის იცოცხლებს, თუკი თქვენ თავად არ მოკლავთ მას.
წუწუნით საქმეს ვერ უშველით. აჯობებს, შეძლოთ და ზოგჯერ ერთად წახვიდეთ სადმე, მაგალითად, გაისეირნოთ, კაფეში ან რესტორანში ივახშმოთ, ნახოთ ახალი სპექტაკლი ან ფილმი... მეგობრებთან შეხვედრა კარგი აზრი არ არის – ამით მთელ ინტიმს მოკლავთ. ნუ დაელოდებით, რომ ქმარმა გამოიჩინოს ინიციატივა, ეს თავად გააკეთეთ – „ჩართეთ“ ფანტაზია – ურთიერთობის თქვენი წესები შემოიღეთ და ამ წესებით ითამაშეთ!
გახსოვდეს
მთავარი!
ბევრი ქალი შეცდომას უშვებს მაშინ, როცა თხოვდება და ფიქრობს, რომ მისი მთავარი მისია დიასახლისობაა – გემრიელი კერძების კეთება და სისუფთავისა და წესრიგის სადარაჯოზე დგომა. არავითარ შემთხვევაში ასე არ მოიქცეთ! ქალს აქვს თავისი მისია, მაგრამ, არ უნდა „ჩაიციკლოთ“ სახლის საქმეებზე; მით უმეტეს, ყოფით პრობლემებს არ უნდა მისცეთ საშუალება, მოგიშხამოთ ცხოვრება. როცა საკუთარი თავისთვისაც აღარ იქნებით საინტერესო, მიხვდებით, როგორი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით. კაცები ისედაც მრავალფეროვნების მოსურნენი და ტრფიალნი არიან და, მით უმეტეს ადვილად სწყინდებათ უინტერესო ქალთან ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ გემრიელი კერძით თუ გააოცებს. ძალიან ადვილია, ჩაგითრიოს და გადაგყლაპოს რუტინამ. ამიტომ, სასწრაფოდ გაიჩინეთ სასიამოვნო და საინტერესო საქმე, ანუ, ზოგჯერ მაინც აკეთეთ ის, რაც მართლა სიამოვნებას მოგანიჭებთ. სხვათა შორის, შეიძლება ისეთი საქმეც კი გამონახოთ, რაც მატერიალურადაც წაგადგებათ, ანუ, ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ და თან ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ განვითარებას. ქალი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა, ძლიერია. თავდაჯერებულია და ადვილად ვერავინ დაჩაგრავს.
აუცილებელი არ არის, ცოლმა და ქმარმა ემოციურად „გადაყლაპონ” ერთმანეთი. იცით, ეს რას ნიშნავს? – საკუთარი ინტერესების დაცვას. ამიტომ, გახსოვდეთ მთავარი: როგორც არ უნდა გიყვარდეთ, თქვენ დამოუკიდებელი პიროვნება ხართ, საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეთ და თუკი ხანდახან მას დაიცავთ კიდეც, ამით მხოლოდ პატივისცემას მოიპოვებთ პარტნიორის თვალში.