არის თუ არა ფეხების დაბუჟება და პირით სუნთქვა ჯანმრთელობისთვის საშიში
საღამოობით ბევრს აწუხებს ფეხების დაბუჟება. როგორც წესი, ამას წინ უძღვის ფეხების ქრონიკული დაღლილობა, ტკივილი, საღამოობით სიმძიმის შეგრძნება და ტერფების შეშუპება. დაბუჟების გამომწვევ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ბრტყელტერფიანობასა და ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას ასახელებენ.
თუ ფეხები წამოწოლილს დაგიბუჟდათ, ნუ შეშინდებით, ფრთხილად წამოჯექით, ფეხები იატაკზე დადგით და ნელ-ნელა წამოდექით. რამდენიმე წუთში სისხლის ცირკულაცია აღდგება და დაბუჟებაც გაივლის. კარგია მასაჟიც: თანმიმდევრულად გაიკეთეთ მასაჟი ტერფებიდან მუხლებამდე, შემდეგ დაწექით, ფეხები მოხარეთ და დროდადრო მაღლა ასწიეთ – ასე სისხლის მიმოქცევაც გაგიუმჯობესდებათ და განმეორებითი დაბუჟებისგანაც დაიზღვევთ თავს.
რაც შეეხება ჩვენს სასუნთქ ორგანოებს, ის ისეა მოწყობილი, რომ, შეგვიძლია, პირითა და ცხვირით ერთნაირად ვისუნთქოთ. მაგრამ, თუ ცხვირით სუნთქვა ჯანმრთელობის მანიშნებელია, ზოგიერთის ცუდი ჩვევა – პირით სუნთქვა, ხშირად ორგანიზმის დასუსტებისა და არაერთი დაავადების წარმოშობის მიზეზი ხდება, სისტემატურად პირით სუნთქვა კი ნაადრევ დაბერებასაც იწვევს.
პირით სუნთქვისას, უმეტეს შემთხვევაში, გაუარესებულია ფილტვების ფუნქცია და შემცირებულია ორგანიზმში პროსტაციკლინის ჰორმონის გამომუშავება. ეს ჰორმონი სისხლის კოლტებს შლის და სისხლძარღვებს აფართოებს, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ცხვირის გავლით ჰაერი თბება, ტენიანდება და მტვრისგან იწმინდება, პირით სუნთქვის შემთხვევაში კი, ცივ და მშრალ ჰაერთან ერთად, პირდაპირ ფილტვებში ხვდება მთელი რიგი მავნე ნივთიერებებისა, რაც ხშირად ანთებით პროცესებს იწვევს.
როგორ ავავსოთ ორგანიზმი ენერგიით და რა გზით მოვიხსნათ სწრაფად დაღლილობა
თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკვებითაც შეგიძლიათ. მაგალითად:
* მდოგვი ეფექტურ ანტიანთებით საშუალებად მიიჩნევა. მას გამოიყენებენ კბილის ტკივილის, პნევმონიისა და ბრონქიტის დროს. თუ კერძებს მდოგვს დაუმატებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ენერგიას. ის ცხიმების წვაშიც ეხმარება ორგანიზმს.
* შავი პილპილი საჭმლის მონელების პროცესს საგრძნობლად ასტიმულირებს, ასევე, აუმჯობესებს მადას და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებელი ფაქტორია.
* წიწაკა ორგანიზმს ენერგიით ავსებს, ძალას მატებს და ამხნევებს. ეს ბოსტნეული კარგია გაციებისა და გადაღლის დროს. ბულგარულ წიწაკაში ბევრი ვიტამინია, კერძოდ: B1, B, E და PP. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი და მიკროელემენტები აძლიერებს ორგანიზმის საერთო იმუნიტეტს, ამაღლებს სისხლძარღვების ელასტიკურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თუ წიწაკას რეგულარულად მიირთმევთ, მელანქოლია და აპათია არასოდეს შეგაწუხებთ.
* ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.
* ნიგოზში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
* ბანანი დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი; ის, ასევე, მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს, ხოლო მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.
ლიმონი და ანანასი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებია
ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს; დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე; კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონული ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია. ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციისადმი. მისი წვენი შეიცავს A, B და PP ვიტამინებს, შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.
ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას იყენებენ ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
წყალში გაზავებული ლიმონის წვენი კარგია ბუასილის დროს; გარეგანი მოხმარებისთვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალოდ.
ანანასი კი მდიდარია A პროვიტამინით, B1 და B2 ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, რკინით, სპილენძით, თუთიით, კალციუმით, მაგნიუმითა და იოდით. ამ ბიოლოგიურად მდიდარი ნივთიერებების წყალობით, ანანასი უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. კერძოდ, ის არეგულირებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს და ამცირებს სისხლის წნევას, რაც ათეროსკლეროზის განვითარებისგან იცავს ადამიანებს.
თუ გსურთ, თავი აარიდოთ ათეროსკლეროზს და, ასევე, ჭარბი წონისგან გამოწვეულ ბევრ დაავადებას, ხშირად მიირთვით ანანასი.
სრულყოფილი ძილი ორგანიზმის გაწმენდის მთავარი წესია
ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმში ქსოვილიდან შედიან და გამოდიან თირკმელების, ნაწლავების, კანის ფორების საშუალებით, ან ამოსუნთქვის დროს. არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმიდან გამოდის ან იშლება ძილის დროს, ამიტომ, სრულყოფილი ძილი ორგანიზმის გაწმენდის მთავარი წესია.
ასევე, არსებობს ორგანიზმის გაწმენდის მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალებები, რომელთა გაკეთებასაც სახლის პირობებში თავადვე ადვილად შეძლებთ. მაგალითად:
* მხოლოდ 1 სადილის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთის მიღებაც საკმარისია ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და – თქვენი კანი გახდება გლუვი და ჯანსაღი. სასურველია, ეს ჩაატაროთ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგი ერთი თვე დაისვენოთ, მერე კი კვლავ გაიმეოროთ. შეგიძლიათ, მიიღოთ მხოლოდ დილით, საუზმემდე – ეს თქვენს ღვიძლს მუშაობას შეუმსუბუქებს.
* ჩვენი ორგანიზმის ყველაზე მთავარი „ფილტრი” თირკმელებია. ისინი წლების განმავლობაში ბინძურდება და გამორეცხვას საჭიროებს. არსებობს რამდენიმე სახეობის შარდმდენი ჩაი, რომლებიც აფთიაქებში იყიდება. ამას გარდა, დილაობით დალიეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული წვენი, რომელიც ასტიმულირებს თირკმელებს. ანუ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლისა და ტოქსინების გამოდევნას. ყველაზე ძლიერი შარდმდენი საშუალება ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენებია.
* ასევე, არსებობს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი ნაზავი: 200 გრამი სელის ზეთი, 4 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნივრის თავი, 1 კილოგრამი თაფლი. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ გასუფთავებული ნიორი, 2 კანგაცლილი ლიმონი და 2 ლიმონი – კანიანად. ამ გატარებულ პროდუქტებს დაუმატეთ სელის ზეთი და თაფლი, კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ შუშის ქილაში. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და შედგით მაცივარში. მიღებული წამალი მიიღეთ სადილის კოვზით, ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე. ეფექტი არის საოცარი: მხედველობა უმჯობესდება და სხეულის კანი ხდება საოცრად გლუვი, ასევე უმჯობესდება თმისა და ფრჩხილის ხარისხიც.
ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია არა თქვენს სურვილზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე
როცა ადამიანი მოწევას იწყებს, ორგანიზმი დისკომფორტს განიცდის შეუთავსებლობის გამო და ყოველ მოწეულ ღერზე თავბრუხვევით, გულისრევითა და სისუსტით რეაგირებს. მაგრამ, შემდეგ ორგანიზმი ნიკოტინს ეგუება, მასთან შესაგუებლად კი ცვლილებები ხდება ყველა ორგანოში, ძირითადად კი სისხლძარღვებში.
თუ დიდი ხანია, მწეველი ხართ, ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია არა თქვენს სურვილზე ან ცნობიერებაზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე. თუ გსურთ, ნელ-ნელა დაანებოთ თავი მოწევას, ყოველდღე მიიღეთ სამ გრამამდე საჭმლის სოდა: დილით, უზმოზე, სოდა ჩაყარეთ ცივ წყალში, გახსენით და დალიეთ. იგივე გაიმეორეთ საღამოს საათებში. სიგარეტი ზრდის სისხლში მჟავიანობას, სოდა კი იმისთვის არის საჭირო, რომ მჟავატუტოვანი წონასწორობა აღადგინოს.
მოწევისას ორგანიზმში იშლება ვიტამინები – ერთი ღერი სიგარეტი ორგანიზმს 0,1 მილიგრამ ვიტამინს აკლებს. კარგი იქნება, თუ ამ დანაკარგს ლიმონით აინაზღაურებთ. რეკომენდებულია, მწეველმა ადამიანმა ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში 200 მილიგრამი C ვიტამინი მიიღოს. ასევე, საჭიროა B ჯგუფის ვიტამინებიც – ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ, თავი დაანებოთ მოწევას.
ორგანიზმში ნორმალური ქიმიური ბალანსის აღსადგენად აუცილებელია სრულფასოვანი კვება: შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები – ჩაი, ყავა, შოკოლადი. კოფეინი აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ, ზრდის სწრაფვას არა მხოლოდ ნიკოტინისადმი, არამედ, ალკოჰოლისა და ტკბილეულისადმი. ასეთი მკურნალობის პროცესში საჭიროა შემდეგი დიეტის დაცვა: საუზმეზე – ხილი და წვენი, სადილზე – ბოსტნეულის სალათა ან მოხარშული ბოსტნეული, ვახშამზე კი – მოხარშული კვერცხი ან მოხარშული თევზი. შეამცირეთ პური, ბრინჯი, კარტოფილი, ტკბილეული; მიიღეთ დიდი რაოდენობით ნიგოზი, თაფლი, მზესუმზირა, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ბევრი ივარჯიშეთ.
ყავის სმა დიაბეტისგან გვიცავს
ბევრი ჩვენგანი დილით ფინჯანი ცხელი ყავის დალევით იწყებს დღეს და საღამომდე კიდევ სვამს რამდენიმე ფინჯანს, თუმცა, ალბათ, უმრავლესობამ არ იცის, რომ ყავა შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, მაგალითად, კალციუმს; ასევე, ბიოლოგიურად აქტიურ ბევრ შენაერთს, მაგალითად, პოლიფენოლებს, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ჯანმრთელობის სწრაფ გაუმჯობესებას.
ჩატარებულმა კვლევებმა განსაზღვრა კავშირი ყავის მოხმარებასა და შაქრიანი დიაბეტისაგან დაცვის ეფექტს შორის. დაამტკიცდა, რომ ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ზრდის „კარგი” ქოლესტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს შინაგანი ანთების მარკერებზე, მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე და ცვლის იმუნურ მედიატორებს. ამ სასმლის ბიომარკერების პლაზმურმა დონეებმა, მათ შორის – კოფეინის, პარაქსანტინის, თეობრომინის, თეოფილინის, პროპიონისა და კოფეინის მჟავის დონეებმა მნიშვნელოვნად მოიმატა იმ „მოხალისე” ადამიანების სისხლში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ დაახლოებით სამიდან ხუთ ჭიქამდე ყავას. ასე რომ, ყავას პოტენციურად აქვს ორგანიზმის დიაბეტისგან დაცვის ძლიერი ეფექტი და, მთლიანობაში – ადამიანის ჯანმრთელობის გაძლიერების უნარი. მთავარია, არ გადავაჭარბოთ და ყოველდღიურად მივირთვათ ის დოზა, რომელიც არ ავნებს ჩვენს ორგანიზმს.